რატომ თქვა უარი თავის ტიტულზე ცნობილმა ქართველმა კანონიერმა ქურდმა
ავტორი: ნიკა ლაშაური 18:00 20.01, 2022 წელი
მთავარი გმირების ვინაობა შეცვლილია და მათი ვინმესთან მსგავსება შემთხვევითია, რისთვისაც ბოდიშს გიხდით.
„უბედურის ერთი“
სულეიმან ჰუსეინის ძე გოგიტიძე – მომავალში ცნობილი საბჭოთა კანონიერი ქურდი, მეტსახელად „მეზღვაური“, 1910 წლის 1 იანვარს ბათუმში, ქართველი მუსლიმების ოჯახში დაიბადა. სულეიმანი ფეხის ადგმისთანავე ძალიან ცელქი ბავშვი იყო. ბათუმში ჯერ კიდევ თურქები ბოგინობდნენ, როდესაც პატარა სულიკომ (ამ სახელს მას მოფერებით ეძახდნენ) პირველი დანაშაული ჩაიდინა. 10 წლის ბიჭმა თურქული ფარჩეულის მაღაზიაში მეპატრონეს აბდულ-ბეის დახლიდან 200 მანეთი მოჰპარა და გაუჩინარდა. თუმცა, პატარა ბოროტმოქმედი ახლომდებარე საშაქარლამოში ტკბილეულობის ყიდვისას დააკავეს. სულ მალე ბათუმიდან თურქები წავიდნენ და სულიკო ქართულ სკოლაში მიაბარეს. მან იქ საშუალო განათლება მიიღო და 1928 წელს თბილისის უნივერსიტეტში ჩააბარა. ფილოლოგიის ფაკულტეტის ორი კურსი წარმატებით დახურა, თუმცა 1930 წელს ქურდების ბანდაში გაწევრიანდა და პროფესიონალი ბოროტმოქმედი გახდა.
„მარიაკი“
20 წლის სულიკო გოგიტიძის „ტრიუმფალური სვლა“ თბილისში ტრიფონ ბარნოვის ბანდასთან ერთად დაიწყო და ქალაქ ოდესის ოკუპაციამდე ცოტა ხნით ადრე დასრულდა. ბარნოვი კანონიერი ქურდი იყო და „შავი სამყარო“ მას „კნიაზის“ (თავადი) მეტსახელით იცნობდა. ტრიფონს თავიდანვე თვალში მოუვიდა ბათუმელი, საზრიანი და რისკიანი ყმაწვილი და მას გვერდიდან არ იშორებდა. 1930-1941 წლებში ქურდების ბანდამ მთელი საბჭოთა კავშირი მოიარა და ერთხელაც არ ჩავარდნილა. ისინი მხოლოდ მდიდრების ბინებს ძარცვავდნენ. ფულის დიდ ნაწილს ქურდულ „ობშჩიაკში“ გზავნიდნენ, დანარჩენი თანხებით კი „გულაობდნენ“. სწორედ, ბარნოვმა შეარქვა ზღვისპირა ქალაქში დაბადებულ სულიკოს მეტსახელი „მარიაკი“ (მეზღვაური). დიდი სამამულო ომი რომ დაიწყო, ბანდა ქალაქ ოდესაში იმყოფებოდა. ფაშისტური ოკუპაციის დასაწყისშივე ბარნოვი და მისი ბიჭები ოდესელმა ბანდიტმა, ვასილი კოსტროვმა „ჩაუშვა“ „გესტაპოში“ და რვავე ქურდი დააპატიმრეს. კოსტროვი ფაშისტებს შეეკრა და „გესტაპოს“ დავალებით მათ ოდესის „შავებს“ აჭერინებდა. ფაშისტებმა „შავებს“ თანამშრომლობა შესთავაზეს. ძალიან მცირე კონტინგენტი დათანხმდა. უმეტესობამ კი უარი განაცხადა და მათი 90 პროცენტი დახვრიტეს. სულიკოს ოდესის „გესტაპოს“ ჯალათი სემიონ რუბინი უსასტიკესად აწამებდა.
ძველი ნაცნობი
ომის დასრულების შემდეგ გოგიტიძემ პროფესიული საქმიანობა განაგრძო და მიუხედავად იმისა, რომ კანონიერი ქურდი იყო, პირადად მონაწილეობდა ქურდობებში. ამის გამო ის სამჯერ დააპატიმრეს. 1969 წელს „მარიაკი“ მეოთხე „სროკზე“ წავიდა მოსკოვში ერთ-ერთი იატაკქვეშა მილიონერის სახლის გაქურდვისთვის. მას ამისთვის 7 წელი მიუსაჯეს და ციმბირის გზას გაუყენეს. 1969 წლის ნოემბერი იწურებოდა და საეტაპო ვაგონი „ზეკებით“ იყო გატენილი. როდესაც მატარებელი ჩიხში შეაყენეს და სვერდლოვსკში ახალი პატიმრების კონტინგენტი ამოიყვანეს, გოგიტიძის ყურადღება მიიპყრო ბინძურად ჩაცმულმა, წვერმოშვებულმა შუახნის მამაკაცმა, რომელსაც „ბომჟობისთვის“ 2 წელი ჰქონდა მისჯილი და ერთ-ერთ ბანაკში მიჰყავდათ. „მეზღვაური“ კარგა ხანს აკვირდებოდა „ბომჟს“, რაღაცებს იხსენებდა. ხოლო, როდესაც მატარებელი მორიგ ჩიხში შევიდა, რათა პატიმრები გადაეთვალათ, სულიკო გოგიტიძემ ეტაპის უფროსი, პოლკოვნიკი ანტონ ტიომინი მოიხმო, „ბომჟზე“ მიუთითა და უთხრა:
– ეს კაცი „გესტაპოს“ ჯალათი სემიონ რუბინია. მიუხედავად „ბომჟური ვიდისა“, მე ის ვიცანი. თუ არ გჯერათ, მაშინ მარჯვენა იღლია გაუსინჯეთ, სადაც მას პოლიცაის ¹271313 აქვს ამოტვიფრული. ასე „მეტკავდნენ“ ფაშისტები პოლიციელებს. ოდესაში რომ მაწამებდა, მაშინ მოვკარი თვალი მის იღლიას და ნომერიც დავიმახსოვრე.
გოგიტიძე მართალი იყო – „ბომჟი“ მართლაც რუბინი აღმოჩნდა. როგორც გაირკვა, მას „კაგებე“ აჯდა კუდზე და „სროკზე“ დამალვა გადაწყვიტა. ოდესის „გესტაპოს“ ჯალათი გაასამართლეს. სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს და დახვრიტეს. „მარიაკი“ კი, რუბინის დაჭერაში დახმარების გამო, ციხიდან ერთ წელიწადში გამოუშვეს. ამის შემდეგ სულიკო გოგიტიძემ ნებაყოფლობით თქვა უარი ქურდის ტიტულზე, იმის გამო, რომ მართალია, სამშობლოს მტერი, მაგრამ ადამიანი დააბეზღა. „მარიაკისთვის“ პრეტენზია არავის წაუყენებია. 1990 წელს სულეიმან გოგიტიძე ქრისტიანულად მოინათლა მოსკოვის ერთ-ერთ ტაძარში. ის 2000 წელს, 90 წლის ასაკში, გარდაიცვალა.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან