კრიმინალური ისტორიები

რატომ მოიკლა თავი ტაბელური პისტოლეტით „კაგებეს“ პოლკოვნიკმა

№11

ავტორი: ნიკა ლაშაური 18:00 27.03

როგორ გაშიფრეს მკვლელი -
tbiliselebi.ge
დაკოპირებულია

ზოგიერთი მთავარი გმირის ვინაობა შეცვლილია და მათი ვინმესთან მსგავსება შემთხვევითია, რისთვისაც ბოდიშს გიხდით.

შეტყობინება „ლენგლიდან“

გასული საუკუნის 70-იანი წლების შუა პერიოდში „ლენგლიდან“ („ცეერუს“ შტაბ-ბინა) „ლუბიანკაზე“ („კაგებეს“ შტაბ-ბინა) აგენტ „ომეგასგან“ შეტყობინება მოვიდა, რომ თბილისის საავიაციო ქარხნიდან თვითმფრინავ „სუ-ს“ უახლესი მოდელის ნახაზები იგზავნებოდა. ეგრეთ წოდებული, 31-ე საავიაციო ქარხანა სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის უმკაცრეს კონტროლზე იყო აყვანილი და რომ იტყვიან, გაუკონტროლებლად იქ ბუზიც კი ვერ შეფრინდებოდა. ხოლო ქარხნიდან ერთი ქანჩის გამოტანაც კი შეუძლებელი იყო. საიდუმლო დოკუმენტაციის გამოტანა კი ფანტასტიკის სფეროს განეკუთვნებოდა. საამქრო, სადაც უახლესი მოდელის თვითმფრინავებს აწყობდნენ, საიმედოდ იყო იზოლირებული უცხო თვალისგან. ეს საამქრო მიწისქვეშა ბუნკერში მდებარეობდა და ყველა იქ შემსვლელ-გამომსვლელი უმკაცრესად კონტროლდლებოდა. თითოეული მათგანი რენტგენით შუქდებოდა, ყველასა და ყველაფერს იმ პერიოდის უახლესი ტექნიკა აკონტროლებდა. ასეთივე რეჟიმი მოქმედებდა საკონსტრუქტორო ბიუროშიც. ისიც განსაკუთრებულად იყო კომუფლირებული. აქედან გამომდინარე, „ლუბიანკაზე“ ეს ინფორმაცია მცდარად მიიჩნიეს და „ომეგას“ სთხოვეს, რომ ამ ინფორმაციის დამადასტურებელი საბუთი წარმოედგინა, თუკი ეს შესაძლებელი იყო. პარალელურად კი, საავიაციო ქარხანაში ორი სპეცაგენტი ჩანერგეს და მათი ვინაობა მხოლოდ მოსკოველმა კურატორმა იცოდა. სხვებისთვის კი ისინი ქარხნის ჩვეულებრივი თანამშრომლები იყვნენ. აგენტ „ომეგას“ სამი კვირა დასჭირდა „ლუბიანკიდან“ მიღებული დავალების შესასრულებლად. 22-ე დღეს კი „ომეგამ“ მოსკოვში ნახაზები და ორი ფოტოსურათი გაგზავნა. ნახაზებზე იმ პერიოდისთვის უახლესი თვითმფრინავის, „სუ 25-ის“ მახასიათებლები და სამგანზომილებიანი ნახაზი იყო გამოსახული. ფოტოებზე კი იმავე თვითმფრინავის მაკეტი იყო გადაღებული, როგორც მარჯვნიდან, ასევე მარცხნიდან. ამ მყარმა მტკიცებულებამ „ლუბიანკის“ მესვეურებს ეჭვიც აღარ დაუტოვეს. აშკარა იყო, რომ თბილისის საიდუმლო-საავიაციო ქარხანაში შეერთებული შტატების ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ჯაშუში მოქმედებდა. როდესაც ეს ცნობა იური ანდროპოვს მიაწოდეს, საბჭოთა „კაგებეს“ შეფმა კონტრდაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელს ორი კვირის ვადა მისცა ჯაშუშის გამოსავლენად და დასაპატიმრებლად.

„თხუნელა“

თბილისის საავიაციო ქარხანაში „კაგებეს“ წარმომადგენელი ჯემალ გეგეშიძე იყო. ეს 52 წლის კაცი უშიშროების პოლკოვნიკის წოდებას ატარებდა და უმწიკვლო რეპუტაციით სარგებლობდა. გეგეშიძეს კარგად იცნობდნენ „ლუბიანკაზე“ და სრულიად ენდობოდნენ მას. 31-ე ქარხანაში „თხუნელას“ არსებობის ამბავი, რა თქმა უნდა, პირველად მას შეატყობინეს და დაავალეს, რომ ქარხანაში უსაფრთხოების ზომები გაეძლიერებინა და ცენტრისთვის იმ პირთა სია მიეწოდებინა, ვისაც წვდომა ჰქონდა როგორც საიდუმლო საკონსტრუქტორო ბიუროსთან, ასევე თვითმფრინავების ამწყობ საამქროსთან. ნდობის მიუხედავად, ოპერაციის საჭიროებიდან გამომდინარე, პოლკოვნიმკს არ შეატყობინეს, რომ ჯაშუშის აღმოსაჩენად ქარხანაში ორი კონტრმზვერავი იყო ჩანერგილი. ჯემალ გეგეშიძემ „ლუბიანკაზე“ თოთხმეტკაციანი სია გაგზავნა, ვისაც წვდომა ჰქონდათ ორივე ობიექტთან. ამ სიაში პირველი თავად ჯემალ გეგეშიძე ფიგურირებდა. მეთოთხმეტე ნომრად კი – ანიტა კაჭკაჭიშვილი. 27 წლის ანიტა ჯემალ გეგეშიძის დისშვილი იყო და საქართვლეოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი ჰქონდა დამთავრებული ავტოინჟინრის სპეციალობით, რაც ქალისთვის იშვიათი პროფესია იყო. ანიტა კონტროლიორთა ჯგუფის წევრი იყო და მის მოვალეობაში შედიოდა საიდუმლო ობიექტების სეიფებისა და კარებისთვის პლომბების დამზადება და წუთობრივი საბუთების გაფორმება. ანიტას ქარხანაში მიღებისას ჯემალმა დამალა, რომ ანიტა მისი ახლო ნათესავი იყო. არსებული წესების მიხედვით, საიდუმლო საწარმოში ნათესავების ერთად მუშაობა იკრძალებოდა. ჯემალის და, ანუ ანიტას დედა მძიმე ავადმყოფი, ლოგინად ჩავარდნილი იყო და მისი მოვლა-პატრონობა მნიშვნელოვან თანხებს მიოითხოვდა. ჯემალი ყოველმხრივ ეხმარებოდა დას. ანიტა კი იმიტომ მოაწყო სამსახურში, რომ იქ დიდი ხელფასები იყო და გოგონა შეძლებდა, ავადმყოფი დედისთვისაც ეპატრონა და თავადაც ნორმალურად ეცხოვრა. ანდროპოვის მიერ დაწესებული ვადიდან ორ კვირაში საავიაციო ქარხანაში ჩანერგილმა კონტრმზვერავებმა „თხუნელა“ აღმოაჩინეს და ის ანიტა აღმოჩნდა. გოგონას გაშიფვრა ძალიან მარტივად, ფარულად დამონტაჟებული ფარული კინოკამერების საშუალებით გახდა შესაძლებელი. კადრებზე ნათლად ჩანდა, თუ როგორ უღებდა ფოტოებს გოგონა საიდუმლო საბუთებს და თვითმფრინავის მაკეტს. გოგონა დააპატიმრეს. პოლკოვნიკმა ჯემალ გეგეშიძემ კი ტაბელური პისტოლეტით საკუთარ კაბინეტში მოიკლა თავი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №11

17-23 მარტი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა