კრიმინალური ისტორიები

რა სასწავლებელი გახსნა ავსტრალიაში ქართველმა თაღლითმა

№25

ავტორი: ნიკა ლაშაური 18:00 27.06

როგორ გაშიფრეს მკვლელი -
tbiliselebi.ge
დაკოპირებულია

ზოგიერთი მთავარი გმირის ვინაობა შეცვლილია და მათი ვინმესთან მსგავსება შემთხვევითია, რისთვისაც ბოდიშს გიხდით.

მეტსახელად „არსენა“

ჯონდო არსენიშვილი საქართველოს ერთ-ერთი პროვინციული ქალაქის მკვიდრი იყო. ის 1953 წლის 5 მარტს, სწორედ, იმ დროს დაიბადა, როდესაც რადიოში იოსებ სტალინის გარდაცვალების შესახებ გამოაცხადეს... არსენიშვილი ნათელი გონებითა და საზრიანობით გამოირჩეოდა. სკოლაში პირველი მოსწავლე იყო და ოქროს მედლის რეალურ კანდიდატად მიიჩნეოდა. თუმცა, როგორც ეს ხშირად ხდებოდა ხოლმე საბჭოთა კავშირში, ოქროს მედალი სკოლის დირექტორის ქალიშვილს გაატანეს. ჯონდოს კი ვერცხლი არგუნეს. მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია მისთვის, რომ თბილისის უნივერსიტეტში მათემატიკის ფაკულტეტზე უმაღლესი ქულებით მოწყობილიყო და უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებელთა „ლუბიმჩიკი“ გამხდარიყო. როგორც მეგობრები, ასევე პედაგოგები მას მეტსახელად „არსენას“ ეძახდნენ და დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ. ეს არც იყო გასაკვირი, რადგან მან უმაღლესი სასწავლებელი წითელ დიპლომზე დაამთავრა და ასპირანტურისთვის ემზადებოდა.

უნებლიე დამნაშავე

ასპირანტურის გამოცდებამდე სამი დღით ადრე ჯონდოს მეგობარმა, მიშა კაკალაძემ სთხოვა, რომ პაემანზე გაჰყოლოდა. ერთი გოგონა მომწონს, მაგრამ სიყვარულს ვერ ვუხსნი, რომ დავინახავ, ენა მუცელში მივარდება. საჩუქარი ვუყიდე და სიყვარულის წერილი დავუწერე. იქნებ შენ შეხვდე და გადასცეო, – უთხრა კაკალაძემ „არსენას“. ჯონდო მაშინ მიამიტი ადამიანი იყო. ყველას ენდობოდა და დაუფიქრებლად დათანხმდა კაკალაძის თხოვნას, მაგრამ რა იცოდა, თუ ამ მეგობრულ თხოვნაში ვერაგობა იქნებოდა ჩაფიქრებული. მიშა კაკალაძე „ვალუტჩიკი“ (ვალუტით მოვაჭრე) იყო და თავის დაზღვევის მიზნით, კლიენტ გოგონასთან არსენიშვილი გაგზავნა 200 დოლარის გადასაცემად, რომლის ფული წინასწარ ჰქონდა აღებული. თავად კი შორიახლოდან ადევნებდა თვალყურს, თუ რა მოხდებოდა. „პაემანზე“ მისულ გოგონას კუდზე „კაგებე“ აჯდა, ორივე ადგილზევე დააკაეს და უშიშროების კომიტეტში წაიყვანეს. კაკალაძე კი მიიმალა. მიუხედავად იმისა, რომ ჯონდო უდანაშაულო იყო და წარმოდგენაც კი არ ჰქონდა, რა ხდებოდა, ის ერთი კვირა გააჩერეს „კაგებეს“ იზოლატორში და მხოლოდ მას მერე გაათავისფლეს, რაც კაკალაძე დააპატიმრეს და სიმართლე გაირკვა. თუმცა, ასპირანტურაში მისაღებ გამოცდაზე გამოუცხადებლობის გამო ჯონდო ასპირანტურაში ვერ ჩაირიცხა. ამ ამბებმა მასზე ძალიან იმოქმედა, დეპრესია დაეუფლა და ცხოვრებაზე გული აუცრუვდა

მოუხელთებელი თაღლითი

ჯონდო არსენიშვილს დეპრესია სამი თვე გაუგრძელდა, მაგრამ ყველაფერს საზღვარი აქვს და როდესაც ჯონდომ ბოლო მანეთით კონსერვი და შავი პური შეიძინა, მიხვდა, რომ ასე გაგრძელება არ შეიძლებოდა. ამიტომ ფულის შოვნა გადაწყვიტა და სრულიად შეგნებულად დაადგა თაღლითობის გზას. საბუთების გაყალბებისა და უზადო განათლებულობის წყალობით, ჯონდო ხან „მთავრობაში იყო“ და დედაქალაქში ჩაწერისა და ბინის მიღებისთვის რაიონებიდან ჩამოსულ ადამიანებისგან ფულს იღებდა, ხან კი მთავარი ინჟინერი და არქიტექტორი და მიყრუებულ რეგიონებში მოსახლეობას ხიდების აგებასა და გზის დაგებას ჰპირდებოდა, თანხებს აგროვებინებდა და შემდომ კი უჩინარდებოდა. თითოეული თაღლითობისთვის „არსენა“ საგანგებოდ ემზადებოდა. გარეგნობას ოსტატურად იცვლიდა და მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა მილიცია მას ყველგან გამწარებული ეძებდა, ოპერმუშაკებს არც მისი ზუსტი აღწერილობა გააჩნდათ და არც ვინაობა იცოდნენ. ჯონდო არსენიშვილი მოუხელთებელ თაღლითად გადაიქცა და მის კვალზე გასვლას საუკეთესო მაძებრებიც ვერ ახერხებდნენ. 1980 წელს მოსკოვის ოლიმპიადის დაწყებამდე ორი კვირით ადრე, „არსენამ“ ფრანგი ტურისტების ჯგუფი 10 ათას დოლარში „გადააგდო“. მათ ოლიმპიადის ყალბი ბილეთები „შეასაღა“ და რადგან იცოდა, რომ ამ საქმით „კაგებე“ დაინტერესდებოდა, ციმბირის მიყრუებულ დაბაში გაემგზავრა. თან წაიღო ორი ცალი ვიდეომაგნიტოფონი, რამდენიმე ტელევიზორი, მავთულები და მოსახლეობას ადგილობრივი ტელევიზიის გახსნას დაჰპირდა.

ზღაპრული მოგება

ოთხმოციანი წლების დასაწყისში ვიდეომაგნიტოფონი მოსკოვშიც იშვიათი „ხილი“ იყო, ციმბირში კი ამის შესახებ გაგონილიც კი არ ჰქონდათ „არსენას“ ორი საზღვარგარეთული ვიდეომაგნიტოფონი და კასეტები სწორედ იმ ფრანგებისგან ხვდა წილად, რომლებიც მან 10 ათას დოლარში „გადააგდო“. ჯონდო ტაიგის მიყრუებულ ოქროს სამრეწველო რაიონის დაბაში ჩავიდა და ადგილობრივებს ტელევიზიაში მუშაობას, შემდეგ კი დედაქალაქში წაყვანას და იქ, ცენტრალურ ტელევიზიაში დასაქმებას დაჰპირდა. უფრო დამაჯერებელი რომ ყოფილიყო 5-წუთიან ვიდეოებს იწერდა და აჩვენებდა. ამით განსაკუთრებით ახალგაზრდობა დაინტერესდა. თუმცა, ასაკოვნებსაც მოუნდათ მოსაწყენი, მონოტონური ყოველდღიურობისგან თავის დაღწევა. „არსენა“ კი ტელევიზორების შეძენისა და დაპირებული სამუშაოებისთვის წინასწარ იღებდა ქრთამს. ადგილობრივების უმეტესობა ოქროს უკანონო მოპოვებითაც იყო დაკავებული და არსენიშვილს გასამრჯელოს ოქროს ნატეხებითა და ოქროს ქვიშით უხდიდნენ, რისი წყალობითაც ის ზღაპრულად გამდიდრდა. ციმბირში ექვსთვიანი „საქმიანობის“ შედეგად, „არსენამ“ დაახლოებით 60 კილოგრამი ოქრო იშოვა და კვლავ მოსკოვში დაბრუნდა და „ფსკერზე დაწვა“. „პერესტროიკის“ დროს კი ჯონდო არსენიშვილი თურქეთის გავლით, ავსტრალიაში ჩავიდა და იქ გამოყენებითი მათემატიკის სკოლა გახსნა. „არსენა“ ერთადერთი საბჭოთა თაღლითი იყო, რომელიც მილიციამ ვერ მოიხელთა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №26

24-30 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული