კრიმინალური ისტორიები

როგორ „დააგოიმა“ „ცეერუ“ ქართველმა თაღლითმა

№24

ავტორი: ნიკა ლაშაური 18:00 20.06

როგორ გაშიფრეს მკვლელი -
tbiliselebi.ge
დაკოპირებულია

ზოგიერთი მთავარი გმირის ვინაობა შეცვლილია და მათი ვინმესთან მსგავსება შემთხვევითია, რისთვისაც ბოდიშს გიხდით.

გეოფიზიკოსი

35 წლის ტიტე ხარბედია პროფესიით გეოფიზიკოსი იყო. საკმაოდ ნიჭიერი ადამიანი. თუმცა, მან თავისი ნიჭი კრიმინალურ სფეროში მიმართა და თაღლითობის გზას დაადგა. ამის გამო ის სამჯერ იყო ნასამართლევი. ტიტეს „მოღვაწეობა“ მრავალმხრივი იყო. ის ხან იუველირი იყო და ფალსიფიცირებულ ანტიკვარიატს დოყლაპია კლიენტებზე ასაღებდა, ხან მეცნიერების დოქტორი და ფულიან მშობლებს შტერი შვილების სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში მოწყობას ჰპირდებოდა. თანხის მესამედს სცინცლავდა და მიიმალებოდა. ხან კი რომელიმე მიყრუებული რეგიონის მცხოვრებლებს სხვადასხვა კომუნიკაციების მშენებლობას აღუთქვამდა ფულს მოაგროვებინებდა, აიღებდა და შემდეგ შეუმჩნევლად ქრებოდა. თაღლითობით ნაშოვნ ფულს ხარბედია დროსტარებაში ხარჯავდა და თანხები რომ გამოელეოდა, ახალ თაღლითობას იწყებდა. მესამე პატიმრობა ტიტემ იმის გამო მოიხადა, რომ კახეთის ერთ-ერთ სოფელში მოსახლეობას წყლის გაყვანასა და ასფალტის დაგებას შეჰპირდა, ფული აიღო და უნდა „გამქრალიყო“, მაგრამ რადგან ძებნილი იყო, ადგილობრივმა უბნის ინსპექტორმა ის სურათით ამოიცნო და დააკავა. შემდგომ ის ციხეში აღმოჩნდა.

სახიფათო კომბინაცია

რუსთავის კოლონიიდან გათავისუფლებული ტიტე ხარბედია მოსკოვში გაემგზავრა და გადაწყვიტა, ვალუტა ეშოვა. ამ ფულით ის უცხოეთში აპირებდა გაქცევას და ახალი ცხოვრების დაწყებას. ხარბედიამ მოსკოვში მდებარე ამერიკის შეერთებული შტატების სელჩოს კარზე მიმაგრებული ფოსტის ყუთში წერილი ჩააგდო, რომელშიც ეწერა: „მე გახლავართ ვასილი ვოლკოვი. ერთ-ერთი ბირთვული სამხედრო ობიექტის პასუხისმგებელი თანამდებობის პირი. შემიძლია, გადმოგცეთ სტრატეგიული ბირთვული ობიექტების საიდუმლო სია და მისამართები.“ იქვე მითითებული იყო ბინის ტელეფონის ნომერი, რომელსაც ტიტე მოსკოვში ქირაობდა. ერთი კვირის მერე ტიტეს დაურეკეს და შეხვედრაზე დაიბარეს. ეს კონსპირაციული შეხვედრა გორკის სახელობის პარკში შედგა. ტიტემ წინასწარ თანხად 20 ათასი ამერიკული დოლარი მოითხოვა. მეკავშირეს კი საკუთარი ხელით გაკეთებული ტოპოგრაფიული ნახაზი გადასცა ერთ-ერთი ბირთვული სარაკეტო ობიექტის შესახებ, რომელიც ვითომ, ბელორუსიაში მდებარეობდა, დასტურად კი მიწის გრუნტი და წყლის ნიმუში დაურთო, რომლებიც შუშის ბოთლებში იყო მოთავსებული. ნიმუშები კი მცხეთის რეაქატორის სიახლოვეს აიღო. ამერიკელებმა ეს ნიმუშები ვაშინგტონში გადაგზავნეს, ლაბორატორიულად შეამოწმეს და მოსკოვის რეზიდენტურას დაავალეს, ობიექტისთვის მოთხოვნილი 20 ათასი ამერიკული დოლარი გადაეხადა და მასთან მუშაობა განეგრძოთ. ხარბედიამ ეს თანხა აიღო. მეკავშირეს შეჰპირდა, რომ ობიექტების სიასა და მისამართებს ორ კვირაში ჩაუტანდა და წავიდა. თუმცა, კონტრდაზვერვამ ის ტაქსიში დააკავა იმ დროს, როდესაც ნაქირავები ბინისკენ მიიჩქაროდა. ტიტე უშიშროებამ მაშინ დააფიქსირა, როდესაც ის მცხეთის ატომური რეაქტორის მახლობლად წყლისა და გრუნტის ნიმუშებს იღებდა და კუდზე დაასხდნენ.

კონტროპერაცია

ტიტე ხარბედიას პიროვნება კონტრდაზვერვას თავიდანვე ჰქონდა გაშიფრული. იცოდნენ, რომ რეციდივისტი თაღლითი იყო, მაგრამ ვერც კი წარმოიდგინეს, რომ ხარბედია ასეთ სახიფათო თამაშში თაღლითური მიზნით ჩაებმებოდა, ვარაუდობდნენ, რომ მან ამერიკულ დაზვერვაზე დაიწყო მუშაობა.

ლუბიანკაზე მიყვანილმა ტიტე ხარბედიამ დაკითხვაზე ყველაფერი დაწვრილებით მოყვა. კონტრდაზვერვაში დარწმუნდნენ, რომ ის არანაირი ჯაშუში არ იყო და მხოლოდ თაღლითობდა. რა თქმა უნდა, მისი გასამართლება სისხლის სამართლის კოდექსის თაღლითობის მუხლით შეიძლებოდა. თუმცა, რადგან ამ საქმეში ვალუტა ფიგურირებდა, სასჯელი შესაძლოა, 15 წლამდეც კი გაზრდილიყო ან დახვრეტის მუხლი მიესადაგებინათ. ამიტომ უშიშროებამ სიცოცხლისა და თავისუფლების სანაცვლოდ თაღლითს თანაშმრომლობა შესთავაზა და ხარბედიას თანხმობის გარდა მეტი არაფერი დარჩენოდა.

კონტრდაზვერვამ შეიმუშავა კონტროპერაცია ამერიკული მხარის დეზორიენტაციის მიზნით. ტიტე ხარბედიას ყალბი საბუთები მისცეს და სამუშაოდ ერთ-ერთ საიდუმლო ობიექტზე გაამწესეს, რადგან იცოდნენ, რომ მის შემოწმებას დაიწყებდნენ. ორი წლის განმავლობაში კი „ცეერუს“ მისი საშუალებით დეზინფორმაციას აწვდიდნენ საბჭოთა სტრატეგიული ბირთვული ობიექტების შესახებ. ამ დროის განმავლობაში ჩატარებული ოპერაციების წყალობით, „ცეერუს“ 5 აგენტი გამოვლინდა, რომლებიც სხვადასხვა საიდუმლო ობიექტებზე მუშაობდნენ. აგრეთვე, გაიშიფრა მოსკოვსა და ლენინგრადში მოქმედი საჯაშუშო ქსელი, საიდანაც 11 აგენტი დააპატიმრეს. ჯაშუშური საქმიანობისთვის კი საბჭოთა კავშირიდან ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს 6 თანამშრომელი გააძევეს. ამგვარად, თაღლითის ბოლო საქმემ საბჭოთა დაზვერვას დიდი სარგებელი მოუტანა. ტიტე ხარბედიას „კაგებეს“ „საპატიო ჩეკისტის“ წოდება მიანიჭეს და მედლითაც დააჯილდოვეს. ქართველი ყოფილი თაღლითი 2002 წელს მოსკოვში გარდაიცვალა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №27

1–7 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული