კრიმინალური ისტორიები

ძველი თბილისის დამნაშავეები

№5

ავტორი: აბო იაშაღაშვილი 18:00 13.02

ძველი თბილისის
დამნაშავეები - tbiliselebi.ge
დაკოპირებულია

კონსტანტინ კულშეი-ბაშ-ოღლი – მძარცველი, ოსმალეთის ქვეშევრდომი, ბერძენი. მცხოვრები ტფილისში, მოხეტიალე სომხის ბაზარში, ვერცხლის რიგის შესახვევებში და ვიწროებში ღამის გამთევი, ცირკში გასათბობად მისული. მაშინ სამი სპილო ჩამოეყვანათ პარიზიდან. გამორჩევით თვალს იტაცებდა სცენა, საცა სპილო მედუქნეს უხირდება და მთვრალი ფულს არ იხდის. მანამდე შამპანურს გამოცლის ვედროთი და არეული ფეხით დუქანში დებოშს ტეხს. ბოლოს იყო მესამე სპილოს შემოვარდნა, ვინც აიძულებდა მას ფული გადაეხადა. ტფილისელები ამ სპილოს ბოქაულ სვიმონოვს ეძახდნენ, იმ დროს უკვე ქუთაისის პოლიცმაისტერს, ტფილისში კი დიდ ხანს ახსოვდათ ეს სახელი. ქუჩისთვისაც კი დაერქვათ ვერაზე. 1902 წელს კულშეი-ბაშ-ოღლი ცირკის პატრონ აკიმ ნიკიტინს შეუვარდა და იმის ჰალსტუხიდან ბრილიანტის ქინძისთავის ამოცლას ცდილობდა.

ალიოზი მალონიკ – ავსტრიის ქვეშევრდომი, ყალბი ფულის მომჭრელი. 1898 წელს მან ტფილისელები გაბო გებუაძე და გიორგი ზახაროვი გაიცნო და მათთან ერთად ყალბი ფულის მოჭრა გადაწყვიტა. ის გებუაძესთან სახლში გადავიდა და მათ საჭირო ხელსაწყოები შეიძინეს. რის მერეც მალონიკმა ყალიბის ჩამოსასხმელად სპილენძის ფირფიტები დაამზადა. შემდეგ მათ პრესი იყიდეს, საქმეს შეუდგნენ, თუმცა პრესი მალევე გატყდა და გადაწყვიტეს, რომელიმე ზეინკლის სახელოსნოში ამოეტვიფრათ ფირფიტებზე ჩამოსასხმელი ყალიბი. ამისათვის მალონიკმა ფრიდრიხ ბოპილეს საამქროში დაიწყო მუშაობა. თუმცა დრო ამისათვის ვერ იხელთა. შემდეგ გადაწყვიტეს მისგან იჯარით აეღოთ პრესი და 15 ყალიბი დაამზადეს, თუმცა ვერც ერთმა ივარგა. ამიტომ ის ტიგრან მანუშაკიანცის საამქროში მოეწყო, მაგრამ ის მიუხვდა ჩანაფიქრს და გამოაგდო. გებუაძემ ის ისევ ბოპილესთან გაგზავნა, სადაც მან მხოლოდ ერთი წყვილი ყალიბის დამზადება მოახერხა. ამით შეუდგნენ ფულის მოჭრას, თუმცა მალონიკმა დამქაშები მალევე გასცა. გაბო გებუაძის ბინის ჩხრეკისას ის ხელის პრესი, მაყალი, კალის ნაჭრები, ქოთანი შიგ გადამდნარი ლითონის ნარჩენებით, ხუთი ქლიბი, ბურღი, ბრტყელტუჩა და მისთანები აღმოაჩინეს. გებუაძეს და ზახაროვს 6 წელი კატორღა მიესაჯათ.
იაკობ მამაჯანოვი – სახლების ქურდი, ავლაბრელი. ჩუღურეთში ბინაში შეიპარა, ამირეჯიბის ქალს თავში ჯოხი ჩაარტყა და იქიდან სხვადასხვა ვერცხლეული მოიტაცა. ნაქურდ ვერცხლეულს ყიდდა ვერცხლეულის მჭედელ თადეოზ სარიბეკოვს. მანვე გაქურდა ვიურტენბერგის ქვეშევრდომი ფრიდრიხ სეცი, ხუროების უსტაბაში ისააკ ხახაშვილი და მეორე სეიდაბადის ქუჩაზე თეკლა დეჟურჩევას სახლიდან 225 მანეთი მოიპარა. მას დაბრალდა, რომ მალვაში მყოფი დამქაშის ადგილსამყოფი გასცა პოლიციას. მას დახვდნენ. შაქრო ხახაშვილი, ციხიდან ახალი გამოსული, თავის დამქაშებთან ერთად ღვინოს სვამდა ანჩისხატის შესახვევთან, მოახლოვებულ მამაჯანოვს მან ბოთლი გაუწოდა და მისი გამოსვლის სადღეგრძელოს შესმა შესთავაზა, და როცა იმან ბოთლი მოიყუდა, ამ დროს ხანჯლით მუცელში რამდენჯერმე დაარტყა. მამაჯანოვი გადარჩა. შემდეგ 1873 წელს ბოქლომის გატეხვით დემენტიევის და ბებია ქალი კაზაკევიჩის ბინა გაქურდა და ქვრივი შლიტერის ეზოში იპოვეს მოპარული სამოვარი, გახვეული მამაჯანოვის ჩოხაში. თუმცა ის მალევე გამოუშვეს, მაგრამ ალი ბაბა ოღლიმ, აბანოებთან ჯაბარ ხან-მამედოვის თამბაქოს დუქნის გაქურდვის გამო რომ იმალებოდა, მოკლა ის მადათოვის კუნძულზე ბებუთით. სადაც საკლავს კლავდნენ, ისიც იქ დაკლეს.
მამედ-მოლა-მამადი ოღლი – სხვენის ქურდი. ტანით იყო პატარა და ეს იოლად გამოუდიოდა. სხვენში ზანდუკებს დასტეხავდა და იქიდან სხვადასხვას იპარავდა. ღამის ტფილისში ის გადადიოდა სახურავიდან სახურავზე და ასე ნახევარი ქვემო ქალაქის გავლა შეეძლო. კარგად იცოდა, სად რას დაჰკიდებოდა, როგორ გადამხტარიყო, კაი მანძილს გაივლიდა ისე, რომ თავს სულ სხვა უბანში ამოჰყოფდა. მოპარულს კი სახურავზევე, რომელიმე მიგდებულ სხვენში მალავდა. იმას აღმოაჩნდა რამდენიმე ასეთი სამალავი. 1893 წელს ნატალია ნაზაროვას სხვენის გაქურდვის შემდეგ, ის დიდი ტალახიანი ქუჩის ერთ შესახვევში ჩამოხტა, სადაც გარადავოი იაგუნდოვი დარაჯობდა და დაიჭირა.
მამედ-შადიხ-მამედ-სოფი ოღლი – 50–იანი წლების ქურდი. იყო ჯამბაზის დამხმარე, მასხარა, ქალაქურად – „რიჟი პამაგაი“, და, როცა ჯამბაზი თოკზე გადიოდა, ის მის ქვევით იდგა, გამობაძავდა და მიწაზე სიარულით მასხარობდა, ვითომ და სახიფათო რამ მალაყს აკეთებდა. ზოგს ჯამბაზი მოსწონდა – ზოგს – მასხარა და ფულიც ასე გროვდებოდა. ის ჩამოივლიდა იქ მყოფთა შორის და სპარსულად დასძახებდა „უნარ-უნარ-უჩუნ“, ფულსაც აკრეფდა. თუმცა, რასაც მისცემდნენ, თითებს შუა მალავდა და ქოშში ინახავდა. ერთხელაც ეს არ დაიმალა და მისი ბაპფაც გატყდა. ამის მერე საქმეში ვინ აიყვანდა. ტფილისი პატარა იყო, ერთ ბოლოში კარგად ნასროლი ქვა მეორე ბოლოში არამ კაცს შუბლში მოხვდებოდა. ჯამბაზმაც სხვა მოძებნა და ერევანსკის მოედანზე უკვე სხვა ჰკრეფდა მის ფულს. 40-იანი წლების მოედნის გართობაც მაშინ ეს თოკზე გავლა იყო, კიდევ აბელა რევაზოვის ოჩოფეხებით სიარული და ფოკუზებით ვერცხლის ფულის გაქრობა-გაჩენა, კიდევ პამპერლეს თოჯინების თეატრი ამავე მოედანზე. აზიაც იყო აქ და ევროპაც. სოფი-ოღლი კი ქუჩის ქურდი და მძარცველი შეიქნა. ქალაქში დაეხეტებოდა, ზევითაც, ქვევითაც, ძაღლი ჰყავდა და იმას ქუჩის მოარულზე საკბენად და საყეფად მიუშვებდა. დამფრთხალს ამოარჩევდა, თაბახიანს, ხელში საქონლიანს, რომ იმას გავარდნოდა და ეს სტაცებდა და გაიქცეოდა. ასე ქურდავდა ქუჩაში ებრაელებს, ნაირკვარი ნაჭრები და წვრილმანები გასაყიდად რომ დაჰქონდათ. იჭერდნენ, გამოდიოდა, წვრილი ქურდობისთვის სამჯერ დაეჭირათ. მათ შორის 1862 წელს, ელისაბედ ლომიძევას 53 მანეთის ნივთები რომ მოჰპარა.
საქულ მამულოვი – ჩუღურეთის მკვიდრი. არაერთხელ ნასამართლევი. ქურდობა, ძარცხვა ედებოდა ბრალად და მეტეხის ციხის ხშირი სტუმარი იყო. ერთ-ერთი სასჯელის მოხდის შემდეგ 1880 წელს ის მიადგა გიორგი ფეიქაროვს სახლში და თავისი დამქაშის მიბარებულ თანხასა და ნაძარცვ ნივთებს სთხოვდა. ეს ანტონ ხმალაძის მიერ ნაქურდი ნივთები იყო, ვინც ციმბირის კატორღაში ათრევდა ბორკილსა და ფრანგი ლეკონტის ბინიდან მოეპარა, და ფეიქაროვს, იგივე „რიჟას“ კი თავის დუქანში გადაემალა. გამორჩევით მამულოვი მტრედის კვერცხის ზომის საფირონს სთხოვდა. თუმცა ფეიქაროვი უარობდა, პოლიციამ წაიღო მთელი ნაქურდიო, თვალებად სხვა დამქაშებიც მოეყვანა. ძალიან დიდ თანხაზე იყო დავა და ლაპარაკი. მამულოვმა, ვიდრე მიიმალებოდა, იქ მყოფი გიორგი ფეიქაროვი, ეგორ ასატუროვი, ტიმოთე კონდაშვილი და ვანო მერაბოვი დახოცა, პოტაშვილი კი გადარჩა და ამბავიც მან გამოიტანა.

(წიგნიდან „ძველი თბილისის დამნაშავენი“)

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №15

12-18 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

ზოდიაქოს ნიშნები

კვირის დღეების ასტროპროგნოზი