რა წერილი მისწერა 30 წლის ქართველმა მეცნიერების დორქტორმა ხრუშჩოვს
ავტორი: ნიკა ლაშაური 18:00
ზოგიერთი მთავარი გმირის ვინაობა შეცვლილია და მათი ვინმესთან მსგავსება შემთხვევითია, რისთვისაც ბოდიშს გიხდით.
პროტესტანტი
ვარლამ ქავთარაძე მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორი იყო და თავის პროფესიაში მას ბადალი არ ჰყავდა არა მხოლოდ საბჭოთა კვაშირში, არამედ მთელ მსოფლიოშიც. ჯერ კიდევ 21 წლის იყო ვარლამი, როდესაც მის სადიპლომო ნაშრომს მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი მიენიჭა და ბროშურად გამოიცა. 1955 წელს კი 29 წლის ქავთარაძემ მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი მიიღო. ვარლამ ქავთარაძე თბილისში იყო დაბადებული და გაზრილი. სკოლის დამთავრების შემდეგ კი მოსკოვში გაემგზავრა. უმაღლესი განათლება და ყველა სამეცნიერო ხარისხი იქ მიიღო და მინერალოგიის ინსტიტუტში მოეწყო სამუშაოდ. იქ ვარლამი განყოფილებას ხელმძღვანელობდა. იმავდროულად ლექციებსაც კითხულობდა მინერალოგიის კათედრაზე. ვარლამი 1926 წლის 9 მარტს იყო დაბადებული. სწორედ იმ დღეს, როდესაც თბილისში „წითელმა არმიამ“ პროტესტანტი მოქალაქეები დახოცა, რომლებიც სტალინის სახელის დასაცავად იყვნენ გამოსულები, ვარლამს 30 წელი შეუსრულდა. ქავთარაძე თავის ბინაში ზეიმობდა ამ თარიღს. ამ დროს მას თბილისიდან მამიდამ დაურეკა და დაბადების დღე მიულოცა. იმავდროულად, თბილისში განხორციელებული ტრაგედიის ამბავიც აცნობა. ვარლამი პატრიოტი ქართველი იყო. სტალინის შეურაცხყოფა ეროვნული ღირსების შელახვად აღიქვა. 10 მარტს მან წერილი მისწერა ნიკიტა ხრუშჩოვს, სადაც მაშინდელი ცეკას გენერალურ მდივანს ქართველების გენოციდსა და სტალინის სახელის შებღაელვაში სდებდა ბრალს. ამასთან, ვარლამ ქავთარაძემ უზარმაზარი ტრანსფარანტი გააკეთა, რომელზეც ეწერა: „სასტიკად დაისაჯონ თბილისში განხორციელებული ქართველი ერის გენოციდში მონაწილე დამნაშავეები“. ამ ტრანსფარანტით ის მინერალოგიის ინსტიტუტის შესასვლელთან დადგა. სულ რაღაც ათიოდე წუთის შემდეგ ვარლამ ქავთარაძე „კაგებემ“ დააპატიმრა და მინერალოგიის ახალგაზრდა დოქტორი ლუბიანკაზე წაიყვანეს.
განაჩენი
მიუხედავად ყველაფრისა, ვარლამის დასაცავად ცნობილი საბჭოთა მეცნიერები და ხელოვანი ადამიანები იღვწოდნენ. მათ წერილი მისწერეს ხრუშჩოვს და სთხოვეს, რომ ქავთარაძისთვის პატიმრობა არ შეეფარდებინათ და თავდებში უდგებოდნენ მას. ხრუშჩოვიც არ იყო ამის წინააღმდეგი და ის, სავარაუდოდ, დააკმაყოფილებლდა კიდეც ცნობილი ადამიანების მოთხოვნას, მხოლოდ მას შემდეგ, თუკი 30 წლის ქართველი დოქტორი მონანიების წერილს დაწერდა იმავე ხრუშჩოვის სახელზე. მაგრამ ვარლამ ქავთარაძე კერკეტი კაკალი აღმოჩნდა. ის კვლავ თავის პოზიციაზე იდგა. მან წერილი მართლაც დაწერა, მაგრამ არა მონანიების, არამედ უფრო მკაცრი კრიტიკით გამოვიდა და კვლავ თბილისის ტრაგედიის მომწყობთა დასჯას მოითხოვდა. ამას უკვე აღარავინ აპატიებდა. ვარლამი სასწრაფოდ გაასამართლეს და ანტისაბჭოთა მოღვაწეობის ბრალდებით მას 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს მკაცრი რეჟიმის შრომა-გასწორების კოლონიაში. თავდაპირველად ვარლამი ლაფორტოვის ციხეში იყო გამომწყვდეული. ექვსი თვის შემდეგ კი ის ურალში გაამგზავრეს ეტაპით და „ზალატოი რუჩეის“ მკაცრი რეჟიმის კოლონიაში უკრეს თავი. იმ პერიოდში ურალში ჩვეულებრივზე უფრო დაბალი ტემპერატურა იდგა და ოქტომბერში ყინვები 28 გრადუსამდე ავიდა. „ზალატოი რუჩეის“ კოლონიის პატიმრებს შახტებში ამუშავებდნენ, სადაც ძვირფას ქვებს მოიპოვებდნენ. ვარლამს იქაურობა ჯერ კიდევ სტუდენტობის პერიოდში, პრაქტიკების დროს ჰქონდა მოვლილი და თითოეულ სანტიმეტრს კარგად იცნობდა. მეტიც, მას კანდიდატის ხარისხი ამ ტერიტორიის მინერალების რუკის შედგენაში მიანიჭეს და სწორედ ეს თემა წარმოადგენდა მის სადიპლომო ნამუშევარს.
გაქცევა
ვარლამ ქავთარაძე ბანაკში ჩასახლების პირველივე დღეს დაიბარა კოლონიის უფროსმა. ის გულდასმით გაეცნო მის პირად საქმეს და იცოდა თუ რა ძვირფასი პატიმარი მიიღო. კოლონიის უფროსმა უთხრა, რომ თუკი ის დაეხმარებოდა მას გეგმის შესრულებაში, ერთი მხრივ, რეჟიმს შეუმსუბუქებდა, მეორე მხრივ კი, შუამდგომლობით მიმართავდა ხელმძღვანელობას მისი ვადაზე ადრე გათავისუფლების საქმეში. ვარლამმა თანხმობა განუცხადა კოლონიის უფროსს და მეორე დღიდანვე შეუდგა მუშაობას. ქავთარაძეს მომპოვებელთა ბრიგადა ჩააბარეს და ვარლამი არა მარტო რუკებს ადგენდა, არამედ მაღაროში ფიზიკურადაც მუშაობდა. ვარლამის მოსვლის შემდეგ კოლონიამ სამჯერ გადააჭარბა მინერალების მოპოვების გეგმას. ეს მინერალი კი უმაღლესი ხარისხის ურალური ალმასი იყო. 6 თვე რომ გავიდა, ერთ-ერთი სამუშაო დღის შემდეგ ვარლამ ქავთარაძე მაღაროდან აღარ დაბრუნებულა. მას ძებნა დაუწყეს, მაგრამ ვერსად აღმოაჩინეს. ვარლამმა კი, რომელმაც საუცხოოდ იცოდა იქაურობა, ერთ-ერთი მიწისქვეშა მდინარის მეშვეობით თავი დააღწია ტყვეობას და თან წაიღო 6 თვის განმავლობაში მოპოვებული ალმასები, რომლებსაც ქავთარაძე მაღაროში მალავდა. ვარლამმა ჯერ იაპონიაში მოახერხა გაქცევა, იქიდან კი ამერიკაში ჩავიდა, თავშესაფარი ითხოვა და თავისი პროფესიით დაიწყო მუშაობა, პარალელურად, თან წაღებული ალმასები უზარმაზარ კაპიტალად აქცია და რეპრესირებულთა ფონდი ჩამოაყალიბა, რომელიც მათ მატერიალურად ეხმარებოდა. ამერიკის შეერთებულ შტატებში ვარლამი დაოჯახდა და ოცდამეერთე საუკუნის დასაწყისში ღრმად მოხუცებული ნიუ-იორკში გარდაიცვალა.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან