კრიმინალური ისტორიები

ქართველი ქურდი „შტირი“ „კაგებემ“ ქურდული სამყაროს ბოსად აქცია

№27

ავტორი: ნიკა ლაშაური 18:00 15.07

როგორ გაშიფრეს მკვლელი -
tbiliselebi.ge
დაკოპირებულია

მთავარი გმირების სახელები შეცვლილია. მათი ვინმესთან მსგავსება შემთხვევითია, რისთვისაც ბოდიშს გიხდით.

„ჩეკისტური“ კომბინაცია

1974 წლის აპრილში ქალაქ სოლიკამსკის მკაცრი რეჟიმის ციხეში – „ბელი ლებედში“ – 74 წლის ასაკში ინსულტით გარდაიცვალა ცნობილი, ეგრეთ წოდებული, „საკავშირო ქურდი“ („ვსესოიუზნი ვორ“) ომარ ბაქრაძე, მეტსახელად – „ტიტა“. სინამდვილეში ბაქრაძე უშიშროების სამინისტროს თანამშრომელი იყო. ის 25 წლის ასაკში, 1925 წელს ჩანერგეს ქურდულ სამყაროში და სპეციალურ დავალებებს ასრულებდა. „ტიტას“ შესახებ არც მილიციამ იცოდა რაიმე და ბაქრაძე ნამდვილი ნეპმანელი (სწორი ქურდი) ეგონათ. „ტიტა“ „შავ სამყაროში“ ისე იყო გაპიარებული, რომ მას ათეულ ათასობით ადამიანი ეთაყვანებოდა, ისეთი ხალხი, ვისაც ბაქრაძის სურათიც კი არ ჰქონდათ ნანახი და მხოლოდ ისტორიები მოესმინათ, რომლებიც უშიშროებაში ითხზებოდა. ანუ, „ტიტას“ ქურდულ-ჰეროიკულ სახეს „კაგებეს“ გამოცდილი თანამშრომლები ქმნიდნენ. ბაქრაძის პორტრეტის ერთ-ერთი შტრიხი ის იყო, რომ თითქოს „ტიტას“ ათი პატიმრობა ჰქონდა გამოვლილი და ციხეებში 33 წელი, ანუ ნახევარი ცხოვრება გაატარა. სინამდვილეში კი საკანში ბაქრაძეს გადაბმულად მხოლოდ 2 წელიწადი თუ ჰქონდა გატარებული. „ტიტას“ მხოლოდ მაშინ „მიავლინებდნენ“ ხოლმე ზონაზე ან ციხეში, როდესაც „კაგებე“ მას განსაკუთრებულ დავალებას აძლევდა. „ბელი ლებედშიც“, სწორედ, ასეთი მისიით იყო მივლინებული, მაგრამ მას მოულოდნელად იმნსულტი დაემართა და ერთადგილიან საკანში („ადინოჩკა“) გარდაიცვალა, არადა, მეორე დღეს მას „სხოდკა“ უნდა ჩაეტარებინა და „კაგებესთვის“ მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოეპოვებინა. „კაგებეს“ ოპერაცია გადაიდო და მათ სხვა კუთხით სცადეს მისი ჩატარება, ამასთან, „ტიტას“ შემცვლელიც უნდა ჩაენერგათ. „ჩეკისტები“ კი რის „ჩეკისტები“ იქნებოდნენ, რომ მისი სიკვდილი სათავისოდ არ გამოეყენებინათ: მათ ხმები დაყარეს, რომ თითქოს „ტიტა“ ყოფილმა ქურდმა, ვოვა ზატულოვმა, მეტსახელად „ბენდერმა“ მოკლა „შტირით“ (წვეტიანი, ალესილი რკინა), რომელიც ბაქრაძეს თვალში ატაკა იმ დროს, როდესაც „ბენდერი“ საჭმელს არიგებდა ციხეში (ის მომსახურე პერსონალი იყო) და „ტიტას“ „მუშკისთვის“ თავი ჰქონდა მიდებული. უფრო მეტი დამაჯერებლობისთვის ინსულტით გარდაცვლილ „ტიტას“ „ჩეკისტებმა“ შტირი თავად ჩაარჭვეს. „ტიტას“ მკვლელობამ ქურდები გადარია და ზატულოვს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს. საბჭოეთის ყველა საპყრობილეში გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ვინც „ბენდერს“ მოკლავდა, მას ქურდის სტატუსი მიენიჭებოდა (თუ, რა თქმა უნდა, მკვლელი ქურდული წარსულის იქნებოდა). „ჩეკისტებსაც“, სწორედ, ეს უნდოდათ. „ბენდერი“ „ბელი ლებედს“ მოაშორეს და ირკუტსკის „შინაგან ციხეში“ გადაიყვანეს ერთადგილიან საკანში, ანუ იზოლაციაში მოახვედრეს. „ბენდერი“ იმავე მეთოდით მოკლა 24 წლის მერაბ რობაქიძემ, რომელიც შინაგანი ციხის „აბსლუგაში“ (მომსახურება) მუშაობდა და დღედღეზე უნდა გადაეგზავნათ საპყრობილეში. მთელი ეს „ჩეკისტური“ კომბინაცია კი იმისთვის იყო განხორციელებული, რომ 24 წლის „კაგებეს“ სპეცაგენტი „შავ სამყაროში“ ჩაენერგათ და „გაექაჩათ“. ისევე, როგორც ეს „ტიტას“ შემთხვევაში მოხდა.

მეტსახელად „შტირი“

მიუხედავად იმისა, რომ მერაბ რობაქიძეს ქურდის სახელი ავტომატურად მიენიჭა, როგორც კი ის „ბელი ლებედში“ შევიდა, ქურდებმა „სხოდკა“ მოაწყვეს და 24 წლის ბიჭი ოფიციალურად აკურთხეს ქურდად. მეტსახელად კი „შტირი“ უწოდეს. ბიჭმა „ბელი ლებედში“ 3 წელი გაატარა და დიდი ავტორიტეტი მოიპოვა. ამის შემდეგ დაიწყო სხვადასხვა მკაცრი რეჟიმის საპყრობილეებში მისი ვოიაჟი. სინამდვილეში, „შტირი“ მხოლოდ თითო თვე თუ ჩერდებოდა ამა თუ იმ ციხეში, რომ „კოლეგებს“ ენახათ და კარგად გაეცნოთ. 1980 წელს ქურდებმა „იჩალიჩეს“ და „შტირის“ 12-წლიანი სასჯელი გაანახევრებინეს და რობაქიძე ციხიდან გამოაშვებინეს. „სვაბოდაზე“ კი „შტირი“ ქურდული ორგანიზაციის განმტკიცებას შეუდგა, თან საკუთარ ავტორიტეტს იმყარებდა. ამაში კი მას „კაგებე“ ეხმარებოდა და რობაქიძესთან კავშირზე მისი კურატორი, პოდპოლკოვნიკი ვადიმ საფრონოვი იყო. 1980-1990 წლებში „შტირმა“ უშიშროების უამრავი დავალება შეასრულა და რაც მთავარია, ისეთი განტოტვილი და სუპერორგანიზებული ქურდული სტრუქტურა შექმნა, რომ ნებისმიერი ინფორმაციის მოპოვება და ურთულესი სქემის შესრულება შეეძლო. საბჭოთა კავშირის დაშლის წინ, 1990 წლისთვის, 40 წლის „შტირი“, ფაქტობრივად, „საბჭოთა მაფიის“ ბოსი იყო. თუმცა, ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ის „კაგებეს“ სპეცაგენტი იყო და პოლკოვნიკის ჩინს ატარებდა. რობაქიძეს „შავები“ უდიდეს პატივს სცემდნენ და ბოლომდე ენდობოდნენ. თუმცა, 1990 წლის ზაფხულში კანადაში გაიქცა ვადიმ საფრონოვი, რობაქიძის კურატორი და დასავლეთის პრესისთვის მიცემულ არაერთ ინტერვიუში „შტირი“ გაშიფრა. ამ ამბავმა საბჭოთა „შავებამდეც“ მიაღწია. თავდაპირველად ამას არავინ იჯერებდა. თუმცა, საფრონოვი ისეთ ფაქტებს ასახელებდა, რომ ყველასთვის ნათელი იყო – სიმართლეს ამბობდა. აქედან გამომდინარე, ქურდებმა მას სიკვდილი მიუსაჯეს. და რადგან მის სიცოცხლეს სერიოზული საფრთხე ემუქრებოდა, „კაგებემ“ „შტირი“ გადამალა. საფრონოვი კი 1992 წელს მოკლული იპოვეს ტორონტოს სასტუმროში და ეჭვიც არავის შეჰპარვია, რომ ეს „კაგებეს“ შურისძიება იყო. მერაბ რობაქიძე კი, სავარაუდოდ, დღესაც ცოცხალია და ვინაობა და გარეგნობაშეცვლილი ევროპაში ცხოვრობს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №38

20-26 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

ვახტანგ ტატიშვილი

ვახტანგ ტატიშვილი: ჩემი თაობა უფრო ტრადიციების მიმ...