კრიმინალური ისტორიები

რა შეთანხმებას მიაღწიეს 1970 წელს ერთმანეთთან შევარდნაძემ და ინაურმა

№47

ავტორი: ნიკა ლაშაური 18:00 02.12, 2021 წელი

როგორ გაშიფრეს მკვლელი -
tbiliselebi.ge
დაკოპირებულია

მოქმედი გმირების სახელები და გვარები შეცვლილია და მათი ვინმესთან მსგავსება შემთხვევითია, რისთვისაც ბოდიშს გიხდით.

საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის მიერ „აღიარებული“ „განვითარებული სოციალიზმის“ ეპოქაში, მთავრობის ტრიბუნებიდან ხშირად გაისმოდა პათეტიკური განცხადებები: საბჭოეთში ამოიძირკვა ორგანიზებული დანაშაული და ყველა ძირითადი ბურჟუაზიული გადმონაშთიო. თუმცა, სწორედ, ამ განცხადების დროს იკრებდა ძალებს ორგანიზებული დანაშაული (მას შემდგომში „რუსული მაფია“ ეწოდა) და ყვაოდა „ბურჟუაზიული გადმონაშთები“ იატაკქვეშა კაზინო-სამორინე-ბორდელების სახით... საქართველო კი ამ მანკიერებათა ავანგარდში იყო.

განრისხებული მინისტრი

1970 წლის 1 მაისს თბილისში, რუსთაველის გამზირზე საპირველმაისო დემონსტრაცია დასასრულს უახლოვდებოდა. მაღალჩინოსანთა ტრიბუნაზე სხვა „ამხანაგებთან“ ერთად შინაგან საქმეთა მინისტრი ედუარდ ამბროსის ძე შევარდნაძეც იდგა. „ამბროსოვიჩთან“ მისი თანაშემწე მივიდა და ყურში რაღაც უჩურჩულა. მინისტრმა თანაშემწეს ანიშნა – დამელოდეო და სამთავრობო ტრიბუნიდან გაისტუმრა. ოციოდე წუთის შემდეგ კი ედუარდ შევარდნაძე თავის კაბინეტში უახლოეს თანამშრომლებთან საგანგებო თათბირს ატარებდა და მრისხანებას აფრქვევდა. ბოლოს კი შეკრებილებს უთხრა:

– მაქსიმუმ, ერთი კვირა გაქვთ ყველაფრის დასადგენად და საქმის გასახსნელად. წინააღმდეგ შემთხვევაში, ყველანი გათავისუფლდებით!

თათბირის მონაწილეებმა განრისხებული მინისტრის კაბინეტი უხალისოდ დატოვეს.

კაზინოს ძარცვა

მინისტრ შევარდნაძის განრისხების მიზეზი ის იყო, რომ 1970 წლის 1 მაისს, ღამის 02 საათზე თბილისში იატაკქვეშა კაზინო გაძარცვეს და 450 ათასი მანეთი გაიტაცეს. ეს იატაკქვეშა დაწესებულება მშენებარე მესამე მასივის ტერიტორიაზე მდებარეობდა. ამ კაზინოში დადიოდნენ მსხვილი „ცეხავიკები“, აზარტული მოთამაშეები და „ფულიან ადგილებზე“ მომუშავენი – ქარხნების დირექტორები და რამდენიმე რაიკომის მდივანიც კი. მინისტრ შევარდნაძეს უაღრესად საიდუმლო ვითარებაში შექმნილი ჰქონდა საგანგებო ოპერატიული ჯგუფი, რომელიც კაზინოს „აჯდა“ და მის სტუმრებზე კომპრომატებს აგროვებდა. ეს მასალები კი შევარდნაძეს იმისთვის სჭირდებოდა, რომ „მჟავანაძის კლანი“ ემხილებინა და ცეკას პირველი მდივნის პოსტი დაეკავებინა. იატაკქვეშა კაზინოს პოლკოვნიკ პავლე მელნიკის ჯგუფი აკონტროლებდა. მათ იქ ორი ინფორმატორი ჰყავდათ და სწორედ, ერთ-ერთი მათგანისგან შეიტყვეს ძარცვის ამბავი. კაზინოს მაყურებელი კი 50 წლის ოთარ გარსევანიშვილი იყო – წარსულში აზარტული თამაშებისთვის ორჯერ ნასამართლევი. ამ დანაშაულის შესახებ შეტყობინება მილიციაში ოფიციალურად, რა თქმა უნდა, არ შესულა. ამიტომ შევარდნაძის საიდუმლო ბრძანებით, გარსევანიშვილი ჩუმად აიყვანეს დე ერთ-ერთ კონსპირაციულ ბინაში „შესაბამისად“ დაჰკითხეს. მილიცია ვარაუდობდა, რომ დანაშაულში კაზინოს მეთვალყურე იყო გარეული და ის „ნაკოლშჩიკად“ მიაჩნდათ. თუმცა, გარსევანიშვილი ამ საქმეში „სუფთა“ იყო და მილიციელებმა ცოცხალ-მკვდარ გარსევანიშვილს თავი დაანებეს, თან მკაცრად გააფრთხილეს, რომ კრინტი არსად დაეძრა.

ინაურის მითითება

მიუხედავად იმისა, რომ შევარდნაძის ჯგუფი, ფაქტობრივად, უხმოდ მოქმედებდა, „კაგებეს“ არ გამოჰპარვია ამ უწყების ოპერების ქმედება – მილიციის ოპერებს „კაგებეს“ ოპერები ასხდნენ კუდზე და მოპოვებულ ინფორმაციებს დაუყოვნებლივ აწვდიდნენ თავიანთ შეფს – გენერალ ალექსი ინაურს. გამოცდილი ინაური ჯერ მხოლოდ დამკვირვებლისა და ინფორმაციის შემგროვებლის ფუნქციით შემოიფარგლებოდა და მოვლენების განვითარებას აკვირდებოდა. ამასობაში, 11 მაისს, თბილისში მსხვილ „ცეხავიკს“, ომარ დავითაშვილს დაესხნენ თავს და მას დიდი თანხა და უამრავი ძვირფასეულობა გასტაცეს. 20 მაისს კი იგივე ბედი ეწია „ცეხავიკ“ ანდრო კოროშინაძეს. „კაგებემ“ ამ დანაშაულების შესახებაც მოიპოვა დაწვრილებითი ცნობები, თუმცა, დაზარალებულებს ოფიციალურად არავისთვის მიუმართავთ. ნიშანდობლივი და საყურადღებო ფაქტი ამ საქმეებში ის იყო, რომ ორივე „ცეხავიკი“, ეგრეთ წოდებული, „მჟავანაძის კლანის“ წევრები იყვნენ და მათაც მილიცია აჯდა კუდზე. ინაურმა თავის ხელქვეითებს მოქმედების მითითება მისცა.

ბანდა

უაღრესი გასაიდუმლოებულობის მიუხედავად, „კაგებემ“ უკვე იცოდა მილიციის იმ შვიდკაციანი საგანგებო-ოპერატიული ჯგუფის სრული შემადგენლობა და ერთი მხრივ, უშიშროების თანამშრომლები მათ დოსიეებს ჩაუღრმავდნენ, მეორე მხრივ კი, მათზე ფარული თვალთვალი დააწესეს. „კაგებეშნიკები“ დარწმუნებული იყვნენ, რომ ძარცვების საქმეებში რომელიმე მათგანის ხელი ერია და მოთმინებითა და დიდი ყურადღებით ელოდნენ ახალ დანაშაულს. და, მართლაც, 1970 წლის 11 ივნისს ოთხი ნიღბიანი, პისტოლეტებით შეიარაღებული ადამიანი „მჟავანაძის კლანის“ მორიგ წევრს, „ცეხავიკ“ ნუგზარ გომელაურს დაადგნენ სახლში და გაძარცვეს. თუმცა, სახლიდან გამოსვლისას ყველანი „კაგებეს“ ოპერატიულმა რაზმმა აიყვანა და ისინი უშიშროების შენობაში გადაიყვანეს. ბოროტმოქმედები ყოფილი და მოქმედი მოჭიდავეები იყვნენ. მათ კი მეთაურობდა და მითითებებს აძლევდა კაპიტანი რობერტ ზაალიშვილი, რომელიც მილიციის საგანგებო რაზმის წევრი იყო და სრულ ინფორმაციებს ფლობდა. ზაალიშვილიც იმავე ღამეს აიყვანეს. მიუხედავად იმისა, რომ მძიმე დანაშაულში შევარდნაძის ხელქვეითი იყო მხილებული, ორმა მინისტრმა – ინაურმა და შევარდნაძემ, შეთანხმებას მიაღწიეს და ბოროტმოქმედები მკაცრად დაისაჯნენ. თუმცა, მჟავანაძის წინააღმდეგ მიმართული კომპრომატები მაინც შეგროვდა. ისინი შევარდნაძემ მოსკოვში ჩაიტანა და როგორც გეგმავდა, გათავისუფლებული მჟავანაძის ადგილი დაიკავა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი