რა სპეცოპერაცია განახორციელა საბჭოთა დაზვერვამ გეი აგენტის მეშვეობით
ავტორი: ნიკა ლაშაური 18:00 10.07

ზოგიერთი მთავარი გმირის ვინაობა შეცვლილია და მათი ვინმესთან მსგავსება შემთხვევითია, რისთვისაც ბოდიშს გიხდით.
რომაული არდადეგები
პოლკოვნიკ რომან კუზმინს იტალიაში, საბჭოთა კავშირის საელჩოში მეორე მდივნის პოსტი ეკავა. სინამდვილეში კი კუზმინი საბჭოთა საგარეო დაზვერვის რეზიდენტი იყო და ძალიან მნიშვნელოვან საჯაშუშო ქსელს კურირებდა. კუზმინი დასავლეთის სპეცსამსახურებისთვის ძალიან საინტერესო პერსონა იყო და მისი გადაბირება არაერთხელ სცადეს. თუმცა, „კაგებეს“ პოლკოვნიკს ხინჯი ვერ უპოვეს. ის შეუვალი, პატიოსანი ჩეკისტი იყო. ნაკლი, ფაქტობრივად, არ გააჩნდა. ვერც ლამაზი აგენტი გოგონებით აცდუნეს, ვერც დიდი ფულით და ვერც სხვა საცდუნებლით, რაზეც საბჭოთა ადამიანის „წამოკიდება“ იყო შესაძლებელი. „ცეერუს“ კუზმინის ფსიქოლოგიური პორტრეტი საგულდაგულოდ ჰქონდა შესწავლილი და საბოლოოდ დარწმუნდნენ, რომ მისი გადაბირება შეუძლებელი იყო. „ცეერუს“ რომის რეზიდენტი კარლო პერუჩი გაცოფებული იყო ამ ფაქტით და ხელი ჰქონდა ჩაქნეული პოლკოვნიკის გადაბირებაზე. მაგრამ „ლენგლიდან“ მას აცნობეს, რომ რომში მამასთან ერთი კვირით მისი ვაჟი, 26 წლის ანატოლი კუზმინი უნდა ჩასულიყო. ამიტომ მას დაავალეს, რომ პოლოკოვნიკის გადმოსაბირებლად მისი ვაჟის გამოეყენებინათ „ისიც მამამისივით შეუვალი იქნება“, – მისწერა პერუჩიმ ცენტრს. მაგრამ დავალების შესრულებას შეუდგა და ჰოი, საოცრებავ... ანატოლი კუზმინი გეი აღმოჩნდა. მან მთელი რომაული არდადეგები მამაკაცების წრეში გაატარა და „ცეერუს“ მისი სექსუალური თავგადასავლების ათსაათიანი ფირი ჰქონდა. უმცროს კუზმინს სხვადასხვა სასტუმროს სპეციალურად მოწყობილ ოთახებში უღებდნენ ფარულად და „ცეერუში“ დიდ გამარჯვებას ზეიმობდნენ. ცენტრში დარწმუნებული იყვნენ, რომ პოლკოვნიკ რომან კუზმინს უეჭველად დაითანხმებდნენ თანამშრომლობაზე. ჰომოსექსუალიზმი საბჭოთა კავშირში სისხლის სამართლის კოდექსით ისჯებოდა და ეს ფირი რომ ლუბიანკაზე გაეგზავნათ, კუზმინ უმცროსს დააპატიმრებდნენ, პოლკოვნიკის კარიერას კი წერტილი დაესმებოდა. სწორედ ამ გარემოებათა გამო იყვნენ „ლენგლიში“ დარწმუნებული, რომ პოლკოვნიკს სხვა გზა არ ექნებოდა და როდესაც ანატოლი კუზმინის რომაული არდადეგები დასრულდა და ის მოსკოვში დაბრუნდა, „ცეერუმ“ რომან კუზმინის გადაბირების ოპერაცია დაიწყო.
გენიალური კომბინაცია
„კაგებეს“ პოლკოვნიკ რომან კუზმინის გადაჰირება პირადად კარლო პერუჩიმ იკისრა. ის ისე იყო გამწარებული კუზმინისგან, რომ დიდი სიხარულით მოჰკიდა ხელი ამ საქმეს. პერუჩი ძალიან გამოცდილი მზვერავი იყო. გადაბირების ხელოვნებას უზადოდ ფლობდა. მოქმედების გეგმა და პოლკოვნიკთან საუბრის შინაარსის ჩონჩხი წინასწარ შეადგინა და შესაფერის დროს დაელოდა. როდესაც „ცეერუს“ აგენტებმა აცნობეს, რომ კუზმინი მარტო იჯდა ტიბრის პირას მდებარე კაფე „რომაში“ და ყავას სვამდა, კარლო პერუჩი დინჯად, აბსოლუტური თავდაჯერებულობით გაემართა საბჭოთა რეზიდენტის გადასაბირებლად. კაფეში შესული პერუჩი პირდაპირ კუზმინს წამოადგა თავზე, რომელიც გაზეთს კითხულობდა და უთხრა:
– შეიძლება შემოგიერთდეთ?
პოლკოვნიკმა პერუჩის შეხედა. გაეცინა და უპასუხა:
– სტუმარი ღვთისაა, მისტერ პერუჩი, მაგრამ თუ ძველი წინადადებით ხართ მოსული, მაშინ ტყუილად ირჯებით.
პერუჩიმ ირონიულად მიუგო:
– ახალი წინადადება მაქვს და ვფიქრობ, დაგაინტერესებთ.
– დაბრძანდით და გისმენთ, – თქვა პოლკოვნიკმა და ყავა მოსვა.
– ბატონო კუზმინ, კინოს ყურება გიყვართ?
– მხოლოდ კარგი ფილმების.
– ერთი საინტერესო ფილმი მაქვს თქვენთვის და ფირს დაგიტოვებთ, – უთხრა პერუჩიმ კუზმინს. მაგიდაზე ვიდეოკასეტა დაუდო და დაამატა, – მარტომ უყურეთ. აქვე ჩემი ტელეფონის ნომერია და ხვალ ველოდებით თქვენს ზარს, მაინტერესებს თქვენი შთაბეჭდილებები ამ ფილმზე.
პერუჩი წამოდგა და წავიდა. კუზმინმა კი ვიდეოკასეტა ჩანთაში ჩადო, წამოდგა და კაფე დატოვა.
მეორე დღეს პოლკოვნიკი რომან კუზმინი კარლო პერუჩის შეეხმიანა, შეხვედრა მყუდრო კაფეში დაუნიშნა და უთხრა:
– რას მოითხოვთ ჩემგან იმის საფასურად, რომ ეს ფირი არამც თუ ლუბიანკაზე არ მოხვდეს, არამედ არასდროს არსად გამოქვეყნდეს!
– ჩვენთან თანამშრომლობას, მოკლედ უპასუხა პერუჩიმ.
– და, რა სახის უნდა იყოს ეს თანამშრომლობა?
– სარფიანი.
– ანუ?
– ანუ, ბატონო კუზმინ, მე თქვენ პატარ-პატარა ინფორმაციების მოპოვებას დაგავალებთ. სამაგიეროდ, ამაში კარგ ფულსაც გადაგიხდით. მაგრამ, თქვენ ჩვენთან თანამშრომლობის შეთანხმებაზე უნდა მოგვიწეროთ ხელი. თანახმა ხართ?
– თანახმა ვარ, – თქვა პოლკოვნიკმა. პერუჩის მიერ შედგენილ თანამშრომლობის შეთანხმებას ხელი მოაწერა და გამოუმშვიდობებლად წავიდა სკვერიდან.
პოლკოვნიკ რომან კუზმინის ურთიერთობა „ცეერუსთან“ ზუსტად ერთი წელიწადი გაგრძელდა და ამერიკის ცენტრალური დაზვერვის სრული კრახით დასრულდა. კუზმინის მიერ მიწოდებული ინფორმაციების მიხედვით, „ცეერუს“ 25 აგენტი აღმოსავლეთ ევროპაში თითქოსდა „კაგებეს“ აგენტები იყვნენ, რაც დეზინფორმაცია იყო ამგვარად „ცეერუში“ სრული ქაოსი შეიქმნა. სუფთა აგენტები უკან გაიწვიეს, ჩანაცვლებულთაგან კი ოთხი „კაგებეზე“ მუშაობდა, ხოლო, რაც შეეხება კუზმინის ვაჟის ჰომოსექსუალობას, ვითომ ანატოლი კუზმინი, სინამდვილეში, „კაგებეს“ გეიაგენტი იყო და მთელი ეს გენიალური კომბინაცია მასზე იყო აწყობილი.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან