კრიმინალური ისტორიები

რას წარმოადგენდა ამერიკული სპეცოპერაცია, სახელწოდებით „ბადე“

№47

ავტორი: ნიკა ლაშაური 18:00

როგორ გაშიფრეს მკვლელი -
tbiliselebi.ge
დაკოპირებულია

ზოგიერთი მთავარი გმირის ვინაობა შეცვლილია და მათი ვინმესთან მსგავსება შემთხვევითია, რისთვისაც ბოდიშს გიხდით.

უნაკლო კუპიურები

1990 წლის მაისში ამერიკის შეერთებული შტატების ერთ-ერთ ბანკში ორი ცალი აბსოლუტურად ერთნაირი ასდოლარიანი კუპიურა შეიტანეს. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ ერთ-ერთი მათგანი, როგორც მინიმუმ, ყალბი იყო. ექსპერტიზამ მათი სიყალბე ვერ დაადგინა. აქედან გამომდინარე, აშკარა იყო, რომ ვიღაც უნაკლო დოლარებს ბეჭდავდა. როგორც ეს ამერიკული კანონმდებლობითაა გათვალისწინებული, საქმე ამერიკის პრეზიდენტის უსაფრთხოების სამსახურს გადაეცა და გამოძიება მათ დაიწყეს. ვიდეოკამარების შემოწმების შედეგად დადგინდა პიროვნება, ვინც ბანკში ერთ-ერთი უნაკლო ასდოლარიანი მიიტანა. ეს ადამიანი დიანა კოჭლამაზაშვილი აღმოჩნდა. 34 წლის ქალბატონი საქართველოდან ორი კვირის ჩასული იყო ამერიკაში. დაკითხვაზე კოჭლამაზაშვილმა თქვა, რომ კუპიურები მან თბილისში შეიძინა და სავალუტო ჯიხურის მისამართიც მიუთითა. ქალი გაუშვეს. უსაფრთხოების სამსახურის თანაშმრომლები კი კუპიურების კვალს მიჰყვნენ და სპეციალური ჯგუფი საქართველოს დედაქალაქში ჩავიდა.

ოპერაცია „ბადე“

თბილისში მივლინებული ამერიკელი სპეცაგენტები ოპერაცია „ბადის“ განხორციელებას შეუდგნენ, რომელიც ვაშინგტონში დაიგეგმა, თბილისში კი მას სხვადასხვა დეტალები შეემატა. კოჭლამაზაშვილის მიერ მითითებულ სავალუტო ჯიხური აღმაშენებლის (ყოფილი პლეხანოვის) გამზირზე მდებარეობდა. სპეცაგენტებმა იქ მომუშავეების შესწავლასა და თვალთვალს მიჰყვეს ხელი. ერთ-ერთი ვერსიით, შესაძლებელი იყო, რომ ყალბი ფულის მწარმოებელი ამ ჯიხურში მომუშავეებთან იყო დაკავშირებული. თუმცა, იმისი დიდი ალბათობაც არსებობდა, რომ იქ კუპიურა შემთხვევით მოხვდა. ამერიკელებს გაუმართლათ. ყალბი ფულის მწარმოებელი თავის მიერ დაბეჭდილ კუპიურებს ამ ჯიხურიდანაც ავრცელებდა, ისევე, როგორც სხვა ჯიხურებიდან. თუმცა არცერთ ჯიხურში მომუშავემ ამის თაობაზე არაფერი იცოდა. ჯიხურებში მოწმდებოდა კუპიურები მარტივი ელექტრონული მოწყობილობით და მხოლოდ ამის მერე ყიდულობდნენ დოლარებს. ჯიხურის თანამშრომლები როგორ აღმოაჩენდნენ ყალბ კუპიურებს, თუ ესუმაღლესი კატეგორიის ამერიკელმა ექსპერტებმა ვერ მოახერხეს. ამერიკელმა სპეცაგენტებმა ზუსტად ივარაუდეს, რომ ყალბი დოლარების მბეჭდავი ზურაბ ქურხული იყო. მას კუდზე დაასხდნენ და როდესაც მის კერძო სახლში ფარული ჩხრეკა ჩაატარეს, ყალბი ფულების საბეჭდი დაზგა და ყველა საჭირო ატრიბუტიკა აღმოაჩინეს. ნიშანდობლივი ფაქტია, რომ ამერიკელი სპეცაგენტები მხოლოდ და მხოლოდ ავტონომიურად მოქმედებდნენ, მაშინდელი საქართველოს ოფიციალურ სახელმწიფო სტრუქტურებთან ყოველგვარი შეთანხმების გარეშე.

უნიკალური ბოროტმოქმედი

ზურაბ ქურხული 34 წლის იყო. მისი მშობლები უკვე გარდაცვლილები იყვნენ, ცოლ-შვილი არ ჰყავდა და ის ლოტკინის გორაზე მარტო ცხოვრობდა. ზურაბს უმაღლესი განათლება არ ჰქონდა მიღებული, საშუალოც კი არ დაუმთავრებია, მან რვა კლასის ატესტატი აიღო და პოლიგრაფიული ტექნიკუმის მხოლოდ ორი კურსი გაიარა, სრულად ისიც არ დაუმთავრებია. ქურხული თბილისის ერთ-ერთ ქარხანაში მუშად მუშაობდა. როგორც გაირკვა, ზურაბმა სწორედ ამ ქარხნიდან მოპარული დეტალებისგან ააწყო ფულის საბეჭდი დაზგა. საღებავებსა და ქაღალდს, ასევე, კუპიურებისთვის საჭირო სხვა მასალებს კი ყიდულობდა. ამერიკელებმა ზურაბის სახლიდან სარეალიზაციოდ დამზადებული 780 ათასი ამერიკული დოლარი, ფულის საბეჭდი დაზგა და ყველა სხვა მასალა ამოიღეს. ყოველივე ეს მიკროავტობუსში გადაიტანეს და ამერიკულ თვითმფრინავში ჩატვირთეს, რომელიც არ მოწმდებოდა. სპეცაგენტებმა, რა თქმა უნდა, თავად თვითნასწავლი ბოროტმოქმედიც თან წაიყოლეს. ქურხული იმდენად ნიჭიერი პიროვნება იყო, რომ ქართულისა და რუსულის გარდა, შესანიშნავად ფლობდა ინგლისურ, გერმანულ და ფრანგულ ენებსაც, რომლებიც თავად, ყოველგვარი დახმარების გარეშე შეისწავლა. ყველაზე საინტერესო კი ისაა, რომ როდესაც ზურაბ ქურხული სტამბოლში გადააფრინეს, რათა იქიდან ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩაეყვანათ, ის თვითმფრინავიდან უკვალოდ გაქრა. ორი სპეცაგენტი კი, რომლებიც მას დარაჯობდნენ, გათიშულები და ხელბორკილებით ერთმანეთზე გადაბმული იპოვს. ქურხულზე ტოტალური ძებნა გამოცხადდა. მხოლოდ ამ ინციდენტის მერე ჩააყენეს ამერიკელებმა საქმის კურსში საქართველოს შესაბამისი სტრუქტურები. თუმცა, ქურხულის კვალს ვერსად მიაგნეს და ის დღემდე ძებნაშია.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №47

3–9 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი