კრიმინალური ისტორიები

როგორ „აწერდა“ ფულს „ცეხავიკებს“ ცნობილი ქართველი რეკეტიორი

№26

ავტორი: ნიკა ლაშაური 18:00 04.07

როგორ გაშიფრეს მკვლელი -
tbiliselebi.ge
დაკოპირებულია

ზოგიერთი მთავარი გმირის ვინაობა შეცვლილია და მათი ვინმესთან მსგავსება შემთხვევითია, რისთვისაც ბოდიშს გიხდით.

გაქცევა

მეოცე საუკუნის 60-იან წლებში საქართველოში სულხან ჯოხაძის სახელი ქუხდა. მხოლოდ მისი ხსენებაც კი შიშის ზარს სცემდა, ეგრეთ წოდებულ, „ცეხავიკებს“. ცნობილი ყაჩაღი, გამომძალველი, მეტსახელად „ჯიხვი“, ჯერ კიდევ სიყმაწვილეში დაადგა ბოროტმოქმედების გზას. სულ რაღაც 15 წლის იყო, როდესაც თბილისის რკინიგზის ვაგზლის რესტორნის ბუფეტი გაძარცვა და იქიდან 620 მანეთი გაიტაცა. ჯოხაძეს „ყომარში“ 80 მანეთი ჰქონდა წაგებული და რომ არ „გაფუფლოებულიყო“, ასეთი ნაბიჯი ამიტომაც გადადგა. „თავანიც“ დროზე და სრულად ჩააბარა და 300 მანეთი ქურდულ „ობშჩიაკშიც“ შეიტანა. გაჭირვებულ მოხუც მეზობელსაც უყიდა ძვირად ღირებული წამალი გადამყიდველთან და მეგობრებიც დაპატიჟა ლუდხანაში („პივნოიში“) სანაპიროზე, დიდუბეში. სწორედ იქ დააკავა ის მილიციამ, რადგან ისინი მოზარდ მძარცველს უკვე ეძებდნენ. მებუფეტემ კი ჯოხაძე ამოიცნო. ჯოხაძის სახლის ჩხრეკისას სპორტული პისტოლეტი, ეგრეთ წოდებული, „სტარტოვკა“ ამოიღეს, რომლითაც მან ძარცვა ჩაიდინა და ცეცხლსასროლ იარაღს წარმოადგენდა. არასრულწლოვან ყმაწვილს სასამართლომ 4-წლიანი პირობითი სასჯელი გამოუტანა, თან, უბნის ინსპექტორის კონტროლიც დაუწესდა. თუმცა, სულხანი არ აპირებდა გამოსწორებას და 16 წლის იყო, როდესაც თბილისიდან სოჭში გაემგზავრა და იქ გააგრძელა „მოღვაწეობა“. ერთი წლის შემდეგ, სულხანი კრასნოდარში დააპატიმრეს და კვლავ რესტორნის ბუფეტის ძარცვის გამო გაასამართლეს. თუმცა, ამჯერად მას 6 წლით აღუკვეთეს თავისუფლება და ჯერ 2 წლით მცირეწლოვანთა კოლონიაში გაამწესეს, შემდგომი 4 წელი კი კოლონიაში გაატარა, რუსეთში. თბილისში დაბრუნებული „ჯიხვი“ მართალია, სულ რაღაც, 23 წლის იყო, მაგრამ „შავ სამყაროში“ მას საკმაოდ კარგად იცნობდნენ და პატივსაც სცემდნენ. მშობლიურ ქალაქში ჯოხაძემ „ცეხავიკების“ „რეკეტირებას“ მიჰყო ხელი. ამის გამო კი ერთ-ერთ ავტორიტეტთან მოუწია დაპირისპირება, რომელიც ფარულად მილიციასთან თანამშრომლობდა და მათ „ჯიხვს“ ერთობლივი ძალებით „გაუჩალიჩეს“ და ამჯერად ის 8 წლით გაუშვეს ციხეში. ჯოხაძემ ეს „სროკიც“ სრულად მოიხადა და კვლავ თბილისში დაბრუნდა. ისევ „ცეხავიკებს“ „დააჯდა“ და მათ დიდ ფულს „აწერდა“. თან მომენტს ეძებდა, რომ „ჩამშვებ“ ავტორიტეტს გასწორებოდა. 2 წლის მერე „ჯიხვმა“ ეს „ჩამშვები“ პლეხანოვზე მოიხელთა, არტოს ბაღში ორი ტყვია ესროლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, თუმცა „ჩამშვები“ ცოცხალი გადარჩა. მილიციას მის წინააღმდეგ ჩვენება მისცა. „ჯიხვი“ დააპატიმრეს, მკვლელობის მცდელობისთვის 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს და მკაცრი რეჟიმის კოლონიაში გაამწესეს. თუმცა 2 წლის შემდეგ „ჯიხვი“ კოლონიიდან გაიქცა და მასზე საკავშირო ძებნა გამოცხადდა.

დიდი „რეკეტი“

სულხან ჯოხაძე თბილისში ფარულად დაბრუნდა და თავისი ბავშვობის მეგობარს, ჯუმბერ გალდავას მიადგა სახლში. გალდავა ზემო ვერაზე, კერძო სახლში მარტო ცხოვრობდა და ბავშვობის ძმაკაცი შეიფარა... „ჯიხვის“ დაბრუნებიდან ერთი თვის შემდეგ თბილისში დიდი რეკეტი დაიწყო. სპორტულ სამოსში გამოწყობილი გალდავა „ცეხავიკებს“ ადგებოდა თავზე და ჯოხაძის მიერ დაწერილ ბარათებს აკითხებდა, სადაც „ჯიხვი“ მათ ფულს სთხოვდა. თითქმის ყველა „ცეხავიკმა“ კარგად იცოდა ჯოხაძის ხელწერა და ისიც იცოდნენ, რომ ის „პაბეგში“ იყო. ამიტომ გალდავას უყოყმანოდ ატანდნენ მოთხოვნილ თანხებს. მათ იცოდნენ, რომ „ჯიხვთან“ ურჩობა შეიძლება, სიცოცხლის ფასი დასჯდომოდათ და ამიტომ თანხის გადახდას ამჯობინებდნენ. ერთი სიტყვით, თბილისში დიდი რეკეტი იყო გაჩაღებული და მილიციისთვის არავის მიუმართავს. ორი თვის განმავლობაში „ცეხავიკებისგან“ რეკეტით აგროვილმა ფულმა 60 ათასი მანეთი შეადგინა, რაც იმ პერიოდისთვის ასტრონომიული თანხა იყო. მიუხედავად ამისა, „ცეხავიკების“ „წეწვა“ გრძელდებოდა და ჯუმბერ გალდავა ვინმე ანზორ წიწილაშვილს მიადგა წერილით, რომელშიც „ჯიხვი“ 2 ათას მანეთს ითხოვდა. წიწილაშვილი ძვირფასი ბეწვისგან ქალის ქურქებს კერავდა. სარფიანად ასაღებდა და დიდ ფულსაც შოულობდა. მას მილიციის მაღალჩინოსნები ჰყავდა წილში, ამიტომ დახმარებისთვის მათ მიმართა. გალდავას კი უთხრა, რომ ფულის მისაღებად მეორე დღეს მისულიყო. მეორე დღეს მისულ გალდავას წიწილაშვილმა ფული კი გადასცა, მაგრამ მას კუდზე მილიცია დააჯდა, რადგან ნათელი იყო, რომ გალდავას წერილებს გაქცეული „ჯიხვი“ ატანდა და ეს ოპერაცია მის დასაჭერად ტარდებოდა. როდესაც ჯუმბერ გალდავა სახლში შევიდა, მილიციის ოპერატიული რაზმი ელვის სისწრაფით შეიჭრა იქ. გალდავა გაკოჭეს, სახლის ჩხრეკას შეუდგნენ და სარდაფში, რკინის ძელზე მიბმული „ჯიხვი“ აღმოაჩინეს. მილიციელთა დანახვაზე რეციდივისტს სახე გაუბრწყინდა. საქმე კი ის იყო, რომ ჯუბერ გალდავამ თავისი ბავშვობის ძმაკაცი სარდაფში დააბა, მას წერილებს აწერინებდა, „ცეხავიკებს“ ფულს ართმევდა და როგორც თავის ჩვენებაში დაწერა, როდესაც ასი ათასს შეაგროვებდა, „ჯიხვი“ უნდა მოეკლა. გალდავას 10-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, მაგრამ ის ციხეში პატიმრებმა დაახრჩვეს. „ჯიხვმა“ კი 15 წელი რუსეთის ციხეში მოიხადა, თბილისში „პერესტროიკის“ დროს დაბრუნდა და შერყეული ჯანმრთელობის გამო კრიმინალურ საქმიანობას ჩამოშორდა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №42

14–20 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა