კრიმინალური ისტორიები

რა გავლენა იქონია ნიკიტა ხრუშჩოვის ერთმა სიტყვამ პატიმარზე

№1

ავტორი: ნიკა ლაშაური 18:00

როგორ გაშიფრეს მკვლელი -
tbiliselebi.ge
დაკოპირებულია

ზოგიერთი მთავარი გმირის ვინაობა შეცვლილია და მათი ვინმესთან მსგავსება შემთხვევითია, რისთვისაც ბოდიშს გიხდით.

ეგრეთ წოდებული, „ნიკალაშკების“ საქმე 60-იანი წლების საბჭოთა კავშირში ერთ-ერთი ყველაზე რეზონანსული იყო და დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია როგორც მოსახლეობაში, ასევე მაღალჩინოსანთა წრეებშიც.

„ნიკალაშკები“

„ნიკალაშკებს“ ცარიზმისდროინდელ 10 და 25-მანეთიან ოქროს მონეტებს უწოდებდნენ. მასზე რუსეთის უკანასკნელი იმპერატორის, ნიკოლოზ მეორის პროფილი იყო გამოსახული. ხელისუფლების ცვლილებისა და ფულადი რეფორმის განხორციელების მიუხედავად, „ნიკალაშკები“ საბჭოთა პერიოდშიც მოთხოვნადი იყო. და ეს არცაა გასაკვირი, რადგან მონეტები 999 სინჯის ბაჯაღლო ოქროსგან იყო დამზადებული. მონეტები ფასობდა კოლექციონერებს შორისაც, განსაკუთრებულად კი – 25-მანეთიანი, რომელიც იშვიათობას წარმოადგენდა. თუკი საბჭოთა კავშირში 10 და 25-მანეთიანები, შესაბამისად 100 და 500 მანეთი ღირდა, 60-იან წლებში უცხოელები მასში 300 და 1 500 დოლარს იხდიდნენ, რაც იმ პერიოდისთვის კოლოსალურ თანხას წარმოადგენდა. ამ მონეტების ფასი განსაკუთრებით 50-60-იანი წლების მიჯნაზე გაიზარდა. მას მერე, რაც მილიციამ მოსკოვის ერთ-ერთ სარდაფში 10 და 25-მანეთიანების დიდ მარაგს მიაგნო, რომელიც რევოლუციის დროს ქვეყნიდან გაქცეულ მილიონერ ვაჭარს ეკუთვნოდა. მან მონეტები ვერ წაიღო და სარდაფში დამალა. ამ განძის ექსპროპრიაციის მერე მონეტები ზოდებად გადაადნეს. მათი რაოდენობა კი კატასტროფულად შემცირდა და ფასის ზრდაც ამან გამოიწვია.

ძველი ფულისმჭრელი

1962 წელს პეტრე მინარეთოვი 72 წლის იყო და მოსკოვში ცხოვრობდა. ის ერთ-ერთი მაღაზიის ღამის დარაჯად მუშაობდა. მანამდე კი სხვადასხვა საბჭოთა დაწესებულებაში – სხვადასხვა პროფესიით. რევოლუციამდე პეტრე მინარეთოვი „მონეტნი დვორის“ (ფულის საბეჭდი და საჭრელი ქარხანა) თანამშრომელი იყო. 1917 წელს კი 27 წლის პეტრე უმუშავერი დარჩა, მაგრამ ისარგებლა რა რევოლუციური არეულობით, სამსახურიდან რამდენიმე ცალი 10 და 25-მანეთის „ნიკალაშკები“ წამოიღო. ყველაზე მთავარი „ალაფი“ კი ფულის საშტამპავი დაზგა იყო. პეტრე მინარეთოვი მართალია, „მონეტნი დვორში“ მუშად მუშაობდა, მაგრამ მან საუცხოოდ იცოდა ფულის მოჭრის ტექნოლოგიები და 1959 წელს „ნიკალაშკების“ დამზადებას მიჰყო ხელი. იმ პერიოდში ოქრო ძალიან იაფი ღირდა და 999 სინჯის ბაჯაღლოს 1 გრამი – 7 მანეთი. პეტრე ყიდულობდა ოქროს და ადნობდა. შემდგომ კი საჭირო ფორმასა და წონას აძლევდა და საშტამპავ დაზგაზე დასრულებულ სახეს ანიჭებდა. გარკვეული დროის მერე კი პეტრე მინარეთოვი ამ მონეტებს საბჭოთა კავშირის სხვადასხვა ქალაქში, საიუველირო-საკომისიო მაღაზიებში აბარებდა 50 და 200 მანეთად, თუმცა ისინი 100 და 500 მანეთი ღირდა. ქვეყანა უზარმაზარი იყო. მსგავსი საკომისიო მაღაზიაც ყველა ქალაქში ფუნქციონირებდა და ჩაბარებული მონეტები არც კი გამოჰქონდათ გასაყიდად, არამედ თავად გამყიდველები ყიდულობდნენ და შემდგომ კი ძალიან ძვირად ყიდდნენ. ზოგიერთი მათგანი კი „ნიკალაშკებს“ პირდაპირ უცხოელებზე დოლარებზე ასაღებდა, რაც კანონით, უმკაცრესად ისჯებოდა. თუმცა, მსხვილი მოგების ჟინი მათ ასეთი ნაბიჯისკენ უბიძგებდა და დიდ ფულსაც შოულობდნენ.

განაჩენი

1963 წლის ზაფხულში პეტრე მინარეთოვმა კოოპერატიული ბინა შეიძინა და 2 ათასი მანეთი სასწრაფოდ უნდა შეეტანა, წინააღმდეგ შემთხვევაში მას ბინა ეკარგებოდა. პეტრეს ამ საქმიანობით ძალიან მცირე შემოსავალი ჰქონდა, თან მარტოხელა იყო, არც ნაცნობ-მეგობრები ჰყავდა, რომ ფული ესესხა. ამიტომ სასწრაფოდ მოჭრა 10 ცალი 25-მანეთიანი და რადგან ეჩქარებოდა, სხვა ქალაქებში კი არ გაიტანა, მოსკოვის სხვადასხვა საკომისიო მაღაზიაში დაარიგა. რა თქმა უნდა, ფულიც უმალვე აიღო და შესატანიც დაფარა, თუმცა ეს იყო მისი მხრიდან უდიდესი შეცდომა. საკომისიოების თანამშრომლები ერთმანეთს თავს აწონებდნენ ხოლმე ახალი, ანტიკვარული შენაძენით და როდესაც რამდენიმე საკომისიო მაღაზიის თანამშრომლებმა ერთმანეთს უნიკალური 25-მანეთიანები უჩვენეს, ისინი დაეჭვდნენ მათ ნამდვილობაში. მით უმეტეს, აღმოაჩინეს, რომ მათი ჩამბარებელი ერთი და იგივე პიროვნება იყო. ეს ამბავი მილიციის ყურამდე მივიდა და რადგან ნივთის ჩაბარებისას მის ვინაობასა და მისამართს იწერდნენ, მილიციას არ გასჭირვებია მისი მიგნება. პეტრე მინარეთოვი „მურმა“ აიყვანა. მისი სახლის ჩხრეკისას კი 1 200 გრამი ოქრო და მონატების საშტამპავი დაზგა აღმოაჩინეს. პეტრე მინარეთოვის მიმართ აღძრეს მუხლი სავალუტო ოპერაციის დარღვევის ბრალდებით, ანუ „ვალუტჩიკობით“, რაც დახვრეტას ითვალისწინებდა.

ეს საქმე ხრუშჩოვის ყურამდეც მივიდა, მან გენერალურ პროკურორ რომან რუდენკოს პირდაპირ უბრძანა: დახვრიტეთ, ცოცხალი არ უნდა დარჩესო. არადა, ამ გზით მინარეთოვს, წლების განმავლობაში, სულ რაღაც, 40 ათასი მანეთი ჰქონდა ნაშოვნი და შესაძლებელი იყო მისთვის სასიკვდილო განაჩენი არ გამოეტანათ. თუმცა, ხრუშჩოვის ჩარევამ ყველაფერს წერტილი დაუსვა. პეტრე მინარეთოვს ბრალი მაქსიმალურად დაუმძიმდა. სასამართლომ კი უმაღლესი ზომა მიუსაჯა. კასაციამაც არ უშველა და ის სასჯელის გამოტანიდან ორი კვირის შემდეგ დახვრიტეს. „ვალუტჩიკობამ“ ბევრი ნიჭიერი ადამიანი შეიწირა და ეს კანონი მხოლოდ 80-იანი წლების მიწურულს გააუქმეს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №2

12-18 იანვარი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი