რა სპეცოპერაცია შეუსრულა „კაგებეს“ ქართველმა სუპერჯიბგირმა
ავტორი: ნიკა ლაშაური 18:00 22.05

ზოგიერთი მთავარი გმირის ვინაობა შეცვლილია და მათი ვინმესთან მსგავსება შემთხვევითია, რისთვისაც ბოდიშს გიხდით.
„კოლექციონერი“
პეტრე შარია თბილისელი სუპერჯიბგირი იყო. არ არსებობდა ადამიანი, ვისთვისაც პეტრე რამის მოპარვას ვერ მოახერხებდა ტანსაცმლიდან თუ სხეულიდან. შარია იყო ერთადერთი ქართველი ჯიბის ქურდი, რომელიც მილიციისთვის 10 წლის განმავლობაში უჩინარი რჩებოდა. თუმცა, თბილისში გახშირებულ ჯიბის ქურდობას მილიციის სამმართველოს ოპერები მუდმივად სდევნიდნენ და არა ერთი ვირტუოზი ჯიბგირი გაუშვიათ გისოსებს მიღმა. პეტრე კი მათთვის უცნობი ბოროტმოქმედი იყო. შარიას შესახებ არც მილიციამ იცოდა რამე და არც „შავმა სამყარომ“. პეტრე შარია, ეგრეთ წოდებული, „აძინოჩკა“ იყო. ის თბილისის ერთ-ერთ ძველ უბანში ცხოვრობდა და ჯიბგირობა 17 წლის ასაკში, ჯერ კიდევ სკოლაში სწავლისას დაიწყო. პეტრეს საათების მოპარვის დაუოკებელი ჟინი ჰქონდა. ის მოქალაქეებს სხვადასხვა მარკის საათებს პირდაპირ მაჯიდან ისე ოსტატურად ხსნიდა, რომ მსხვერპლი ვერაფერს იგებდა. თუმცა, სუპერჯიბგირი მოპარულ საათებს არ ყიდდა, არამედ სახლში ინახავდა. პეტრე შარია საათების კოლექციონერი იყო. როცა შარია დააპატიმრეს და მის ბინაში მილიცია ჩხრეკაზე მივიდა, სერვანტში 330 სხვადასხვა მარკის საათი აღმოაჩინეს. უმეტესი მათგანი უცხოური წარმოების, ცნობილი ფირმების ნაწარმი იყო. ხოლო, როდესაც ეს კოლექცია შეაფასეს, მისი ღირებულება მილიონ მანეთს აღწევდა. სუპერჯიბგირი, ძირითადად, „ინტურისტის“ ქსელის სასტუმროებში მოღვაწეობდა, სადაც საზღვარგარეთიდან ჩამოსული ტურისტები ცხოვრობდნენ. პეტრეს დაპატიმრება კი ტრაგიკომედიურ სიტუაციაში მოხდა. შემოდგომის ერთ თბილ დღეს პეტრე შარია „სანადიროდ“ რუსთაველის გამზირზე გავიდა. მან კარგად ჩაცმული შუა ხნის მამაკაცი შენიშნა, რომელიც დინჯად მიაბიჯებდა დედაქალაქის მთავარ გამზირზე და წარმოდგენაც არ ჰქონდა, რომ მას სუპერჯიბგირი აედევნა. პეტრეს ინტერესი კი იმ კაცისადმი იმან გამოიწვია, რომ „კარგად ჩაცმულს“ მარცხენა ხელზე „სეიკოს“ ფირმის, უახლესი მოდელის საათი ეკეთა. მამაკაცმა დინჯად გაიარა გამზირი და საბაგიროს შენობაში შევიდა ფუნიკულიორზე ასასვლელი ბილეთების შესაძენად. შარიამ დრო იხელთა, მამაკაცს გვერდით ამოუდგა და ვითომ შემთხვევით წაბორძიკდა და ხელი მოჰკიდა, რომ არ წაქცეულიყო. ერთი ხელის მოკიდება და „სეიკოს“ საათი უკვე ხელთ ჰქონდა. შარია ნადავლით სწრაფად გამობრუნდა უკან, მაგრამ ხუთიოდე ნაბიჯი რომ გადადგა, თბილისის მილიციის სამმართველოს ოპერების ხელში აღმოჩნდა. საქმე ის იყო, რომ მამაკაცი, ვისაც პეტრემ საათი მოჰპარა, ცნობილი ჯიბგირი, კარგად ცნობილი მალხაზ ცანავა იყო. მილიციელები სწორედ მას უთვალთვალებდნენ და ხელში კი პეტრე შარია შერჩათ.
სპეცოპერაცია
შემთხვევით დაპატიმრებულ პეტრე შარიას სასამართლომ 10 წლით აღუკვეთა თავისუფლება, რაც იმ პერიოდში უპრეცედენტო შემთხვევა იყო. საქმე კი იმან დაამძიმა, რომ სუპერჯიბგირს ბინაში საათების მილიონიანი კოლექცია აღმოუჩინეს. შარია თბილისის „კრიტში“ გაამწესეს. პატიმრებმა უკვე იცოდნენ მისი „გმირობების“ შესახებ და უცნობი კოლეგა გულთბილად მიიღეს, თუმცა უსაყვედურეს, რომ შარიას წილი არ შეჰქონდა ქურდულ „ობშჩიაკში“. დაზარალებულმა მალხაზ ცანავამ კი „ქსივა“ შეაგზავნა ციხეში და პატიმრები გააფრთხილა, რომ შარიას პატივისცემით მოქცეოდნენ. სწორედ პეტრეს წყალობით გადაურჩა ცანავა მორიგ „სროკს“. მალხაზმა „ქსივას“ მსუყე „გრევიც“ მიაყოლა, რომელიც პეტრესთვის იყო განკუთვნილი. ორწლიანი პატიმრობის შემდეგ სუპერჯიბგირს ციხეში „კაგებეს“ პოლკოვნიკი ედიშერ კურცხალია ესტუმრა და ერთ სპეცოპერაციაში მონაწილეობა შესთავაზა, რომელიც „კაგებეს“ უნდა განეხორციელებინა. შარიას ერთ-ერთი მამაკაცის მაჯიდან საათი უნდა მოეხსნა და მისთვის ზუსტად ისეთივე გაეკეთებინა. თუკი პეტრე ამას შეძლებდა, კურცხალია მას ციხიდან გათავისუფლებას შეჰპირდა. პეტრემ დარწმუნებით უთხრა, რომ ამას გააკეთებდა. მართლაც, ორი კვირის შემდეგ, „ფრანტივით“ გამოწყობილმა პეტრემ სასტუმრო „ივერიის“ საბანკეტო დარბაზში ამერიკელ მოქალაქეს ხელიდან საათი მოხსნა და შეუმჩნევლად მსგავსი საათი გაუკეთა. ამერიკელი მოქალაქე „ცეერუს“ აგენტი იყო და მისმა საათმა იმიტომ გამოიწვია „კაგებეს“ ინტერესი, რომ საათში სატელიტთან დაკავშირებული ელექტრომოწყობილობა იყო ჩამონტაჟებული, რაც ნებისმიერი ინფორმაციის გადაცემის საშუალებას იძლეოდა. შარიას პირობა შეუსრულეს და ციხიდან რვა წლით ადრე გაათავისუფლეს. მეტიც, „კაგებემ“ სუპერჯიბგირს ესტრადაზე გამოსვლის საშუალება მისცა და პეტრე შარია წარმატებით ჩაება საესტრადო პროგრამებში და სცენაზე სხვადასხვა ნომერს ასრულებდა. ჯიბგირობას კი სამუდამოდ დაანება თავი.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან