კრიმინალური ისტორიები

რას წარმოადგენდა იატაკქვეშა ორგანიზაცია „ქარი“

№46

ავტორი: ნიკა ლაშაური 18:00

როგორ გაშიფრეს მკვლელი -
tbiliselebi.ge
დაკოპირებულია

ზოგიერთი მთავარი გმირის ვინაობა შეცვლილია და მათი ვინმესთან მსგავსება შემთხვევითია, რისთვისაც ბოდიშს გიხდით.

პატრიოტული კვარტეტი

1956 წლის 9 მარტს, ნიკიტა ხრუშჩოვის უშუალო ბრძანებით, საბჭოთა ჯარისკაცებმა თბილისში დიდი სისხლისღვრა განახორციელეს და ასეულობით ადამიანი დახოცეს. მათი უმრავლესობა ახალგაზრდები იყვნენ. დააპატიმრეს უამრავი ადამიანი. დაპატიმრებულთა შორის იყო სამი ახალგაზრდა 22-22 წლის კახი მახარაძე, ოთარ გომელაური და პეტრე კოკაია. ისინი მილიციამ რუსთაველის გამზირზე საყოველთაო „აბლავის“ დროს დააპატიმრა, როდესაც ეს ახალგაზრდები ქუჩაში დაყრილი თანატოლების შველას აპირებდნენ, რომლებიც სამხედროების ტყვიით იყვნენ დაჭრილები. ამ სამეულთან ერთად იმყოფებოდა მერაბ გიორგაძე – მათი განუყრელი მეგობარი. მერაბმა, თავადაც ფეხში მსუბუქად დაჭრილმა, ბარძაყში დაჭრილი გოგონა, თეა კალანდაძე გადაარჩინა და ხელში ატაცებული, კოჭლობით მოაშორა იქაურობას და სახლში მიიყვანა. მერაბის დედ-მამა ექიმები იყვნენ და მერაბი იმედოვნებდა, რომ გოგონას ისინი მიხედავდნენ. საავადმყოფოში რომ მიეყვანა, იქ ორივეს დაიჭერდნენ, ანტისაბჭოთა გამოსვლაში მონაწილეობის ბრალდებით. იმ დღესა და მომდევნო დღეებში მილიცია და უშიშროება სწორედ საავადმყოფოებში აპატიმრებდნენ დაჭრილ ახალგაზრდებს. მერაბი ამგვარად გადაურჩა დაპატიმრებას და პატრიოტული კვარტეტიდან მხოლოდ სამი ახალგაზრდა გაასამართლეს და თითოეულს 5-5 წლით პატიმრობა მიუსაჯეს, სასჯელის მოხდით მკაცრი რეჟიმის შრომა-გასწორების კოლონიაში..

სუპერპატრიოტები

მერაბ გიორგაძე მთაწმინდაზე ცხოვრობდა. ყველა გასაძრომ-გამოსაძრომი კარგად იცოდა. სწორედ ამ გზებით ატარა ხელში ატატებული თეა კალანდაძე და გოგონა ყველა ხიფათს აარიდა. მამამისმა კი, რომელიც ქირურგი იყო, გოგონა სიკვდილს გადაარჩინა. თეა მართალია, ბარძაყში იყო დაჭრილი, მაგრამ ბევრი სისხლი ჰქონდა დაკარგული. მერაბის მამამ კი, ფაქტობრივად, კუსტარულ პირობებში ჩაუტარა გოგონას ოპერაცია და ის სიკვდილისგან იხსნა. თავის ვაჟს კი მხოლოდ გაუწმინდა ჭრილობა და ფეხი გადაუხვია. რადგან მწოლიარე რეჟიმი ჰქონდა, თეამ გიორგაძეებთან 2 კვირა დაჰყო. მთელი ამ დროის განმავლობაში გოგონას მერაბი უვლიდა და გვერდიდან არ შორდებოდა. ახალგაზრდებს ერთმანეთი შეუყვარდათ და 3 თვის მერე დაქორწინდნენ. როგორც მერაბი, ასევე თეა, თავგადაკლული პატრიოტები იყვნენ. 9 მარტის საპროტესტო აქციაზე ამის გამო გამოვიდა და მართლა სასწაულებრივად გადაურჩნენ სიკვდილს. ორივე, ფაქტობრივად, სიკვდილთან შესახვედრად წავიდა, მაგრამ ღმერთმა გადაარჩინა. თეას და მერაბს ზუსტად ერთი წლის შემდეგ, 1957 წლის 9 მარტს, ტყუპი ქალ-ვაჟი გაუჩნდათ. ცოლ-ქმარი შვილებს სამშობლოს სიყვარულის სულისკვეთებით ზრდიდნენ. იმავდროულად, მათ შექმნეს პატრიოტული ორგანიზაცია სახელწოდებით „ქარი“, რომელიც იშიფრებოდა, როგორც „ქართული რისხვა“. ამ ორგანიზაციას ორი წევრი ჰყავდა და ისინი თეა და მერაბი იყვნენ. მცირერიცხოვრობის მიუხედავად „ქარს“ ჰქონდა წესდება, პროგრამა და სამოქმედო გეგმა. ცოლ-ქმარი წერდა პატრიოტული შინაარსის პროკლამაციებს და სხვადასხვა გზით ავრცელებდა. ისინი ამ პროკლამაციებს, ძირითადად, ღამით აკრავდნენ თბილისის ქუჩებში. ცოლ-ქმარი, ასევე, ამანათებს უგზავნიდა დაპატიმრებულ და 5-5 წლით პატიმრობამისჯილ სამეულს, მერაბის გაციმბირებულ მეგობრებს, რომლებიც ციმბირის სხვადასხვა საშინელ ზონებში იყნენ გამწესებული. ყოველივე ამის პარალელურად, ცოლ-ქმარს ერთი მთავარი მიზანი ამოძრავებდათ. მათი გეგმა ნიკიტა ხრუშჩოვის მოკვლა იყო, რადგან მიაჩნდათ, რომ სწორედ ის იყო 9 მარტის სისხლიანი დარბევის მთავარი შემოქმედი და ქართველი ერის მტერი. ამგვარად, მათი ტანდემი ტერორისტული აქტის მოწყობას აპირებდა.

განაჩენი

ცოლ-ქმარი ინტენსიურ ანტისაბჭოთა მოღვაწეობას ახორციელებდა და პროკლამაციების გაკვრასთან ერთად, საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ფოსტით აგზავნიდა პატრიოტული შინაარსის წერილებს. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი გულმოდგინედ ეძებდა ყველაფერ ამის შემოქმედებს, მაგრამ უშედეგოდ. ორი წერილი ცოლ-ქმარმა უშიშროებაში პირადად ალექსი ინაურს გაუგზავნა, ერთი კი ცეკაში – ვასილ მჟავანაძეს. საგულისხმო ფაქტია, რომ ცოლ-ქმარი „სუკის“ მიერ დაგებულ ვერცერთ მახეში ვერ გააბეს და ამასობაში 5 წელი გავიდა. ციხიდან გათავისუფლდნენ 9 მარტს დაპატიმრებული მერაბის მეგობრები და ისინი მაშინვე გაწევრიანდნენ „ქარში“. ცოლ-ქმარმა მათ ხრუშჩოვზე ტერაქტის მოწყობის იდეა გააცნეს. სამეულს მოეწონა გადაწყვეტილება და ყველამ ერთად ინტენსიურ მზადებას მიჰყო ხელი. განიხილებოდა ხრუშჩოვის ლიკვიდლაციის რამდენიმე ვარიანტი. ბოლოს კი სნაიპერულ გასროლაზე შეაჩერეს არჩევანი. მათ „ესვედეს“ მოპოვება ვერ მოახერხეს. ამიტომ ერთი მთიელი მონადირისგან კარაბინი შეიძინეს და მთაში სროლაში ვარჯიშობდნენ. ტერაქტი კი 1962 წლის 1 მაისისთვის დაიგეგმა. ხრუშჩოვი მოსკოვში, მავზლეუმის ტრიბუნაზე კარაბინიდან გასროლით უნდა მოეკლათ. ეს მისია პეტრე კოკაიას მიანდეს, რომელიც ამ ხუთეულში ყველაზე უკეთ ისროდა მიზანში. ხუთეული მოსკოვში ჩავიდა და კარაბინიც ჩაიტანეს. წინასწარ შეარჩიეს სასროლი პოზიცია და 30 აპრილს კოკაიამ ღამით დაიკავა ადგილი ერთ-ერთი ხუთსართულიანი სახლის სხვენში. თუმცა, ის სამთავრობო დაცვის პატრულმა დააკავა, რომელიც წითელი მოედნის მიმდებარე პერიმეტრს ამოწმებდა. კოკაიამ არ გათქვა თავისი მეგობრები და მას 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. თუმცა, ის მოსკოვის ლეფორტოვის ციხეში გარდაიცვალა. „ქარის“ დანარჩენი წევრები კი უკვე თბილისში დააპატიმრეს და მათ სხვადასხვა ვადიანი სასჯელები გამოუტანეს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №44

3–9 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი