კრიმინალური ისტორიები

რას წარმოადგენდა გაუჩინარებული ძველებრაული ხელნაწერები, რომელსაც მთელი „კაგებე“ ეძებდა

№37

ავტორი: ნიკა ლაშაური 18:00 22.09, 2022 წელი

როგორ გაშიფრეს მკვლელი -
tbiliselebi.ge
დაკოპირებულია

ზოგიერთი მონაწილის ვინაობა შეცვლილია და მათი ვინმესთან მსგავსება შემთხვევითია, რისთვისაც გიხდით ბოდიშს.

ცივი უარი

1949 წელს მოსკოვის ვლადიმირ ილიას ძე ლენინის სახელობის ბიბლიოთეკაში ძველი ებრაული ხელნაწერები მიიტანეს, დახურულ არქივში მოათავსეს და მათ მხოლოდ განსაკუთრებული დაშვების მეცნიერებს აკარებდნენ. ერთ-ერთი ასეთი მეცნიერი იყო მიხეილ პავლოვი (სინამდვილეში მოშე ცვილმანი), ეროვნებით ებრაელი. ისტორიისა და ენათმეცნიერების დოქტორი. როგორც შემდგომ გაირკვა, ეს ხელნაწერები ვატიკანის ბიბლიოთეკაში იყო დაცული. იქიდან კი ისინი ერთ-ერთმა აბატმა გაიტაცა, რომელიც „კაგებეს“ აგენტი იყო და მოსკოვში ჩაიტანა. ებრაულ ხელნაწერებში მსოფლიო ისტორიის ძალიან მნიშვნელოვანი საიდუმლო მომენტები იყო აღწერილი. ამას კი განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა ებრაელებისთვის. 30 წლის პავლოვი ამ ხელნაწერების ძალიან მცირე მონაკვეთს (მეტი მან ვერ წაიკითხა, რადგან წვდომა გაუუქმეს) 1965 წელს გაეცნო. 1966 წელს კი ის ისრაელში გაემგზავრა. 1967 წელს ისრაელის მთავრობამ საბჭოთა მთავრობას ამ ხელნაწერების მიყიდვის თხოვნით მიმართა და მათში რამდენიმე ათეულ მილიონ დოლარს იხდიდა. თუმცა, ცივი უარი მიიღეს. ინფორმაცია კი ამ ებრაული ხელნაწერების შესახებ ისრაელის მთავრობას მოშე ცვილმანმა (მიხეილ პავლოვი) მიაწოდა.

გამქრალი ხელნაწერები

1969 წლის აპრილში მოსკოვის ცენტრალური ბიბლიოთეკის დახურული ფონდიდან ძველთაძველი ებრაული ხელნაწერები გაქრა. სულ 5 ხელნაწერი იყო, 3500 გვერდი. საერთო წონა კი 15 კილოგრამსა და 650 გრამს შეადგენდა. დანაკარგი, აკადემიკოსმა ვიქტორ სვეტლოვმა აღმოაჩინა, რომელიც ერთადერთი ადამიანი იყო, ვისაც ამ ხელნაწერებთან ჰქონდა დაშვება. სვეტლოვი „კაგებეს“ დიდი ნდობით სარგებლობდა და მისი მონაწილეობა ამ დანაშაულში გამოირიცხა. ძიებას „კაგებემ“ მოჰკიდა ხელი და სამი დღის შემდეგ ბიბლიოთეკის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი ზინაიდა შკალოვსკაია დააპატიმრა. ირიბი სამხილებითა და სხვა მონაცემების გაანალიზების შედეგად გამომძიებლებმა 49 წლის შკალოვსკაიაზე მიიტანეს ეჭვი და მას აღიარებით ჩვენებას სთხოვდნენ. ქალი უარყოფდა დანაშაულს და მეორე დაკითხვის დროს მას ინსულტი დაემართა. გამომძიებელთა ძალისხმევის მიუხედავად, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

შალომ, ისრაელ!

ზინაიდა შკალოვსკაია მარტოხელა ქალი იყო და ერთოთახიან ბინაში ცხოვრობდა. ბინის ჩხრეკისას ნივთებში მისი დღიური აღმოაჩინეს. მასში საყურადღებო მხოლოდ ერთი პატარა მონაკვეთი იყო, სადაც შკალოვსკაია წერდა, რომ ძველებრაული ჩანაწერები მისი ხალხის (შკალოვსკაია ებრეალი იყო) საკუთრებას წარმოადგენდა და რომ ისინი მან (შკალოვსკაიამ) აიღო. ჩანაწერი რუსულად იყო გაკეთებული და ბოლოს ივრითით მთავრდებოდა: შალომ, ისრაელ! (მშვიდობა ისრაელს). ძველებრაული ჩანაწერები კი ქალის ბინაში არ აღმოჩნდა და თუ ვის გადასცა ან სად შეინახა ისინი, ისევ უცნობი რჩებოდა. „კაგებემ“ უპრეცედენტო მასშტაბის ღონისძიებები ჩაატარა, მაგრამ ძველებრაული ხელნაწერების კვალს ვერსად მიაგნეს და ჯაჭვი ზინაიდა შკალოვსკაიაზე გაწყდა.

კონტრაბანდისტის მონათხრობი

ძველებრაულ ხელნაწერთა ძებნის ღონისძიებებიდან გამომდინარე, გაიცა ბრძანება, რომ ყველა საზღვრის გამშვებ პუნქტზე უმკაცრესად გაეკონტროლებინათ ქაღალდებისგან შემდგარი ბარგი და კონტროლი ისე გამკაცრდა, რომ შეუმოწმებლად ფურცლის ნაგლეჯსაც კი ვერ გაიტანდი. მიუხედავად ამისა, დაკარგული ხელნაწერების აღმოჩენა მაინც ვერ მოხერხდა.

1971 წლის მაისში ზემო აჭარის თურქეთთან მოსაზღვრე ერთ-ერთ სოფელში უშიშროებამ იბრაჰიმ ნემსაძე დააკავა, რომელიც რადიომართვადი, ასაწყობი სათამაშო თვითმფრინავის მეშვეობით თურქეთის ტერიტორიაზე ღამით ოქროს სამკაულებს გზავნიდა. რადიომართვად მოწყობილობას სპეციალური ყუთი ჰქონდა, რომელიც ჰერმეტულად იკეტებოდა და 10 კილოგრამი ტვირთის გადაზიდვა შეეძლო. ის 25 მეტრის სიმაღლეზე ადიოდა და 1 500 მეტრ მანძილზე გადაადგილდებოდა. როგორც შემდგომ გაირკვა, იბრაჰიმ ნემსაძე უკვე 2 წლის განმავლობაში ახორციელებდა ამ სახის კონტრაბანდას. მისი თქმით, 1969 წელს ამ გზით ვინმე უშანგი ხურციძეს გადაატანინა საზღვარზე, დაახლოებით, 10 კილოგრამამდე ქაღალდი და სწორედ ხურციძემ დაუტოვა მას ეს მოწყობილობა. ხურციძე კი სინამდვილეში იაკობ ფიჩხაძე აღმოჩნდა, ეროვნებით ებრაელი, რომელიც ერთი წლის წინ გაემგზავრა ისრაელში და უკვე იქ იყო დამკვიდრებული. უშიშროებამ ივარაუდა, რომ სწორედ ასეთი ორიგინალური მეთოდით გადაიტანეს საზღვარზე ძველებრაული ხელნაწერები და მათი დაბრუნების შანსი აღარ არსებობდა.

კონტრაბანდისტი იბრაჰიმ ნემსაძეს 15-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს და ამ საქმეს აქ დაესვა წერტილი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი