კრიმინალური ისტორიები

რა ოპერაცია ჩაუტარა „გრუმ“ „ცეერუს“

№43

ავტორი: ნიკა ლაშაური 18:00

როგორ გაშიფრეს მკვლელი -
tbiliselebi.ge
დაკოპირებულია

ზოგიერთი მთავარი გმირის ვინაობა შეცვლილია და მათი ვინმესთან მსგავსება შემთხვევითია, რისთვისაც ბოდიშს გიხდით.

მოღალატე მეცნიერი

1978 წლის ნოემბერში უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მსოფლიო უსაფრთხოების საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა. მასში მონაწილეობას იღებდნენ ყველა მოწინავე ქვეყნის წამყვანი მეცნიერები უსაფრთხოების სფეროში. საბჭოთა კავშირიდან ბუდაპეშტში პროფესორი სპირიდონ დარჩია გაგზავნეს. ცნობილი იყო, რომ დარჩია ერთ-ერთ დახურულ სარაკეტო საწარმოში მუშაობდა მეცნიერ მუშაკად და მთავარ სპეციალისტად. „ცეერუს“ კი მისი დოსიე საგულდაგულოდ ჰქონდა შესწავლილი. ამერიკის დაზვერვას მისი ფოტოსურათი, კინოფირები და ბიოგრაფიული მონაცემებიც კი ჰქონდა. ბუდაპეშტში დარჩია ვინიცკის გვარით იყო ჩასული და ამან „ცეერუ“ უფრო გააფაციცა. სპირიდონს ერთ-ერთი შესვენების დროს კონფერენციის დარბაზის ფოიეში „ცეერუს“ ოფიცერი ვინტერი გამოელაპარაკა, დაუახლოვდა და დიდი გასამრჯელოს ფასად დარჩიას ამერიკაში გაქცევა შესთავაზა. ვინტერმა უთხრა, რომ შტატებში დარჩია უფრო დაცული იქნებოდა და სხვისი ვინაობით მოგზაურობა არ დასჭირდებოდა. მას საიმედო საცხოვრებელსა და დიდებულ ცხოვრებას შეუქმნიდნენ. სპირიდონმა ამერიკელ მზვერავს უთხრა, მოვიფიქრებო და ამ სიტყვებით დაშორდა. ღამით კი სასტუმროს ნომერში დაურეკა და ამერიკაში გაქცევაზე თანხმობა განუცხადა. „ცეერუმ“ დარჩია, წინასწარ მომზადებული სქემით, ბუდაპეშტიდან ჰამბურგში გადაიყვანა, იქიდან კი – ამერიკის შეერთებულ შტატებში. საბჭოთა მხარემ გაქცეული მეცნიერის ძებნა დაიწყო. ამან დასავლეთის პრესაში გაჟონა და დაიწერა: ცნობილი მეცნიერი საბჭოეთიდან ამერიკაში გაიქცაო. თუმცა, დარჩია სულაც არ ყოფილა ცნობილი და ბუდაპეშტშიც სხვა ვინაობით იყო. პრესაზე დაყრდნობით, საბჭოთა მხარემ ამერიკელებს ვინიცკის (დარჩია) უკან დაბრუნება მოსთხოვეს. ამერიკელები კი მხოლოდ მხრებს იჩეჩდნენ და აცხადებდნენ, რომ მსგავს შემთხვევას ადგილი არ ჰქონია.

სუპერკოსმოსური პროგრამა

სპირიდონ დარჩია ამერიკელებმა საიმედოდ გადამალეს, თან ერთ-ერთ საიდუმლო ლაბორატორიაში გაამწესეს, სადაც თავდაცვისა და თავდასხმის სისტემებს ამუშავებდნენ. დარჩიამ ამერიკელებს კომპლექსური სისტემა წარუდგინა, რომელსაც „სუპერკოსმოსური პროგრამა“ ერქვა. საბჭოთა მხარე სწორედ ამ სქემის მიხედვით, მუშაობდა კოსომოსში განსათავსებელ სისტემურ იარაღზე, რომელსაც მთელი დედამიწის გაკონტროლების უნარი ჰქონდა და ორმაგი დატვირთვა – როგორც თავდასხმის, ასევე თავდაცვის. მეცნიერის მიერ წარმოდგენილი სქემის მიხედვით, რომელიც ბოლომდე არ იყო შემუშავებული, სხვადასხვა კოსმოსურ სივრცეში განლაგდებოდა ელექტრონულ-კოდირებული ბირთვული რაკეტები და ლაზერული თანამგზავრები. რაკეტები დედამიწის ნებისმიერ წერტილში შეძლებდნენ ატომურ თავდასხმას. ლაზერული თანამგზავრები კი კოსმოსიდან საბჭოთა კავშირის მიმართულებით გაშვებულ ატომურ-ბირთვულ რაკეტებს წამში აღმოაჩენდნენ და გაანადგურებდნენ. რეალურად ეს ასე გამოიყურებოდა: ატომური რაკეტები ასაფრენ ადგილზევე განადგურდებოდა და კატასტროფას გამოიწვევდა გამშვების ტერიტორიაზე. ამ სქემამ ამერიკელები უკიდურესად შეაშფოთა. თეთრ სახლში, „ლენგლიში“ და „პენტაგონში“ პანიკა იყო. სასწრაფოდ შედგა თათბირები. გამოიყო დიდი თანხები რუსების სუპერკოსმოსური პროგრამის საწინააღმდეგო პროგრამაზე სამუშაოდ და სპირიდონ დარჩიამ ამ პროექტრში წამყვანი პოზიცია დაიკავა. ამ საქმიანობისთვის ამარიკელებმა არაერთი ცნობილი მეცნიერისა და დიდი რესურსების მობილიზება მოახდინეს. დაიხურა სხვა პროექტები, რადგან რუსების სუპერკოსმოსური პროგრამის განეიტრალება ამერიკის ყოფნა-არყოფნას ეხებოდა.

დაბრუნება

სპირიდონ დარჩია, სინამდვილეში, არც ვინიცკი იყო და არც დარჩია. არამედ 38 წლის საბჭოთა სამხედრო დაზვერვის პოდპოლკოვნიკი ლევან ლეჟავა. მას ფიზიკოსის განათლება ჰქონდა მიღებული, თუმცა თავიდანვე უშიშროების სისტემაში დაიწყო მუშაობა. ლეჟავასვე ეკუთვნოდა იდეა, რომ ამერიკელები შეცდომაში შეეყვანათ და მათი ყურადღება და რესურსები არარსებულ საქმეზე გადაეტანათ. ამიტომ, საბჭოთა სამხედრო დაზვერვამ დაიწყო დარჩიას პიროვნების შექმნა, როგორც მნიშვნელოვანი საიდუმლო მეცნიერისა და „ცეერუ“ ამით დააინტერესეს. ლეჟავას გაქცევა იმთავითვე ამ ოპერაციით იყო განსაზღვრული. ლევან ლეჟავამ ამერიკაში 18 თვე იმუშავა და ამ ხნის განმავლობაში შტატებმა დიდი ფული და სხვა რესურესები გაატანეს ჰაერს. მთავარი კი ის იყო, რომ ამ პერიოდში საბჭოეთმა მნიშვნელოვანი სამხედრო სისტემები შექმნა და შტატებს გადაასწრო. როდესაც დარჩიას გამჟღავნების საშიშროება შეიქმნა, ქართველი საბჭოთა მზვერავი სამშობლოში დააბრუნეს.

ლევან ლეჟავა გენერალი გახდა და საბჭოთა სამხედრო დაზვერვაში ერთ-ერთი წამყვანი პოსტი ეკავა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №44

3–9 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა