კრიმინალური ისტორიები

როგორ აღკვეთეს ატომური იარაღით ვაჭრობა აჭარაში

№33

ავტორი: ნიკა ლაშაური 18:00 26.08, 2021 წელი

როგორ გაშიფრეს მკვლელი -
tbiliselebi.ge
დაკოპირებულია

მთავარი გმირების ვინაობა შევცვალეთ და მათი ვინმესთან მსგავსება შემთხვევითია, რისთვისაც ბოდიშს გიხდით.

გლობალური „ჩეპე“

1991 წლის 2 მაისს გუდაუთის სამხედრო აეროდრომიდან მოდერნიზებული „სუ 27“ აფრინდა. საღამოს 20 საათი და 50 წუთი იყო. თვითმფრინავი გეგმურ სასწავლო ფრენას ახორციელებდა. თუმცა ბომბის ლუკში მას 500-კილოგრამიანი საბრძოლო თერმობირთვული ქობინი ჰქონდა ჩამაგრებული, რომელიც, რა თქმა უნდა, საბრძოლო მდგომარეობაში არ იყო მოყვანილი. თვითმფრინავს 38 წლის მაიორი, სიმონ იაკუშევი მართავდა. მის ამოცანას წარმოადგენდა შავი ზღვის აკვატორიის შემოფრენა და ბაზაზე დაბრუნება. ანუ იაკუშევს წრე უნდა დაერტყა აჭარისთვის და კვლავ გუდაუთაში დაბრუნებულიყო. ამ სასწავლო ფრენის ხანგრძლივობა სულ 12 წუთს შეადგენდა. მაგრამ ფრენის მე-7 წუთზე იაკუშევის თვითმფრინავმა აჭარის წყლების თავზე ავარია განიცადა. ეს იყო გლობალური „ჩეპე“, რადგან ბორტზე ნახევარტონიანი ატომური ბომბი იყო. მართალია; ის საბრძოლო მდგომარეობაში არ იყო მოყვანილი და არ აფეთქებულა, მაგრამ არც მასზე მიმაგრებული რადიოშუქურა მოქმედებდა. ეს კი ბომბის ძებნას ძალიან ართულებდა. ძებნის რადიუსი ძალიან დიდ ტერიტორიას მოიცავდა და საქმეს სიბნელეც უშლიდა ხელს. განგაშის სიგნალით მთელი შავი ზღვის ფლოტი ფეხზე დადგა. საქმეში 4 წყალქვეშა ნავიც ჩაერთო და ბომბს ინტენსიურად ეძებდნენ. სულ რაღაც 9-საათიან მონაკვეთში (ღამის 22 საათიდან 7 საათამდე) აჭარის წყლების აკვატორიაში თვითმფრინავის თითქმის ყველა ფრაგმენტი აღმოაჩინეს და მათი ექსპერტიზა მიმდინარეობდა. იპოვეს, ეგრეთ წოდებული, „შავი ყუთიც“ თუმცა მისმა გაშიფვრამ საქმე წინ ვერ წასწია. მფრინავი იაკუშევი და რაც მთავარია, ბომბი ცამ ჩაყლაპა თუ მიწამ, არავინ იცოდა.

სპეციალური ჯგუფი

მიუხედავად იმისა, რომ თითქმის ყველა საბჭოთა რესპუბლიკას დამოუკიდებლობა ჰქონდა გამოცხადებული და იურიდიულად სუვერენულები იყვნენ, მათ შორის საქართველოც, მოსკოვი რესპუბლიკებში ჯერ კიდევ მნიშვნელოვან გავლენებს ინარჩუნებდა. ამიტომ ადგილობრივ ხელისუფლებასთან ყოველგვარი შეთანხმების გარეშე, მოსკოვიდან აჭარაში „კაგებეს“ სპეციალური ოპერატიული ჯგუფი ჩაფრინდა, რომელიც 24 წევრისგან შედგებოდა. ამ ჯგუფს 41 წლის ქართველი პოლკოვნიკი აპოლონ გეგელია ხელმძღვანელობდა. მან ტოტალური ძებნის ოპერაციის დაუყოვნებლივ დაწყების ბრძანება გასცა. პარალელურად კი, მაძებრებმა სკურპულოზურად შეისწავლეს მაიორ სიმონ იაკუშევის დოსიე. ერთი შეხედვით, მაიორის ბიოგრაფიას ხინჯი არ ჰქონდა, თუმცა გეგელია დააეჭვა იმ ფაქტმა, რომ იაკუშევი 1990 წელს 8 თვის განმავლობაში ავღანეთში იმყოფებოდა მივლინებით და ადგილობრივ სამხედროებს პროფესიულ დახმარებას უწევდა. ანუ ავღანელებს ფრენას ასწავლიდა. არადა, საბჭოთა ჯარი ავღანეთიდან უკვე გამოსული იყო და იაკუშევს მაკონტროლებელი, ფაქტობრივად, არ ჰყავდა. გამოცდილმა ჩეკისტმა, აპოლონ გეგელიამ ივარაუდა, რომ სავარაუდოდ, იაკუშევს შესაძლოა, ტერორისტებთან ჰქონოდა გარიგება და თვითმფრინავის კატასტროფა და მაიორის სიკვდილი ინსცენირებული იყო. ამიტომ მოსკოვიდან გეგელიამ დამატებითი ძალები მოითხოვა, რაც მალევე მიიღო და ძებნა გააძლიერა.

კოოპერატივი „ჟანგი“

1991 წლის 4 მაისს სარფის გამშვებ პუნქტზე ჯერ კიდევ საბჭოთა მესაზღვრეებმა შესამოწმებლად ოთხი ტრაილერი გააჩერეს. ამ მანქანებს თურქეთში ფერადი ლითონების ჯართი გაჰქონდათ და მას მერე, რაც ფორმალურ პროცედურას გაივლიდნენ, ანუ მესაზღვრეებს თითო მანქანა ჯართში 100 დოლარს გადაუხდიდნენ, დაუბრკოლებლად გადადიოდნენ თურქეთის ტერიტორიაზე. ტრაილერები კოოპერატივ „ჟანგს“ ეკუთვნოდა, რომლის თავმჯდომარეც ომარ გეგელაშვილი იყო. მას ყველა იცნობდა საზღვრის ორივე მხარეს. გეგელაშვილი ამჯერადაც თავად აცილებდა ტრაილერებს. როდესაც ომარმა გამშვები პუნქტის უფროსი მოიკითხა, რომ მისთვის 400 დოლარი ჩაეთვალა, უთხრეს – ახალი უფროსი გვყავს და მას დაელაპარაკეთო. სინამდვილეში კი გეგელაშვილს პოლკოვნიკი აპოლონ გეგელია წარუდგა. თავაზიანად დააკავა „ჟანგის“ დირექტორი და ტრაილერების ინტენსიური ჩხრეკა დაიწყო. ატომურქობინიანი ნახევარტონიანი ბომბი პირველივე ტრაილერში აღმოჩნდა. ხოლო იმავე ტრაილერის თადარიგის მძღოლი კი, სინამდვილეში, მაიორი სიმონ იაკუშევი იყო. მას მილიონი ამერიკული დოლარი უნდა მიეღო თურქეთის ტერიტორიაზე, მას მერე, რაც ბომბს მყიდველს ჩააბარებდა. ნიშანდობლივი იყო ის, რომ მთელ ამ პროცესს ამერიკის ფედერალური ბიუროც აკონტროლებდა და თუკი ბომბი თურქეთში ჩავიდოდა, იქ დააკავებდნენ. თუმცა კარგად იმუშავა ქართველმა პოლკოვნიკმა და თავად აღკვეთა დანაშაული, რომელსაც გამოუსწორებელი ზიანის მოტანა შეეძლო.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი