კრიმინალური ისტორიები

ძველი თბილისის დამნაშავეები

№6

ავტორი: აბო იაშაღაშვილი 18:00 20.02, 2021 წელი

ძველი თბილისის
დამნაშავეები - tbiliselebi.ge
დაკოპირებულია

დარჩო მეზვრიშვილი – ქურდი, მძარცველი. ის რამდენიმე ბანდის წევრია, ერთი ბანდაა ოცკაციანი, ბელოვს რომ შეუვარდებიან ვორონცოვის ქუჩაზე და ის ხმლით ხელში ცდილობს თავის დაცვას, თუმცა ძირს იოლად დასცემენ და გაძარცვავენ. დიდი ბანდები ამ დროებაში არ არის იშვიათი რამ, რვა კაცი, ათი კაცი სულ იოლად დაითვლება. იკრიბებიან, იშლებიან, ისევ შეიყრებიან, ისევ დაიშლებიან. ხშირად ეს არის დამატებითი შემოსავლის წყარო. 1873 წელს მექოშეთა რიგში რვაკაციანი ბანდა შევარდება ფურნეში, მეფურნეს ხანჯლით ხელში დაჭრიან და სალარო ყუთს გაიტაცებენ. სისასტიკე ამ ბრბოებს სჩვევია. პელიაევის ქვრივის დაყაჩაღებისას 1 150 მანეთს წაიღებენ, ხოლო იატაკზე დაგდებულ ქვრივზე ავაზაკების თავი დასძახოდა, მიახრჩვეთ ის დროზეო, ოდენ პოლიციის მოვარდნამ იხსნა ის სიკვდილისაგან. მეზვრიშვილის ბრბომ 1875 წელს, კარაპეტ კონდახსაზოვის სახლი გაძარცვა, თუმცა  ყვირილზე პოლიცია გამოჩნდა და როცა იქიდან გამორბოდნენ, დარჩო მეზვრიშვილი დაიჭირეს.

იან მიუძინსკი და თომა ლისენკო – ვაგზალთან ყიდდნენ დასტად შეკრულ ქაღალდებს, ზედ დაკრული ასიგნაციით, ვითომ და ყალბი ფული ყოფილიყოს. ეს მოძველებული ფანდი იყო. თუმცა დიდი ხანი არ იყო, რაც სოფლის მოსახლეობა მატარებელს გაუშინაურდა, აქამდე ურემსა და ეკიპაჟს ამჯობინებდა და ახლა მათი ოდენობა ტფილისში მატულობდა. იოლ ფულზე დახარბებაც ხშირი იყო. მარხვის დამჭერიც არ იყო ბევრი, ხეირს ხედავდნენ და თანხმდებოდნენ. ამათაც რა უნდოდათ, საუბარი დასწავლილი ჰქონდათ, მსხვერპლი – ამორჩეული. გლეხიც იღებდა ნაჭერში თუ ჩექმაში შენახულ ფულს და ცვლიდა ყალბში. ფიქრობდა ნაწილის აქვე გახარჯვას, ნაწილის შინ მიბრუნებისას გადაცვლას და მოგებასაც უკვე ითვლიდა, ოღონდ ყალბი ფულის მაგიერ ცარიელი ქაღალდები ხვდებოდა. მიუძინსკი და ლისენკო კი თვალსა და ხელს შუა ქრებოდნენ. არ იყო რთული, აქაურობა იმათი იყო. ყოველი საჩაიე და ფაეტონი იცოდნენ. სად რა ამოერჩიათ, იოლად ხვდებოდნენ. გარადავოისაც ერგებოდა რაღაცა. გლეხი გავარდებოდა, გამოვარდებოდა და და ჩერდებოდა. ყალბი ფულის ყიდვაში თვითონაც გამოდიოდა გარეული. ამ საქმეს მისდევდნენ 1890 წლამდე, ვიდრე ბოქაული კრაპივინი ორივეს არ დაიჭერდა.
მოხსენ ფატულა ოღლი – სპარსი, სალდათის ბაზრის ქურდი, იპარავდა დახლებიდან. მაშინ ოთხი ბაზარი იყო, სალდათის, თათრის მეიდნისა, ვერისა და ავლაბრის, იქ დაძვრებოდა ყველგან და რასაც ყურადღება დააკლდებოდა, იხელთებდა და იპარავდა, კალსონი, ჩექმა, ვაშლი, ბილიარდის შარი, ნებისმიერ ნივთს იპარავდა. მერე, როცა სამალავი უპოვეს, შიგ ბლომად ისეთი ნივთი იყო, გაყიდვა რომ გაჭირდებოდა. ამას გარდა ბლომად სხვადასხვა სიძველეც აღმოაჩნდა, ყაჯრების დინასტიის რამდენიმე ძველი მონეტა, ძველი სპარსული ხელნაწერებიც, რაშიც თამბაქოს ახვევდა და აბოლებდა. ის დაიჭირეს 1903 წელს, როცა ჩექმა მოიპარა სალდათის ბაზრიდან.

გრიბოედოვის ქუჩა

აბელა ნონიკაშვილს, მას მერე, რაც ოქროშიძე სასაფლაოზე მოკლა, ეშმაკი არ ასვენებდა. ბაღდადიანცი იცოდა, რომ ტფილისელი ვაჭარი იყო, მაგრამ ამ სასაფლაოზე მოარულს მის საფლავზე რა უნდოდა, ვეღარ გაეგო. ასე რად აკვირდებოდა? განა იყო რამე? მარა გულს ჭია უღრღნიდა. გული უგრძნობდა, რომ რაღაცა იყო იმ სასაფლაოზე მოხეტიალე კაცის თავს. ეგრე ტყუილა და გიჟის სიარული არ ყოფილა. ჰოდა, ადგა და გაიარა გრიბოედოვის ქუჩაზე, სადაც მოკლული ბაღდადიანცის სახლი იყო. ერთხელ, მეორედ. გავიდოდა და თავისი ნავსი თვალით გახედავდა, ჰამ გაივლიდა, ჰამ თვალს შეავლებდა, ეგებ რაიმე გამოეჩინა განგებას. ერთხელაც, მერძევეს სარდაფთან რომ იდგა და თავისას ფიქრობდა, მას თვალში სამი სპარსელი მოხვდა, აქეთ იქიდან, სწორედ, ბაღდადიანცის სახლს რომ უტრიალებდნენ. ქურდი ქურდს ვერ იცნობს?
– ამათ რაღა უნდათ? – აბელას გულში რაღაც აუთამაშდა. თანაც აქაურ სპარსელებს არ ჰგავდნენ, ჩანდა, რომ არ გასჩვეოდნენ ქუჩას, თუმცა კი მეტად სხარტად და საქმის ცოდნით ათვალიერებდნენ.
აბელა მოეფარა კედელს, თითქოს თავის საქმეს მისდევდა და სარძევეში ჩაიხედა, გამოიხედა და თან ხარობდა იმის ამოცნობით, ეს სპარსელები რა კოხტად სწავლობდნენ იქაურობას. იმათ მოქმედებაში ბევრ რასმეს ხვდებოდა და წინასწარაც ამოიცნობდა, აბა ეხა რას იზამენ, და ასეც გამოდიოდა. აბელა კაი ხნის ქურდი იყო, იცოდა მიდგომისა და ათვალიერების ხერხი. ესე იდგა და პირზე ღიმილი დასთამაშებდა, როცა უეცრად გიგო დაინახა. გიგო სპარსელებს აკვირდებოდა.
– ნერსესოვის გოშია?
და აბელა კიდევ უფრო მოეფარა სახლს, ისე, რომ ვერც გიგოს შეენიშნა. თავად კი კარგად ხედავდა, როგორ უთვალთვალებდა ის სპარსელებს. აბელა ხან მას შეხედავდა, ხან იმათ, და თვალებიც მოჭუტა.
– აქ რაღაც ფაფა თუხთუხებს, – ჩაილაპარაკა მან თავისთვის.
რა უნდა ყოფილიყო ეს ყველაფერი? სპარსელები იქაურები არ იყვნენ და ბაღდადიანცის სახლს სინჯავდნენ. ის სასაფლაოზე მოკლულიც ბაღდადიანცის საფლავს უტრიალებდა. ახლა ეს გიგო ამათ რომ მწყემსავს, ეს ყველაფერი ერთი მეორესთან კავშირი იყო თუ არ იყო?
მიხეილ ჟღენტი – 1905 წლის არეულობების დროს ფულის გამოძალვა და წართმევა დაიწყო, შემდეგ შეეკრა მოლარე მუდრეცოვზე თავდასხმის მონაწილე მესხს, მეტსახელად „რიჟას“, ვისაც ბინა ავჭალის ქუჩაზე ეჭირა და მასთან ერთად ყალბი ფულის გაყიდვა დაიწყო. ყალბი ფულის მომჭრელები მაშინ იყვნენ სამუილ პეტროსოვი და კასუმ მოლა ოღლი, ვინც მანამდე ყალბი ფულის გამსაღებელი იყო და შემდეგ თავადაც დაიწყო ოქროს ხუთმანეთიანების მოჭრა. ჟღენტს მიემხრო ასევე სოსია ბიწკინაშვილი, ტერორისტი და კასრების მკეთებელი ხელობით და სიკო მეზვრიშვილი, რამდენჯერმე ნასამართლევი, „რიჟას“ კიდევ ერთი დამქაში იყო ენოქ დანდუროვი, პორუჩიკ გააზეს მკვლელი, ვინც ასევე მონაწილეობდა წინანდლის მამულის მოლარე მუდრეცოვზე თავდასხმაში. დანაშაული ამ დროს მეტად მატულობს. გაუხსნელი საქმეების ოდენობა ძალიან დიდია. დავთრები გადავსებულია, აღარც უბნის ბოქაულები ჩანან, აქამდე იოლად რომ აუდიოდნენ დანაშაულს და ნაქურდსა და ნაძარცვს მიაგნებდნენ. ყოველივე აირია. აგენტურაც სულ უფრო ქრება. მათაც ხოცავენ. პოლიციელთა მკვლელობაც გაჩაღებულია მეტად ფართედ. 1906 წელს მოკლულ გარადავოების შორის არიან კალკუტინი, სალტიკოვი, კუჩერენკო. ქუჩაში სროლა მეტად ხშირია, მკვლელობაც – ყოველდღიური.

წიგნიდან „ძველი თბილისის დამნაშავენი“

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი