კრიმინალური ისტორიები

რატომ დახვრიტეს საავიაციო ქარხნის ორი თანამშრომელი

№10

ავტორი: ნიკა ლაშაური 18:00 17.03, 2022 წელი

როგორ გაშიფრეს მკვლელი -
tbiliselebi.ge
დაკოპირებულია

ზოგიერთი მონაწილის ვინაობა შეცვლილია და მათი ვინმესთან მსგავსება შემთხვევითია, რისთვისაც გიხდით ბოდიშს.

ძარცვა

1968 წლის 29 მარტი პარასკევი დღე იყო და თბილისის საავიაციო ქარხნის მრავალათასიანი კოლექტივი მოუთმენლად ელოდა ხელფასს. შუადღეზე ფული მოიტანეს და მოლარე ზაირა მელიავა და ბუღალტერი კოტე გოგილაშვილი სალაროში შეიკეტნენ. სალარო ადმინისტრაციული შენობის პირველ სართულზე მდებარეობდა. ფულის გაცემა დღის 2 საათზე უნდა დაწყებულიყო. მანამდე კი მოლარესა და ბუღალტერს უწყისები უნდა მოემზადებინათ და ფული დაეთვალათ. 2 საათზე სალაროს წინ უკვე დიდი რიგი იდგა. ხუთიოდე წუთის შემდეგ სალაროდან ზაირა მელიავას კივილის ხმა გაისმა და უმალვე შეწყდა. სალაროს მძიმე კარი შიგნიდან იყო ჩარაზული. ამიტომ ის შეამტვრიეს. სალაროში შესულ არასაუწყებო დაცვის თანამშრომლებს საშინელი სურათი დახვდათ: ბუღალტერი კოტე გოგილაშვილი ცეცხლსასროლი იარაღით იყო მოკლული, მარცხენა ბარძაყში დაჭრილი მოლარე ზაირა მელიავა კი გულწასული ეგდო იატაკზე. უზარმაზარი სეიფი ცარიელი იყო და სალაროდან 800 ათასი მანეთი – გატაცებული. სასწრაფოდ გამოიძახეს მილიცია. პროკურატურაში ორი მუხლით აღიძრა სისხლის სამართლის საქმე და მოკვლევაც დაიწყო.

მოკვლევის შედეგები

სალარო ოთახის ტუალეტში 20 მეტრის სიგრძის მიწისქვეშა გვირაბი აღმოჩნდა. გვირაბი ქარხნის გარეთ გადიოდა და საკანალიზაციო კოლექტორში სრულდებოდა. მოლარე მელიავას ჩვენებით, მოულოდნელად ტუალეტიდან ორი ნიღბიანი მამაკაცი გამოვიდა. ერთ-ერთ მათგანს ხელში მაყუჩიანი პისტოლეტი ეკავა. მან გოგილაშვილს ორი ტყვია ესროლა გულში და ადგილზევე მოკლა. მელიავას კი მარცხენა ბარძაყში ერთი ტყვია დაახალა, თუმცა მოლარეს გული წაუვიდა. სამივე გასროლილი ტყვია „მაკაროვის“ სისტემის პისტოლეტის იყო. თუმცა მილიციის მასროთეკაში ის რეგისტრირებული არ აღმოჩნდა. აშკარა იყო, რომ ძარცვის საქმეში შინაური იყო გარეული და მილიციამ თანამშრომლების გადამოწმება დაიწყო. თუმცა, ეს იმდენად გრძელი, შრომატევადი პროცესი იყო, რომ დროში ძალიან გაიწელა. მიუხედავად მუხლჩაუხრელი შრომისა, მილიციასა და პროკურატურას ეჭვმიტანილიც კი არ ჰყავდათ და გამოძიება, ფაქტობრივად, ჩიხში იყო შესული. შინაგან საქმეთა მინისტრი ედუარდ შევარდნაძე კი თანამშრომლებისგან ამ საქმის სასწრაფოდ გახსნას მოითხოვდა.

კვალი

1968 წლის 2 ივნისს თბილისში ორთაჭალჰესთან მეთევზეებმა მოკლული მამაკაცის ცხედარი აღმოაჩინეს. მისი ვინაობა პიროვნების იდენტიფიცირების შემდეგ გაირკვა. ის 1929 წელს დაბადებული ჯემალ ქაროსანიძე აღმოჩნდა. ის სამჯერ იყო ნასამართლევი ქურდობის, ხულიგნობისა და გამოძალვის ბრალდებით. ქაროსანიძეს ორი ტყვია ჰქონდა მოხვედრილი თავში და ბალისტიკურმა ექსპერტიზამ აჩვენა, რომ ისინი იმავე იარაღიდან იყო გასროლილი, რომელიც საავიაციო ქარხნის სალაროს ძარცვისას გამოიყენეს. აქედან გამომდინარე კი გამოძიებას ხელჩასაჭიდი გაუჩნდა. დადგინდა, რომ ქაროსანიძეს ახლო მეგობრობა აკავშირებდა უშანგი კოჭლამაზაშვილთან, რომელიც ორჯერ იყო ნასამართლევი ქურდობისთვის და მათ ერთმანეთი ციხეში გაიცნეს. კოჭლამაზაშვილი და ქაროსანიძე ერთ ქუჩაზე ცხოვრობდნენ. როდესაც მილიციამ კოჭლამაზაშვილს სახლში მიაკითხა, გაირკვა, რომ ის უკვე ერთი კვირა არ ჩანდა. დაახლოებით ერთი კვირის წინ იყო მოკლული ქაროსანიძე.

იუველირი

უშანგი კოჭლამაზიშვილს მილიცია მთელი საბჭოთა კავშირის მასშტაბით უშედეგოდ ეძებდა. ამასობაში 1969 წლის მარტი მიიწურა და უპრეცედენტო ძარცვიდან ერთი წელი გავიდა. 11 აპრილს თბილისის მილიციის სამმართველოს თანამშრომელს, მაიორ სერგო ბედიას ანზორ კახნიაშვილმა დაურეკა და შეხვედრა სთხოვა. კახნიაშვილი იუველირი იყო, თან ძვირფასეულობით ვაჭრობდა. კახნიაშვილმა ბედიას უთხრა:

– ერთი ტიპი იყო ჩემთან და ლალისა და ბრილიანტის თვლები იყიდა. ეტყობა, დიდი მაყუთის პატრონია. თანაც მაინცდამაინც ძვირფას ნივთებში ვერ უნდა ერკვეოდეს. ხვალ დილით უნდა მოვიდეს. ერთი კილო ოქრო მინდაო.

მეორე დღეს მილიცია იუველირის სტუმარს „კუდზე დააჯდა“, მაგრამ ხელი არ ახლეს. მისი პიროვნება დაადგინეს და აღმოჩნდა, რომ ის საავიაციო ქარხნის ზეინაკალი როლანდ კუჭუხიძე იყო. მილიციამ მასზე თვალთვალი დააწესა და ერთი კვირის მერე კუჭუხიძესთან ერთად მისი თანამშრომლები გურამ ლონდარიძე და აკაკი ხუსკივაძეც დააპატიმრეს. სამივე საავიაციო ქარხნის თანამშრომლები იყვნენ. სწორედ, მათ გათხარეს გვირაბი და გაძარცვეს სალარო. მათვე მოკლეს ბუღალტერი და დაჭრეს მოლარე. მილიციის ცრუ კვალზე გაშვების მიზნით კი ხუსკივაძემ კოჭლამაზაშვილი და ქაროსანიძე მოკლა. კოჭლამაზაშვილი ტყეში დამარხა, ქაროსანიძე კი მტკვარში გადააგდო, რათა ის მილიციას ეპოვა და ეფიქრა, რომ რადგან სასიკვდილო ჭრილობები ძარცვისას გამოყენებული „მაკაროვიდან“ იყო მიყენებული, მკვლელი კოჭლამაზაშვილი იქნებოდა. სასამართლომ კუჭუხიძესა და ხუსკივაძეს სიკვდილით დასჯა მიუსაჯა, ხოლო ლონდარიძე 15 წლით ჩასვეს ციხეში.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი