კრიმინალური ისტორიები

რის გამო მიუსაჯა სასამართლომ გრძელვადიანი პატიმრობა ორ ობოლ თბილისელ ძმას

№49

ავტორი: ნიკა ლაშაური 19:17 10.12, 2020 წელი

როგორ გაშიფრეს მკვლელი -
tbiliselebi.ge
დაკოპირებულია

მთავარი გმირის ვინაობა შეცვლილია და მისი ვინმესთან მსგავსება შემთხვევითია, რისთვისაც „თბილისელების“ რედაქცია ბოდიშს გიხდით.

მკვლელობა ატენის ქუჩაზე

მილიციის კაპიტანი, 30 წლის ირაკლი კიღურაძე ვაკეში, ატენის ქუჩაზე, „აისორების დირკაში“ (ადგილი, სადაც ასირიელი ეროვნების გადამყიდველები ცხოვრობდნენ) ამერიკელ „მარლბოროს“ ყიდულობდა, რომელიც 7 მანეთი ღირდა.

1978 წლის 30 ივლისი იდგა და ძალიან ცხელოდა. კაპიტანი კიღურაძე თბილისის მილიციის სამმართველოს უფროსი ოპერთანამშრომელი იყო და თავის უმცროს კოლეგასთან, 23 წლის იაგო ნათაძესთან ერთად ქალაქში მორიგეობდა. მათი მორიგეობის არეალი ვაკე იყო. დილის 11 საათი სრულდებოდა და სამუშაო დღის დამთავრებამდე კიდევ მთელი 12 საათი რჩებოდა. ახალგაზრდა ნათაძე კიღურაძეს  „ჟიგულში“  ელოდა, რომელიც კაპიტანს ეკუთვნოდა.

კიღურაძე, ასირიელების სადარბაზოდან გამოდიოდა, როდესაც დაინახა, მის მეწყვილეს ახალგაზრდა კაცმა ორი ტყვია დაახალა. შემდეგ თეთრ „ჟიგულში“ ჩახტა, მას მეორეც მიჰყვა, ავტომობილი ადგილს მოსწყდა და დიდი სისწრაფით მოშორდა იქაურობას. დანაშაულის ადგილსა და კაპიტანს შორის მანძილი 50 მეტრი იყო.

ყოველივე ეს სულ რაღაც 2-3 წამში მოხდა და ბოროტმოქმედებმა ვერც კი შენიშნეს კიღურაძე. სამაგიეროდ, კაპიტანმა დაინახა ახალგაზრდები. ხოლო შემთხვევის ადგილზე რომ მიირბინა, 23 წლის იაგო ნათაძე უკვე მკვდარი იყო. კიღურაძემ სასწრაფო დახმარება გამოიძახა, თან ქალაქის მორიგეს დაურეკა და მომხდარის შესახებ აცნობა. უთხრა ისიც, რომ ბოროტმოქმედები თეთრი „ჟიგულით“ გაიქცნენ. თუმცა, მანქანის ნომერი არ დაუსახელებია – ვერ დავინახეო, რაც ტყუილი იყო. კიღურაძემ კი იმიტომ იცრუა, რომ მეორე გაქცეული მისი ღვიძლი ძმა, 24 წლის გურამ კიღურაძე იყო, რომელიც წესით, სოხუმში, ზღვაზე უნდა ყოფილიყო.

ტოტალური ძებნა

მილიციელის მკვლელობა გაგანია სოციალიზმის დროს, თანაც, საქართველოს 70-იანი წლების რეალობაში, განსაკუთრებულზე განსაკუთრებული შემთხვევა იყო. მთელი მილიცია ფეხზე იდგა და თეთრი ფერის „ჟიგულს“ გამალებით ეძებდნენ. ასეთი ავტომობილები კი მხოლოდ თბილისში რამდენიმე ათასი იყო.

ბალისტიკური ექსპერტიზით დადგინდა, რომ იაგო ნათაძე „მაკაროვის“ სისტემის პისტოლეტიდან მოკლეს. იარაღი კი საქართველოს მასროთეკაში რეგისტრირებული არ ყოფილა და დამნაშავეების ძებნა კიდევ უფრო გართულდა.

მთელი მილიცია ირაკლი კიღურაძის ჩვენების საფუძველზე მოქმედებდა, დანაშაულის სხვა თვითმხილველი არ არსებობდა. თავად კაპიტანი შოკში იყო და უფროსობას „გონზე მოსასვლელად“ ერთკვირიანი შვებულება სთხოვა, სინამდვილეში კი კაპიტანს თავად სურდა ამ დანაშაულის გახსნა და ფარული გამოძიების წარმოებას აპირებდა. კიღურაძეს უნდოდა, გაეგო, თუ რა დოზით იყო გარეული ამ საქმეში მისი უმცროსი ძმა. და, საერთოდ, სინამდვილეში რას საქმიანობდა გურამი.  

ძმები კიღურაძეები ჯერ კიდევ ათი წლის წინ დაობლდნენ. მათი მშობლები საავტომობილო კატასტროფაში დაიღუპნენ და ირაკლიმ მარტო გაზარდა თავისზე 6 წლით უმცროსი ძმა. გურამს პოლიტექნიკური ინსტიტუტი ჰქონდა დამთავრებული და ჩარხმშენებელ ქარხანაში უმცროს ინჟინრად მუშაობდა. დანაშაულამდე ერთი კვირით ადრე კი თავის საცოლესთან, ვერიკო ლაბაძესთან ერთად სოხუმში გაემგზავრა დასასვენებლად.

ირაკლიმ იმავე საღამოს დაურეკა ძმას სოხუმში. მას ვერიკომ უპასუხა:
– გურო გუშინ სოჩაში გაემგზავრა საყიდლებზე და ან ამ საღამოს ჩამოვა, ან ხვალ დილით. რა მოხდა, ირაკლი, ხომ მშვიდობაა?
– კი. მშვიდობა. უბრალოდ, მოგიკითხეთ. რომ დაბრუნდება, დამირეკოს, – თქვა ირაკლიმ და ტელეფონი გათიშა.
გურამმა ძმას შუაღამეზე დაურეკა და ჰკითხა:
– მოხდა რამე? რატომ დარეკე?

– რა, არ მოგიკითხო? არ გრცხვენია, ბიჭო, რომ საცოლე მარტო დატოვე? – თქვა ირაკლიმ და დაამატა, როდის ჩამოდიხარ?
– ალბათ, ერთ კვირაში, – თქვა გურამმა და ცოტა ხნის მერე საუბარი დასრულდა.
მილიციის სამძებრო ღონისძიებებს არანაირი შედეგი არ მოჰქონდა. ირაკლი კიღურაძემ კი ფარული გამოძიება დაიწყო. მას სურდა, რომ ყველაფერი გურამის დაბრუნებამდე გაერკვია.

სისხლიანი გამოძიება

კაპიტანმა კიღურაძემ დაადგინა, რომ თეთრი ფერის „ჟიგული“ 29 წლის ივანე კოჩიევს ეკუთვნოდა. კოჩიევი გურამის კოლეგა იყო და ჩარხმშენებელ ქარხანაში ინჟინრად მუშაობდა. კაპიტანმა კოჩიევი მისსავე სახლთან, გლდანში მოიხელთა. ხელბორკილი დაადო, ჩააგდო მანქანაში და „მეტროსტროიში“, ერთ-ერთ მიტოვებულ ავტოფარეხში მიიყვანა, ჯაჭვებზე ფეხებით დაჰკიდა და საკმაოდ ხანგრძლივი წამების შემდეგ გამოტეხა.

„ატენის ქუჩაზე ვიყავით მე, მძღოლი, გურამ კიღურაძე და ავთო მაისაშვილი. იქ ერთი წამლის ბარიგა, ვინმე არსენ ოსმანოვი ცხოვრობს და სწორედ ის გავძარცვეთ. გურამმა და ავთომ მას 20 ათასი მანეთი წაართვეს. ოსმანოვს მილიციისთვის არ მიუმართავს. როდესაც ბიჭები ოსმანოვის ბინიდან გამოვიდნენ, მათ მილიციის ოპერმა საბუთები მოსთხოვა და ავთომ მას ორჯერ ესროლა. შემდეგ კი გავიქეცით...“ – მოკლედ მოუყვა კოჩიევმა. კაპიტანმა კი ის ერთი გასროლით მოკლა და მიტოვებულ გარაჟში ჩააბეტონა. შემდგომ კი ავთო მაისაშვილის მოსახელთებლად გაემართა, თუმცა ის მის ძმასთან, გურამთან ერთად აღმოჩნდა სოხუმში.

ირაკლი კიღურაძემ მაისაშვილის მოშორება სამომავლოდ გადადო და ოსმანოვის მოსაკლავად გაემართა, რადგან ივარაუდა, რომ ის მძარცველებს იცნობდა, მათ მიერ ჩადენილი მკვლელობის ამბავიც ეცოდინებოდა და დიდი შანსი იყო, რომ ისინი „გაეყიდა“.

კაპიტანი კიღურაძე ოსმანოვს სახლში მიადგა და ისიც ერთი გასროლით მოკლა, თუმცა, გარეთ რომ გამოვიდა, ის მისივე კოლეგებმა შეიპყრეს. საქმე ის იყო, რომ ოსმანოვს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეცჯგუფი ფარულად უთვალთვალებდა და კაპიტანიც ამიტომ აიყვანეს.

როდესაც კიღურაძე დაჰკითხეს და ყველაფერი გაირკვა, სოხუმში მისი უმცროსი ძმა და ავთო მაისაშვილიც დააპატიმრეს. ყველამ დანაშაული აღიარა და სასამართლომ გურამ კიღურაძეს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ავთო მაისაშვილი კი მილიციელის მკვლელობისთვის, თბილისის ორთაჭალის ციხეში დახვრიტეს. მილიციის კაპიტან ირაკლი კიღურაძეს ჯერ დახვრეტა შეუფარდეს, შემდეგ კი სასჯელი 15-წლიანი პატიმრობით შეუცვალეს, მიუხედავად იმისა, რომ მას ორი ადამიანი ჰყავდა მოკლული.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი