როგორ დააპატიმრა შევარდნაძემ უმაღლესი სასწავლებლების მაფიის წევრები
ავტორი: ნიკა ლაშაური 18:00 02.11

ზოგიერთი მთავარი გმირის ვინაობა შეცვლილია და მათი ვინმესთან მსგავსება შემთხვევითია, რისთვისაც ბოდიშს გიხდით.
გამქრალი ჩანთა
აპოლონ კუპატაძე უთენია ადგა და ჩაიდანი ჩართო. შემდეგ შემოსასვლელი კარისკენ გაემართა. ყოველი შემთხვევისთვის მაინც მოსინჯა, საიმედოდ იყო თუ არა რკინის კარი ჩაკეტილი. ბოლოს საკიდისკენ შებრუნდა. ხის პანელი გამოსწია, კედელში ჩამონტაჟებული საიდუმლო სეიფი გახსნა და ადგილზე გაქვავდა – სეიფი ცარიელი იყო. კუპატაძემ თვალები მოიფშვნიტა და რომ დარწმუნდა, ტყავის შავი ჩანთა გამქრალიყო, ცოლს განწირული ხმით გასძახა: ლამარა! მძინარე ქალი შლეგივით გამოვარდა საძინებლიდან და სეიფის წინ მდგომ გაფითრებულ და აკანკალებულ ქმარს რომ შეხედა, ყველაფერს მიხვდა და თავადაც კანკალი აუტყდა.
აპოლონ კუპატაძე ერთ-ერთი უმაღლესი სასწავლებლის დეკანი იყო. დიდი ცოდნითა და ინტელექტით არ გამოირჩეოდა, თუმცა, გარკვეულ წრეში მნიშვნელოვანი პერსონა გახლდათ. ეს წრე კი, ეგრეთ წოდებული, „უმაღლესი სასწავლებლების მაფია“ იყო. ანუ, ის ადამიანები, ვინც უმაღლეს სასწავლებლებში ფულით აწყობდნენ აბიტურიენტებს. კუპატაძე კი „ობშჩიაკს“ აგროვებდა და შემდგომ ამ ფულს დანიშნულებისამებრ ანაწილებდა. მიჰქონდა რექტორებთან, ცეკაში და განათლების სამინისტროში. სწორედ ის ფული ჰქონდა აპოლონს შენახული შავი ჩანთით საიდუმლო სეიფში და მისი შიგთავსი დაახლოებით მილიონ საბჭოთა მანეთს შეადგენდა, რაც მეოცე საუკუნის 70-იანი წლების დასაწყისში ასტრონომიული თანხა იყო. კუპატაძეს იმ დილით უნდა დაეხარისხებინა გასაცემი თანხები და იმავე დღეს მიეტანა ადრესატებთან. ქმრის საქმიანობისა და სეიფის შესახებ მხოლოდ აპოლონის მეუღლემ იცოდა. ცოლ-ქმარს ერთადერთი ვაჟი, მალხაზი ჰყავდათ, რომელიც იმ დღეებში სოჭში ისვენებდა.
ფულის ძებნა
აპოლონ კუპატაძეს რომ ფული არ მიეტანა ადრესატებისთვის, მას უეჭველი სიკვდილი ელოდა. სადმე ბნელ კუთხეში თუ არ ამოაძრობდნენ სულს, მექრთამე მაღალჩინოსნები მას ციხეში ჩასვამდნენ და ამოალპობდნენ. ამიტომ, კორუმპირებულ დეკანს სასწრაფო ზომები უნდა მიეღო. მართალია, ის მდიდარი კაცი იყო, მაგრამ მთელი თავისი ქონება რომ გაეყიდა, გასაცემი ფულის მხოლოდ ნახევარს შეაგროვებდა. ცოლ-ქმარი რომ ოდნავ დამშვიდდა, იმაზე დაიწყეს ფიქრი, თუ ვის შეეძლო ფული მოეპარა. აშკარა იყო, რომ ეს საქმე პროფესიონალის გაკეთებული იყო. მაგრამ ვინ იყო საქმის მიმცემი? ბევრი ფიქრის შემდეგ ცოლ-ქმარი იმ დასკვნამდე მივიდა, რომ საქმის პირდაპირი მიმცემი თუ არა, ინფორმაციის გამტანი მათი ვაჟი, მალხაზი იქნებოდა. თუმცა, მალხაზმა არ იცოდა საიდუმლო სეიფის არსებობის შესახებ. ლამარამ ქმარს უთხრა: აპო, ერთხელ მახო საეჭვოდ უტრიალებდა „ვეშოლკას“ თავზე რომ წამოვადექი და ვკითხე, რა უნდოდა, გაეცინა, ქურთუკი მოხსნა და წავიდა. აპოლონი იმავე დღეს გაქანდა სოჭში, შვილს თავზე წამოადგა და მისგან შეიტყო, რომ მასთან ერთად იქ მისი მეგობრები, ბიძაშვილები კოტე და გურამ ხორავებიც იმყოფებოდნენ. აპოლონმა შვილს ყველაფერი დაწვრილებით მოუყვა და ჰკითხა
– შვილო, სიმართლე მითხარი, ფული შენ ხომ არ აგიღია?
– არა. მე არ ამიღია... მაგრამ, მე მგონი, ვიცი, ვინ ჩაიდინა ეს, – თქვა მალხაზმა და დაამატა, – გუშინწინ ბარში ვსვამდით მე და ხორავები. სიმთვრალეში ვთქვი, ჩემს სახლში საიდუმლო სეიფია, სადაც მამაჩემი დიდ ფულს ინახავს-მეთქი. ხორავები თვითონაც ჩალიჩობენ, ქურდებსაც იცნობენ და დარწმუნებული ვარ, რომ მათ მოაწყვეს ეს საქმეო.
შვილის მონათხრობი რომ მოისმინა, აპოლონმა გადაწყვიტა, კრიმინალური გზით დაებრუნებინა ეს თანხა. ამიტომ ორ ავტორიტეტს – მერაბ ლასხიშვილსა და უშანგ ქებაძეს მიმართა. მათ კი ხორავები დაიბარეს და ფულის დაბრუნება მოსთხოვეს. ხორავები, რა თქმა უნდა, ყველაფერს უარყოფდნენ. მაშინ ქებაძემ მათ უთხრა:
– ძმებო, ფულზე პრეტენზია არ გვაქვს, ალალი იყოს, მაგრამ იმ ჩანთაში ჩვენი ორი პისტოლეტიც იდო და იარაღი დაგვიბრუნეთო.
ქებაძემ „ჭამა“ ავტორიტეტის ნათქვამი და გულწრფელად უთხრა:
– იქ მხოლოდ ფული იდო. იარაღები კი არაო.
ფული კოტე ხორავას ძმას, რომან ხორავას ჰქონდა დამალული. საქმეც მან შეასრულა, მას შემდეგ, რაც კოტემ სოჭიდან დაურეკა და ზუსტი „ნაკოლი“ მისცა. ერთი სიტყვით, ხორავებს ფული მოატანინეს. თუმცა, ავტორიტეტებმა იმის ნაცვლად, რომ შეპირებული 500-500 მანეთი აეღოთ და დანარჩენი ფული კუპატაძისთვის დაებრუნებინათ, მთელი თანხა მიითვისეს და მიმალვა სცადეს.
დაბრუნებული თანხა
აპოლონ კუპატაძეს სხვა არაფერი დარჩენოდა და მილიციას მიმართა. ის მილიციის სამმართველოს ერთ-ერთ მაღალჩინოსანს კაბინეტში ესტუმრა. ყველაფერი დაწვრილებით მოუყვა და უთხრა:
– 100 ათასი შენი იყოს, დანარჩენი კი უნდა გავანაწილოო.
მილიციის პოლკოვნიკმა თანხმობა განუცხადა კუპატაძეს. თავის ხელქვეითებს ლასხიშვილი და ქებაძე მოაძებნინა. ისინი მილიციის სამმართველოში აწამეს და 990 ათასი მანეთი დააბრუნებინეს. თუმცა, ლასხიშვილი წამების დროს შემოაკვდათ. მისი გვამი ფარულად გაიტანეს ქალაქში და მტკვრის პირას დააგდეს. ხოლო ქებაძე კი სამუდამოდ დაინვალიდდა. სრული თანხის შესავსებად კუპატაძეს წყნეთის აგარაკის გაყიდვა მოუწია და მართალია, 8 დღის დაგვიანებით, მაგრამ ფული ადრესატებს მაინც მიუტანა. მიუხედავად ამისა, კუპატაძე მაინც ამოაგდეს „მაფიიდან“. ერთი წლის მერე კი საქართველოს ცეკას პირველი მდივანი შევარდნაძე გახდა და მან კუპატაძეც დააპატიმრა და ის მაღალჩინოსანი მილიციელიც, ვინც აპოლონს ფული დაუბრუნა.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან