კრიმინალური ისტორიები

ძველი თბილისის დამნაშავეები

№53

ავტორი: აბო იაშაღაშვილი 18:00 09.01, 2021 წელი

ძველი თბილისის
დამნაშავეები - tbiliselebi.ge
დაკოპირებულია

შაჰ აბასის საფირონი

ოქროშიძეს არ ეძინებოდა. ფიქრები არ ასვენებდა. მერე ადგა, საკანში გაიარა და შარდის ბუშტი დაიცარიელა. უკან ხვრინვას შუა რომ მოდიოდა, ერთგან გაჩერდა. მუთაქის ქვემოდან რაღაც ფურცელი სჩანდა. თითქოს წერილი ყოფილიყო. წერილები მისი საქმე იყო. ყალბი წერილების გამო იყო, ციხეში რომ ჩაესვათ. სხვისი წერილის ბადრაგისთვის მიცემით კი შეიძლება, ჯამში უკეთესი ლუკმა შეხვედროდა. აქეთ-იქით გაიხედა, თითები ფურცელს მოჰკიდა და სწრაფად გამოაცურა. არ დაძინებია გათენებამდე და საკანში პირველი სინათლე რომ გაჩნდა, ქაღალდსაც ჩახედა.

„სიკო, ძმაო, იმედი გადამეწურა აქედან გამოსვლისა, ხაშის ჭამისა, ქაღსბადის ჩაკბეჩისა, ბორკილს მიბამენ. იქნება დამიხსნათ, იქნება გზაში დაეცეთ, თუ ვერა და ჩემს ობლებს მიხედეთ. ამ ამბის სახალინის საფლავში წაღება არ მინდა, იქნება, გზაშიც წაიღოს ჩემი სული გაბრიელმა. ჩემ გარდა არავის დაუნახავს და ქრისტე ღმერთის გარდა არავინ იცის, ბაღდადიანცმა ამოიღო უბიდან მტრედის ტოლა საფირონი და გადაყლაპა. იმის მუცლის გამოფატვრა ვერ მოვასწარი, იმის ნაწლავებში თითების შეყოფა არ დამაცალეს. პრისტავებმა ტყვიები დაგვაყარეს. იმას ფეხსალაგში გასვლა აღარ შეხვდა, ჩემი ტყვია გულში მოხვდა და ის ქვა ეხლაც მუცელში აქვს. იმის თან საფლავში წაღება არ მინდა. ამოთხარეთ და ჩემი ობლები არ დამიჩაგროთ, ღმერთი დაგსჯით, წყევლა იყოს თქვენზე და თქვენს ნაშიერზე, თუ იმათ ხელი არ გაუმართოთ“.
ეს წაიკითხა ოქროშიძემ და თვალებს არ დაუჯერა, საფირონი! – კი, ასე ეწერა. მტრედის კვერცხის ტოლა საფირონი! ოქროშიძემ წერილი შეჭამა.
დილას მადლი არ მოუტანია ციხეში. საზარელი ყვირილით დაიწყო და ერთი პატიმარი გამხეცებული მის გვერდით მყოფს ეცა და მოკვლა დაუპირა, თან ღრიალებდა და ის ძლივს გამოგლიჯეს ხელიდან და საკნიდან გაათრიეს მარტო დასამწყვდევად. ოქროშიძე კი ერთ კვირაში მეტეხის ციხიდან თავდებით გამოუშვეს.
ამაზასპ ხაჟაკნიანცი – ქურდი, ვითომ და ძველმანების მყიდველი და ეზოებისა და სახლების ისე მომთვალიერებელი, შემდეგ კი ღამით მიმსვლელი და სხვადასხვის მომპარავი. ის იყო თორმეტკაციანი ბანდის თავი, ესე, ქალაქში რომ დაიარებოდნენ და მის შიდა ეზოებსა და სახლებს სინჯავდნენ. ისინი იყვნენ თორმეტი. თითქოს და მოციქულები, თითქოს მახარებლები ასე შედიოდნენ სახლებში და მშვიდობის ნაცვლად მიჰქონდათ ავი თვალი. თვალი, რომელიც იხსომებდა სიმდიდრეს, ზანდუკთა ოდენობას, ბოქლომთა სიდიდეს, ძაღლების ყეფას. მერე უმთვარო ღამეს ელოდნენ და ლამპებში ნავთის ნაკლებობას. მიადგებოდნენ დანიშნულ შესახვევს და სახლს. ორი ფანჯარაში ძვრებოდა, ერთი დასასტვენად იდგა, ერთიც ელოდა, თუ გარადავოი გამოჩნდებოდა, ის რომ გაეტყუებია და სხვა მხრით წაეყვანა. 1890 წელს ტფილისში ბევრი სახლი გაქურდეს. ეს იყო იმ წლის მთავარი ბანდა, რომელიც ტფილისის მოქალაქეთა სახლებს ეცემოდა.

კართან დაფერთხილი მტვერი


არტემ გასპარიანცი ოთახში დაიარებოდა და ფიქრობდა, როცა კარზე კაკუნი გაისმა. მან შეხსნილი სამოსი გაისწორა და კარისკენ გაემართა. გამოიღო და მის წინ იშვიათწვერიანი კაცი იდგა ანაფორაში.
– მე თქვენ ორიოდე დღის წინ გნახეთ სანასარიანის დასაფლავებაზე და არ შეიძლებოდა, არ მოვსულიყავი, – თქვა სტუმარმა.
გასპარიანცმა გაკვირვებით აათვალიერა მოსული.
– თუ შემოსვლის ნებას დამრთავთ, უფრო წვრილად აგიხსნით.
გასპარიანცმა სტუმარი ოთახში მოიპატიჟა და სკამზე მიუთითა. მანდაკუნი ზედ მოთავსდა. უხერხულობა სიჩუმისა კედლის საათმა დაარღვია და შვიდჯერ დარეკა. მის ბოლო დაკვრასთან ერთად მანდაკუნიმ საუბარი დაიწყო.
– თქვენ მე პატრიოტ ადამიანად დაგინახეთ, ვისაც აწუხებს ბედი ჩვენი ერისა, ასე რომ გაბნეულა პაროპამიზის მთებიდან კუნძულ იავამდე. უთუოდ არზრუმში მომხდარი აღგაშფოთებდათ...
და მანდაკუნიმ მოყვა, სამიხ ფაშას ეკლესია როგორ გაეჩხრიკა, რაკი იქ იარაღი ეგულებოდა და მერე აღშფოთებულ სომეხთა მანიფესტაცია დაერბია, და ჯარს ბლომად ხალხი დაეხოცა და ტყვედ აეყვანა. სტამბოლში კი კუმ-კაპეს უბნის საპატრიარქო ეკლესიაში იარაღი ესროლათ პატრიარქი აშიკიანისათვის, ვინც დუქანში დამალულიყო და ალიაქოთი ამსტყდარიყო, ხონთქარს კი ჯარები გაეგზავნა და ოთხასი კაცი დაეპატიმრებიათ.
ეს ყველაფერი აშკარად სხვა საუბრის დასაწყისი იყო და როდის დაეწყო ეს მთავარი, ამას მანდაკუნი გასპარიანცის თვალებში ეძებდა.
დარისპან ხახნელიძე – იმერეთიდან შიმშილს გამოქცეული მოადგა ტფილისს და ქაღალდის თამაშში გაერია შაითან ბაზარში და ქუთაისში დასწავლილი ოინებით ფულის შოვნა დაიწყო წვრილად. იმან იცოდა ქუთაისელი ებრაელების თამაში, აქაური არ იცოდა, თუმცა იოლად აუღო ალღო და მისდია. მალე გაიჩინა ნაცნობობა ტფილისელ იმერლებთან და საქურდად გაჰყვა და გაქურდეს პორუჩიკ ბარაბაშევის ბინა. იქიდან მოპარულ ნივთებს მალავდნენ ჯიაშვილის სარდაფში. იქავე გაემართათ ბუნაგი. ზედ გაყვანილი ჰქონდათ ზარი და როცა რამ საეჭვო ხდებოდა, ის ზევიდან ნიშანს აძლევდა. გასასვლელი მეორეც ჰქონდათ, სხვა ქუჩაზე. 1880 წელს დაიჭირეს, იჯდა ორი წელი მეტეხის ციხეში, იქიდან გამოსული ისევ გაერია ყომარში და სახლების ქურდვაში. მან ითამაშა როსტოველ ჟულიკ „ბარადასთან“, როცა ტფილისში გასტრალიორობდა და გვარიანი ფული წააგო. „ბარადას“ სამართებელი ამოეღო და თითს აჭრიდა, თუ ის ფულს არ მოიტანდა, იმას დაუდგნენ გეურქ არუთინოვი, მეტსახელად „გამბო“ და ოგანეზ ანტონოვი, იგივე „ტოტი“ და იოლად „ბარადას“ ვერ დაუძვრებოდა. ხუთი დღე ითხოვა, როცა ვერას გახდა და ფული კი მისატანი ჰქონდა, მეორე გილდიის ვაჭრის ნიკო პუგანოვის ბავშვი მოიპარა. მალავდა სარდაფში და იმის ფულში გადაცვლას ცდილობდა. მერე ეს საქმეც ვერ გააწყო, შეშინდა და ბავშვი იქავე დაახრჩო. გვამის გამოტანისას და ტომრის წაღებისას ღამის გარადავოიმ დაიჭირა. მიესაჯა უვადო კატორღა.
ხეჩო ხუდავერდოვი – ქურდი, ბეჭდის დამგდები. ეს იყო ძველი ფანდი. პორტმანის დაგდება სხვა იყო, ბეჭდის – სხვა. ბეჭედს თვითონ დამგდები პოულობდა და გამვლელთა ყურადღებას მიიქცევდა, – შე ოხერო, ძლივს გიპოვე და ისევ მეკარგები? ბეჭედს არ იყიდი? ვიპოვნე, ჩემთვის ბეჭედი საჭირო არ არის, მე ფული მინდა და თუ გინდა, იაფად მოგცემ – ასეთ საუბარს გააბამდა და ვისაც ამაში ჩაითრევდა, მისთვის ცდილობდა, ბეჭედი მიეყიდა. ძვირფასი ბეჭედი სჩანდა, ფულსაც ბევრს არ ითხოვდა, მოსაუბრეც ხარბდებოდა და ხელთ შერჩებოდა ყალბი შუშის ბეჭედი. ხუდავერდოვი ქურდობაშიც იყო გარეული, სხვადასხვა დანაშაულშიც, 1891 წელს დაიჭირეს მამასახლისოვის ბაღიდან ხალიჩის მოპარვისათვის.

(წიგნიდან „ძველი თბილისის დამნაშავენი“)

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი