კრიმინალური ისტორიები

როგორ ჩაიყვანეს და დასაჯეს მოსკოვში „კაგებეს“ ყოფილი პოლკოვნიკი

№32

ავტორი: ნიკა ლაშაური 18:00 18.08, 2022 წელი

როგორ გაშიფრეს მკვლელი -
tbiliselebi.ge
დაკოპირებულია

ზოგიერთი მონაწილის ვინაობა შეცვლილია და მათი ვინმესთან მსგავსება შემთხვევითია, რისთვისაც გიხდით ბოდიშს.

საბჭოთა „კაგებე“ სპეცსამსახურების მსოფლიო ისტორიაში ერთ-ერთ უძლიერეს ორგანიზაციადაა მიჩნეული და ეს არცაა გასაკვირი, რადგან ამ უწყებაში შეზღუდვები არ არსებობდა, მათ დასახული მიზნის მისაღწევად მოწინააღმდეგეების კი არა თავისიანების სიცოცხლეც არაფრად უღირდათ. ხოლო თუკი საქმე „მტრის“ მხარეზე გადასულ კოლეგას ეხებოდა, „კაგებე“ მის წინააღმდეგ ასმაგი გააფთრებით იბრძოდა.

„ოქროს“ სამხილი

1971 წლის მარტში მოსკოვში 41 წლის თომას ირვინგი მოკლეს. ის ნაქირავებ ბინაში, პატარა არბატზე იპოვეს. მას სამი ტყვია ჰქონდა მოხვედრილი – თავში, გულსა და მუცელში. თომას ირვინგი ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოში, კულტურის განყოფილებაში მუშაობდა. მკვლელობას მოსკოვის პროკურატურა და უშიშროების კომიტეტი („კაგებე“) იძიებდა. იმავე ღამეს „კაგებეს“ ოპერატიულმა ჯგუფმა ალისა ლისოვსკაიას ბინაში რიგის გამზირზე, უორენ მილტონი დააკავა. მილტონი „ცეერუს“ თანამშრომელი იყო და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოში, კულტურის განყოფილების საფარქვეშ („კრიშით“) მუშაობდა. ალისა ლისოვსკაია კი საბჭოთა მოქალაქე იყო. ინგლისურის სპეციალისტი და მილტონის საყვარელი, ფარულად თანამშრომლობდა „კაგებესთან“ და მილტონს ის სწორედ ამ უწყებამ მიუგზავნა. დაკავებულ ამერიკელს პოდპოლკოვნიკმა ხიდაშელმა ცელოფანში მოთავსებული მაყუჩიანი „პესეემი“ უჩვენა და უთხრა:

– ესაა თქვენი იარაღი, რომელიც „ცეერუმ“ გადმოგცათ საჭიროების შემთხვევისთვის გამოსაყენებლად. „ლენგლიში“ („ცეერუში“) მისი მონაცემები დაფიქსერებულია. ამიტომ, კარგი არაფერი გელოდებათ, როცა თქვენი უფროსობა შეიტყობს, რომ თქვენ თომას ირვინგი მოკალით. ყველამ ხომ კარგად იცის, ირვინგთან მტრობა გქონდათ თქვენი ყოფილი ცოლის გამო, რომლის საყვარელიც ირვინგი იყო. ამიტომ, ეჭვი არავის შეეპარება, რომ მკვლელი ხართ. მით უმეტეს, ამ იარაღზე თქვენი ხელის ანაბეჭდებია.

მილტონი მიხვდა, რომ „კაგებემ“ ის გააბა და იკითხა:

– რას მოითხოვთ ჩემგან?

– პირველ რიგში, თქვენი მოკავშირეების ყველა მონაცემს – მოსკოვში. რათა უკან დასახევი გზა მოგეჭრათ, მერე კი – ჩვენთან თანამშრომლობას. წინააღმდეგ შემთხვევაში, უვადო პატიმრობა გარანტირებული გაქვთ, – განმარტა კოტე ხიდაშელმა.

მილტონმა ხიდაშელს ყველა თავის მოკავშირის მონაცემები გაუმხილა. ამის მერე ამერიკელი გაუშვეს, მაგრამ გააფრთხილეს, რომ თუკი მოტყუებას დააპირებდა, მაშინ ჩანაწერი, სადაც მილტონი თავის მოკავშირეებს გასცემს, „ცეერუში“ გაიგზავნებოდა. ამასთანავე, „კაგებეს“ ხელში იყო მკვლელობის იარაღი და ეს „ოქროს“ სამხილს წარმოადგენდა.

მთავარი მიზანი

თომას ირვინგის მკვლელი, რა თქმა უნდა, ვერ აღმოაჩინეს. ხოლო უორენ მილტონზე ეჭვის მიტანა ამერიკელებს აზრადაც არ მოსვლიათ თავში და არც მისი „პესეემი“ შეუმოწმებიათ. ექვსი თვის მერე კი მილტონი ვაშინგტონში დაბრუნდა და ის „ლენგლში“ საბჭოთა კავშირის მიმართულებაზე მომუშავე განყოფილებაში ქვედანაყოფის უფროსად დანიშნეს. ის საბჭოთა კავშირის ძალოვანი სტრუქტურებიდან ამერიკის შეერთებულ შტატებში გაქცეულ ადამიანებთან მუშაობდა. ეს კი ძალიან საიდუმლო, უაღრესად საფრთხილო და მნიშვნელოვანი უბანი იყო. ზემოხსენებული ადამიანები ინკოგნიტოდ, სხვა საბუთებით, კონსპირაციულ ბინებში ცხოვრობდნენ. მათ შესახებ თითზე ჩამოსათვლელმა ხალხმა იცოდა და მათ შორის იყო მილტონიც. უორენი ინტენსიურად მუშაობდა მოღალატეებად გამოცხადებულ ყოფილ საბჭოელებთან და ხელმძღვანელობის დიდი მოწონება დაიმსახურა. უორენ მილტონისა და მისი ქვედანაყოფის მთავარი ამოცანა იყო საბჭოთა კავშირში მსხვილი საჯაშუშო-დივერსიული ქსელების ჩამოყალიბება. ისეთი ავტონომიური სტრუქტურების შექმნა, რომლებიც პირველივე ბრძანების შედეგად განსაკუთრებული მნიშვნელობის ამოცანებს გადაწყვეტდნენ.

ამერიკის შეერთებულ შტატებში დაბრუნებული მილტონი „კაგებეს“ 6 თვის განმავლობაში არ შეუწუხებია. მილტონს „კაგებეს“ მოკავშირე 1972 წლის მარტში შეხვდა და „ლუბიანკიდან“ („კაგებეს“ შტაბ-ბინა) დაწვრილებითი ინსტრუქცია გადასცა. მასში ხაზგასმით იყო მითითებული, რომ მილტონს მაქსიმალური ძალისხმევა გამოეჩინა და ისე მოეწყო, რომ ანტონ პავლოვი საბჭოთა კავშირში დაებრუნებინათ. 54 წლის პავლოვი 1970 წელს გაიქცა ამერიკის შეერთებულ შტატებში და „ლენგლის“ ისეთი ინფორმაციები მიაწოდა, რომ საბჭოეთმა, ერთი მხრივ, 2 მილიარდით იზარალა, მეორე მხრივ კი, შეერთებულ შტატებს სტრატეგიული წყალქვეშა ნავების ყველა მონაცემი ჩაუვარდა ხელში. პავლოვი „კაგებეს“ პოლკოვნიკი იყო და უაღრესად საიდუმლო ოპერაციის ერთ-ერთი კურატორობა ჰქონდა დავალებული. მილტონის გადაბირების ოპერაციაც სწორედ ამ მთავარ მიზანს ემსახურებოდა. პავლოვი ამერიკელებს კანადაში ჰყავდათ გადამალული, რადგან „კაგებეს“ მასზე ნადირობა ჰქონდა გამოცხადებული. მილტონმა 9 თვე მოანდომა პავლოვის კოორდინატების დადგენას და ისინი მოსკოვში გაგზავნა. 1973 წლის აპრილში პავლოვი ტორონტოს კონსპირაციული ბინიდან გაიტაცეს. მოსკოვში ჩაიყვანეს და დახვრიტეს. უორენ მილტონი კი 1974 წელს გაიქცა მოსკოვში და 1999 წელს იქვე გარდაიცვალა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი