კრიმინალური ისტორიები

როგორ ჩაატარა „კაგებემ“ ოპერაცია „მშიფრავი“ ამერიკის შეერთებულ შტატებში

№45

ავტორი: ნიკა ლაშაური 18:00 18.11, 2021 წელი

როგორ გაშიფრეს მკვლელი -
tbiliselebi.ge
დაკოპირებულია

მთავარი გმირის სახელი შეცვლილია და მისი ვინმესთან მსგავსება შემთხვევითია, რისთვისაც ბოდიშს გიხდით.

საგულისხმო ინფორმაცია

1962 წლის თებერვალში იტალიის დედაქალაქ რომში საბჭოთა დაზვერვის ოფიცერი ოლეგ ვოლკოვი პროფესორ ნათან კოქსს შეხვდა, რომელიც იქ საერთაშორისო სამეცნიერო სიმპოზიუმზე იყო ჩასული. მედიკო-ბიოლოგი კოქსი „კაგებეს“ აგენტი იყო და „ცეერუს“ საიდუმლო ლაბორატორიაში მუშაობდა. 62 წლის პროფესორმა ვოლკოვს შეატყობინა, რომ ლაბორატორია CM-ში მიმდინარეობდა აპარატის დახვეწა, რომლის სამუშაო სახელწოდება იყო „მშიფრავი“. კოქსის თქმით, ამ აპარატზე აერთებდნენ ადამიანს, მას უამრავ კითხვას უსვამდნენ და თითქმის ასპროცენტიანი სიზუსტით ადგენდნენ სწორსა და არასწორ პასუხებს. პროფესორის ინფორმაციით, ლაბორატორია CM-ს 50 წლის მიხეილ ვაისმანი ხელმძღვანელობდა. „მშიფრავი“, ეგრეთ წოდებული, პოლიგრაფის ახალი მოდელი იყო. უფრო გაუმჯობესებული. პოლიგრაფის შექმნა ჯერ კიდევ ძველმა ინდოელებმა სცადეს. შემდგომ – ბრიტანელებმა და ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის სამინისტრომ. თუმცა, ყველა მცდელობა წარუმატებელი იყო. მასზე მუშაობდა მეფის „ოხრანკაც“, მაგრამ ეს სამუშაოც უშედეგოდ დამთავრდა. რაც შეეხება მიხეილ ვაისმანს, ის 1912 წელს თბილისში იყო დაბადებული. შემდგომ მისი ოჯახი მოსკოვში გადავიდა საცხოვრებლად. 1937 წელს 25 წლის ვაისმანი მედიკო-ბიოლოგიურ ლაბორატორიაში მუშაობდა. მას სწორედ იმ პერიოდში დაუხვრიტეს დედ-მამა. წლის ბოლოს ვაისმანმა ჯერ ფინეთში გადასვლა მოახერხა, შემდგომ კი ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩავიდა. „ლუბიანკაზე“ ყურადღებით მოეკიდნენ ვოლკოვის მიერ „მშიფრავის“ შესახებ მოსკოვში ჩატანილ ინფორმაციას და ამერიკის შეერთებულ შტატებში საბჭოთა აგენტურას დაავალეს, რომ რაც შეიძლება, მეტი ინფორმაცია მოეპოვებინათ ლაბორატორია CM-ზე, ვაისმანსა და „მშიფრავზე“.

ოპერაცია „მშიფრავი“

ამერიკის შეერთებულ შტატებში მთელი საბჭოთა რეზიდენტურა ფეხე დადგა და „ლუბიანკაზე“ ძალიან საგულისხმო ინფორმაციები იგზავნებოდა. როდესაც ეს მასალები ანალიტიკოსებმა დაამუშავეს, ნათელი გახდა, რომ შეერთებული შტატების „ცენტრალური“ დაზვერვა ფლობდა მოწყობილობას, რომლითაც თითქმის ასპროცენტიანი სიზუსტით იყო შესაძლებელი ადამიანის გაშიფვრა. ეს კი არაკეთილსაიმედო პირებსა და მტრული ქვეყნების დაზვერვის აგენტთა გამოაშკარავების საშუალებას იძლეოდა. აქედან გამომდინარე, „კაგებეს“ მიეცა მითითება, რომ ამერიკელებისთვის „მშიფრავის“ დოკუმენტაცია მოეპარათ, რათა უკვე საბჭოთა დაზვერვას შეექმნა მსგავსი მოწყობილობა. თუმცა, ამის განხორციელება შეუძლებელი აღმოჩნდა. „მშიფრავის“ მოწყობილობა მხოლოდ ლენგლში („ცეერუს“ შტაბ-ბინა) იყო დამონტაჟებული და დოკუმენტაცია კი „ცეერუს“ დირექტორის პირად სეიფში ინახებოდა. ყველაფერი ეს რომ გაირკვა, საბჭოთა დაზვერვამ შეიმუშავა ოპერაცია „მშიფრავი“. მისი მიზანი იყო მიხეილ ვაისმანის გატაცება, საბჭოთა კავშირში ჩამოყვანა და მისი დახმარებით საკუთარი მშიფრავი მოწყობილობის შექმნა. არც ამ გეგმის განხორციელება იყო იოლი. პროფესორ ვაისმანს შთამბეჭდავი დაცვა ჰყავდა. მას რეგულარულად დაჰყვებოდა ოთხი პირადი მცველი. ვაისმანი ვაშინგტონის გარეუბანში ცხოვრობდა და მის ვილასაც საიმედოდ იცავდნენ. თანაც, პროფესორს საზღვარგარეთ გამგზავრება აკრძალული ჰქონდა და თვით ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე გადაადგილება – შეზღუდული. თუმცა, „კაგებეს“ სპეციალურმა ოპერატიულმა ჯგუფმა პროფესორის გატაცება მაინც მოახერხა. მიხეილ ვაისმანი „ჩეკისტებმა“ ვაშინგტონის რესტორან „ოკეანეს“ ტუალეტიდან აიყვანეს. ეს იყო თევზის რესტორანი, სადაც პროფესორი ხშირად დადიოდა ხოლმე პირად დაცვასთან ერთად. „ჩეკისტებმა“ მიხეილ ვაისმანი რესტორნის ტუალეტიდან სათადარიგო გასასვლელის მეშვეობით გაიტაცეს. დაცვამ განგაში ატეხა, ვაისმანის ძებნას მთელი ვაშინგტონის პოლიცია და „ეფბეერი“ შეუდგა. გადაკეტეს გზები, მაგრამ პროფესორი გერმანული ტანკერით არგენტინაში ჩაიყვანეს. იქიდან კი საბჭოთა გემით – ოდესაში, შემდგომ მოსკოვში გადააფრინეს.

ანტიპოლიგრაფი

მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა კავშირიდან გაქცეულ ადამიანებს საბჭოთა მთავრობა მტრულად ეპყრობოდა, ეძებდნენ, ჩამოიყვანდნენ და ციხეში სვამდნენ. პროფესორ ვაისმანს საპირისპიროდ მოექცნენ. პირველ რიგში, ვაისმანის დედ-მამის რეაბილიტაცია განხორციელდა და 1937 წელს მისი მშობლების დახვრეტა დანაშაულად ცნეს. ვაისმანს კი შესაბამისი საბუთი მისცეს. ამის მერე პირადად „კაგებეს“ თავმჯდომარე, ვლადიმირ სემიჩასტნი ესაუბრა სამი საათის განმავლობაში და დაითანხმა, რომ საბჭოთა მთავრობაზე ემუშავა. ვაისმანმა მოფიქრებისთვის სამი დღე ითხოვა. ბოლოს კი დაეთანხმა და უკვე „კაგებეს“ საიდუმლო ლაბორატორიაში დაიწყო მუშაობა. ვაისმანს საბუთები შეუცვალეს. ღრმად გაასაიდუმლოვეს და „ცეერუს“ დიდი მცდელობის მიუხედავად, მისი აღმოჩენა შეუძლებელი გახდა. სანამ გატაცებულ პროფესორს „ცეერუ“ ეძებდა, ვაისმანმა და 31 წლის კოტე კალანდაძემ საბჭოთა პოლიგრაფი, ანუ სიცრუის დეტექტორი შექმნეს, რომელიც ამერიკულზე უფრო სრულყოფილი იყო. მეცნიერთა ამ ტანდემმა უკვე 1967 წელს დაამზადა, ეგრეთ წოდებული, ანტიპოლიგრაფი – ეს იყო მოწყობილობა, რომლის მეშვეობითაც ამზადებდნენ საბჭოთა აგენტებს და მათ პოლიგრაფის გაცურება შეეძლოთ. სწორედ, ასეთი მომზადების წყალობით მოახერხა „კაგებემ“ 60-70-იან წლების მიჯნაზე ამერიკის შეერთებულ შტატებსა და სხვა ქვეყნებში დიდი აგენტურული ქსელის ჩანერგვა.

მიხეილ ვაისმანი 2000 წელს, 88 წლის ასაკში, გარდაიცვალა. კოტე კალანდაძე კი ახლა ღრმა მოხუცია და სავარაუდოდ, მოსკოვში ცხოვრობს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი