კრიმინალური ისტორიები

რამ გამოიწვია მასობრივი ხოცვა-ჟლეტა „შავ სამყაროში“

№20

ავტორი: ნიკა ლაშაური 18:00 23.05

როგორ გაშიფრეს მკვლელი -
tbiliselebi.ge
დაკოპირებულია

ზოგიერთი მთავარი გმირის ვინაობა შეცვლილია და მათი ვინმესთან მსგავსება შემთხვევითია, რისთვისაც ბოდიშს გიხდით.

გაქცევა

1970 წლის 25 თებერვალს ურალის მკაცრი რეჟიმის შრომა-გასწრების კოლონიიდან 39 წლის რეციდივისტი უშანგი კვირიკაძე გაიქცა. ის ინკასატორის გაძარცვის გამო იხდიდა 12-წლიან სასჯელს და ციხეში ძარცვა-ყაჩაღობისთვის, საერთო ჯამში, 21 წელი ჰქონდა გატარებული. კვირიკაძემ ტყის დამზადების სექტორიდან ბადრაგის კუთვნილი ავტომატი და ყველგანმავალი („ვეზძეხოდი“) ტრაქტორი გაიტაცა და უღრანი ტაიგისკენ გაიჭრა. მიუხედავად იმისა, რომ გაქცეულის მოსაძებნად სპეციალური ჯგუფები ჩაერთნენ, მათ შორის ორი ვერტმფრენიც, კვირიკაძე მაინც ვერ მოიხელთეს. ყველგანმავალი კი გაქცევის ადგილიდან 25 კილომეტრში მიტოვებული აღმოაჩინეს. როგორც მოგვიანებით დადგინდა, გაქცეულმა რეციდივისტმა კატერით გააგრძელა გზა მდინარე ურალზე და ამგვარად დაუსხლტა ხელიდან მდევარს. აშკარა იყო, რომ კვირიკაძის გაქცევა წინასწარ კარგად იყო დაგეგმილი და მას დამხმარე ჰყავდა. თუმცა, მისი დამხმარის ვინაობის დადგენა ვერ მოხერხდა.

თავზეხელაღებული

რეციდივისტი კვირიკაძე ინტელიგენტთა ოჯახიდან იყო. ბებია და ბაბუა ექიმები ჰყავდა, დედ-მამა კი მათემატიკოსები. თავად უშანგს კი სკოლა ვერცხლის მედალზე ჰქონდა დამთავრებული და სწორედ ამის გამო დაადგა ის ბოროტმოქმედების გზას. კვირიკაძე ოქროს მედლის უპირობო კანდიდატი იყო, თუმცა, მას მხოლოდ ვერცხლი აკმარეს. ოქრო კი მის პარალელურ კლასელ გოგონას მისცეს, რომელიც პარტიული ფუნქციონრის შვილი იყო და სწავლა-განათლებით ახლოსაც კი ვერ მოვიდოდა კვირიკაძესთან. იმ პერიოდში კი ოქროს მედალზე კვოტა იყო დაწესებული. ერთ სკოლაზე მხოლოდ ერთი ოქრო გაიცემოდა. ამ შემთხვევამ უშანგს გული აუცრუა მთავრობაზე და გადაწყვიტა, შური ეძია. ამიტომ 1948 წლის ნოემბერში 17 წლის უშანგ კვირიკაძემ თბილისის ერთ-ერთი საფოსტო განყოფილებიდან დანის მუქარით 280 მანეთი გაიტაცა. მაგრამ ის მალევე დააპატიმრეს და 10-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, პირობითად, რადგან არასრულწლოვანი იყო. თუმცა, სულ რაღაც 6 თვის შემდეგ, უკვე სრულწლოვანმა და „ტეტეს“ სისტემის პისტოლეტით შეიარაღებულმა კვირიკაძემ თბილისის ერთ–ერთი პროფესიული ტექნიკუმის მოლარე გაძარცვა, 3 ათასი მანეთი გაიტაცა, ის მცხეთაში დააპატიმრეს და 10 წლით ურალში გაამწესეს. მან იქ 6 წელი გაატარა და 1954 წელს, დროზე ადრე დაბრუნდა სახლში, თუმცა მას უკვე თავზეხელაღებულის რეპუტაცია ჰქონდა და კიდევ ორჯერ გაასამართლეს. ურალიდან გაქცევისას კვირიკაძე უკვე მეხუთედ იყო მსჯავრდებული და პენიტენციარულ დაწესებულებაში მეოთხე „სროკს“ იხდიდა.

ვერაგული კომბინაცია

უშანგ კვირიკაძეს მეუღლე ჰყავდა, შორენა ტაბიძე, რომელიც სულ რაღაც 22 წლის, მასზე 17 წლით უმცროსი იყო და ციხეში ბოლო ჩაჯდომამდე 6 თვით ადრე მოიყვანა. შორენა, ასევე, ინტელიგენტური ოჯახიდან იყო, ძალიან ლამაზი და მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ ვერ უბედავდნენ მას ხელის თხოვნას, რომ რეციდივისტის შეყვარებული იყო. უშანგს კი კანონიერი ქურდებიც კი უფრთხოდნენ და მასთან კონფლიქტს ერიდებოდნენ. უშანგის ციხიდან გაქცევის მიზეზი კი, როგორც მოგვიანებით დადგინდა, ის იყო, რომ ციხეში მას „ქსივა“ მიუვიდა, რომელშიც მისი ერთადერთი მეგობარი, ვანო კაშია ატყობინებდა, რომ მის მეუღლესთან საქმე ჯემალ ქურთიშვილმა დაიჭირა. ჯემალი კრიმინალური ავტორიტეტი იყო და „შავ სამყაროში“ „იაგოს“ მეტსახელით იყო ცნობილი. ამასთან, „იაგოს“ მექალთანის რეპუტაციაც ჰქონდა. კაშიას უშანგისთვის ციხიდან გაქცევის დაწვრილებითი გეგმა ჰქონდა შეთავაზებული და კვირიკაძემ სწორედ ამ გეგმის მიხედვით მოახერხა გაქცევა. თუმცა, თავად კაშია იქ არ ყოფილა. მის ნაცვლად მდინარე ურალზე კატერით ორი უცნობი დახვდა და სწორედ მათ ჩამოიყვანეს თბილისში. შემდგომ კი მოვლენები ტრაგიკულად განვითარდა: თავზეხელეღებულმა რეციდივისტმა ყოველგვარი გარკვევის გარეშე თავისი მეუღლე ქუჩაში დანით დაჩეხა, იმ დროს, როდესაც გოგონა მაღაზიაში მიდიოდა. შემდგომ კი „იაგოს“ ჩაუსაფრდა, მისსავე ეზოში „ტეტეს“ სისტემის პისტოლეტიდან ჩაცხრილა და გაურკვეველი მიმართულებით მიიმალა. იმავე დღეს საქართველოს ყველა რაიონის მილიცია დადგა ფეხზე და გამძვინვარებული რეციდივისტის ტოტალურ ძებნას შეუდგა. ამის პარალელურად კი, „იაგოს“ კლანის წევრებმა კვირიკაძეს კლანის წევრებზე დაიწყეს ნადირობა და მათი ხოცვა. უშანგი კვირიკაძე კი სულ რაღაც 24 საათის შემდეგ ლოტკინზე მოიხელთა მილიციამ და ურთიერთსროლამ თავად კვირიკაძე და 2 მილიციელი შეიწირა.

საქმე კი ასე იყო: კვირიკაძის საუკეთესო მეგობარი, კაშია მილიციამ გადაიბირა და მთელი ეს ვერაგული კომბინაცია შინაგან საქმეთა სამინისტრომ მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ განახორციელა, რომ „შავ სამყაროში“ განხეთქილება შეეტანა და საშიში ბოროტმოქმედები ერთმანეთის ხელით მოეშორებინათ. მათი ნაწილი კი გადაებირებინათ ან სამუდამოდ დაეშინებინათ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №27

1–7 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული