კრიმინალური ისტორიები

როგორ დააპატიმრეს ძებნილი რეციდივისტი ეჭვიანი ქმრის მეშვეობით

№44

ავტორი: ნიკა ლაშაური 18:00 09.11, 2023 წელი

როგორ გაშიფრეს მკვლელი -
tbiliselebi.ge
დაკოპირებულია

ზოგიერთი მთავარი გმირის ვინაობა შეცვლილია და მათი ვინმესთან მსგავსება შემთხვევითია, რისთვისაც ბოდიშს გიხდით.

ორდენიანი მკვლელი

1983 წლის 10 იანვარს, საღამოს 8 საათზე სამხედრო პატრული თბილისის ვაგზლის მიმდებარე ტერიტორიის შემოვლას აწარმოებდა. კაპიტანი პავლე ვორონცოვი და ზემდეგები ივანე ფროლოვი და ანდრეი სებასტიანოვი ყურადღებით ათვალიერებდნენ ყინვაში კანტიკუნტად მოსიარულე ადამიანებს, რომელთა შორის სამხედროები არ ჩანდნენ. ანდროპოვის პერიოდი იყო და ყველანაირი კონტროლი – გამკაცრებული. უცებ გოგოლის ქუჩიდან სამხედრო ფორმაში გამოწყობილი ახალგაზრდა კაცი გამოჩნდა. მას თბილი „ავღანკები“ ეცვა. ბუშლატზე კი დიდების მეორე ხარისხის ორდენი ჰქონდა მიმაგრებული. პატრულმა „ავღანკიანი“ შეაჩერა და საბუთები შეუმოწმა. აღმოჩნდა, რომ ის 2-კვირიანი შვებულებით იყო გამოშვებული ჯარიდან და ერთ კვირაში უკან უნდა დაბრუნებულიყო. კაპიტანმა ვორონცოვმა საბუთში წაიკითხა: ზემდეგი იური პასკო. შემდეგ ყურადღებით შეათვალიერა ახალგაზრდა, მზერა ორდენზე გადაიტანა და პასკოს ჰკითხა:

– ზემდეგო, თუ საიდუმლო არაა, იქნებ გვითხრათ, რა დამსახურებისთვის მიიღე ეს ორდენი?

– სხვა დროს იყოს, ამხანაგო ოფიცერო. იყო ერთი საქმე და დამაჯილდოვეს. თუ მეტი კითხვები არ გაქვთ, ნება მიბოძეთ, წავიდე. ძალიან მეჩქარება, – თქვა პასკომ.

– კიდევ ერთი კითხვა მაქვს, გამომცდელად შეხედა კაპიტანმა.

– ბრძანეთ, – გაიღიმა ზემდეგმა.

– ზემდეგო, პირდაპირ მეორე ხარისხის დიდების ორდენი მოგცეს? – იკითხა ვორონცოვმა.

– დიახ. პირდაპირ მეორე ხარისხის მომცეს, – თავი დააქნია პასკომ.

– საეჭვოა, ძალიან საეჭვო, – თავი გააქნია კაპიტანმა და დაამატა, – მასე არ ხდება, ზემდეგო, გთხოვთ, კომენდატურაში გამოგვყვეთ, რომ იქ გავარკვიოთ ყველაფერი.

– წავედით, – თქვა პასკომ. შემდეგ იარაღი ამოაცურა სამხედრო ქურთუკის ჯიბიდან და ჯერ ვორონცოვს ესროლა, შემდეგ კი – ფროლოვსა და სებასტიანოვს. პირველი ორი ადგილზევე დაიღუპნენ. სებასტიანოვი ცოცხალი გადარჩა. ის მუცელში მძიმედ იყო დაჭრილი, მაგრამ ექიმებმა სიკვდილს ხელიდან გამოგლიჯეს.

ძებნილი რეციდივისტი

ბალისტიკური ექსპერტიზით დადგინდა, რომ იარაღით, რომლიც ორდენიან მკვლელს ჰქონდა, ორი თვით ადრე ქალაქ სოხუმში ჩადენილი იყო ყაჩაღობა მკვლელობით. ბოროტმოქმედმა, რომელიც ღამით ნესტორ აგრბას სახლში შეიჭრა, ორი გასროლით მოკლა იუველირი მასპინძელი და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მაშინ მოკლულის მეუღლემ ბოროტმოქმედში 32 წლის არკადი მარშანია ამოიცნო. სოხუმის მკვიდრი მძარცველი რეციდივისტი ურალის ერთ-ერთი მკაცრი რეჟიმის კოლონიიდან გაქცევის გამო 1982 წლის მაისიდან საკავშირო ძებნაში იმყოფებოდა. დიდი ალბათობით, თბილისის ვაგზალზე მომხდარი მკვლელობების ავტორიც არკადი მარშანია იყო, რასაც ცოცხლად გადარჩენილი სებასტიანოვის მიერ შედგენილი ფოტორობოტიც ადასტურებდა. სახეზე იყო უმძიმესი დანაშაულები, მათ შორის 3 მკვლელობა და პირსისხლიანი მკლელის მოსაძებნად და გასანეიტრალებლად 24-საათიანი ღონისძიებები ხორციელდებოდა.

სპეცოპერაცია მთაწმინდაზე

1983 წლის 8 მარტს საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტრომ, თბილისის მილიციის სამმართველომ და კიროვის (მთაწმინდის) რაიონის მილიციის განყოფილებამ არკადი მარშანიას დაკავების მიზნით ერთობლივი სპეცოპერაცია ჩაატარეს. იმავე საღამოს, 19 საათსა და 50 წუთზე მარშანია ფუნიკულიორის ზემო პლატოზე მდებარე რესტორნის მეორე სართულზე მოქალაქე იუნონა პავლეს ასულ ქანთარიასთან ერთად ვახშმობდა. 29 წლის ქანთარია ქმართან გაშორებული იყო. თუმცა, მისი ყოფილი ქმარი, ანტონ ანდამატოვი ხშირად ფარულად უთვალთვალებდა თავის ყოფილ ცოლს. სხვადასხვა ადგილზე მოულოდნელად ხვდებოდა ქალს და შერიგებას სთხოვდა, რაზეც ყოველთვის უარს იღებდა. მარშანია სწორედ ქანთარიასთან აფარებდა თავს, თუმცა ქალმა არ იცოდა, რომ ის რეციდივისტი იყო – მარშანია ქალს ინჟინრად გაეცნო. ანდამატოვმა ბოლო თვალთვალის დროს თავისი ყოფილი ცოლის გვერდით რომ უცხო მამაკაცი შენიშნა, დახმარებისთვის თავისი ბავშვობის მეგობარს, კარლო შახიევს მიმართა, რომელიც მილიციის ინფორმატორი იყო. ანდამატოვმა შახიევს სთხოვა, იმ კაცს (მარშანიას) „ტუპიკში“ (ჩიხში) დავუხვდეთ, თავზე ტომარა ჩამოვაცვათ და ისე ვცემოთ, რომ არაფრის თავი არ ჰქონდესო. შახიევს რომ შორიდან მარშანია დაანახვა, მილიციის აგენტმა მაშინვე იცნო ძებნილი რეციდივისტი, რადგან მისი ფოტოები ყველა ინფორმატორს ჰქონდა. შახიევმა ეს ამბავი თავის კურატორ მილიციელს აცნობა. მილიციელმა კი – უფროსობას და სპეცოპერაციაც სპონტანურად დაიგეგმა. გადაცმულმა ოპერმუშაკებმა, ვითომდა ისინი ოფიციანტები იყვნენ, რეციდივისტის განეიტრალება სცადეს. თუმცა, მარშანიამ მათ სროლა აუტეხა. ერთ-ერთი მათგანი მსუბუქად დაიჭრა ფეხში. შემდგომ კი რესტორნის მეორე სართულიდან გადახტა, თუმცა ფეხი მოიტეხა. მარშანია ადგილზევე დააპატიმრეს და ქალაქის მილიციის სამმართველოში მიიყვანეს. არკადი მარშანია ორთაჭალის ციხეში დახვრიტეს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №30

22-28 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული