კრიმინალური ისტორიები

რას სჩადიოდნენ ოკუპირებულ გერმანიაში მოროდიორი საბჭოთა გენერლები

№51

ავტორი: ნიკა ლაშაური 18:00 28.12, 2023 წელი

როგორ გაშიფრეს მკვლელი -
tbiliselebi.ge
დაკოპირებულია

ზოგიერთი მთავარი გმირის ვინაობა შეცვლილია და მათი ვინმესთან მსგავსება შემთხვევითია, რისთვისაც ბოდიშს გიხდით.

ბერლინის კომენდანტი

გენერალი ნიკოლაი ბერზარინი დიდი მხედარმთავრობით არასოდეს გამოირჩეოდა თავისი მოროდიორი კოლეგებისგან და მისი მთავარი „დამსახურება“ ის იყო, რომ ოკუპირებული ბერლინის კომენდანტად პირადად მარშალმა ჟუკოვმა გაამწესა. ეს არც იყო გასაკვირი, რადგან ბერლინის კომენდანტი საბჭოთა გენერალი ჟუკოვის მთავარი მომმარაგებელი იყო. ის ეშელონებით გზავნიდა გერმანიაში ნაძარცვ ქონებას საბჭოთა კავშირში. ბერზარინი სტალინის ერთ-ერთ, ეგრეთ წოდებულ, ცათამბჯენში, შვიდოთახიან ბინაში ცხოვრობდა, კოტელნიჩის სანაპიროზე. მისი ფეშენებელური და აურაცხელი ქონებით სავსე ბინა მეათე სართულზე მდებარეობდა. მისი ბინის კარი კი ორმაგი, უჟანგავი ფოლადისგან იყო ჩამოსხმული. რაც იმ პერიოდში სიახლეს წარმოადგენდა. მოროდიორმა გენერალმა ესეც არ იკმარა და მისი ბინის წინ დღე და ღამე ორი შეიარაღებული ოფიცერი მორიგეობდა. ერთი სიტყვით, ბერზარინს გაძარცვის ეშინოდა და თავის ხელქვეითებს არადანიშნულებისამებრ იყენებდა.

ძარცვა

კოტელნიჩის სანაპიროზე მდებარე ცათამბჯენს რამდენიმე იზოლირებული ასასვლელი ჰქონდა და ბერზარინის ფეშენებელურ ბინას სქელი კედლით მხოლოდ მეორე სადარბაზოში მცხოვრების, გრიგორი ალექსანდროვის ბინა ესაზღვრებოდა. მაისის ერთ დილას გრიგორი ალექსანდროვის სადარბაზოში ოთხი უნიფორმიანი მუშა შევიდა. მათ სარემონტო აღჭურვილობები ჰქონდათ და ვახტიორს განუცხადეს, რომ რეჟისორის ბინაში რემონტი უნდა დაეწყოთ. იმ პერიოდში ბინის პატრონი გადაღებებზე იმყოფებოდა შავი ზღვისპირეთში. ვახტიორმა დაუბრკოლებლად გაატარა მოსულები, რადგან რეჟისორმა წინასწარ გააფრთხილა ქალი, რომ მის ბინაში ხელოსნები უნდა მისულიყვნენ. მუშები ბინაში დილის 10 საათზე შევიდნენ და იქიდან დღის 2 საათზე გამოვიდნენ. ვახტიორს კი უთხრეს, რომ შესვენებაზე მიდიოდნენ და 1 საათში დაბრუნდებოდნენ. თუმცა, უკან აღარ მობრუნებულან. ვახტიორი დაეჭვდა. ალექსანდროვის ბინას მიადგა და გაოგნდა. კარი ღია იყო, ბინაში კი მტვერი იდგა. ვახტიორმა მილიცია გამოიძახა და გამომძიებლებმა ბინაში უზარმაზარი ნახვრეტი აღმოაჩინეს, რომელიც ბერზარინის ბინაში გადიოდა. გენერალი სასწრაფოდ გამოიძახეს და გაირკვა, რომ ბერლინის ყოფილი კომენდანტის სახლი პირწმინდად იყო გაძარცვული.

კვალი

ბერზარინი გიჟს ჰგავდა. მოროდიორი გენერალი დაცვას განურისხდა. როგორც ლოგიკიდან გამომდინარეობდა, კართან მდგომ ოფიცრებს კედლის გახვრეტის ხმა უნდა გაეგოთ. მაგრამ ორივე ერთხმად ამტკიცებდა, რომ მსგავსი არაფერი გაუგიათ. გამომძიებლები ვერ ხვდებოდნენ, თუ როგორ გაანგრიეს კედელი უხმაუროდ. არადა, ეს უცილობელი ფაქტი იყო. მხოლოდ იმის დადგენა მოხერხდა, როგორ გაიტანეს მძარცველებმა ბინიდან აურაცხელი ანტიკვარიატები ასე შეუმჩნევლად. მოწმეების გამოკითხვამ ცხადყო, რომ მძარცველებმა ნივთები ტროსებით ჩაუშვეს ქუჩაში და ეს მოქმედება ფასადის შეკეთებით იყო შენიღბული. თუმცა, ვერცერთმა მოწმემ ვერ შეძლო ბოროტმოქმედთა ფოტორობოტის ზუსტი აღწერა. გაირკვა ისიც, რომ ნაძარცვი ნივთები მათ ამერიკული სატვირთო მანქანა „სტუდებეკერით“ გაურკვეველი მიმართულებით წაიღეს. მანქანა მეორე დღეს მდინარე იაუზის სანაპიროზე აღმოაჩინეს. დადგინდა, რომ ის მოპარული იყო და მოსკოვის ¹9 ავტობაზას ეკუთვნოდა. კვალმა ძალოვნები მანქანის მძღოლთან მიიყვანა. თუმცა მისმა დაკითხვამ შედეგი ვერ გამოიღო და სასტიკად ნაწამები მძღოლი გაათავისუფლეს.

20 წლის შემდეგ

ბერზარინის ბინიდან წაღებული ქონების ზუსტი აღწერილობა გამომძიებლებს არ ჰქონდათ. მოროდიორმა გენერალმა არ ისურვა ძვირფასეულობისა და ანტიკვარიატის ნუსხის შედგენა, რაც არც მას მოუტანდა ხეირს და ეს საქმე თაროზე შემოიდო. 20 წლის შემდეგ, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში გაიქცა ბერზარინის მოსამსახურე ქალის (იმ პერიოდში ვარვარა კრასნოვა უკვე გარდაცვლილი იყო), ვარვარა კრასნოვას ქალიშვილი, ოლინკა და სენსაციური ინტერვიუ მისცა ადგილობრივ ტელევიზიას. ოლგა კრასნოვამ აბსოლუტურად ზუსტად აღწერა ბერზარინის ბინაში არსებული ანტკვარიატისა და ძვირფასი ნივთების ნუსხა და რამდენიმე ფოტოსურათიც წარმოადგინა. ჟურნალისტებმა კი გაარკვიეს, რომ ნივთების ნაწილი იმჟამად ბონის მუზეუმში იყო გამოფენილი. ატყდა სკანდალი. დაიწყო ჟურნალისტური გამოძიება და კვალმა ჟურნალისტები დასავლეთ გერმანულ დაზვერვასთან მიიყვანა. დიდი ალბათობით, ეს ძარცვა ამ უწყების მიერ იყო განხრციელებული და კედლის გასანგრევად უხმო, მაღალტექნოლოგიური ინსტრუმენტები გამოიყენეს. ყველაზე იდუმალი კი ამ საქმეში ძარცვის მოტივი იყო. რადგან დაზვერვა რიგითი კრიმინალით არასდროს იყო დაკავებული და რადგან ასეთ საქმეზე მოაწერეს ხელი, ესე იგი, სათანადო მიზეზიც ჰქონდათ. უკვე ოცდამეერთე საუკუნის დასაწყისში გავრცელდა ხმა, რომ ბერზარინის ბინაში მდებარე ერთ-ერთ ანტიკვარულ კომოდის ერთ-ერთი ორფსკერიან უჯრაში „რაიხსბანკის“ მიერ შვეიცარიაში შენახული სიმდიდრის ადგილსამყოფელი და კოდები იყო გადამალული. და, რადგან მათ არ იცოდნენ, რომელში, ბინიდან მთელი ანტიკვარული ავეჯი გაიტანეს, თან კვალის ასაბნევად ძვირფასეულობაც წააყოლეს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №30

22-28 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული