კრიმინალური ისტორიები

რატომ მოკლეს ორი თბილისელი ბინის ქურდი

№1

ავტორი: ნიკა ლაშაური 18:00 14.01, 2021 წელი

როგორ გაშიფრეს მკვლელი -
tbiliselebi.ge
დაკოპირებულია

დღევანდელ პუბლიკაციაში მოთხრობილი ისტორია გასული საუკუნის 60-იანი წლების მიწურულს მოხდა. მონაწილეთა ვინაობა შეცვლილია და მათი ვინმესთან მსგავსება შემთხვევითია, რისთვისაც ბოდიშს გიხდით.                                            

ბინის ქურდობა

ბონდო ზედგენიძე და კაკო ბარკალაია ბინის ქურდები იყვნენ და ამ საქმიანობისთვის ორ-ორჯერ ციხეშიც ისხდნენ. 1969 წლის 16 თებერვალს „დომუშნიკების“ (ბინის ქურდები) ტანდემი საქმიდან ბრუნდებოდნენ, როდესაც ისინი დიღმის მასივის მესამე კვარტალში მილიციის პატრულმა დააკავა. „პაძელნიკებს“ ორი უზარმაზარი ჩანთა ჰქონდათ და ღამის პირველ საათზე მანქანის გაჩერებას ცდილობდნენ, რომ სწორედ ამ დროს გამოიარა მილიციამ. მათ ჩანთები დაყარეს და გაიქცნენ, თუმცა მალევე დააკავეს და მძარცველებმა მანქანაშივე აღიარეს, რომ ერთ-ერთი „ხრუშჩოვკის“ მეხუთე სართულზე მდებარე ბინა გაქურდეს. მილიციამ, როგორც იმ წლებში ხდებოდა ხოლმე, ქურდები გაუშვა. ნაქურდალი კი დაიტოვეს და „დომუშნიკები“ გააფრთხილეს, რომ ენებისთვის კბილები დაეჭირათ და არავისთვის არაფერი მოეყოლათ. ქურდები რომ თვალს მიეფარნენ, მილიციის სამკაციანმა პატრულმა მანქანა მყუდრო ადგილას გააჩერა, რათა ნაქურდალი ნივთები დაეთვალიერებინათ, შეეფასებინათ და სამ ნაწილად გაეყოთ. ჩანთებში ძირითადად ტანსაცმელი, ძვირფასი დანა-ჩანგალი და ოქროს სამკაულები აღმოჩნდა. აგრეთვე, ორი ცალი ხის ყუთი, რომლებიც ისე იყო ჩკეტილი, რომ მილიციელებმა ვერ გახსნეს და გატეხეს. ყუთებში ორი ცალი პისტოლეტი აღმოჩნდა, ტყვიებით – „ტეტესა“ და „მაკაროვის“ სისტემის იარაღები. მილიციელებმა ივარაუდეს, რომ ქურდებმა არც კი იცოდნენ, თუ რა ელაგა ყუთებში და რომ ეს ნივთებიც მექანიკურად მოათავსეს ჩანთებში. ამიტომ, გადაწყვიტეს ამ საქმიდან ეხეირათ – დაზარალებული დაეშანტაჟებინათ და მისთვის ფული გამოეძალათ.

მარტოხელა ინჟინერი

მილიციის პატრულის შემადგენლობაში იყვნენ მილიციის ლეიტენანტები 27 წლის ოთარ კვიჟინაძე, 30 წლის მილიციის ლეიტენანტი პეტრე მალახოვი და 29 წლის მილიციის უფროსი ლეიტენანტი ომარ გოლიაძე. ისინი თბილისის მილიციის მთავარ სამმართველოში მუშაობდნენ. მათ ჯერ დაზარალებულის ვინაობა დაადგინეს, რომელიც 38 წლის ინჟინერი რაჟდენ დევაძე აღმოჩნდა. ის მარტო ცხოვრობდა ოროთახიან „ხრუშჩოვკაში“ და იმ ღამეს ქარხანაში მორიგეობდა. დევაძე თბილისის ¹31 საავიაციო ქარხნის თანამშრომელი იყო და რადგან ეს საწარმო საიდუმლო ობიექტს წარმოადგენდა, მილიციელებმა დაზარალებულზე მეტი ვერაფერი შეიტყვეს. თუმცა, შანტაჟისთვის საკმარისი ესეც იყო და 18 თებერვალს, ანუ ქურდობიდან ორი დღის შემდეგ, დევაძეს ბინაში ეწვივნენ და გოლიაძემ მას უთხრა:
– ბინა რომ გაგიქურდეს, რატომ მილიციაში არ განაცხადე?
– თქვენ ვინ ბრძანდებით? – კითხვა შეუბრუნა ბინის პატრონმა დაუპატიჟებელ სტუმრებს.
– მილიციელები, – მიუგო უფროსმა ლეიტენანტმა.
– მერე და ჩემგან რას ითხოვთ? – თქვა დევაძემ.
გოლიაძემ მას პისტოლეტები უჩვენა და უთხრა:
– შენია ეს რკინები?
– დავუშვათ, ჩემია, – მიუგო დევაძემ.
– ჰოდა, თუ დიდი „სროკი“ არ გინდა, აიკიდო, მაშინ ხუთი ათასი მანეთი გადაგვიხადე და არსად ვიტყვით. თუ არა და კარგად იცი, რა გელოდება, – უთხრა გოლიაძემ დევაძეს.
– მაშანტაჟებთ? – გაეცინა დევაძეს.
– არა. უბრალოდ, შენ გადარჩენას ვცდილობთ, – ირონიით უთხრა მილიციელმა.
– ფული მხოლოდ ერთ თვეში მექნება, – თქვა დევაძემ. გოლიაძემ კი შეუღრინა:
– მაქსიმუმ, სამ დღეში! არა და შენს თავს დააბრალე. ჩვენთან ტყუილი და ურჩობა არ გაგივა.
– სამ დღეში მხოლოდ ათას ხუთასი მექნება და გაწყობთ? – იკითხა დევაძემ.
– კარგი. ნაწილი სამ დღეში მოგვეცი, დანარჩენი სამი ათას ხუთასი კი – ერთ კვირაში, – თქვა გოლიაძემ. დევაძემ კი უთხრა:
– დანარჩენი – თვის ბოლოს. გაწყობთ – გაწყობთ. არადა გამაფორმეთ და გამსროკეთ.
მილიციელები დევაძეს დაეთანხმნენ, მაგრამ გოლიაძემ მკაცრად გააფრთხილა:
– იცოდე, მიმალვა და ჩვენი გადაგდება არ გაბედო, თორემ მიწიდან ამოგიღებთ.
– არა, რას ამბობთ? გიჟი კი არ ვარ, – მიუგო დევაძემ შანტაჟისტ მილიციელებს და ბინიდან გაისტუმრა.

სრულ იზოლაციაში

1969 წლის 19 თებერვალს „დომუშნიკები“ – ბონდო ზედგენიძე და კაკო ბარკალაია, ზედგენიძის ბინაში მოკლულები იპოვეს. მათ სხეულებზე მრავალჯერადი ნაკვეთ-ნაჩვხლეტი ჭრილობები აღმოაჩნდათ, იქვე კი ორი უზარმაზარი ხანჯალი ეგდო. მაგიდაზე არყის ცარიელი და სავსე ბოთლები ელაგა. მოკვლევის მასალებში ეწერა, რომ მათ ორგანიზმში დიდი დოზით ალკოჰოლი აღმოჩნდა და სავარაუდოდ, „პაძელნიკებმა“ სიმთვრალის ნიადაგზე ერთმანეთი ხანჯლებით დახოცეს... თუმცა არცერთ მეზობელს ხმაური არ გაუგონია, მაგრამ ამ ფაქტზე ყურადღება არავის გაუმახვილებია. ერთი დღით ადრე კი, ანუ, სულ რაღაც, 2 საათის შემდეგ, რაც შანტაჟისტი მილიციელები დევაძის ბინიდან დავიდნენ, ღამის 2 საათზე, იმ დროს, როდესაც ისინი ღამის პატრულირებას ახორციელებდნენ დიდუბეში, გამოფენის მიმდებარე ტერიტორიაზე სამივე ვიღაც სამმა ათლეტმა დააკავა. მანქანაში მსხდომ მილიციელებს ნაცრისფერი „პობედა“ მიუახლოვდა. აქედან ნიღბიანი ათლეტები გადახტნენ და მილიციელებს ავტომატური პისტოლეტები მიუშვირეს. შემდეგ აეროზოლი ასხურეს. იქვე მიაძინეს და როცა თვალები გაახილეს, სამივე უფანჯრებო ოთახში იყვნენ და მათ უკვე უნიღბო ათლეტმა უთხრა:
– თუ სიცოცხლე გინდათ, რასაც გეტყვით, იმას გააკეთებთ. არა და აქვე დაგხოცავთ. – პოლიციელებმა უნიღბო ათლეტს თანხმობა განუცხადეს.
ორი კვირის შემდეგ მილიციის სამივე თანაშმრომელი დახურულ სასამართლოზე წარსდგნენ, რომელსაც მათი მხრიდან მხოლოდ მათი მშობლები ესწრებოდნენ. სამივემ აღიარა, რომ ჯაშუშურ საქმიანობას ეწეოდნენ და მტერს სამსახურებრივ საიდუმლოებებს აწვდიდნენ. ამიტომ მათ 15-15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს და მკაცრი რეჟიმის ციხეში გაამწესეს, პაემნის უფლების გარეშე.
საქმე ის იყო, რომ სინამდვილეში, ინჟინერი დევაძე „კაგებეს“ არალეგალი თანამშრომელი იყო და ლიკვიდაციებზე მუშაობდა. ამ ისტორიის გამჟღავნება კი საბჭოთა უშიშროებას ხელს არ აძლევდა. ქურდები დახოცეს, მილიციელები კი სრულ იზოლაციაში მოათავსეს, საიდანაც ისინი 18 წლის შემდეგ (მათ კიდევ 3-3 წელი დაუმატეს) 1987 წელს „პერესტროიკის“ დროს გამოუშვეს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი