კრიმინალური ისტორიები

როგორ „აახია“ მილიონი დოლარი ქართველმა კონტრმზვერავმა თავის ვერაგ უფროსებს

№48

ავტორი: ნიკა ლაშაური 18:00 05.12

როგორ გაშიფრეს მკვლელი -
tbiliselebi.ge
დაკოპირებულია

საბჭოთა კავშირის დაშლის ბოლო ერთი წელიწადი მძიმე განუკურნებელი ავადმყოფის აგონიას ჩამოჰგავდა და სანამ დიადი სახელმწიფოს ნარჩენებს დაუნდობელი ჟამი მიწასთან გაასწორებდა, ყველა თავისი წილი სარგებლის „მოგლეჯას“ ცდილობდა იმ მონსტრისგან, რომელსაც ოდესღაც საბჭოეთი ერქვა. ამ რბოლას არც ერთ დროს მრისხანე „კაგებე“ ჩამორჩენია, რომელმაც ყველაზე უკეთ იცოდა, თუ „სად რა იდო“ და მაქსიმალური „კუშის“ მისაღებად ძალებს არ ზოგავდა.

დავალება

1991 წლის 24 აპრილს, ანუ საბჭოთა კავშირის დაშლამდე 8 თვით ადრე, „ლუბიანკის“ „პეგეუს“ (პირველი განყოფილება – საბჭოთა საგარეო დაზვერვა) კონტრტერორისტული ჯგუფის უფროსმა, პოლკოვნიკმა ანტონ სტახანოვმა კაპიტანი ლევან ქორიძე გამოიძახა. წინ ათიოდე შავ-თეთრი და ფერადი ფოტოები დაულაგა და უთხრა:

– კაპიტანო, ესაა მაჰმუდ ოზალ-ბეი. ცნობილი ტერორისტული ორგანიზაციის შეიარაღების უფროსი. ჩვენი ინფორმაციით, ის ახლა თურქეთშია და ცდილობს, ისეთი ადამიანი მოძებნოს, ვინც მას ატომურქობინიან, რეაქტიულ რაკეტებს შეაძენინებს. დანამდვილებით ვიცით, რომ ტერორისტები ჩვენი, ახლა უკვე, მეგობარი ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე დიდ, სისხლიან ტერაქტს გეგმავენ ატომური აფეთქების გამოყენებით. ამიტომ, შენ გევალება თურქეთში წასვლა და ოზალთან დაკონტაქტება. მისთვის ატომური ჩემოდნის შეთავაზება, რის მერეც მას ავიყვანთ და მოსალოდნელ ტერაქტს გავანეიტარებთ. რას იტყვი, მზად ხარ ამ მისიის შესასრულებლად?

– დიახ. მზად ვარ, ამხანაგო პოლკოვნიკო, – გამოეჯგიმა ანტონ სტახანოვს კაპიტანი ლევან ქორიძე და მას მერე, რაც ზუსტი ინსტრუქციები მიიღო, პოლკოვნიკის კაბინეტი დატოვა.

25 აპრილს ქორიძე უკვე სტამბოლში იმყოფებოდა და მაჰმუდ ოზალთან დაკავშირებას ცდილობდა.

შეთანხმება

„კაგებეს“ ქართველი კაპიტანი ოზალის კაფე „ბოსფორში“ შეხვდა და შეუთანხმდა, რომ ისინი ზუსტად ერთ კვირაში, 2 მაისს უკვე მოსკოვში ხვდებოდნენ ერთმანეთს და ქორიძე მაჰმუდ ოზალის მინიატურულ ჩემოდანს უჩვენებდა, რომელიც „სულ რაღაც“ მილიონი ამერიკული დოლარი ღირდა.

– ბატონო მაჰმუდ, ეს მინიატომურბომბიანი ჩემოდანი საბჭოთა კავშირმა სულ 60 ცალი დაამზადა. მისი მოქმედების რადიუსია 4 კილომეტრი. ამოქმედების შემდეგ ამ რადიუსში მას 30-35 ათასი ადამიანის განადგურება შეუძლია და ძალიან მრისხანე იარაღს წარმოადგენს. სწორედ ისეთს, როგორსაც თქვენ ეძებთ, – უთხრა ქორიძემ ოზალს.

– დიახ. სწორედ ისაა, რასაც მე ვეძებ, მაგრამ „საქონელი“ ჯერ უნდა შემოწმდეს, ალბათ, დამეთანხმებით, რომ არც მილიონი დოლარია მცირე თანხა, – მიუგო ოზალმა ქორიძეს. ერთი სიტყვით, მხარეებმა 2 მაისს, საღამოს 6 საათზე დათქვეს ერთმანეთთან შეხვედრა, რომელიც მოსკოვის შემოგარენში ლუბერცის დასახლებაში მდებარე მიგდებული ავტოპროფილაქტიკაში უნდა შემდგარიყო. პირობის თანახმად, ჩემოდნის ნამდვილობა შემოწმდებოდა და დადასტურების შემთხვევაში, ზუსტად შუაღამეს ოზალი მილიონს „ქეშად“ მიუტანდა ქორიძეს იმ ადგილზე, რომელსაც მას თავადვე შეატყობინებდა. მხარეები ამ პირობით დაშორდნენ ერთმანეთს და ქართველი კაპიტანი მოსკოვში დაბრუნდა...

„კუკლა“

როგორც პოლკოვნიკმა სტახანოვმა ქორიძეს განუმარტა, ოზალის მოსკოვში ჩამოტყუების შემდეგ მას (ოზალ-ბეის – იგივე „ოზალი) ატომურქობინიანი ჩემოდნის „მულაჟს“ უჩვენებდნენ. მასში ძალიან მცირე დოზით იქნებოდა რადიოაქტიური ნივთიერება ცეზიუმი. შემდგომ კი მას და მის „პაძელნიკებს“ „კაგებე“ დააკავებდა. მილიონი დოლარის კონფისკაცია მოხდებოდა. ტერორისტული აქტი კი ჩაიშლებოდა. და, მართლაც, ქორიძემ ოზალსა და მის „პაძელნიკს“ 2 მაისს „მულაჟი“ უჩვენა. ისინი დარწმუნდნენ, რომ ჩემოდანი მილიონი დოლარი ღირდა და 6 საათის შემდეგ ოზალმა ქორიძე მეტროსადგურ „ოქტიაბრსკაიასთან“ დაიბარა, ჩემოდნის მოტანა სთხოვა და ფულის გადაცემას შეჰპირდა. დათქმულ დროს ოზალ-ბეიმ „მულაჟი“ მიიღო და ქორიძეს შავი ფერის დიპლომატით მილიონი ამერიკული დოლარი გადასცა. ქართველი კაპიტანი „ლუბიანკასკენ“ უნდა წასულიყო და თანხა სტახანოვისთვის მიეტანა. სპეცჯგუფს კი ოზალ-ბეი და მისი „პაძელნიკი“ უნდა დაეკავებინათ „მულაჟით“ ხელში. ეს ყველფერი კი ასე განვითარდა – 1991 წლის 3 მაისს, ღამის პირველ საათზე ოზალ-ბეი და მისი მეწყვილე, ორახ კარმენასი „მულაჟიანად“ ტაქსის გაჩერებაზე აიყვანეს. მეორე სპეცჯგუფმა კი პოლკოვნიკი სტახანოვი მას მერე დააპატიმრა, რაც ქორიძეს ერთი საათი ელოდნენ და ის არ გამოჩნდა. საქმე ის იყო, რომ სტახანოვს შიდა უსაფრთხოების სამსახური „ხვოსტავდა“ და უსმენდა იმის გამო, რომ „კაგებეს“ პოლკოვნიკი სამსახურებრივი მდგომარეობის პირადი ინტერესებისთვის გამოყენებაში იყო შემჩნეული. ამგვარად, ამ სქემას მხოლოდ მილიონი დოლარით გამქრალი ქორიძე აკლდა. მასზე ტოტალური ძებნა გამოცხადდა, მაგრამ ვერსად იპოვეს. ამ ოპერაციის შედეგად დაპატიმრებულ იქნა „კაგებეს“ გენერალი იური შეინიც. ის სტახანოვთან ერთად აპირებდა მილიონის დაუფლებას. ქორიძე კი უნდა მოეკლათ და ამაზე ჯაჭვი გაეწყვიტათ. მაგრამ თავის უფროსებს ქორიძემ თავად გაუკეთა „კუკლა“ და გაუჩინარდა.

კაპიტანი ქორიძე 2009 წელს გარდაიცვალა იაპონიის ქალაქ საპოროში, სადაც მან საბჭოეთიდან გაუჩინარების მერე დაიდო ბინა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №48

25 ნოემბერი – 2 დეკემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა