რატომ დახვრიტეს 11 ადამიანი საბჭოთა კავშირში 1970 წელს
ავტორი: ნიკა ლაშაური 18:00
ზოგიერთი მთავარი გმირის ვინაობა შეცვლილია და მათი ვინმესთან მსგავსება შემთხვევითია, რისთვისაც ბოდიშს გიხდით.
ეპიდემია
1969-1970 წლებში საბჭოთა კავშირში ოთხჯერ გავრცელდა ქოლერის ეპიდემია, რომელმაც რამდენიმე ქალაქი მოიცვა – ასტრახანი, ლენინგრადი, ვოლგოგრადი, კიშინიოვი და თბილისი. საბოლოო ჯამში ქოლერის ლიკვიდაცია მოხერხდა, მაგრამ ამ უბედურებამ 60 ათასი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. თუმცა, საბჭოთა მთავრობა უმკაცრესად ასაიდუმლოებდა ამ მონაცემებს, სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი კი 2 წლის განმავლობაში იძიებდა ამ საქმეს. არსებობდა ეჭვი, რომ ეს ეპიდემია უცხოური სპეცსამსახურების მიერ იყო მოწყობილი. თუ პირდაპირი გზით არა, მაშინ მათი ადგილობრივი აგენტების მიერ. საბოლოო ჯამში, „კაგებეს“ ეჭვი დადასტურდა. გაირკვა, რომ ეს ეპიდემია უცხოური სპეცსამსახურების საბჭოთა აგენტებმა გაავრცელეს, ხოლო ეს იმისთვის განხორციელდა, რომ საბჭოთა წყობილების დისკრედიტაცია გამოეწვიათ, ხალხში უკმაყოფილება და ნიჰილიზმი დაეთესათ მთავრობის მიმართ, რასაც შემდგომში ეფექტურად გამოიყენებდნენ ქვეყნის წინააღმდეგ. დადგინდა, რომ ეპიდემიის ბაქტერიები ზღვით შემოიტანეს. ამ საქმეზე 11 ადამიანი გასამართლდა და ყველა დახვრიტეს. ეს ყველაფერი უაღრესად გასაიდუმლოებული იყო. მხოლოდ არაოფიციალური ხმები ვრცელდებოდა ქოლერის შესახებ და პირველ რიგში, იმიტომ, რომ პერიოდულად მთელი რეგიონები იკეტებოდა. ცხადდებოდა კარანტინი და მიმდინარეობდა მოსახლეობის ტოტალური ვაქცინაცია. თვით ეს პროცესიც საიდუმლო გრიფით ხორციელდებოდა და სანიტარულ-ეპიდემიოლოგიური სამსახური არაადამიანური დატვირთვით მუშაობდა.
ძარცვა
ქოლერის ეპიდემიის პირველი მსხვერპლი ლენინგრადი იყო. 1971 წლის აგვისტოში ეს უზარმაზარი ქალაქი საიმედოდ ჩაიკეტა. გამოცხადდა კარანტინი. სპეცსაშვების გარეშე იქ ვერც ვერავინ შედიოდა და ვერც გამოდიოდა. განხორციელდა ქალაქში დარჩენილი უცხოელი ტურისტების სასწრაფო ევაკუაცია, რაც სახელმწიფოს მილიონობით მანეთი დაუჯდა. საგულისხმო ფაქტი იყო ის, რომ ქალაქში ხორციელდებოდა, ეგრეთ წოდებული, უწყებრივი აცრები. ადამიანებს სამუშაო ადგილების მიხედვით უტარებდნენ ვაქცინაციას და ამ ღონისძიებების გრაფიკი უმკაცრესად იყო გასაიდუმლოებული. ასაცრელთა სიები ქალაქის მთავარ სანიტარულ სამსახურში ინახებოდა. დგებოდა გრაფიკი და თეთრ ხალათებში გამოწყობილი ეპიდემიოლოგები უწყებებში მიდიოდნენ და აცრებს ატარებდნენ. 19 აგვისტოს ეპიდემიოლოგები ¹26 შემნახველ სალაროს სასწრაფო დახმარების მანქანით ეწვივნენ. სალაროს 18 თანამშრომელი ხუთმა პირბადიანმა მედიცინის მუშაკმა, სულ რაღაც, 9 წუთში აცრეს. სინამდვილეში კი მათ დასაძინებელი ინიექციები შეუშხაპუნეს. სანიტრები ბოროტმოქმედები აღმოჩნდნენ. მათ ეპიდემიოლოგიურ-სანიტარულ სამსახურში ინფორმატორი ქალი ჰყავდათ. სწორედ მისი მეშვეობით შეიტყვეს აცრების გრაფიკი და ნამდვილი სანიტრები შემნახველი სალაროს მისადგომებთან გაანეიტრალეს, გაკოჭეს და ერთ-ერთი შენობის სარდაფში გამოამწყვდიეს. თავად კი ფანტასტიკური „კუში“ წაიღეს – სალაროს სეიფებიდან გაიტაცეს 172 ათასი მანეთი და მილიონ 15 ათასი მანეთის ღირებულების მომგებიანი ობლიგაციები. ფეხზე დადგა ლენინგრადის მილიცია და უშიშროების სამსახური, მაგრამ პირბადიანი მძარცველების კვალს ვერსად მიაგნეს.
წარუმატებელი მოგება
შემნახველი სალაროს ძარცვის საქმე 5 წლის შემდეგ, 1977 წლის სექტემბერში გაიხსნა. ლენინგრადის სანიტარული სამსახურის თანამშრომელი, 39 წლის ოლგა კოვტუნი სოხუმში დასასვენებლად იმყოფებოდა. მან ერთ-ერთ შემნახველ სალაროში მომგებიანი ობლიგაცია წარადგინა და მოგება 6 ათასი მანეთი მოითხოვა. ეს ობლიგაცია ლენინგრადის ძარცვის დროს იყო გატაცებული. ქალმა არ იცოდა, რომ ობლიგაციის ნომრები ყველა შემნახველი სალაროსთვის იყო გადაცემული საბჭოთა კავშირის მასშტაბით. ის დააპატიმრეს. კოვტუნმა აღიარა, რომ სწორედ მან მისცა ბოროტმოქმედებს აცრების გრაფიკი და სანაცვლოდ 25 ათასი მანეთი და 50 ათასი მანეთის ღირებულების ობლიგაციები მიიღო. ქალმა ყველა ბოროტმოქმედის ვინაობა დაასახელა. ისინი იმ პერიოდში ლენინგრადის კიროვის სახელობის ქარხნის მუშები აღმოჩნდნენ: ივანე გლები, ოსტაპ ლენსკი, ვადიმ მაიოროვი და თბილისელები – კარენ მოვსესიანი და უშანგი გორდელაძე. ხუთივე ბოროტმოქმედი დააპატიმრეს და გაასამართლეს. დანაშაულის ექვსივე მონაწილე 15-15 წლით ჩასვეს ციხეში. ფული უკვე დახარჯული ჰქონდათ და მხოლოდ ობლიგაციების ამოღება მოხერხდა.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან