როგორ დაიკარგა სტრადივარიუსის ცნობილი ვიოლინო სეიფიდან
ავტორი: ნიკა ლაშაური 18:00
ზოგიერთი მთავარი გმირის ვინაობა შეცვლილია და მათი ვინმესთან მსგავსება შემთხვევითია, რისთვისაც ბოდიშს გიხდით.
„წითელი ეშმაკი“
ანტონიო სტრადივარიუსის 666-ე ვიოლინო განსაკუთრებული ჟღერადობით გამოირჩეოდა. ფორმაც ოდნავ შეცვლილი ჰქონდა, მოწითალო ფერი გასდევდა. მას პერსონალური სახელი პირადად ნიკოლო პაგანინიმ მიანიჭა და „წითელი ეშმაკი“ უწოდა. ეს გამორჩეული ვიოლინო დიდ მევიოლინეს ეკუთვნოდა, თუმცა, მისი გარდაცვალების შემდეგ ეს ქმნილება რუსეთში წაიღეს და 1917 წლის სოციალისტური რევოლუციის შემდეგ კი „ჩეკას“ კომისრის, ივანე წიკლაურის მფლობელობაში აღმოჩნდა. როგორ მოხვდა მასთან, უცნობია. 1937 წელს წიკლაური ხალხის მტრად გამოაცხადეს და დახვრიტეს. მოხდა მისი ქონების კონფისკაცია. „წითელი ეშმაკი“ კი მოსკოვის კონსერვატორიას გადასცეს. ამ უნიკალურ საკრავზე არა მარტო ვირტუოზი საბჭოთა მევიოლინეები უკრავდნენ, არამედ ისინიც, ვინც ჩაიკოვსკის სახელობის საერთაშორისო კონკურსში იმარჯვებდნენ. ეს მათთვის დიდი პატივი იყო. ტრადიცია გარკვეულ დრომდე არ დარღვეულა.
საუკუნის ქურდობა
1970 წელს პეტრე ჩაიკოვსკის სახელობის საერთაშორისო კონკურსში მევიოლინეთა შორის გიდონ კრემერმა გაიმარჯვა. ახალგაზრდა საბჭოთა შემსრულებელს გალა კონცერტზე „წითელი ეშმაკის“ ვიოლინოზე უნდა დაეკრა, რაც ურღვევი ტრადიცია იყო. წინა დღეს ვიოლინო ლეონიდ კოგანს უნდა შეემოწმებინა, რაც, ასევე, ამ კონკურსის ტრადიციას წარმოადგენდა. კოგანი ჟიურის წევრი და მსოფლიო დონის საბჭოთა მევიოლინე იყო და ეს პატივი სწორედ მას ერგო. როდესაც კოგანმა ვიოლინო მოიმარჯვა და პირველი აკორდი აიღო, ინსტრუმენტი ლამის ხელიდან გაუვარდა. საქმე ის იყო, რომ კოგანის თქმით, ეს ვიოლინო „წითელი ეშმაკი“ არ იყო. ჩატარდა სასწრაფო ტესტირება და კოგანის სიტყვები აბსოლუტურად გამართლდა. ინსტრუმენტი ერთი-ერთში ჰგავდა სტრადივარიუსის ნახელავს, მაგრამ მსგავსება მხოლოდ გარეგნული იყო. თუმცა, დუბლიკატი საკმაოდ ოსტატურად იყო გაკეთებული და შესანიშნავი ჟღერადობაც ჰქონდა. დაიწყო გამოძიება. დაჰკითხეს და დააკავეს ვიოლინოს შენახვისთვის პასუხისმგებელი თანამშრომელი, მილიციის ყოფილი პოლკოვნიკი ანტონ ვორონცოვი. თუმცა, მისმა ჩვენებამ ვერაფერი გამოავლინა. შემოწმდა სეიფი, სადაც ვიოლინოს ინახავდნენ, მაგრამ შედეგი არც ამან გამოიღო. საქმე ადგილიდან არ იძროდა და აშკარა იყო, რომ საქმე საუკუნის ქურდობასთან ჰქონდათ, თანაც ორიგინალური მეთოდით.
უზადო ოსტატი
გამოძიებას იმ პერიოდში ჯერ კიდევ ახალგაზრდა, მაგრამ უკვე გამოცდილი კოკა რუსაძე უძღვებოდა. მას ბრილიანტების საქმის გამო რიგგარეშე ჩინი ორი კვირის წინ ჰქონდა მიღებული. რუსაძეს, გამჭრიახ გონებასთან ერთად, ფართო კავშირები ჰქონდა კრიმინალურ სამყაროსთან. აგრეთვე, პირადად იცნობდა მაღალი კვალიფიკაციის იუველირებს, რესტავრატორებსა და სხვადასხვა პროფილის ხელოსნებს. აშკარა იყო, რომ შეცვლილი ვიოლინო გამოცდილი ოსტატის მიერ უზადოდ იყო გაკეთებული. ამიტომ მან რამდენიმე კანდიდატურა შეარჩია და მათან საუბარს აპირებდა. ერთ-ერთი ასეთი ოსტატი იყო მოსკოვში მცხოვრები ზურაბ რატიანიძე, მეტსახელად „ქიშო“, ახალგაზრდობაში ვირტუოზი მევიოლინე. მაგრამ ჩხუბის დროს ხელის მტევანი მოიტეხა და მის მუსიკალურ კარიერას წერტილი დაესვა. სამაგიეროდ, „ქიშო“ მაღალი კლასის ხელოსანი გახდა და უმაღლესი კატეგორიის ინსტრუმენტებს ამზადებდა. სწორედ „ქიშოს“ დამზადებული აღმოჩნდა შეცვლილი ვიოლინო. ზურაბ რატიანიძემ რუსაძეს ამცნო, რომ ინსტრუმენტი მას ვინმე მურთაზმა შეუკვეთა. რუსაძემ მთელი თავისი აგენტურული ქსელი ფეხზე დააყენა და აღმოჩნდა, რომ მურთაზი ცნობილი მხატვრის ახალგაზრდა შეგირდი იყო. როდესაც ოპერჯგუფმა მურთაზს სახლში მიაკითხა, ის შინ არ აღმოჩნდა და მასზე საკავშირო ძებნა გამოცხადდა.
სექტა
მურთაზის ძებნამ შედეგი ორი კვირის შემდეგ გამოიღო და ცნობილი მხატვრის შეგირდი მხატვრის ყოფილმა მეუღლემ გასცა. როგორც აღმოჩნდა, მხატვრის სახელოსნოს სარდაფში, ეგრეთ წოდებული, „ხმოვანთა სექტა“ ფუნქციონირებდა. სექტის შემადგენლობაში არაერთი საქვეყნოდ ცნობილი ადამიანი შედიოდა. „ხმოვნები“ ასრულებდნენ აპოკალიფსურ რიტუალს. მათი გაგებით, არაამქვეყნური ჰანგების მეშვეობით უნდა დაენგრიათ ძველი ცხოვრება და აეშენებინათ ახალი. „წითელი ეშმაკი“ მათ არაამქვეყნიური ჰანგებისთვის სჭირდებოდათ და ვიოლინოს შეცვლა მილიციის ყოფილი პოლკოვნიკის ხელშეწყობით განხორციელდა. ვორონცოვიც „ხმოვანთა“ სექციის წარმომადგენელი იყო. ის მურთაზმა გააბრუა და სექტაში ჩაითრია. როდესაც რუსაძემ ეს ისტორია მოისმინა, თავის ხელქვეითებთან ერთად სასწრაფოდ ცნობილი მხატვრის სახელოსნოსკენ გაემართა, იქ შუაღამის რიტუალი უნდა გამართულიყო. მიუხედავად იმისა, რომ მილიციელები ძალიან ფრთხილად მოქმედებდნენ, სექტანტებმა ისინი მაინც შეამჩნიეს. სარიტუალო დარბაზს ცეცხლი წაუკიდეს და თავად კი გაიქცნენ. ცეცხლში დაიწვა „წითელი ეშმაკიც“. ხოლო სექტანტთაგან და მილიციელებისგან არავინ დაშავებულა. ფაქტების მიუხედავად, რუსაძეს საქმე დაახურინეს, თუმცა დააწინაურეს.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან