კრიმინალური ისტორიები

როგორ ჩაიშალა არნოლდ შვარცენეგერის კლუბის პრეზენტაცია მოსკოვში

ავტორი: ნიკა ლაშაური 18:00 02.09, 2021 წელი

როგორ გაშიფრეს მკვლელი -
tbiliselebi.ge
დაკოპირებულია

მთავარი მოქმედი პირების ვინაობა შეცვლილია. მათი ვინმესთან მსგავსება შემთხვევითია, რისთვისაც ბოდიშს გიხდით.

წინასწარი კონტრაქტი

1987 წლის დეკემბერში მოსკოვში „ჰოლივუდი“ ცნობილ კინოსურათს „წითელ სიცხეს“ იღებდა. მასში მთავარ როლს, საბჭოთა მილიციელს, არნოლდ შვარცენეგერი ასრულებს. ის ერთი კვირა იმყოფებოდა საბჭოეთის დედაქალაქში და გადამღებ ჯგუფთან ერთად სასტუმრო „კოსმოსში“ ცხოვრობდა. 15 დეკემბერს, ცნობილ კულტურისტსა და მსახიობს სასტუმროს ნომერში საუცხოოდ გამოწყობილი, ათლეტური მამაკაცი ესტუმრა და წარუდგა:

– მისტერ შვარცენეგერ, მე ივანე რეისი გახლავართ. საბჭოთა კავშირის სპორტკომიტეტის სპორტის ათლეტურ სახეობათა ინსტრუქტორ-კურატორი და თქვენთან ხელმძღვანელობის დავალებით მოვედი. სტუმარმა შვარცენეგერს თავისი პირადობის მოწმობა უჩვენა.

– დაბრძანდით, მისტერ რეის და ბრძანეთ, რა დავალებით მეწვიეთ, – კეთილგანწყობილად უთხრა მასპინძელმა სტუმარს და სასაუბროდ სავარძელში მოკალათდნენ.

ახალმოსულმა შვარცენეგერს უთხრა, რომ საბჭოთა მხარეს სურს, შექმნას შვარცენეგერის სახელობის ბოდიბილდინგის საბჭოთა კლუბი და რომ მისი საპატიო პრეზიდენტი თავად შვარცენეგერი იყოს. აგრეთვე, საბჭოთა მხარეს უნდა, რომ 1988 წლის გაზაფხულზე მოსკოვში ჩატარდეს ბოდიბილდერთა საჩვენებელი ტურნირი, რომლის ჟიურის თავმჯდომარე, აგრეთვე, შვარცენეგერი იქნება. რეისის თქმით, კლუბის პრეზენტაცია და ტურნირი ერთობლივად გაიმართება და თუკი თანახმა იქნებით, ღონისძიება თანადაფინანსებით მოეწყობაო. სტუმარმა შვარცენეგერს ხარჯთაღრიცხვა წარუდგინა, სადაც ეწერა, რომ თითოეულმა მხარემ ამ ღონისძიებისთვის 50-50 ათასი ამერიკული დოლარი უნდა გაიღოსო. ერთი მხარე (ამერიკული) იყო შვარცენეგერის ფონდი, მეორე (საბჭოთა) კი – საბჭოთა კავშირის სპორტკომიტეტი. შვარცენეგერს ეს წინადადება ძალიან მოეწონა და იქვე მოაწერა ხელი წინასწარ კონტრაქტს, რომელიც მას რეისმა წარუდგინა. ერთი ეგზემპლარი შვარცენეგერს დარჩა, მეორე კი – რეისმა დაიტოვა და გამომშვიდობებისას სტუმარმა მასპინძელს უთხრა:

– მისტერ შვარცენეგერ, ერთ კვირაში ღონისძიების ანგარიშის ნომერს გამოგიგზავნით, რომელზეც ფული უნდა დარიცხოთ და მასზე უკვე ჩვენი წილი დაფინანსების 50 ათასი დოლარი იქნება დასმული. 20 იანვარს კი უკვე შტატებში გეწვევით, რომ მომავალი ღონისძიების დეტალები შევათანხმოთო.

შვარცენეგერი რეისს დაეთანხმა და სტუმარი კიბეებამდე მიაცილა. მეორე დღის დილის 9 საათზე კი ამერიკის შეერთებულ შტატებში გაფრინდა და თან წინასწარი კონტრაქტი და საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები წაიღო.

ტურნირი და კლუბის პრეზენტაცია

ათლეტური აღნაგობის ივანე რეისი, სინამდვილეში, თბილისელი თაღლითი მერაბ დუნდუა იყო. ის ახალგაზრდობაში კლასიკურ ჭიდაობაში ვარჯიშობდა და ერთხელ ჭაბუკებში რესპუბლიკის ჩემპიონიც კი გახდა, მაგრამ მერე ჭიდაობას თავი დაანება და უცხო ენების ინსტიტუტი დაამთავრა, ინგლისურის განხრით, თუმცა არ დასაქმებულა და წვრილმან თაღლითობას მიჰყო ხელი, რის გამოც ჯერ ორწლიანი პირობითი სასჯელი მიიღო. მერე კი წელიწად-ნახევარი იჯდა ციხეში.

სასტუმრო „კოსმოსში“ შვარცენეგერთან დუნდუამ ყალბი საბუთით შეაღწია, ხოლო წინასწარი კონტრაქტი კი საბჭოთა სპორტკომიტეტის ტიტულიან ბლანკზე იყო დაბეჭდილი. ეს ნომრიანი საბუთი მისმა კოლეგამ და თანამზრახველმა, ანტონ ლიბერმანმა მოამზადა. ლიბერმანი სპორტკომიტეტის თავმჯდომარის კანცელარიაში მუშაობდა და დანომრილ საბუთებთან ჰქონდა წვდომა. საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები ერთ-ერთ შვეიცარიულ ბანკს ეკუთვნოდა, სადაც ლიბერმანის თანამემამულე მუშაობდა, რომლისთვისაც ანგარიშის გახსნა დიდ სირთულეს არ წარმოადგენდა. ანალოგიური წინასწარი კონტრაქტი სპორტკომიტეტის თავმჯდომარეს შვარცენეგერის სახელით, ასევე, მერაბ დუნდუამ წარუდგინა და ყალბი საბუთებით, ამერიკელ ჰარი ვილერმანის სახელით გაეცნო. ამგვარად, უბრალო, ტიტულიანი, გაყალბებული საბუთების გამოყენებით (1987 წელს საბჭოთა კავშირში უკვე თავისუფლად შეიძლებოდა ფერადი ბეჭდვა და შესაბამისი პრინტერებიც იშოვებოდა) საბჭოთა სპორტკომიტეტმა 50 ათასი დოლარი დასვა შვეიცარიული ბანკის ანგარიშზე. იგივე განახორციელა არნოლდ შვარცენეგერმა. 1988 წლის 20 იანვარს კი მან მოსკოვში ფაქსი გამოგზავნა, რომელშიც ეწერა: „დღეს თქვენი წარმომადგენელი, რეისი, უნდა ჩამოსულიყო მომავალი ტურნირისა და ჩემი სახელობის კლუბის გახსნის დეტალების შესათანხმებლად და რატომ შეყოვნდა“. რეისის გვარის ხსენებაზე სპორტკომიტეტში დაეჭვდნენ და სანამ პასუხს გაგზავნიდნენ, მოკვლევა ჩაატარეს. სწორედ, ამ მოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ რეისი არარსებული პიროვნება იყო. ამას ისიც დაემატა, რომ წინა დღეს შვეიცარიის ბანკის ანგარიშიდან 100 ათასი ამერიკული დოლარი „ქეშად“ მოიხსნა და ატყდა ერთი ამბავი. საქმეში, ერთი მხრივ, „კაგებე“ ჩაერთო, მეორე მხრივ, „ეფბეერი“ და დაიწყეს ამ მითიური ივანე რეისის პიროვნების დადგენა, თუმცა კვალს ვერ მიაგნეს. ხოლო, რაც შეეხება ანტონ ლიბერმანს, ის არსად ფიგურირებდა. მას მხოლოდ ნომრიანი ტიტულიანი საბუთები ჰქონდა მოპარული და ჩვეულებრივად აგრძელებდა მუშაობას სპორტკომიტეტში. ამიტომ, მას არავინ შეხებია. თუმცა, „კაგებე“ ფარულად იძიებდა ამ საქმეს და მეთოდურად მიჰყვებოდა მოკვლევას. ეჭვი რომ არავის აღძროდა, ლიბერმანმა კიდევ 3 თვე იმუშავა სპორტკომიტეტში, შემდგომ კი, ჯანმრთელობის გაუარესების საბაბით, სამსახურიდან წავიდა.

მერაბ დუნდუა 1988 წლის ივლისში ჯერ ფინეთში გაემგზავრა, შემდგომ კი – შვეიცარიაში. მალევე იქ ჩავიდა ლიბერმანიც. ბანკიდან გამოტანილი 100 ათასი დოლარი აარონ შვარცმანთან ინახებოდა.

დუნდუა და ლიბერმანი შვეიცარიაში გაასამართლეს და თაღლითობისთვის 5-5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი