კრიმინალური ისტორიები

როგორ დაიბრუნა „კაგებემ“ ქვეყნიდან გატაცებული განძი 40 წლის შემდეგ

№35

ავტორი: ნიკა ლაშაური 18:00 08.09, 2022 წელი

როგორ გაშიფრეს მკვლელი -
tbiliselebi.ge
დაკოპირებულია

ზოგიერთი მონაწილის ვინაობა შეცვლილია და მათი ვინმესთან მსგავსება შემთხვევითია, რისთვისაც გიხდით ბოდიშს.

ტურისტი

1967 წლის მაისის მიწურულს საბჭოთა კავშირში ფრანგი ტურისტების 30-კაციანი ჯგუფი ჩამოვიდა. მათ 30-დღიანი ვიზები ჰქონდათ და სამშობლოში ივნისის მიწურულს უნდა დაბრუნებულიყვნენ. როგორც იმ პერიოდში იყო მიღებული, უცხოელ ტურისტებს სათვალთვალოდ „კაგებეს“ თანაშმრომელი მიუჩინეს. ეს იყო გიდი ელენა როდნინა. ქალი, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში უნდა ხლებოდა ტურისტებს. ხოლო თუკი რაიმე საეჭვოს შეამჩნევდა, სასწრაფოდ უნდა ეცნობებინა ზემდგომი კურატორისთვის. განრიგის მიხედვით, ტურისტებს 10 დღე რუსეთის ფედერაციაში უნდა ემოგზაურათ. 10 დღე – ბალტიისპირეთის ქვეყნებში. 10 დღე კი – საქართველოში, შავ ზღვაზე, ბიჭვინთაში უნდა გაეტარებინათ. როდნინას ყურადღება 34 წლის ტურისტმა ჟორჟ კამელიუმ მიიპყრო. ქალი იტყობინებოდა, რომ ეს კაცი ხშირად ჩამორჩებოდა ხოლმე ჯგუფს. სხვადასხვა მიზეზით ექსკურსიებს აცდენდა და ნუმიზმატიკის ნიმუშებით ინტერესდებოდა, უნდოდა გაეგო, შეიძლებოდა თუ არა შეძენილი ნუმიზმატური ნიმუშების საზღვარზე გადატანა. ამბობდა, რომ კოლექციონერი იყო. „კაგებემ“ კამელიუს ორი მეთვალყურე პერსონალურად მიუჩინა და მისი პიროვნების უფრო გულდასმით შესწავლას მიჰყო ხელი.

საინტერესო დეტალები

სანამ ფრანგი ტურისტები ბალტიისპირეთში მოგზაურობდნენ, „კაგებეში“ გაარკვიეს, რომ ჟორჟ კამელიუ ვინმე გრიგოლ მესხიძის ერთადერთი ვაჟი იყო. 1894 წელს დაბადებული მესხიძე თბილისში ხელოვნების ნიმუშების მთავარ ექსპერტად მსახურობდა, თან „ჩეკას“ ფარული თანამშრომელი იყო. 1926 წელს ის თურქეთში გაგზავნეს. ოფიციალურ მივლინებაში ეწერა, რომ მას სტამბოლში უნდა შეეფასებინა საბჭოთა კავშირისთვის გადმოსაცემი ძვირფასი ნივთები. ამ მივლინების მთავარი მიზანი კი იყო სადაზვერვო ოპერაციაში მონაწილეობის მიღება. მესხიძე ფარულად უნდა შეხვედროდა საბჭოთა რეზიდენტს და სხვადასხვა ინფორმაციით სავსე კონტეინერი ჩამოეტანა. თუმცა, ის რეზიდენტთან შეხვედრაზე არ მივიდა. „ჩეკა“ მას საგულდაგულოდ ეძებდა, თუმცა, ვერსად მიაგნეს. მესხიძის კვალი პირველად 1935 წელს ნაცისტურ გერმანიაში გამოჩნდა და „ჩეკამ“ დაადგინა, რომ მას ჰყავდა ფრანგი ეროვნების მეუღლე – ტერეზა კამელიუ და 2 წლის ვაჟი – გიორგი. თავად მეუღლის გვარზე იყო გადასული და ვაჟიც დედის გვარზე ეწერა. იმავე წელს ძებნილის კვალი მოულოდნელად ისევ გაქრა. ხოლო 1947 წელს კი კამელიუები ლიონში გამოჩნდნენ. გრიგოლი ცოცხალი აღარ იყო. 14 წლის ჟორჟს კი დედა ზრდიდა.

ჩახლართული საქმე

თვალთვალის შედეგად გაკეთდა დასკვნა, რომ ტურისტი კამელიუ მხოლოდ ტურისტული მიზნით არ იყო ჩამოსული და მას სხვა მიზანი ამოძრავებდა. წარმოიშვა სხვადასხვა ვერსია და მათზე კონტრმზვერავები ინტენსიურად მუშაობდნენ. კამელიუს უწყვეტად უთვალთვალებდნენ და უსმენდნენ. ყოველი მისი ნაბიჯი კინოფირზე ფიქსირდებოდა, ყოველი მისი სიტყვა კი აუდიოფირზე იწერებოდა. 18 ივნისს ფრანგები ერთი დღით თბილისში ჩამოვიდნენ. ჯგუფი მცხეთაში წავიდა. კამელიუმ კი თავის ტკივილი მოიმიზეზა და სასტუმროში დარჩა. საღამოს მას ომარ ირემაშვილი ესტუმრა და მათ ნუმიზმატიკაზე ისაუბრეს. 50 წლის ირემაშვილი კოლექციონერი იყო და ლაპარაკი შეეხო 1900 წელს გამოშვებული „კაწინკას“ ყიდვას, რაც ნუმიზმატურ იშვიათობას წარმოადგენდა. „კაწინკა“ მეფის რუსეთის 100-მანეთიანი კუპიურა იყო. მას ეკატერინე მეორე ეხატა და „კაწინკასაც“ ამიტომ უწოდებდნენ. კამელიუ კი მასში 1 000 ფრანკს იხდიდა. ისინი შეთანხმდნენ, რომ ირემაშვილი ამ კუპიურას 20 ივნისს ბიჭვინთაში ჩაუტანდა. 500 ფრანკი გამოართვა და სასტუმროს ნომრიდან გავიდა. ამის მერე ეს საქმე კიდევ უფრო ჩაიხლართა. ირემაშვილი ქუჩაში დააკავეს და დაკითხვაზე წაიყვანეს.

შეუფასებელი „კაწინკა“

დადგინდა, რომ ირემაშვილისა და კამელიუს მამები ერთად მუშაობდნენ ექსპერტებად. 1925 წელს ორივე ექსპროპრირებული ძვირფასეულობის ექსპერტიზას ატარებდა. შემდგომ ეს ძვირფასეულობა ოთარ ირემაშვილთან ერთად მოულოდნელად გაქრა და ვერც ძვირფასეულობა აღმოაჩინეს და ვერც თავად ირემაშვილი, რომელსაც თბილისში მცირეწლოვანი ვაჟი და მეუღლე დარჩა. მისი კვალი 1927 წელს თურქეთში გამოჩნდა მას მერე, რაც ის ერთ-ერთ სასტუმროში მოკლული აღმოაჩინეს. დაკავებული ომარ ირემაშვილი კი მისი ვაჟი იყო. დაკითხვაზე მან თქვა, რომ ფრანგს მისი იშვიათი „კაწინკას“ ყიდვა უნდოდა და ამაში ნახევარი თანხა აიღო. „კაგებეს“ თანამშრომლებმა ირემაშვილს ჩამოართვეს იშვიათი ასმანეთიანი და ზუსტად იგივე, მხოლოდ ყალბი, დაამზადეს. ყალბი კუპიურა მას მისცეს, რომელიც ფრანგს ჩაუტანა და დანარჩენი 500 ფრანკიც მიიღო. შემდგომ „კაგებეს“ თანამშრომლები ყურადღებით აკვირდებოდნენ ფრანგის მოქმედებას საბჭოთა კავშირში ყოფნისას, შემდეგ კი საზღვარგარეთაც უთვალთვალებდნენ. ჟორჟ კამელიუ კი ჯერ საფრანგეთში დაბრუნდა. შემდგომ ჟენევაში გაემგზავრა და ერთ-ერთ ბანკში ყალბი „კაწინკა“ წარადგინა და მასზე დადებული ანაბარი მოითხოვა. თუმცა, ვერ მიიღო, რადგან კუპიურა ყალბი იყო. იგივე გაიმეორეს საბჭოთა წარმომადგენლებმა და ნამდვილი „კაწინკას“ წარდგენის შემდეგ მიიღეს 1926 წელს გატაცებული განძი, რომელიც იმ პერიოდში 2 მილიონი დოლარი ღირდა. როგორც გაირკვა, ირემაშვილი უფროსი, თურქეთში მესხიძე-კამელიუ უფროსმა მოკლა და მისგან გაიგო ის სქემა, რომლითაც გატაცებული განძი ბანკში იყო შენახული.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი