კრიმინალური ისტორიები

როგორ აყალბებდა ქართველი რესტავრატორი ხელოვნების შედევრებს

№13

ავტორი: ნიკა ლაშაური 18:00 10.04

როგორ გაშიფრეს მკვლელი -
tbiliselebi.ge
დაკოპირებულია

ზოგიერთი მთავარი გმირის ვინაობა შეცვლილია და მათი ვინმესთან მსგავსება შემთხვევითია, რისთვისაც ბოდიშს გიხდით.

პიკასოს გამოფენა

ეგრეთ წოდებული, „ზასტოის“ პერიოდში მოსკოვში პაბლო პიკასოს სურათების გამოფენა გაიმართა. მხატვარი თავად ეწვია საბჭოთა კავშირს და მას მთავრობის ხელმძღვანელებმა გრანდიოზული დახვედრა მოუწყვეს. ექსპოზიცია ერთი თვის განმავლობაში იყო გამოფენილი ტრეტიაკოვის გალერეაში და ის უამრავმა ადამიანმა დაათვალიერა. გამოფენა თავად მხატვარმა გახსნა, რასაც საბჭოთა კავშირის კომპარტიის პირველი მდივანი ლეონიდ ბრეჟნევი და „კაგებეს“ შეფი იური ანდროპოვი ესწრებოდნენ. ეს უკანასკნელი ხელოვნების დიდი მოტრფიალე, მცოდნე და მფარველი იყო. ბრეჟნევმა პიკასო საკუთარ აგარაკზე მიიწვია, სადაც დიდმა მხატვარმა მისი გრაფიკული გამოსახულება შექმნა და ბრეჟნევს აჩუქა. საბჭოეთის პირველმა მდივანმა პიკასო სანადიროდაც წაიყვანა ზავოდოვოში, სადაც ტახი მოკლეს და იქეიფეს კიდეც. პიკასო მხოლოდ ოთხი დღე გაჩერდა მოსკოვში. შემდგომ კი სამშობლოში დაბრუნდა და ვრცელ ტელეინტერვიუში აქო და ადიდა საბჭოთა კავშირი და მისი მთავრობის ხელმძღვანელები.

ორი ნახატი

პიკასოს ნახატების გამოფენა სამი თვის დახურული იყო. ექსპოზიცია სრულად დაბრუნდა უკან და მას სათანადო ოფიციალური დოკუმენტაციაც ახლდა, როდესაც ბრესტის საბაჟოზე მებაჟეებმა კონტრაბანდა დააკავეს, ათას წვრილმანს შორის მათ პიკასოს ორი ნახატიც აღმოაჩინეს, იმ ექსპონატებიდან, რომლებიც მოსკოვში იყო გამოფენილი. კონტრაბანდის მფლობელი ვინმე ანტონ ლიბერმანი იყო, მოსკოველი ინჟინერი. მან თავდაპირველად იუარა და თქვა, რომ კონტრაბანდა, რომელიც მისი „ჟიგულის“ ორმაგ საბარგულში აღმოაჩინეს, მას არ ეკუთვნოდა. თუმცა, როდესაც ის „კაგებეში“ დაჰკითხეს, აღიარა, რომ სურათები ვინმე იოსებ ხახანაშვილს ეკუთვნოდა. ხახანაშვილი ტრეტიაკოვის გალერეის თანამშრომელი იყო, 65 წლის, დიაბეტით დაავადებული. ის ლუბიანკის საკანში გარდაიცვალა გულის შეტევით. თუმცა, გამომძიებელს ეს საქმე გახსნილი ეგონა და იოსებ ხახანაშვილი სურათების ქურდობაში იყო დადანაშაულებული. როდესაც ეს საქმე ანდროპოვს გააცნეს, „კაგებეს“ შეფმა გამომძიებელი დაიბარა. მაგრად შეახურა და უთხრა, რომ მან აბსოლუტური უვიცობა გამოავლინა ამ საქმეში. სურათები რომ მხოლოდ მოპარული იყოს, მაშინ ჯერ კიდევ სამი თვის წინ ატყდებოდა სკანდალი და დაკლებული სურათების დაბრუნებას მოითხოვდნენ. ასე კი არ მოხდა, ესე იგი, სურათები შეცვლილიაო. მართლაც, როდესაც ექსპოზიციის მფლობელს მოთხოვნა გაუგზავნეს, მან დაადასტურა, რომ ორივე სურათი მუზეუმში იყო გამოფენილი. მაშინ „კაგებეს“ შეფმა სურათების მფლობელს სიმართლე მისწერა და სთხოვა, რომ ორივე სურათი მოსკოვში ჩამოეტანათ ექსპერტიზის ჩასატარებლად და საბაჟოზე აღმოჩენილი სურათებთან შესადარებლად. შეიქმნა ძალიან მძიმე ვითარება. აშკარა იყო, რომ ორ წყვილ სურათს შორის ერთი წყვილი ყალბი იყო. ხახანაშვილს უკვე აღარ შეეძლო ჩვენების მიცემა, რადგან მკვდარი იყო და ჯაჭვი მასზე გაწყდა. არადა ამ საქმეში მოსაძებნი იყო მთავარი ფიგურანტი, რომელიც ჯერჯერობით არ ჩანდა.

მთავარი ფიგურანტი

პიკასოს ნახატების მფლობელმა ორივე სურათი მოსკოვში ჩაიტანა და უმაღლესი კატეგორიის ექსპერტთა ჯგუფმა, ექვსი კაცის შემადგენლობით, სურათები ერთმანეთს შეადარეს. თუმცა, აზრი ორად გაიყო. სამი მათგანის აზრით, ორიგინალები იყო საბაჟოზე აღმოჩენილი ნახატები. სამი ექსპერტი კი ორიგინალად კოლექციიდან ჩამოტანილ სურათებს მიიჩნევდა. ვიზუალურადაც და საღებავების შემადგენლობითაც სურათები აბსოლუტურად იდენტური იყო. ამიტომ მოსკოვში თავად პაბლო პიკაო მიიწვიეს. მას უნდა გამოეტანა საბოლოო ვერდიქტი და ორიგინალები დაესახელებინა. თუმცა, თავად პიკასოსაც ძალიან გაუჭირდა თავისი ნახატების ცნობა. ოთხი საათის განმავლობაში გულმოდგინედ სინჯავდა მათ. ბოლოს კი სრული პასუხისმგებლობით განაცხადა, რომ ორიგინალები ბრესტის საბაჟოზე აღმოჩენილი ნახატები იყო. სურათები, რა თქმა უნდა, კანონიერ მფლობელს დაუბრუნეს და ამ საქმის გამოძიება გაააქტიურეს. შეიქმნა სხვადასხვა ვერსია. დაიკითხა გალერეის ყველა თანამშრომელი და ბოლოს ამ საქმის მთავარ ფიგურანტს მიაგნეს. ის ვახტანგ გოგინაშვილი აღმოჩნდა – 45 წლის რესტავრატორი. გოგინაშვილი დანაშაულებრივ კავშირში იყო ხახანაშვილთან. ხახანაშვილმა წინასწარ დაახატვინა გოგინაშვილს პიკასოს ორი სურათი, რადგან მან ზუსტად იცოდა, რომ მოსკოვში პიკასოს ნახატების გამოფენა უნდა ჩატარებულიყო. შემდეგ სურათები შეცვალა და იატაკქვეშა კოლექციონერს გაუგზავნა, რომელიც საფრანგეთში ცხოვრობდა. გოგინაშვილმა აღიარა, რომ მანამდეც რადენიმე ასეთ შემთხვევას ჰქონდა ადგილი და სურათების გაყალბებაში მას მსუყე თანხას უხდიდნენ. გამყალბებელი რესტავრატორი 8 წლით გამოამწყვდიეს ციხეში. ხოლო ძველი, გაყალბებული სურათების საქმეები არ გაუხსნიათ, რომ საერთაშორისო სკანდალი არ ამტყდარიყო. როგორც გამოკვლევებითაა ცნობილი, ევროპის კოლექციების, მინიმუმ, 25 პროცენტი ყალბი სურათებითაა სავსე.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №15

14–20 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა