რა ტრიუკი დაუდგეს „კაგებეშნიკებმა“ თავის უწყებას
ავტორი: ნიკა ლაშაური 18:00 26.06

ზოგიერთი მთავარი გმირის ვინაობა შეცვლილია და მათი ვინმესთან მსგავსება შემთხვევითია, რისთვისაც ბოდიშს გიხდით
ლიცენზია
1990 წლის დეკემბერი იდგა და საბჭოთა კავშირი უკვე კატასტროფული ტემპით ირღვეოდა. საბჭოთა სახელმწიფოს ოქროს მარაგი თითქმის ნულამდე იყო დაყვანილი. ეს არც იყო გასაკვირი – რისი განიავებაც მიხეილ გორბაჩოვმა ვერ მოასწრო, „კაგებეს“ მაღალჩინოსნები ახერხებდნენ. საბჭოთა უშიშროების თანამდებობის პირებს კერძო ფირმებისა თუ სხვა ვითომ ოპერატიული საჭიროებისთვის, სახელმწიფო ბანკის საცავებიდან ნაღდი ოქრო გაჰქონდათ და საზღვარგარეთის სხვადასხვა ბანკებში ათავსებდნენ. ამისთვის კი საკმარისი იყო შესაბამისი ლიცენზიის აღება მინისტრთა საბჭოდან, რაც „კაგებეს“ მაღალჩინოსნებს ნამდვილად არ უჭირდათ. ყველაზე გავრცელებული მიზეზი კი, ეგრეთ წოდებული, ოპერატიული საჭიროება იყო. ანუ სპეცოპერაციების დასაფინანსებელი სახსრები, რაც აბსოლუტური სიცრუე იყო. ერთი ასეთი ლიცენზია 1990 წლის დეკემბერში გენერალ-მაიორმა ანტონ ზვიაგინცევმა მოიპოვა. მან „ოპერატიული საჭიროებისთვის“ ცენტრალური ბანკის საცავიდან ერთი ტონა 999 სინჯის ოქრო მიიღო.
მფრინავი ასი
გენერალ-მაიორი ანტონ ზვიაგინცევი „კაგებეს“ პირველი სამმართველოს, საგარეო დაზვერვის თანამშრომელი იყო და გასული საუკუნის 70-იან წლებში, როგორც აგენტი-არალეგალი, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში მოქმედებდა. ოფიციალურად კი ის მფრინავი ასი იყო და სამოქალაქო ავიაციაში მუშაობდა. საერთაშორისო აივახაზებზე დაფრინავდა და ძვირფას თანამშრომლად მიიჩნეოდა. 80-იანი წლების დასაწყისში კი ზვიაგინცევი მოსკოვში გამოიძახეს და „კაგებეს“ ცენტრალურ აპარატში გადაიყვანეს სამუშაოდ. 1990 წლის დეკემბერში ანტონ ზვიაგინცევი თავად მიუჯდა მცირე ზომის თვითმფრინავის შტურვალს, რომელიც ერთი ტონა ბაჯაღლო ოქროთი იყო დატვირთული და მოსკოვის აეროდრომიდან ჩრდილოეთისკენ აიღო გეზი, როგორც ეს საავიაციო საბუთებში იყო აღნიშნული. ზვიაგინცევს მეორე პილოტად მაიორი სოსო ბუკია და ბორტგამცილებლად ალი ბაბაევი ჰყავდა. თვითმფრინავის ბორტზე, აგრეთვე, იყვნენ გამცილებელ-დამხმარეები – „კაგებეს“ სპეცრაზმის 4 ოფიცერი. ორსაათიანი ფრენის შემდეგ ზვიაგენცევის მიერ მართული თვითმფრინავი მოულოდნელად რადარებიდან გაქრა.
გენერლის მონათხრობი
რადარებიდან თვითმფრინავის მოულოდნელმა გაუჩინარებამ „კაგებეს“ ხელმძღვანელობის მყისიერი რეაქცია გამოიწვია და მას ძებნა დაუწყეს. თვითმფრინავი მეორე დილით ირკუტსკის მახლობლად, ბაიკალის ტბის პირას, დათოვლილ მინდორზე აღმოაჩინეს. იქ არც ადამიანები ჩანდნენ, ერთი ტონა ოქრო კი გამქრალი იყო. იმავე დღეს ურალში, ტყის პირას გენერალ-მაიორი ანტონ ზვიაგინცევი და ოთხი ოფიცერ-გამცილებელი იპოვეს. ხუთივე ცოცხლები იყვნენ. ისინი მოსკოვში ჩაიყვანეს. ზვიაგინცევმა დეტალურად აღწერა, რაც მოხდა. თქვა, რომ ფრენის მეორე საათზე ბორტგამცილებელმა ალი ბაბაევმა და მეორე პილოტმა სოსო ბუკიამ დანარჩენი ხუთი ადამიანი აიძულა, პარაშუტით გადამხტარიყვნენ და ოქრო გაიტაცესო. გენერლის მონათხრობი ოთხივე გამცილებელმა დაადასტურა. მთელი „კაგებე“ ფეხზე დადგა. ტოტალურად იძებნებოდა ოქრო და მისი გამტაცებლები, თუმცა მათ კვალს ვერავინ მიაგნო.
ოქროს პირამიდა
გატაცებული ოქროს ძებნა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგაც გაგრძელდა. თუმცა, ვერც ოქრო აღმოაჩინეს და ვერც მისი გამტაცებლები. ანტონ ზვიაგინცევი კი 1993 წელს რუსეთიდან შვეიცარიაში გაემგზავრა. იმ პერიოდში მსოფლიო რადიკალურად იყო არეული. რუსეთი და პოსტ-საბჭოთა ქვეყნები კრიმინალურ ქაოსში იყვნენ ჩაბმული. სპეცსამსახურების ეფექტურობა კი საგრძნობლად იყო დაცემული. გატაცებულ ოქროსა და გამტაცებლებს უკვე ფორმალურად, მხოლოდ ქაღალდზე ეძებდნენ.
1997 წელს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში გაიხსნა ფირმა, სახელწოდებით – „ოქროს პირამიდა“. მისი მფლობელი შეერთებული შტატების მოქალაქე სტივენ როჯერსი იყო, თანამფლობელები კი – როჯერ ვაისმანი და ელვის ფერგიუსონი. როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი, ზემოხსენებული სახელების მიღმა გენერალ-მაიორი ანტონ ზვიაგინცევი, ალი ბაბაევი და სოსო ბუკია იმალებოდნენ. ამ სამეულმა გატაცებული ოქრო საქმეში ჩადეს, შემოსავლიანი ფირმა გახსნეს და წარმატებული ბიზნესმენები გახდნენ. ეს ოპერაცია სოსო ბუკიამ დაგეგმა. უკვე ორიათასიან წლებში კი ის საქართველოში იყო ჩამოსული და რამდენიმე პროექტი განახორციელა.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან