კრიმინალური ისტორიები

იმპერატრიცა ალექსანდრა ფეოდოროვნას დაკარგული საგანძური თბილისში აღმოაჩინეს

№34

ავტორი: ნიკა ლაშაური 23:00 31.08

როგორ გაშიფრეს მკვლელი -
tbiliselebi.ge
დაკოპირებულია

ზოგიერთი მთავარი გმირის ვინაობა შეცვლილია და მათი ვინმესთან მსგავსება შემთხვევითია, რისთვისაც ბოდიშს გიხდით.

ფაბერჟეს კვერცხი

1973 წლის მაისში თბილისის მილიციის სამმართველოში ხელოვნებათმცოდნე პავლე როყვა მივიდა და „ობეხეესის“ (სოციალისტური საკუთრების მიტაცების წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილება) წარმომადგენელთან სასწრაფო შეხვედრა მოითხოვა. მას ხელში საკმაოდ გაცვეთილი წიგნი ეკავა. როყვა კაპიტანმა შავგულიძემ მიიღო და უთხრა:

– გისმენთ, ბატონო, რამ შეგაწუხათ?

როყვა საკმაოდ აღელვებული იყო. მოწევის ნებართვა ითხოვა. სიგარეტი გააბოლა და როდესაც დამშვიდდა, შავგულიძეს გადაშლილი წიგნი დაუდო წინ და ჰკითხა:

– თუ იცით, ამ სურათზე რა არის გამოსახული?

კაპიტანმა სურათს დახედა და უპასუხა:

– თუ არ ვცდები, ფაბერჟეს კვერცხი უნდა იყოს.

– არ ცდებით, ეს ნამდვილად ფაბერჟეს კვერცხია. ამ შავ-თეთრ ფოტოზე არ ჩანს, მაგრამ ესაა ლურჯი მინანქრით ინკრუსტირებული, ოქროში ჩასმული კვერცხი პლატინის სადგომზე და 12 სამკარატიანი ბრილიანტით მორთული. ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი და უნიკალური ქმნილება, რაც ოდესმე ფაბერჟეს მადლიან ხელს შეუქმნია, – სხაპასხუპით განმარტა ხელოვნებათმცოდნემ და დაამატა, – ეს საოცარი ქმნილება იმპერატრიცა ალექსანდრა ფეოდოროვნას ბუდუარს ამშვენებდა.

– მერე რა? – მხრები აიჩეჩა შავგულიძემ.

კაპიტნის სიტყვებმა როყვა აღაშფოთა და ნერვიულად თქვა:

– რა, მერე რა, კაპიტანო? ეს კვერცხი, სხვა ნივთებთან ერთად, უკვე 50 წელიწადია, იძებნება. ეს კვერცხი და სხვა განძეული 1923 წელს „ჩეკამ“ პეტროგრადში იმპერატრიცას კამერდინერს, ანტონ ვოლხოვს ჩამოართვა. თუმცა, ეს შეუფასებელი ნივთი იდუმალ ვითარებაში გაუჩინარდა.

შავგულიძემ იფიქრა, შერყეულ მოხუცთან მაქვს საქმეო და უფრო რომ არ გაენერვიულებინა, მორიდებით უთხრა:

– სამწუხაროა, პატივცემულო, რომ ასე მოხდა, მაგრამ ნახევარი საუკუნის წინ დაკარგული ნივთების პოვნა ცოტა რთული საქმეა.

როყვას გაეცინა და კაპიტანს უთხრა:

– ალბათ, შეშლილი გგონივართ...

– სულაც არა, პირიქით გეტყობათ, რომ ძალიან განიცდით ხელოვნების ნიმუშების დაკარგვის ამბავს. ისინი ხომ მუზეუმში უნდა იყვნენ მოთავსებული და ჩვენი მშრომელი მოსახლეობის თვალს ახარებდნენ, – შავგულიძეს კიდევ რაღაცის თქმა უნდოდა, მაგრამ როყვამ გააწყვეტინა:

– კაპიტანო, ეს კვერცხი ამ ერთი საათის წინ ვნახე მარჯანიშვილის კუთხეში რომ ანტიკვარული საიუველირო მაღაზიაა და პირდაპირ თქვენკენ გამოვქანდი. 80 წლის ვარ. სიარული მიჭირს და ბოლო 3 მანეთი გადავიხადე ტაქსიში. სწრაფად უნდა წამომყვეთ იქ და ამ ნივთის კონფისკაცია მოახდინოთ. ფასი 6 ათასი ადევს. როგორც ეტყობა, ნივთის შემფასებელი დილეტანტია და არ იცის, თუ რასთან აქვს საქმე, მაგრამ ღმერთმა არ ქნას და თუ რომელიმე კოლექციონერმა, ნახა, იყიდის და მოგჭამათ ჭირი.

შავგულიძემ არ დაიჯერა მოხუცის ნაამბობი, მაგრამ როყვას ეს სიტყვები მილიციის სამმართველოს უფროსთან გაამეორებინა. პოლკოვნიკმა კი როყვას მაღაზიაში სამი ოპერმუშაკი და ხელოვნებათმცოდნე გააყოლა. კვერცხი ადგილზე იყო. ამოიღეს და მილიციის სამმართველოს ექსპერტებმა ერთხმად დაადასტურეს როყვას შეფასება. ფაბერჟეს კვერცხი, რომელიც 6 ათას მანეთად იყიდებოდა, სინამდვილეში შავ ბაზარზე 800 ათასი დოლარი ღირდა.

ძვირფასი განძი

როგორც მაშინდელი კანონმდებლობით იყო დაგეგმილი, მსგავსი საქმეები სავალუტო ოპერაციების კატეგორიაში გადიოდა. ასეთ საქმეებს კი „კაგებე“ იძიებდა. ამიტომ მილიციის მიერ ამოღებული ფაბერჟეს კვერცხი „კაგებემ“ წაიღო. მათმა ექსპერტებმაც დაადასტურეს როყვას სიტყვები და უშიშროებამ გამოძიება დაიწყო. გაირკვა ნივთის ჩამბარებლის ვინაობა და ის ხილ-ბოსტნეულის მაღაზიის გამყიდველი, 56 წლის ზინაიდა ქეშელაშვილი აღმოჩნდა. ქალი უშიშროებაში დაჰკითხეს. მან თქვა, რომ კვერცხი და კიდევ სხვა ნივთები წყნეთში 5 წლის წინ ნაყიდი ნაკვეთის მიწაში აღმოაჩინეს. ქალის თქმით, ნაკვეთში ძველი ხის სახლი იდგა. როდესაც ფული შეაგროვა, ძველი სახლი დაშალა, რომ ახალი აეშენებინა და სწორედ საძირკვლის გათხრის დროს უპოვია მიწაში ჩაფლული, ხის ზანდუკში მოთავსებული სხვადასხვა ნივთი, მათ შორის, კვერცხიც და გასაყიდად მიუტანია საიუველირო-ანტიკვარულ მაღაზიაში. ქეშელაშვილმა სხვა ნაპოვნი ნივთებიც გამოაჩინა და ისინი უკლებლივ ყველა იდუმალად გაუჩინარებული განძი აღმოჩნდა, რომლებიც „ჩეკამ“ 1923 წლის კამერდინერ ანტონ ვოლხოვს ჩამოართვა. ძიებით დადგინდა, რომ სააგარაკო სახლი 5 წლის წინ, 78 წლის ასაკში გარდაცვლილ ვასილ ვოლკოვს ეკუთვნოდა. და, რადგან მას მემკვიდრე არ ჰყავდა, რაიაღმასკომმა, როგორც თავისუფალი ფართი, ქეშელაშვილს მიჰყიდა. ვოლკოვი, ძველი „ჩეკისტი“ იყო, პეტროგრადის ოპერმუშაკი. თბილისში კი 1953 წელს ჩამოვიდა და პენსიაზე გასვლის შემდეგ სწორედ ამ აგარაკზე დასახლდა. გამოძიებამ 69 წლის იური ველიხოვს მიაგნო, ასევე, ძველ „ჩეკისტს“ და მან ასეთი ისტორია მოყვა: „მაშინ 19 წლის ახალგაზრდა ვიყავი, ოთხმა ოპერმუშაკმა რომ კამერდინერისგან ექსპროპრირებული განძი წამოვიღეთ. ჩვენს მანქანას ამით ნევის გამზირის კუთხეში ცეცხლი გაუხსნეს, სამნი დაიღუპნენ. მე კი მძიმედ დავიჭერი, მაგრამ გადავრჩი. განძი კი გაიტაცეს. მეორე დილით თავდასხმის ადგილიდან სულ რაღაც ორასიოდე მეტრში ორი მოკლული ადამიანის ცხედარი აღმოაჩინეს. ძიებით დადგინდა, რომ ორივე მათგანი თავდამსხმელი იყო, ბალისტიკურმა ექსპერტიზამ ცხადყო, რომ მოკლული „ჩეკისტების“ სხეულიდან ამოღებული ტყვიები სწორედ მძარცველების იარაღებიდან იყო გასროლილი და ეს რევოლვერები მოკლულ მძარცველებს თან ჰქონდათ. აშკარა იყო, რომ თავისი ორი თანამზრახველი მესამემ დახოცა, განძი მან გაიტაცა, მაგრამ მას ვერ მიაგნესო.“

ეჭვს აღარ იწვევდა, რომ ის მესამე, „ჩეკისტი“ ვასილ ვოლკოვი იყო და რომ ეს სისხლის ღვრა მან მოაწყო. თუმცა, განძი ვერ გამოიყენა და მიწაში ჩაფლული დარჩა.

იმპერატორ ალექსანდრა ფეოდოროვნას საგანძურის ნაწილი, რომელიც ქეშელაშვილმა იპოვა, მოსკოვში წაიღეს და კრემლის მუზეუმში გამოფინეს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №36

11–17 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

გიორგი ხიზანიშვილი

როგორ მიიყვანა რთულმა გზამ გიორგი ხიზანიშვილი ევრო...