კრიმინალური ისტორიები

როგორ დააპატიმრა „კაგებემ“ 6 კილოგრამი ოქროს გამტაცებელი ქართველი კრიმინალი

№37

ავტორი: ნიკა ლაშაური 18:00 23.09, 2021 წელი

როგორ გაშიფრეს მკვლელი -
tbiliselebi.ge
დაკოპირებულია

2021 წლის 30 ივლისს მოსკოვში 92 წლის ასაკში გარდაიცვალა ცნობილი ქართველი საბჭოთა კრიმინალური ავტორიტეტი ზურაბ გაგნიძე, მეტსახელად „გორი“. გთავაზობთ რამდენიმე ეპიზოდს ამ ლეგენდარული პიროვნების ბიოგრაფიიდან.

მეტსახელად „გორი“

ზურაბ გაგნიძე 1929 წლის 21 დეკემბერს იყო დაბადებული. ზურაბი ბავშვობიდანვე დიდი ფიზიკური ძალითა და ლიდერის თვისებებით გამოირჩეოდა. ის ჯერ კიდევ ბავშვი იყო, სულ რაღაც 11 წლის, როდესაც 1941 წლის 31 აგვისტოს ფრონტზე გაიპარა. თუმცა, მილიციამ ის თბილისში დააკავა და სახლში დააბრუნა. მიუხედავად ამისა, დაუდგრომელ ზურაბს მოქმედება სწყუროდა და მან კიდევ 3-ჯერ დააპირა ფრონტზე გაქცევა, მაგრამ ყოველთვის მილიციას ჩაუვარდა ხელში. ერთი სიტყვით, ზურაბის ფრონტზე გამგზავრება არ მოხერხდა და გამარჯვების დღეს 15 წლის ზურაბი გორში შეხვდა. თუმცა, სწორედ, ამის მერე დაიწყო მისი ყველა უბედურება. ზურაბის ომგამოვლილი მამა 1945 წლის 2 ოქტომბერს დაიღუპა. დედამ ქმრის სიკვდილი ვერ გადაიტანა და 3 თვეში ინფარქტით გარდაიცვალა. 16 წლის ყმაწვილი სრულიად მარტო დარჩა. ზურაბი უდედმამო ბავშვთა სახლში მიაბარეს. თუმცა, მან იქ 2 თვე დაჰყო, შემდეგ კი იქიდან გაიქცა და ქალაქ სოჭს მიაშურა. ცნობილ შავიზღვისპირა კურორტზე ობოლმა ბიჭმა ქურდობას მიჰყო ხელი, მაგრამ ის 4 თვის მერე შეიპყრო პოლიციამ და 17 წლის ბიჭი მცირეწლოვანთა კოლონიაში გაამწესეს. სწორედ, იქ მიიღო მან მეტსახელი „გორი“.

6 კილოგრამი ოქრო

პირველი ოთხწლიანი „სროკიდან“ „გორი“ 1950 წელს 21 წლის ასაკში გამოვიდა. თუმცა ის უკვე „ქურდული გაგების“ ადამიანი იყო და ცხოვრებისეული გზა არჩეული ჰქონდა. 1950-1968 წლების პერიოდში „გორმა“ კიდევ სამი „სროკი“ მოიხადა და „შავ სამყაროში“ დიდი ავტორიტეტი მოიპოვა. 1969 წლის 14 მაისს ზურაბ გაგნიძემ თავის „პაძელნიკთან“, სვიმონ გუნიასთან ერთად, მსხვილი საქმე დაგეგმა. ზონიდან წამოღებული „ნაკოლის“ მიხედვით, მათ ციმბირში, დაბა პოსეოლოჩნაიაში ოქროს საბადოს ინსპექტორი უნდა გაეძარცვათ. და მართლაც, 11 ივნისს ზურაბმა ოქროს საბადოს უფროსს 6 კილოგრამი ოქრო წაართვა, ნადავლი ზურგჩანთაში მოათავსა და ჭაობიან ტაიგაში 15 კილომეტრი გაირბინა. გზაში სვიმონ გუნიამ მას ოქრო გამოართვა, „გორი“ ჭაობში ჩააგდო და ტაიგაში ცხენით მიიმალა. გუნიას „გორი“ ჭაობში დახრჩობილი ეგონა, თუმცა მძარცველს მილიციის მდევარმა მიუსწრო. ის, როგორც იქნა, ჭაობიდან დაიხსნეს და მილიციის განყოფილებაში მიიყვანეს. „გორს“ განსაკუთრებული სისასტიკით უტარებდნენ დაკითხვას. თუმცა მას არც ის უღიარებია, რომ ოქრო გაიტაცა და არც თავისი „პაძელნიკი“ დაუსახელებია. ზურაბ გაგნიძე სვერდლოვსკის მილიციის სამმართველოს „კაპეზეში“, ორადგილიან საკანში ჰყავდათ გამომწყვდეული და არავის აკარებდნენ.

გაქცევა

ქართველი ბოროტმოქმედი რომ ვერ გატეხეს, ურალელმა მილიციელებმა ხრიკს მიმართეს. „გორს“ საკანში „ნასედკა“ ჩაუსვეს – მილიციის კაპიტანი, 27 წლის ივლიანე გოლიკოვი, რომელიც „გორს“ მძარცველად წარუდგა და ერთთვიანი ნაცნობობის მერე მას გაქცევა შესთავაზა. ზურაბი მილიციელებს მაშინვე მიუხვდა ხრიკს, თუმცა არაფერი შეიმჩნია და „პაძელნიკს“ თანხმობა განუცხადა. ამგვარად, 1969 წლის 30 სექტემბერს გაგნიძე და გოლიკოვი სვერდლოვსკის იზოლატორიდან გაიქცნენ. მათ სახურავზე აძრომა მოახერხეს, შემდეგ ტროსით ჩაეშვნენ ციხის შიდა ეზოში და კიბით გადავიდნენ „ზაპრეტკაზე“. ამის მერე გაქცეულებმა რკინიგზის სადგურს მიაღწიეს, სვერდლვსკი-მოსკოვის მატარებელში ავიდნენ, გამცილებელს 50 მანეთი გადაუხადეს და მის კუპეში მოთავსდნენ. მთელ ამ ვოიაჟს მილიცია აკონტროლებდა. მათ იმედი ჰქონდათ, რომ „გორი“ მათ ოქროს მიმთვისებელზე გაიყვანდა. თუმცა, როდესაც მატარებელი მოსკოვს უახლოვდებოდა, ზურაბ გაგნიძე გაუჩინარდა.

როდესაც საქმეში „კაგებე“ ერთვება

გაუჩინარებულ „გორს“ მთელი საბჭოთა მილიცია უშედეგოდ ეძებდა. ამ ამბავმა „კაგებეს“ თავმჯდომარე, იური ანდროპოვამდე მიაღწია და ეს საქმე მისმა უწყებამ გადაიბარა. მიუხედავად იმისა, რომ „კაგებემ“ თბილისში რამდენიმე ჩასაფრება მოუწყო, რადგან დარწმუნებულები იყვნენ, რომ „გორი“, სწორედ, იქ გამოჩნდებოდა. გაგნიძე მაინც ვერ მოიხელთეს. „გორი“ სვიმონ გუნიას მისსავე სახლში მიადგა, 6 კილოგრამი ოქრო წაართვა, მაგრამ არ მოკლა. ამასობაში „კაგებემ“ გუნიას მიაგნო. ის მაშინვე აიყვანეს, მაგრამ მისგან ქმედითი ვერაფერი გაიგეს და ბოლოს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ზურაბ გაგნიძე კი ექვსი თვის შემდეგ, მთიან აჭარაში შეიპყრეს. „გორი“ ვინმე სულეიმან ჯინჭარაძემ დააბეზღა. გაგნიძე თურქეთში გადასვლას გეგმავდა და „კაგებემ“ ეს აღკვეთა. „გორს“ 15-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს და ის ციხიდან 1985 წელს გამოვიდა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი