კრიმინალური ისტორიები

როგორ ანადგურებდნენ საბჭოთა ციხეებში დახვრეტილთა ცხედრებს

№4

ავტორი: ნიკა ლაშაური 18:00 01.02

როგორ გაშიფრეს მკვლელი -
tbiliselebi.ge
დაკოპირებულია

ზოგიერთი მთავარი გმირის ვინაობა შეცვლილია და მათი ვინმესთან მსგავსება შემთხვევითია, რისთვისაც ბოდიშს გიხდით.

სასიკვდილო განაჩენი

1969 წლის მაისში მოსკოვის თამბაქოს საწარმო „იავას“ მთავარ ტექნოლოგს, 38 წლის ნოდარ ხორავას უმაღლესმა სასამართლომ სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა. საქმე ეხებოდა განსაკუთრებით მსხვილი ოდნეობის სახელმწიფო ქონების დატაცებას. იმ დროის საბჭოთა კანონებით, თუკი სახელმწიფოსთვის მიყენებული ზარალი 100 ათას საბჭოთა მანეთს აღწევდა, დახვრეტა გარდაუვალი იყო. ხორავას შემთხვევაში კი ლაპარაკი იყო მილიონებზე. ნოდარ ხორავას, საგამოძიებო ორგანოებმა 2 მილიონ 750 ათასი მანეთის დანაკლისი აღმოუჩინეს და არც ეს იყო რეალური რიცხვი, რადგან დატაცებული თანხა 10 მილიონს აჭარბებდა და ამის თაობაზე მოგვიანებით, განმეორებითი გამოძიებისას გახდა ცნობილი. ხორავას ადვოკატმა სააპელაციო საჩივარი შეიტანა, რომელიც არ დაკმაყოფილდა. შედეგი არც შეწყალების თხოვნამ გამოიღო და ციხე „მატროსკაია ტიშინაში“ მოთავსებული ნოდარ ხორავა სასიკვდილო განაჩენის აღსრულების მოლოდინში იყო. 1969 წლის 1 სექტემბერს კი ნოდარ ხორავას დახვრეტის შესახებ ოფიციალური ცნობა გაიცა. ეს ცნობა ხორავას ოჯახს მიუვიდა მოსკოვში, სადაც ის მეუღლესთან და 8 წლის ვაჟთან ერთად ცხოვრობდა. ცნობის გამცემი შინაგან საქმეთა სამინისტრო იყო და დახვრეტილი მთავარი ტექნოლოგის საქმე არქივში გადაიგზავნა.

დახვრეტილი

დახვრეტის აღსრულების საბუთს ოთხი ადამიანი აწერდა ხელს – ციხის უფროსი, პროკურორი, ექიმი და ციხის უშიშროების სამსახურის კურატორი. არქივში გაგზავნილი დახურული საქმის რეზიუმეში დეტალურად იყო აღწერილი ყველა ის პროცედურა, რომელიც დახვრეტილის ცხედარს ჩაუტანდა. იქ ეწერა, რომ სასჯელის აღსრულებისთანავე, მას შემდეგ, რაც ექიმმა ხორავას სიკვდილის კონსტატაცია მოახდინა, გვამს სამოსი გახადეს, შიშველი ცხედარი კი სპეციალურ აუზში ჩააგდეს, რომელიც მჟავით იყო სავსე და გარკვეული დროის შემდეგ, რაც სხეული მჟავაში გაიხსნა, მჟავა ჩარეცხეს. დასკვნაში აღნიშნული იყო, რომ უტილიზაციის პროცედურას ოთხივე პასუხისმგებელი პირი ბოლომდე დაესწრო და მხოლოდ მას შემდეგ დატოვეს სპეცოთახი, როდესაც აუზი ბოლომდე დაიცალა. 1970 წლამდე საბჭოეთში დახვრეტილების ცხედრებს ამგვარად ანადგურებდნენ. შემდგომ კი ეს პროცედურა იშვიათად გამოიყენებოდა – მხოლოდ იმ დროს, თუკი გვამი ინფიცირებული იყო. ზოგადად კი, დახვრეტილების ცხედრებს უსახელო საფლავებში ათავსებდნენ და მიწას აყრიდნენ. საბჭოთა კავშირში არსებობდა ერთი, თუ შეიძლება ითქვას, ტრადიციაც. ერთი დღე-ღამის განმავლობაში ერთ ციხეში მხოლოდ ერთი ადამიანის სიკვდილით დასჯა ხორციელდებოდა. იმ დღეს კი, როდესაც ხორავას დახვრეტის თარიღი გაფორმდა, ციხეში ორი ადამიანის დახვრეტის საბუთები გაფორმდა. სინამდვილეში კი, „მატროსკაია ტიშინაში“ იმ დღესაც ერთი ადამიანი დახვრიტეს და გაანადგურეს და ეს იყო 49 წლის მანიაკი ევსეი კრანტინი. მას 6 ადამიანი ჰყავდა სადისტურად მოკლული. ნოდარ ხორავა კი წინა დღით ფარულად გაიყვანეს ციხიდან და გაუშვეს. საქმე ის იყო, რომ ნოდარ ხორავას ადვოკატმა, ებრაელმა აბრაამ ზორკინმა თითოეულ პასუხისმგებელ პირს, რომლებიც დახვრეტის საბუთს აწერდნენ ხელს 500-500 ათასი საბჭოთა მანეთი გადაუხადა. თავად კი ამ სქემის ჩაწყობაში მილიონი საბჭოთა მანეთი აიღო. სულ კი „იავას“ თამბაქოს ფაბრიკის მთავარი ტექნოლოგის გათავისუფლება 3 მილიონი მანეთი დაჯდა, რაც იმ პერიოდში არნახული, მართლაც ასტრონომიული თანხა იყო. ფული კი ნოდარის მეუღლემ, კლავდია ვაისმანმა გადასცა თავის თანამემამულე ებრაელ ადვოკატს.

არალეგალური ცხოვრება

თავდაპირველი გეგმით, თუკი ხორავას ციხიდან გათავისუფლება მოხერხდებოდა, ნოდარს სახეზე პლასტიკური ოპერაცია უნდა გაეკეთებინა, რომ თავისუფლად ცხოვრება შეძლებოდა. თუმცა, მოგვიანებით ადვოკატმა ურჩია, რომ მას ოპერაციის გაკეთება გადაეფიქრებინა. დიდი ალბათობა იყო, რომ ქირურგ-კოსმეტოლოგს „კაგებესთვის“ ეცნობებინა ეს ამბავი. რადგან ექიმები ამ პროფილით საბჭოთა უშიშროებას აღრიცხვაზე ჰყავდა, მკაცრად აკონტროლებდა და ადვილი შესაძლებელი იყო, დაეჭირათ. შემდგომ კი მას უკვე ნამდვილად არ ასცდებოდა სასიკვდილო განაჩენი. გარდა ამისა, საფრთხე ემუქრებოდათ დანარჩენ ადამიანებსაც, ვინც ნოდარის გაქცევასა და დახვრეტის საბუთების ფალსიფიკაციაში მიიღეს მონაწილეობა. მათ შორის, რა თქმა უნდა, თავად ადვოკატსაც. ამიტომ, ნოდარ ხორავამ არალეგელური ცხოვრება არჩია. ის თბილისში, საბურთალოზე, ერთ-ერთ კერძო სახლში დასახლდა, წვერ-ულვაში მოუშვა, სათვალე გაიკეთა და ხელჯოხით, ხეიბრად შენიღბული სეირნობდა ხოლმე საქართველოს დედაქალაქის ქუჩებში.

მილიონერი

1971 წელს ნოდარის ცოლ-შვილი ისრაელში გაემგზავრა, მათ თავიანთ ისტორიულ სამშობლოში დაიდეს ბინა. 1973 წელს კი ბათუმიდან თურქეთში თურქული ტანკერით, სრულიად საიდუმლოდ, ნოდარ ხორავა გაემგზავრა და თან წაიღო უზარმაზარი ტყავის ჩანთა, რომელიც ძვირფასი ქვებითა და ოქროთი იყო სავსე. განძის ღირებულება დაახლოებით 10 მილიონი ამერიკული დოლარი იყო – ის თანხა, რაც ნოდარს „იავას“ საწარმოში ჰქონდა არალეგალურად მოპოვებული. ამ ვოიაჟში ხორავამ 10 ათასი დოლარი გადაიხადა და თურქეთში სამთვიანი ყოფნის შემდეგ ის საოკეანო ლაინერით შეერთებულ შტატებში ჩავიდა. ერთ თვეში კი მას ცოლ-შვილი შეუერთდა და 10-მილიონიანი განძის მფლობელი ოჯახი ნიუ-იორკში დასახლდა. ნოდარ ხორავამ თავისი ქონება თამბაქოს ბიზნესში ჩადო. ერთ-ერთი ცნობილი ფირმის დირექტორთა საბჭოში შევიდა და ოფიციალურად მიიღო მილიონერის სტატუსი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №30

22-28 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული