კრიმინალური ისტორიები

ქართველმა პოლკოვნიკმა ცნობილი „ოქროს ოთახი“ ამერიკის შეერთებულ შტატებში გატანისგან იხსნა

№29

ავტორი: ნიკა ლაშაური 18:00 28.07, 2022 წელი

როგორ გაშიფრეს მკვლელი -
tbiliselebi.ge
დაკოპირებულია

ზოგიერთი მონაწილის ვინაობა შეცვლილია და მათი ვინმესთან მსგავსება შემთხვევითია, რისთვისაც გიხდით ბოდიშს.

საქარხნე მიწის ნაკვეთი

1969 წლის მაისში საბჭოთა კავშირში ერთ-ერთი საქვეყნოდ ცნობილი (სახელწოდების გამჟღავნებისგან შეგნებულად თავს ვიკავებთ) სასმელების კომპანიის დირექტორთა საბჭოს წევრი, ლარი ბრაუნი ჩამოვიდა. ეს ამერიკული კომპანია გამაგრილებელ სასმელებს უშვებდა. წინასწარი მოლაპარაკებით კი, საბჭოთა კავშირში ამ სასმლის მწარმოებელი ფაბრიკა უნდა აშენებულიყო. მიუხედავად გაგანია „ცივი ომისა“, საბჭოთა კავშირი და ამერიკის შეერთებული შტატები მთელ რიგ საკითხებში ერთობლივ პროექტებს ახორციელებდნენ და ეს პროექტიც ერთობლივი იყო. თუმცა, ყველა ხარჯს ამერიკელები ფარავდნენ და საბჭოთა მხარეს ფაბრიკის მშენებლობისთვის მხოლოდ მიწა უნდა გამოეყო. ბრაუნმა თითქმის მთელი რუსეთი მოიარა (წინასწარი შეთანხმების მიხედვით, ეს წარმოება რუსეთში უნდა დაფუძნებულიყო) და არჩევანი პეტერგოფთან, ბალტიის ზღვის სანაპიროზე მდებარე ათ ჰექტარ მიწის ნაკვეთზე შეაჩერა. მისი უპირატესობა კი იმით დაასაბუთა, რომ ტერიტორია ფინეთთან ახლო იყო და რომ კომპანიას ახლო მომავალში ამ ქვეყანასთან დიდი ეკონომიკური ინტერესი ჰქონდა. როგორც ეს იმ პერიოდში იყო მიღებული, უცხოელებთან ურთიერთობებს, ნებისმიერ დონეზე, „კაგებე“ აკონტროლებდა. ამერიკელთა მოთხოვნა „კაგებეს“ მაშინდელ შეფთან, იური ანდროპოვთან განიხილეს და მან თქვა: რადგან ამ ტერიტორიაზე არც ერთი ჩვენი საიდუმლო ობიექტი არაა განლაგებული, რამაც შესაძლოა, მათი (ამერიკის შეერთებული შტატები) დაზვერვის ყურადღება მიიპყროს, მიეცით მოთხოვნილი ადგილი. იმავდროულად კი, კონტროლი გააძლიერეთო. ანდროპოვმა ამ პროექტზე კონტროლის დამამყარებლის პოსტზე პოლკოვნიკი ლევან კაშია დანიშნა, რომელიც კონტრდაზვერვის ერთ-ერთი მაღალჩინოსანი იყო და „ლუბიანკაზე“ დიდად დაფასებული პიროვნება.

თანამშრომელთა სია

პოლკოვნიკი ლევან კაშია მისთვის ჩვეული პროფესიონალიზმით შეუდგა საქმეს და გაარკვია, რომ მშენებარე ფაბრიკის თანამშრომელთა სიაში ვინმე აარონ სმიტი ფიგურირებდა, თუმცა, მისი ფოტოსურათის იდენტიფიკაციამ ცხადყო, რომ სმიტი სინამდვილეში იურგან მიულერი იყო. მიულერი, „ესესის“ ზონდერკომანდის ერთადერთი ცოცხლად გადარჩენილი მებრძოლი აღმოჩნდა, რომელიც 1942 წლის დეკემბერში საბჭოთა არმიის სამხედრო დაზვერვის სპეცრაზმმა სწორედ პეტერგოფთან გაანადგურა, ანუ იმ კვადრატში, სადაც შემდგომ ამერიკელებმა ფაბრიკის მშენებლობისთვის მიწის მოზრდილი ნაკვეთი მიითვისეს. კაშიამ რომ ეს ინფორმაცია გააანალიზა, პირადად ეახლა იური ანდროპოვს და მოახსენა:

– იური ვლადიმიროვიჩ, აშკარაა, რომ ამერიკელები იმ კვადრატში რაღაც მნიშვნელოვანს ეძებენ და ამიტომ საჭიროა, გაირკვეს რა კავშირი აქვს ყოფილ „ესესელს“, იურგან მიულერს იმ ადგილთან. ამიტომ, ნება მომეცით არქივებში მოვიძიო.

ანდროპოვი წამით ჩაფიქრდა და ქართველ პოლკოვნიკს უთხრა:

– თითქმის ასპროცენტიანი ალბათობაა, რომ საქმე „ოქროს ოთახს“ ეხება.

– ოქროს ოთახს? – გაიმეორა კაშიამ.

– კი. მას. – დაუდასტურა „კაგებეს“ შეფმა და დააყოლა, – იმ წლებში მე კარელიის ფრონტზე ვმოღვაწეობდი. ფაშისტებს პეტერგოფი უკვე დაკავებული ჰქონდათ და როგორც ვიცოდი, ეკატერინეს სასახლიდან „ოქროს ოთახი“ გაიტანეს. ამ ოთახში ყველა ნივთი, აქსესუარი ოქროსი იყო და მაშინდელი ფასით, 10 მილიონ მანეთს აღწევდა. ახლანდელით კი – ამაზე გაცილებით მეტი იქნება. ჰოდა, როგორც ეტყობა, მაშინ ფაშისტებმა ვერ მოახერხეს ამ ოთახის გატანა. სადღაც იქვე დაფლეს და ამის გაკეთებას ახლა აპირებენ. ამიტომ, ამ კუთხით გააძლიერეთ მუშაობა.

ლევან კაშიამ ანდროპოვთან საუბრის შემდეგ „ობიექტზე“ თვალთვალი გააოთხმაგა და ამერიკელების ყველა ქმედება სკრუპულოზურად ფიქსირდებოდა და ანალიზდებოდა.

„ოქროს ოთახი“

1969 წლის სექტემბრის მიწურულს „კაგებეს“ კონტრდაზვერვის სპეციალურმა დანაყოფმა პეტერგოფიდან 4 კილომეტრის დაშორებით სატვირთო ავტომობილი დააკავა, რომელიც მიწას ეზიდებოდა. სინამდივლეში კი, ჩხრეკისას, სატვირთო ავტომობილში, ეგრეთ წოდებული, ეკატერინეს სასახლის „ოქროს ოთახის“ 8 ფრაგმენტი (სულ 64 ფრაგმენტი იყო) აღმოჩნდა. საბჭოთა კონტრმზვერავებმა, ლევან კაშიას მეთაურობით, უახლოესი 24 საათის განმავლობაში, ამერიკელების მიერ მშენებარე ფაბრიკის ტერიტორიაზე დანარჩენი 56 ფრაგმენტიც იპოვეს და ეს აურაცხელი ქონება სპეციალურ საცავში გადაიტანეს. ხოლო ამერიკის შეერთებული შტატების ფირმის თანამშრომლები, მათ შორის, იურგენ მიულერიც, დააკავეს. სწორედ მიულერის ჩვენებამ მოჰფინა ამ საქმეს ნათელი და გაირკვა, რომ 1942 წელს ფაშისტებმა „ოქროს ოთახი“ მიწაში ჩაფლეს, რადგან გააფთრებული ბრძოლების გამო მისი ტრანსპორტირება შეუძლებელი იყო. შემდგომ მიულერის ყველა თანამებრძოლი დაიღუპა. თავად მიულერი კი 1945 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში გაიქცა და სასმელების კომპანიაში დაიწყო მუშაობა. შემდგომ კი კომპანიის ხელმძღვანელებს გაურიგდა და შეუთანხმდა, რომ „ოქროს ოთახის“ დაუფლების შემთხვევაში, მისი ღირებულების ნახევარს მიიღებდნენ. ამერიკელი ბიზნესმენები და მიულერი გაათავისუფლეს და ამერიკის შეერთებულ შტატებში გაამგზავრეს.

აღსანიშნავია, რომ ამერიკული სასმლის მწარმოებელი ფაბრიკა საბჭოთა კავშირში მაინც აშენდა. მომდევნო წლებში კი წარმოება საკმაოდ გაფართოვდა. ამ ოპერაციის წარმატებისთვის კაშიამ გენერლობა მიიღო.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი