კრიმინალური ისტორიები

როგორ დაერია ახლად დანიშნული შევარდნაძე „ცეხავიკებს“

№28

ავტორი: ნიკა ლაშაური 18:00 18.07, 2024 წელი

როგორ გაშიფრეს მკვლელი -
tbiliselebi.ge
დაკოპირებულია

ზოგიერთი მთავარი გმირის ვინაობა შეცვლილია და მათი ვინმესთან მსგავსება შემთხვევითია, რისთვისაც ბოდიშს გიხდით.

მასობრივი გაქცევა

ედუარდ შევარდნაძე რომ საქართველოს ცეკას პირველ მდივნად დაინიშნა ვასილ მჟავანაძის მაგივრად, ხალხმა ასე გალექსა ეს მოვლენა: „როცა იყო ვასილი, ჯიბე გვქონდა ავსილი, რომ მოვიდა შევარდნაძე, შარვალია ჩავარდნაზე“.

ახალმა პირველმა ისე შეავიწროვა „ცეხავიკები“ და კრიმინალური ავტორიტეტები, რომ ვინც მოასწრო, საქართველოდან გაიქცნენ. დანარჩენები კი საპყრობილეში გაამწესეს და მათზე სისხლის სამართლის საქმეები აღძრეს. შევარდნაძემ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრობისას უამრავი კომპრომატი მოაგროვა, ძირითადად, „ცეხავიკებზე“. მართალია, ახალი მმართველი კლასიკური განათლებით არ იყო გამორჩეული, მაგრამ მნიშვნელოვანი პოლიტიკური გამოცდილება ჰქონდა. ძალიან ეშმაკი და საკმაოდ ვერაგი კაცი იყო. იცოდა, როგორ წარმოეჩინა თავი როგორც ზემოთ (მოსკოვში, კრემლში), ასევე, ქვემოთ (საკუთარ ხალხთან). მან ისიც კარგად უწყოდა, რომ თავის საქმეში ხელოვანები და მეცნიერები გამოადგებოდა და ინტელიგენცია დაიახლოვა. შევარდნაძემ ამ ყველაფერს უმოკლეს დროში მიაღწია. უმალვე დაიწყო მოქმედება და მასობრივი გაქცევაც დაიწყო.

მოსყიდვის მცდელობა

რესპუბლიკის ფარგლებს გარეთ ქურდების გარდა ის „ცეხავიკები“ გარბოდნენ, ვისაც მაინცდამაინც დიდი წარმოება არ ჰქონდათ სამშობლოში და მართალია, დიდ ფულს შოულობდნენ, მაგრამ მათი საწარმოები 15-20 დაზგისგან თუ შედგებოდა. ასეთმა კონტინგენტმა ერთ დღეში დატვირთეს თავიანთი ავლადიდება სატვირთო მანქანებზე და ჩრდილოეთ კავკასიაში, სტავროპოლის მხარეში გადავიდნენ. იქ კი მომავალი საბჭოთა პრეზიდენტი მიხეილ გორბაჩოვი „მეფობდა“. კორუმპირებულობის გამო მას „მიშა კონვერტს“ უწოდებდნენ. გორბაჩოვი ქრთამს (ფულს) კონვერტში ჩადებულს იღებდა. „ცეხავიკებს“ შორის იყვნენ მსხვილი საქმოსნებიც. ისინი მსხვილ საწარმო-დაწესებულებებს ხელმძღვანელობდნენ, რომლებიც სახელმწიფოს ეკუთვნოდა. ისინი ვერც სატვირთოზე დატვირთავდნენ წარმოებას და არც საქართველოდან გაქცევა უნდოდათ, რადგან ათეულ მილიონობით მანეთს შოულობდნენ და თავი საქართველოს მმართველებად მიაჩნდათ. ამიტომ ამ ხალხმა თათბირი მოაწყო. გადაწყვიტეს, შევარდნაძე მოესყიდათ. დიდძალი ფული შეკრიბეს და უზარმაზარ ტყავის ჩანთაში მოათავსეს. მეორე, უფრო მცირე ჩანთაში კი ძვირფასი სამკაულები ჩაალაგეს და როინ მახარაძესა და პავლე გოგიშვილს შევარდნაძესთან გაატანეს. ჩანთაში მოთავსებული ფული მილიონი მანეთი იყო, ძვირფასეულობა კი – 2 მილიონი მანეთის ღირებულების. ანუ 3 მილიონი და ეს იმ პერიოდისთვის ასტრონომიულ თანხას შეადგენდა. მახარაძე და გოგიშვილი ძველი ცეკას შენობაში, ჩიტაძის ქუჩაზე შეხვდნენ ახლად დანიშნულ პირველს. მანამდე კი მასთან შეხვედრაზე ჩაეწერნენ. შევარდნაძემ წინასწარ იცოდა, რაშიც იყო საქმე და როდესაც წინ ფული და ძვირფასეულობა დაუდეს, შევარდნაძემ ღილაკს დააჭირა თითი. კაბინეტში შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები შემოვიდნენ და მახარაძე და გოგიშვილი ადგილზევე დააკავეს. შემდგომ ორივე გაასამართლეს და 15-15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. თავდაპირველად მათ დახვრეტის მუხლი ჰქონდათ მიყენებული, მაგრამ გარიგებაზე დათანხმდნენ. გამოძიებასთან ითანამშრომლეს და პარტნიორები ჩაუშვეს.

არშემდგარი ტერაქტი

გოგიშვილ-მახარაძის ტანდემის აღიარებამ მთელი, ეგრეთ წოდებული, „ცეხავიკები“ ჩაყარა. შევარდნაძის მიერ შექმნილმა საგანგებო-ოპერატიულმა ჯგუფმა ელვისებური ოპერაცია ჩაატარა და 15 მსხვილი საქმოსანი დააპატიმრეს. თავისუფლებაზე რჩებოდა ოთხი ყველაზე „ბობოლა“ საქმოსანი, მაგრამ ნათელი იყო, რომ შევარდნაძე მათაც უმოკლეს დროში დააპატიმრებდა. თუმცა, მათ უკვე ვეღარაფერი იხსნიდა სასიკვდილო განაჩენისგან და ამ კვარტეტის მეთაურმა, ანდრო კორძაიამ პარტნიორები შეკრიბა - გადაწყვიტეს შევარდნაძის ლიკვიდაცია. კორძაიას გარდა ამ კვარტეტში შედიოდნენ ვანო ჯაში, გურამ ფიფია და ანზორ კოდალაშვილი. გადაწყდა, რომ დაექირავებინათ ქილერი, რომელიც ედუარდ შევარდნაძეს სნაიპერული შაშხანიდან გასროლით მოუღებდა ბოლოს. ქილერის მოძებნა ანზორ კოდალაშვილს დაევალა. მას ფართო ნაცნობობა აკავშირებდა კრიმინალურ სამყაროსთან. მისი ძმა, მიშა კოდალაშვილი, მეტსახელად „კოდალა“ კი კრიმინალური ავტორიტეტი იყო. ანზორი მიშას ეწვია. ყველაფერი დაწვრილებით მოუყვა და ამ საქმეში დახმარება სთხოვა. „კოდალა“ ძმას დახმარებას დაჰპირდა. ერთი კვირის შემდეგ კი თბილისში ვინმე ანდრეი კოვალიოვი ჩამოვიდა. ის 38 წლის სპორტის ოსტატი იყო, ყოფილი ბიატლონისტი და ნოვოსიბირსკში ცხოვრობდა. მას ობიექტის ვინაობა რომ შეატყობინეს, მილიონი მანეთი მოითხოვა და შემკვეთს უთხრა: ამ მკვლელობის მერე სამუდამოდ უნდა გავქრე და ფულის ნახევარი წინასწარ უნდა გადამიხადოთო. კოვალიოვს 500 თასი მანეთი ვაგზალთან მდებარე, სასტუმრო „კოლმეურნეში“ მიუტანეს. მეორე დღეს კი შინაგან საქმეთა სამინისტროს ოპერატიულმა ჯგუფმა კოვალიოვი ძერჟინსკის ქუჩაზე მდებარე სახლის სხვენში დააკავა და მას მაყუჩიანი „ესვედე“ ამოუღეს. როგორც ძიებამ დაადგინა, ქილერი-ბიატლონისტი ვანო ჯაშმა ჩაუშვა, რადგან შეეშინდა, რომ დანაშაულის გამოვლენის შემთხვევაში, დახვრეტდნენ. სწორედ ჯაში გადაურჩა დახვრეტას. კვარტეტის დანარჩენი სამი წევრი, მათ შორის, „კოდალაც“, სიკვდილით დასაჯეს. კოვალიოვს კი 19-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, თუმცა ის შინაგან საქმეთა სამინისტროს ციხეში გარდაიცვალა გაურკვეველ ვითარებაში.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №2

13-19 იანვარი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა