კრიმინალური ისტორიები

რას ნიშნავდა „კაწინკა“ და როგორ გაშიფრა ის კონტრდაზვერვამ

№46

ავტორი: ნიკა ლაშაური 18:00 21.11

როგორ გაშიფრეს მკვლელი -
tbiliselebi.ge
დაკოპირებულია

ზოგიერთი მთავარი გმირის ვინაობა შეცვლილია და მათი ვინმესთან მსგავსება შემთხვევითია, რისთვისაც ბოდიშს გიხდით.

გაქცევა

თბილისის მისადგომებთან ისევ გრძელდებოდა ბრძოლები, „წითელი არმია“ ჯერ კიდევ არ იყო შემოსული საქართველოს დედაქალაქში, რომ ცნობილი ვაჭარი რუზგენ კარაპეტოვი საფრანგეთში გაიქცა. მან თავისი ქონების დარჩენილი ნაწილი პატარა სკივრში შეინახა და გაქუსლა... თუმცა, კარაპეტოვი ქართულმა გვარდიამ ბათუმში დაიჭირა და სკივრში მოთავსებული ძვირფასეულობის ექსპროპრიაცია მოახდინა. ვაჭარი კი ცარიელ-ტარიელი ავიდა გემზე და თურქეთის გავლით საფრანგეთში გაემგზავრა. პარიზში ვაჭარმა ერთოთახიანი ბინა იქირავა და ცოლ-შვილთან ერთად იქ ცხოვრობდა. თან გროშები ჰქონდა დარჩენილი და სულ იმის ცდაში იყო, რომ თბილისში დაბრუნებულიყო. 1922 წელს ვაჭარმა მოახერხა საქართველოს დედაქალაქში ინკოგნიტოდ ჩამოსვლა. მაგრამ „ჩეკამ“ ის გაშიფრა, დააპატიმრა და ციხეში ჩასვა. რუზგენი ყოველმხრივ ცდილობდა თავის დაძვრენას და „ჩეკისტებს“ აურაცხელ სიმდიდრეს ჰპირდებოდა თავისუფლების სანაცვლოდ. თუმცა, არც სიმდიდრის ტიპს ასახელებდა და არც მის ღირებულებას. კარაპეტოვი იმეორებდა: მთელი საიდუმლო „კაწინკაშია“, რომელიც ჩემს სამალავშია შენახულიო... ვაჭრის დაკითხვის ოქმში აბსოლუტური სიზუსტით იყო დაფიქსირებული მისი სიტყვები, თუმცა არაფერი იყო დაკონკრეტებული და არც ის იყო ცნობილი, თუ რას ნიშნავდა „კაწინკა“. კარაპეტოვმა ერთ-ერთი „ჩეკისტური“ დაკითხვის დროს განუტევა სული. მის მიერ ნათქვამი სიტყვების არსს ვერავინ ჩასწვდა. ტყუილად მიიჩნიეს. საქმე კი დაიხურა და არქივს გადაეცა.

40 წლის შემდეგ

1962 წლის მაისში თბილისში ფრანგ ტურისტთა დელეგაცია ჩამოვიდა. როგორც ხდებოდა ხოლმე, მათ დოსიებს კონტრდაზვერვა „დააჯდა“ და მოულოდნელად აღმოჩნდა, რომ ერთ-ერთი ტურისტი, 52 წლის ოვანეს კარაპეტოვი, რუზგენ კარაპეტოვის ერთადერთი ვაჟი იყო. ფრანგ ტურისტს, ჩვეულებისამებრ, მეთვალყურეები მიუჩინეს. სასტუმრო „ივერიაში“ მის ნომერ-ლუქსს კი სპეცსამსახურები ისმენდნენ. ოვანეს კარაპეტოვი ყოველდღე, დილით ადრე გადიოდა სასტუმროდან და სოლოლაკში, ძველი თბილისის ქუჩებში სეირნობდა. სახლებს სურათებს უღებდა „კოდაკის“ აპარატით და გამზადებულ ფოტოებსაც იქვე იღებდა. კონტრმზვერავებმა გაარკვიეს, რომ ოვანეს კარაპეტოვი ყოველდღე უტრიალებდა იმ სახლს, სადაც რევოლუციამდე მამამისი, ვაჭარი რუზგენ კარაპეტოვი ცხოვრობდა. აშკარა იყო, რომ ვაჭრის შვილი რაღაცის მოსაძებნად იყო ჩამოსული, მაგრამ რას ეძებდა, გაუგებარი იყო. კონტრმზვერავებმა არქივიდან გამოითხოვეს ძველი საქმე. შეისწავლეს და თვალში მოხვდათ იდუმალი „კაწინკა“, რომელზეც რუზგენ კარაპეტოვი ამბობდა, მთელი საიდუმლო „კაწინკაშიაო“. კონტრმზვერავებმა „კაწინკას“ ვინაობის დადგენა დაიწყეს და ერთ-ერთი ვერსიით, ივარაუდეს, რომ ოვანეს კარაპეტოვი მეფისდროინდელ ასმანეთიან კუპიურას ეძებდა, რომელზეც იმპერატრიცა ეკატერინე მეორე იყო გამოსახული. ამ კუპიურას ხალხში „კაწინკას“ უწოდებდნენ.

– ესე იგი, ტურისტი ასმანეთიან კუპიურას ეძებს, რომელშიც რაღაც საიდუმლო იმალება და უნდა შევიტყოთ, რა საიდუმლოა ეს, – თქვა გენერალმა და დაამატა, – სავარაუდოდ, ეს კუპიურა იმ სახლშია შენახული, სადაც კარაპეტოვი ცხოვრობდა.

კონტრმზვერავებმა კარაპეტოვის ყოფილი ბინის იმჟამინდელ მცხოვრებლებს ჩხრეკის უფლება სთხოვეს და ერთ-ერთ კედელში აღმოაჩინეს ყუთი, რომელშიც „კაწინკა“ იყო მოთავსებული. კონტრმზვერავებმა კუპიურა ყალბით შეცვალეს. ყუთი უკან დააბრუნეს. სახლის პატრონები გააფრთხილეს, რომ სიტყვა არავისთან დაეძრათ და სახლს თვალთვალი დაუწყეს.

„კაწინკას“ საიდუმლო

კარაპეტოვების ყოფილ ბინაში ხანში შესული ცოლ-ქმარი ცხოვრობდა. ერთ დღეს ოვანეს კარაპეტოვი დაუდარაჯდა მათ და როდესაც ისინი სასეირნოდ გავიდნენ, ტურისტი მათ ბინაში შევიდა და 15 წუთის მერე გამოვიდა. ისინი დარწმუნებული იყვნენ, რომ ტურისტმა სამალავიდან „კაწინკა“ ამოიღო და ეს დადასტურდა კიდეც, როცა კონტრმზვერავებმა სამალავი შეამოწმეს. ოვანესი ორი დღის შემდეგ სამშობლოში გაემგზავრა. მას უკვე საბჭოთა მზვერავები ასხდნენ კუდზე. იმავე დღეს კარაპეტოვი შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში ჩავიდა და ერთ-ერთ ბანკს ეწვია. თუმცა, ერთი საათის მერე კუდამოძუებული, ნირწამხდარი გამოვიდა იქიდან. უკვე აშკარა იყო, რომ „კაწინკას“ წარმდგენს წვდომა ჰქონდა სეიფთან, რომელშიც ოვანესის მამამ, რუზგენმა თავისი ძირითადი ქონება შეინახა და სწორედ ამ ქონებით ცდილობდა ის „ჩეკასგან“ თავის დაღწევას. საბჭოთა წარმომადგენელმა ბანკში ნამდვილი „კაწინკა“ წარადგინა და იდენტიფიცირების შემდეგ სეიფიდან 2 მილიონი მანეთის ღირებულების ოქრო და ძვირფასი ქვები ამოიღეს, რომელიც რუზგენ კარაპეტოვმა შეინახა და რაც საბჭოთა მთავრობის კუთვნილება გახდა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №48

25 ნოემბერი – 2 დეკემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა