რა იდუმალ ვითარებაში დაიღუპნენ ცნობილი ქართველი ქურდები
ავტორი: ნიკა ლაშაური 18:00 20.03

ზოგიერთი მთავარი გმირის ვინაობა შეცვლილია და მათი ვინმესთან მსგავსება შემთხვევითია, რისთვისაც ბოდიშს გიხდით.
დიდი „სხოდკა“
გასული საუკუნის სამოცდაათიანი წლების შუაში თბილისში, სასტუმრო „საქართველოს“ რესტორანში, ეგრეთ წოდებული, დიდი „ქურდული სხოდკა“ გაიმართა. შეკრებილი იყო საბჭოთა კავშირის ქურდული სამყაროს ნაღები საზოგადოება. ეს შეხვედრა სასტუმროს რესტორანში მოეწყო, თუმცა სასტუმრო მთლიანად დაიხურა. შეხვედრას მხოლოდ 49 ქურდი დაესწრო. „სხოდკაზე“ ქართველ „კანონიერ“ ქურდებთან ერთად რუსეთიდან და საბჭოთა კავშირის სხვა რესპუბლიკებიდან ჩამოსული მათი კოლეგებიც იმყოფებოდნენ. ამ შეხვედრაზე იხილებოდა ერთადერთი საკითხი – მისცემოდათ ქურდებს ბევრად მეტი უფლებები, ვიდრე ეს კლასიკური ქურდული კანონებით („ნეპმანელი ქურდების“ კანონგებით) იყო დაშვებული. ძველი, ეგრეთ წოდებული, „ნეპმანური“ კანონებით, ქურდს ეკრძალებოდა, ჰყოლოდა ცოლ-შვილი, ჰქონოდა პირადი ქონება, სახლი და პასპორტიც კი. ხოლო ხელისუფლებასთან თანამშრომლობაზე ლაპარაკიც არ იყო. ახალი „პრაგონით“ კი, რომელიც ცნობილმა ქურდმა, კარლო მუხაძემ, მეტსახელად „მუხამ“ დააყენა, ქურდებს უნდა მისცემოდათ ცოლ-შვილის ყოლის, სახლისა და პირადი ქონების ფლობის უფლება. იმ პერიოდში საბჭოთა კავშირში ხალხი კარგად ცხოვრობდა. განსაკუთრებით ყვაოდა საქართველო. დიდი ფული იშოვებოდა და ახალგაზრდა ქურდებს მადა ძალიან გაეხსნათ. ისინი ისედაც არღვევდნენ „ნეპმანელი ქურდების“ კანონებს, თუმცა, ამ ყველაფრის უკვე ქურდულ კანონებში „გაპრავება“ უნდოდათ და ეს შეკრებაც ამიტომ მოიწვიეს. ამ შეკრებაზე იმყოფებოდა ძველი, მთელ საბჭოთა კავშირში ცნობილი ქურდი, ზაზა კალაძე, მეტსახელად „პაპა“. სწორედ მან გაილაშქრა ახალი „ზაკონის“ წინააღმდეგ, თუმცა, საკმაოდ დიდი წინააღმდეგობა შეხვდა ახალგაზრდა კოლეგებისგან. საქმე სიტყვიერ დაპირისპირებამდე მივიდა და არაფერი აკლდა ხელის გარტყმას. თუმცა, „მუხამ“ მოახერხა სიტუაციის განეიტრალება. საკითხი კენჭისყრაზე დადგა, რაც 24:24 ხმითა და ერთი თავშეკავებულით დასრულდა. ანუ, ახალი „პრაგონი“ არ გავიდა და კანონი კვლავ „ნეპმანური“ დარჩა. თუმცა, ეს საკითხი გადაიდო და კანონიერი ქურდები შეთანხმდნენ, რომ ახალი „სხოდკა“ დაენიშნათ და საკითხი კვლავ განხილულიყო.
ახალი „პრაგონი“
მორიგი „სხოდკა“ სამი კვირის შემდეგ უკვე საკურორტო ქალაქ სოჭში, სასტუმრო „პრიმორსკაიაში“ გაიმართა. იქ რესტორანი დაიხურა. შეკრებას მხოლოდ „კანონიერი ქურდები“ ესწრებოდნენ. თუმცა, ამჯერად წარმომადგენლობა ბევრად უფრო დიდი იყო და „პრიმორსკაიაში“ ზუსტად 100 ქურდი შეიკრიბა. განსახილველი საკითხი კვლავ იგივე და ერთადერთი იყო. ნიშანდობლივი იყო, რომ ამ შეკრებას „პაპა“ – ზაზა კალაძე არ ესწრებოდა. კალაძე ამ დროს სოჭის „კაპეზეში“ იჯდა. „პაპა“ სოჭში ერთი კვირით ადრე ჩავიდა და ეს ავტორიტუტული „ნეპმანელი“ ქურდი წინა ღამეს ადგილობრივმა მილიციამ დააპატიმრა. „პაპას“ ბრალად დასდეს იარაღის უკანონო ტარება. მას ნაქირავები ბინიდან „ტეტეს“ სისტემის პისტოლეტი ამოუღეს. არადა, კალაძეს ცხოვრებაში არასდროს უტარებია პისტოლეტი და დანაც კი არ სდებია ჯიბეში. „პაპა“ ყოველთვის მტკიცედ იცავდა „ნეპმანურ“ კანონებს და „ტეტე“ მას ჩაუდეს. ამგვარად, სოჭის ასკაციანი „სხოდკა“ „პაპას“ მონაწილეობის გარეშე ჩატარდა. აქედან გამომდინარე, „მუხას“ მიერ წარმოდგენილი პროექტი დამტკიცდა – 20 ადამიანი წავიდა 80-ის წინააღმდეგ. ახალ „პრაგონს“ იმ „ნეპმანელმა“ ქურდებმაც დაუჭირეს მხარი, ვინც სამი კვირის წინ თბილისში გამართულ „სხოდკაზე“ საწინააღმდეგოდ მისცეს ხმა. ეს კი იმით იყო გამოწვეული, რომ ამ ქურდულ შეკრებას არ ესწრებოდა ზაზა კალაძე, იგივე „პაპა“.
იდუმალი სიკვდილი
ზაზა კალაძე იარაღის უკანანო ტარების გამო 4 წლით ციხეში გაამწესეს და მკაცრი რეჟიმის შრომა-გასწორების კოლონიაში გაგზავნეს, რომელიც იაკუტიაში მდებარეობდა. ეს კოლონია „სმერტნიკების“ (სიკვდილმისჯილების) სახელით იყო ცნობილი. თუმცა სიკვდილმისჯილი იქ არავინ იყო, კოლონიაში მხოლოდ და მხოლოდ დიდი ქურდული ავტორიტეტები იყვნენ. იმ პერიოდში „სმერტნიკებში“ 28 კანონიერი ქურდი იჯდა და ყველა „ნეპმანელი“ იყო. მათ შორის იმყოფებოდა უშანგი ლებანიძე, მეტსახელად „უშო“. „პაპა“ და „უშო“ ძველი „პაძელნიკები“ იყვყნენ. „უშო“ უკვე საქმის კურსში იყო ახალი „პრაგონის“ შესახებ და გიჟს ჰგავდა. ახალი თაობის ქურდებს არაქურდებს და საქმოსნებს უწოდებდა. „უშოს“ გათავისუფლებამდე 6 თვე ჰქონდა დარჩენილი და „პაპას“ უთხრა, რომ თბილისში ჩავიდოდა, ნამდვილ „სხოდკას“ შეკრებდა, ყველა იმ ოთხმოც ანტინეპმანელს პირადად წამოარტყამდა ყურებში და არაქურდად დატოვებდა. თუმცა, „უშო“ 56 წლის ასაკში ზონაში გარდაიცვალა. არადა, „უშო“ ფიზიკურად ძალიან ძლიერი და ჯანმრთელი იყო. არამც თუ ნარკოტიკებს არ იღებდა, სიგარეტსაც კი არ ეწეოდა და მხოლოდ წითელ, სუფთა ღვინოს სვამდა, რომელსაც მას საქართველოდან უგზავნიდნენ. ანალოგიური შეემთხვა „პაპასაც“. ზაზა კალაძე უორკუტის ზონაში „უშოს“ სიკვდილიდან ერთი თვის შემდეგ გარდაიცვალა.
საგულისხმო ფაქტია, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ერთ-ერთ მოსკოვურ გამოცემაში ანონიმი მილიციის ყოფილი მაღალჩინოსანი წერდა, რომ „მუხა“, იგივე კარლო მუხაძე, მილიციის ინფორმატორი იყო და მათთან შეთანხმებულად მოქმედებდაო.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან