კრიმინალური ისტორიები

რატომ გააქცია „კაგებემ“ მილიციის მიერ დაკავებული ქილერი ციხიდან

№8

ავტორი: ნიკა ლაშაური 18:00 03.03, 2022 წელი

როგორ გაშიფრეს მკვლელი -
tbiliselebi.ge
დაკოპირებულია

ზოგიერთი მონაწილის ვინაობა შეცვლილია და მათი ვინმესთან მსგავსება შემთხვევითია, რისთვისაც გიხდით ბოდიშს.

ჩხუბი

1973 წლის 13 აპრილს რესტორან „არაგვში“ ჩხუბი მოხდა, რომელშიც 9 ადამიანი მონაწილეობდა. 30 წლის ოთარ კოხრეიძე თანმხლებ ქალთან ერთად ვახშმობდა რესტორანში და მეზობელი სუფრის წევრებმა მას ჩხუბი აუტეხეს. ოთარ კოხრეიძემ ჯერ სიტუაციის საუბრით დაწყნარება სცადა. მაგრამ, როდესაც მეზობელი სუფრის წევრებმა ყური არ ათხოვეს და მისი დაჩაგვრა მოინდომეს, კოხრეიძემ რვა ადამიანი ისე სცემა, რომ ოთხს სამედიცინო დახმარება დასჭირდა. თავად კი თანმხლებ ქალთან ერთად „არაგვიდან“ გაქცევა სცადა. თუმცა, მილიციამ ის იქვე დააკავა და უახლოესი მილიციის განყოფილებაში გადაიყვანა. ოთარ კოხრეიძეს ხელბორკილები დაადეს. კალინინის (მთაწმინდა) რაიონის მილიციაში კი გათავისუფლების სანაცვლოდ დაკავებულს 100 მანეთი მოსთხოვეს. ოთარს თან მხოლოდ 40 მანეთი აღმოაჩნდა. მაშინ მილიციის განრისხებულმა უფროსმა ის საკანში გაამწესა და ხელქვეითებს უბრძანა, რომ დაკავებულისთვის თითების ანაბეჭდები აეღოთ და პიროვნების დადგენის მიზნით შინაგან საქმეთა სამინისტროში გადაეგზავნათ. ბრალის წარდგენამდე მილიციას დაკავებულის 48 საათით გაჩერების უფლება ჰქონდა. ამიტომ, კოხრეიძე საკანში მანამდე გააჩერეს, სანამ მილიციის განყოფილებაში მისი თითების ანაბეჭდების პასუხი არ მოვიდოდა.

გაუხსნელი საქმეები

1972-1973 წლებში საბჭოთა კავშირში 6 გაუხსნელი მკვლელობა იყო გაერთიანებული ერთ საქმედ, რომელსაც საკავშირო შინაგან საქმეთა სამინისტრო იძიებდა. მკვლელობები ოთხ სხვადასხვა ქალაქში – მოსკოვში (3 მკვლელობა), თბილისში, მინსკსა და ლენინგრადში მოხდა. მოკლულები იყვნენ მაღალჩინოსანი საბჭოთა პარტიული და უშიშროების მაღალჩინოსნები. ექვსივე მკვლელობა ერთი ადამიანის მიერ იყო ჩადენილი. ამაზე მიუთითებდა მკვლელის ხელწერა და იარაღის სახეობა („მაკაროვის“ სისტემის პისტოლეტი). მოკლულებს თითო-თითო ტყვია ჰქონდათ მოხვედრილი შუბლში. აღსანიშნავია ის, რომ ამ სერიის პირველი მკვლელობის გამოძიებისას, რომელიც თბილისში განხორციელდა, ტყვიის მასრებზე თითის ანაბეჭდები აღმოჩნდა. დანარჩენი ხუთი მკვლელობისას მასრებზე ანაბეჭდები ვერ დაფიქსირდა. თუმცა, გამომძიებლებმა ხელწერით ივარაუდეს, რომ დანარჩენი მკვლელობებიც იმავე ადამიანმა ჩაიდინა. საკავშირო მასროთეკასა და თითების ანაბეჭდების ბაზაში მასრებისა და თითების ანაბეჭდების იდენტიფიკაცია ვერ მოხერხდა, რადგან ისინი იქ არ აღმოჩნდა და მაძებრები, ფაქტობრივად, ნემსს ეძებდნენ თივის ზვინში. მას მერე კი, რაც ოთარ კოხრეიძის თითების ანაბეჭდი ექვსი მკვლელობის შემსრულებლის თითების ანაბეჭდებს დაემთხვა, მილიციის ხელმძღვანელობა შოკში იყო და ხულიგნობისთვის დაკავებული შინაგან საქმეთა სამინისტროს ციხეში გადაიყვანეს.

მოსკოველი ვიზიტორი

მას მერე, რაც ოთარ კოხრეიძის შესახებ ინფორმაცია ცენტრში (მოსკოვში) გაიგზავნა, თბილისში საკავშირო შინაგან საქმეთა სამინისტროდან პოლკოვნიკი ანტონ ვიშნიოვი ჩამოვიდა. ის ნიკოლაი შჩოლოკოვმა გამოგზავნა იმ მიზნით, რომ კოხრეიძის პიროვნების იდენტიფიკაცია მოეხდინა და ინფორმაციის დადასტურების შემთხვევაში მისი მოსკოვში გადაყვანა უზრუნველეყო. 41 წლის ვიშნიოვი გამოცდილი მილიციელი იყო. ამასთანავე, შინაგან საქმეთა მინისტრის, ნიკოლაი შჩოლოკოვის დიდი ნდობით იყო აღჭურვილი და მის კონფიდენციალურ, საიდუმლო დავალებებს ასრულებდა. პოლკოვნიკი ვიშნიოვი გულდასმით გაეცნო მოკვლევის მასალებს და დარწმუნდა, რომ თბილისში დაკავებული პიროვნება და 6 გაუხსნელ მკვლელობაში ბრალდებული კოხრეიძე ერთი და იგივე პიროვნება იყო. ამიტომ შჩოლოკოვს სამთავრობო ტელეფონით დაურეკა და აცნობა, რომ ქართველმა მილიციელებმა მოუხელთებელი „ქილერი“ დააპატიმრეს. მინისტრმა ვიშნიოვს პატიმრის მოსკოვში სასწრაფოდ ჩაყვანა უბრძანა და საკავშირო მილიციის კუთვნილი თვითმფრინავი გამოყო, თან უთხრა, რომ პატიმრის უსაფრთხოდ ეტაპირებისთვის სპეციალურ საბადრაგო ჯგუფს უგზავნიდა. საეტაპო რეისი 19 აპრილისთვის იყო დანიშნული და თბილისში სპეცთვითმფრინავს ელოდნენ.

მოულოდნელი შემობრუნება

საკავშირო შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ბორტი თბილისის აეროპორტში 1973 წლის 19 აპრილს, დღის 13 საათსა და 45 წუთზე დაეშვა. ექვსკაციანი სპეცბადრაგის უფროსი გზიდან დაუკავშირდა ვიშნიოვს, მოვდივართ და პატიმარი მოამზადეთო. თუმცა, როდესაც პოლკოვნიკი შინაგანი ციხის უფროსს დაუკავშირდა და კოხრეიძის ეტაპირებისთვის მომზადება სთხოვა, ციხის უფროსმა აკანკალებული ხმით აუწყა:

– ამხანაგო პოლკოვნიკო, კოხრეიძე გაიქცა.

– თქვენ რა, ხუმრობთ? შინაგან საქმეთა სამინისტროს ციხიდან პატიმრის გაქცევა ხომ წარმოუდგენელია, – თქვა ვიშნიოვმა. ციხის უფროსმა კი უთხრა:

– დიახ. მაგრამ პატიმარი მართლა გაიქცა.

ოთარ კოხრეიძეზე ტოტალური ძებნა გამოცხადდა, მაგრამ მისი მოძებნა ვერ მოხერხდა. ან კი როგორ იპოვიდნენ, როდესაც ის „კაგებეს“ ერთ-ერთ კონსპირაციულ ბინაში იმყოფებოდა და სწორედ „კაგებემ“ გააქცია „ქილერი“ შინაგან საქმეთა სამინისტროს ციხიდან.

კოხრეიძე „კაგებეს“ მიერ დაქირავებული მკვლელი იყო და უშიშროების შეკვეთებს ასრულებდა. თითების ანაბეჭდები კი თავის პირველ საქმეზე, სწორედ კაგებემ“ „გაუჩალიჩა“ და ამგვარად ჰყავდათ ის გამოჭერილი. როდესაც კოხრეიძის ამბავი მოსკოვში შეიტყვეს, საკავშირო „კაგებეს“ თავმჯდომარის მოადგილემ, ანდროპოვმა ალექსი ინაურის მოადგილეს (საქართველოს „კაგებეს“ თავმჯდომარე) დაურეკა და კოხრეიძის ციხიდან გაქცევა უბრძანა. ეს ბრძანება სანიმუშოდ შესრულდა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი