კრიმინალური ისტორიები

რისთვის მიანიჭეს გმირის წოდება ქართველ ქალს საიდუმლოდ

№41

ავტორი: ნიკა ლაშაური 18:00 17.10

როგორ გაშიფრეს მკვლელი -
tbiliselebi.ge
დაკოპირებულია

ზოგიერთი მთავარი გმირის ვინაობა შეცვლილია და მათი ვინმესთან მსგავსება შემთხვევითია, რისთვისაც ბოდიშს გიხდით.

ძარცვა

32 წლის ოლღა კვანტალიანი თბილისის ერთ-ერთი საიდუმლო სეიფის მმართველი იყო, სადაც მნიშვნელოვანი სიმდიდრე იყო შენახული. ორ ქმარს გაცილებულმა, უშვილო ქალმა მისდამი რწმუნებული სეიფიდან 20 ცალი 5-კილოგრამიანი, 999 სინჯის ბაჯაღლო ოქროს ზოდები გაიტაცა და მიიმალა. ძარცვის ფაქტი არასაუწყებო დაცვის თანამშრომლებმა აღმოაჩინეს, რომლებიც ამ სეიფის დაცვაზე იყვნენ მიმაგრებული. შემდგომ ის მილიციამ შეისწავლა, ბოლოს კი ეს საქმე „კაგებეს“ გადაეცა და ოლღა კვანტალიანზე ტოტალური ძებნა გამოხადდა. 32 წლის ქალს მთელი საბჭოთა კავშირის მასშტაბით ეძებდნენ, მაგრამ არავის მოსვლია აზრად, რომ 100 კილოგრამი ბაჯაღლო ოქროს გამტაცებელი ქალბატონი ბათუმში იმყოფებოდა. ნაძარცვი თან ჰქონდა და ქვეყნიდან გასასვლელად ემზადებოდა. ოლღა კვანტალიანი 39 წლის ოლეგ ვოლკოვთან აფარებდა თავს. ის სასაზღვრო ჯარების პოდპოლკოვნიკი იყო და ბათუმში მსახურობდა. კვანტალიანი მისი საყვარელი იყო და ქართველმა ქალმა ვოლკოვი თავიდანვე „დააზაგაჟნიკა“ და თავისი ოპერაციის ერთ-ერთ ფიგურად გადააქცია. ოლღას ოქროს ზოდების გატაცების ოპერაცია დეტალურად ჰქონდა დაგეგმილი და ვოლკოვი მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის სჭირდებოდა, რომ მისი მეშვეობით ნაძარცვი ოქრო ქვეყნიდან გაეტანა.

გაქცევა

დეკემბრის ერთ თოვლიან ღამეს ოლღა კვანტალიანმა და ოლეგ ვოლკოვმა კატერით ბათუმიდან თურქეთში გაქცევა მოახერხეს, წაიღეს 100 კილოგრამი ოქრო და თან წაიყვანეს გაკოჭილი პოლკოვნიკი ივანე პორფიონოვი, რომელიც საიდუმლო განყოფილების უფროსი იყო და მნიშვნელოვან საიდუმლო სამხედრო ინფორმაციებს ფლობდა. ამ გაქცევის შესახებ საბჭოთა მხარემ მხოლოდ 16 საათის შემდეგ შეიტყო. საქმე ის იყო, რომ ვოლკოვი საბრძოლო მორიგეობაზე იმყოფებოდა და როდესაც ის მიწერის ადგილზე არ დაბრუნდა, მხოლოდ ამის მერე დაიწყეს მისი ძებნა. ვოლკოვის გაქცევა უპრეცედენტო შემთხვევა იყო საბჭოთა კავშირის ისტორიაში. ქვეყნის ხელმძღვანელები – ცეკას პირველი მდივანი ლეონიდ ბრეჟნევი და „კაგებეს“ თავმჯდომარე იური ანდროპოვი – გაცოფებული იყვნენ. მათ ხელქვეითებს ამ საქმის ყველა დეტალის სასწრაფოდ დადგენა და გაქცეულების უკან დაბრუნება დაავალეს. თავდაპირველად არც კი იცოდნენ, რომ ვოლკოვთან ერთად ოლღა კვანტალიანიც იყო გაქცეული, თან 100 კილოგრამი ბაჯაღლო ოქროთი. თუმცა, როდესაც ეს გახდა ცნოილი, საბჭოთა მხარე ათმაგად გაცოფდა და გაქცეულების უკან დაბრუნებას მოითხოვდნენ. თუმცა, თურქულმა მხარემ, რომელიც იმ პერიოდში საბჭოთა კავშირთან უკიდურეს დაპირისპირებაში იმყოფებოდა, კატეგორიული უარი განაცხადა ამ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე და გაქცეულები შეიფარეს.

„კაგებეს“ სპეცოპერაცია

მოგვიანებით, როგორც „კაგებეს“ განსაიდუმლოებული არქივიდან გახდა ცნობილი, გაცოფებული ბრეჟნევი ანდროპოვისგან სასწრაფო და ეფექტურ რეაგირებას მოითხოვდა. საბჭოთა კავშირის „ცეკას“ პირველ მდივანს „კაგებეს“ შეფისთვის უთქვამს: ან ათმაგად დასჯი მოღალატეებსა და თურქებს, ან თანამდებობას დატოვებო. მიუხედავად იმისა, რომ ლეონიდ ბრეჟნევი, ერთი შეხედვით, რბილი კაცი იყო, მას უმკაცრესი სასჯელის გამოყენება შეეძლო ქვეყნის პრესტიჟის შემლახველებისთვის და სწორედ ასეთი მომენტი იყო იმ გაქცევასთან დაკავშირებით. ამიტომ, ანდროპოვმა საიდუმლო თათბირი მოიწვია და ბრეჟნევის მოთხოვნის შესახებ დაიწყო მსჯელობა. ეს შეკრება მთელი ღამე გაგრძელდა და გადაწყდა, რომ ჩაეტარებინათ ისეთი სპეცოპერაცია, რომელიც ეფექტური იქნებოდა, აბსოლუტურ შედეგს მოიტანდა და ბრეჟნევის მოთხოვნას სრულად დააკმაყოფილებდა. თათბირიდან 4 საათის შემდეგ საბჭოთა კავშირის უშიშროების კომიტეტის სპეციალურმა ოპერატიულმა ჯგუფებმა თურქეთში, საფრანგეთსა და გერმანიაში შესაბამისად, გაიტაცეს თურქეთის მოქალაქეები: თურქეთში – მუნიციპალური ხელმძღვანელი 5 ადამიანი, პარიზში – ხელოვნების 6 მუშაკი და გერმანიაში მყოფი ცნობილი საფეხბურთო გუნდის მთელი შემადგენლობა. მთელი ეს „ნადავლი“ „კაგებეშნიკებმა“ მოსკოვში ჩაიყვანეს. ყველანი კინოკამერაზე (იმ პერიოდში ვიდეო არ არსებობდა) გადაიღეს და თურქეთის ხელისუფლებას გაუგზავნეს. საბჭოთა მხარე მოითხოვდა, გაქცეული საბჭოელების დაბრუნებასა და გატაცებული 100 კილოგრამი ოქროს გარდა, კომპენსაციის სახით; კიდევ 100 კილოგრამი ოქროს დაბრუნებას.

განაჩენი

მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად თურქეთი, ვითომდა, სიმტკიცეს იჩენდა, საბჭოთა „კაგებეს“ მოთხოვნაზე თანხმობა განაცხადა. საბჭოთა მხარეს მალევე დაუბრუნეს კვანტალიანი, ვოლკოვი, პოლკოვნიკი პორფიონოვი, 300 კილო ბაჯაღლო ოქროც გადასცეს და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღეს მძევლები უკან.

კვანტალიანი და ვოლკოვი სამხედრო საველე სასამართლომ გაასამართლა. მათ სასჯელად სიკვდილი მიუსაჯეს. ხოლო პარფიონოვს კი, უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის გადაწყვეტილებით, საბჭოთა კავშირის გმირის წოდება მიანიჭეს და გენერლის რიგგარეშე ჩინიც უბოძეს.

სინამდვილეში კი მთელი ეს სპექტაკლი „კაგებეს“ მიერ დაგეგმილი სპეცოპერაცია იყო და დეზინფორმაციას ემსახურებოდა. საქმე ის იყო, რომ პორფიონოვმა თურქებს (იგივე ამერიკის შეერთებულ შტატებს) მიაწოდა დეზინფორმაცია საბჭოთა კოსმოსური პროექტისა და სტრატეგიული ბირთვული პროგრამის შესახებ, რომელიც სინამდვილეში არ არსებობდა. ამიტომ თუკი პარფიონოვს ლეგალურად მიანიჭა გმირის წოდება, კვანტალიანსა და ვოლკოვს ეს წოდება საიდუმლოდ მიენიჭათ და აგრეთვე, ორი რიგგარეშე სამხედრო ჩინიც.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №46

11–17 ნოემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა