კრიმინალური ისტორიები

რატომ მიუსაჯეს 12-წლიანი პატიმრობა ქუთაისელ ომის ინვალიდს

№6

ავტორი: ნიკა ლაშაური 18:00 16.02, 2023 წელი

როგორ გაშიფრეს მკვლელი -
tbiliselebi.ge
დაკოპირებულია

ზოგიერთი მთავარი გმირის ვინაობა შეცვლილია და მათი ვინმესთან მსგავსება შემთხვევითია, რისთვისაც ბოდიშს გიხდით.

ემიგრანტი ყაჩაღი

30 წლის მიშა შანშიაშვილი 1972 წლის მაისში ისრაელში გაემგზავრა. იმ პერიოდში ლეონიდ ბრეჟნევმა ებრაელებს ისტორიულ სამშობლოში გამგზავრების ნებართვა მისცა, რამაც მასობრივ ემიგრაციას დაუდო სათავე და მიშაც ამ ნაკადში მოჰყვა. ისრაელში მიშა სულ რაღაც 2 თვე გაჩერდა. შემდეგ კი ჰოლანდიისკენ აიღო გეზი და ამსტერდამში ჩავიდა. საქმე კი ის იყო, რომ შანშიაშვილს ბრილიანტების კოლიეს გაყიდვა უნდოდა, რომელიც თბილისიდან ფარულად წაიღო და საბაჟოს ავლა ოსტატურად მოახერხა. ისრაელიდან ჰოლანდიაში კი ძვირფასი ნივთის ჩატანა არ გასჭირვებია. ამსტერდამში მსოფლიოში საუკეთესო იუველირები მუშაობდნენ და ძვირფას ნივთებში კარგადაც იხდიდნენ. მიშა შანშიაშვილს კი ეს კოლიე კრიმინალური გზით ჰქონდა მოპოვებული. მიშა ყაჩაღი იყო და ისრაელში გამგზავრებამდე ოთხი თვით ადრე ქუთაისში, ბონდო ბენიძეს იარაღით დაადგა თავზე და აიძულა, რომ ძვირფასი კოლიე გამოეტანა და მისთვის მიეცა. ყაჩაღს იმედი ჰქონდა, რომ კოლიეს გაყიდვით მიღებულ ფულს სარფიანად დააბანდებდა.

კატალოგის ნივთი

ამსტერდამში ჩასულმა მიშა შანშიაშვილმა ძვირფასი საიუველირო ნივთების შემსყიდველ მაღაზიას მიაკითხა. კოლიე წარადგინა და მენეჯერს მისი შეფასება სთხოვა. მიშა „დამტვრეული“ ინგლისურით მეტყველებდა, მაგრამ მენეჯერმა ყველაფერი გაიგო.

– ბატონო, შემფასებელი თხუთმეტიოდე წუთში მოვა. თქვენ კი ყავა მიირთვით და თუ გნებავთ, სიგარაც, – უთხრა მენეჯერმა მიშას და სიგარების ყუთი გახსნა. მიმტანმა კი ცხელი ყავით სავსე ჭიქა დაუდო წინ.

ათიოდე წუთის მერე კი მაღაზიაში პოლიციის დეტექტივი და პატრული მივიდა. მათ შანშიაშვილი დააკავეს. უახლოესი პოლიციის განყოფილებაში მიიყვანეს და ამცნეს, რომ სულ მალე მას „ინტერპოლის“ თანამშრომელი გაესაუბრებოდა.

„ინტერპოლის“ თანამშრომელი პოლიციაში მელევე მივიდა და დაკავებულს უთხრა, რომ წარმოდგენილი კოლიე დაკარგული ნივთების სიაში ფიგურირებდა და მას 27 წელია, რაც ეძებდნენ. როგორც გაირკვა, ეს კოლიე და კიდევ 16 ძვირფასი ნივთი 1945 წელს დრეზდენის მუზეუმის სეიფიდან იყო გატაცებული და ეს ნივთები გერმანიის იმპერატორთა ცნობილი კოლექციის ნაწილს წარმოადგენდა.

შეთანხმება

მუზეუმის სეიფიდან გამქრალი 17 ნივთის საერთო ღირებულება 8 მილიონი ამერიკული დოლარი იყო, რაც 1972 წლისთვის კოლოსალურ თანხას წარმოადგენდა. „ინტერპოლის“ დეტექტივები ცდილობდნენ ინფორმაციის მიღებას, თუ საიდან მოიპოვა შანშიაშვილმა ეს კოლიე და სად იმყოფებოდა სხვა ნივთებიც. მიუხედავად იმისა, რომ მიშამ დანარჩენი ნივთების თაობაზე არაფერი უწყოდა, მიხვდა, რომ საქმე სერიოზული იყო და ცდილობდა, მაქსიმალური სარგებელი მიეღო. „ინტერპოლს“ შანშიაშვილმა ინფორმაციის მიწოდების სანაცვლოდ გათავისუფლება შესთავაზა. „ინტერპოლი“ გარიგებაზე წავიდა და შესაბამის შეთანხმებასაც მიაღწიეს, რაც ნოტარიულად გაფორმდა. ამის შემდეგ კი შანშიაშვილმა კამერების წინ მოყვა, თუ სად როდის და როგორ მოიპოვა ძებნილი კოლიე. ფირი „ინტერპოლმა“ შეინახა. მიხეილ შანშიაშვილი კი გაათავისუფლეს და ისრაელში გაადეპორტეს. მას ჰოლანდიაში ჩასვლა 5 წლით აუკრძალეს და 1977 წლამდე ტიტების ქვეყანაში ფეხს ვერ ჩაადგამდა. ისრაელში დაბრუნებული ემიგრანტი ადგილობრივმა პოლიციამ აღრიცხვაზე აიყვანა.

იმპერატორების კოლექცია

მიღებული წესის თანახმად, „ინტერპოლს“ საბჭოთა მთავრობისთვის უნდა მიემართა. მისთვის მასალები გადაეცა და დანარჩენი ნივთების მოძიებაში დახმარება ეთხოვა, მაგრამ „ინტერპოლში“ იცოდნენ, რომ როგორც კი ასეთი მოთხოვნა გაიგზავნებოდა, ბენიძესაც გააქრობდნენ და კოლექციასაც, ამიტომ „ინტერპოლმა“ სხვა გზა აირჩია. ქუთაისში „ინტერპოლის“ ოპერატიული თანამშრომელი გაგზავნეს, რომელსაც ბენიძესთან კონტაქტი უნდა დაემყარებინა. მანამდე კი „ინტერპოლმა“ დაადგინა, რომ 57 წლის ბონდო ბენიძე მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი იყო და საფიჩხიაზე მარტო ცხოვრობდა. მას ცოლ-შვილი არასოდეს ჰყოლია და ომის ინვალიდობის პენსია ჰქონდა დანიშნული. თუმცა, ერთ-ერთ დუქანში მებუფეტედ მუშაობდა და ფინანსურად შეძლებული ადამიანი იყო. კონტაქტის დამყარების მერე „ინტერპოლის“ თანამშრომელმა ბენიძეს უთხრა, რომ კოლიესა და დანარჩენი ნივთების შესახებ იცოდა და 16 სამკაულის 100 ათას მანეთად შეძენა შესთავაზა. წინააღმდეგ შემთხვევაში დაემუქრა, რომ ამ ამბავს „კაგებეს“ შეატყობინებდა. ბენიძე შეთავაზებას დათანხმდა და „ინტერპოლელმა“ მას 100 ათასი მანეთით სახლში მიაკითხა. სანაცვლოდ კი დანარჩენი 16 ძვირფასი ნივთი მიიღო. თუმცა, ამ დროს ბენიძის ბინაში „კაგებეს“ ოპერჯგუფი შეიჭრა და ბინის პატრონი და სტუმარი ერთად დააკავეს, თან, 100 ათასი მანეთი და 16 უძვირფასესი ნივთიც ამოიღეს. „კაგებე“ „ინტერპოლელს“ საბჭოეთში ჩამოსვლის დღიდანვე „დააჯდა კუდზე“ და შედეგმაც არ დააყოვნა.

„კაგებემ“ „ინტერპოლელი“ ნივთებთან ერთად გაათავისუფლა და ისინი კანონიერ მფლობელს დაუბრუნდა. ბენიძეს კი არ გაუმართლა. მას 100 ათასიც ჩამოართვეს და 12 წლით ციხეშიც გამოამწყვდიეს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი