კრიმინალური ისტორიები

ძველი თბილისის დამნაშავეები

№49

ავტორი: აბო იაშაღაშვილი 20:11 10.12

ძველი თბილისის
დამნაშავეები - tbiliselebi.ge
დაკოპირებულია

სოლომონ ორჯონიკიძე – აზნაური, ყალბი ფულის მბეჭდავი, ის დააკავეს 1908 წელს ნავთლუღის სადგურზე, საცა პორტმანეში უპოვეს ორი ყალბი ასმანეთიანი, ხოლო გიტარაში, თან რომ ჰქონდა, კიდევ სამოცი ათასის ასეთივე ასმანეთიანები. მაშინ ხშირი იყო ყალბი ფულის ტფილისის გარეთ ბეჭდვა. 

ასე ჯანიბეკოვი და მისი დამქაშები ფულს ერთი ხანობა თეთრი წყაროში ბეჭდავდნენ. ასე თავს უფრო უსაფრთხოდ გრძნობდნენ.

ორჯონიკიძე გორში მისდევდა ამ საქმეს და როცა ტფილისის სამძებრო განყოფილების თავი ევტუშევსკი და მისი მაძებრები მის ბინას დაეცნენ, იქ 570 ათასი მანეთის ყალბი ასმანეთიანი აღმოაჩინეს. ბეჭდვას მისდევდნენ ფოტოგრაფიის მეშვეობით. ხარისხი არ იყო კარგი, ნაბეჭდი – უხეში. ქაღალდიც ვერ იყო შესაბამისი, საღებავიც რიგიანად დატანებული, ყველა 1898 წლით თარიღდებოდა.

გიგუცა ოსიპოვი – 90-იანების მიწურულის მძარცველი, ავაზაკური ბანდების წევრი, რვა მკვლელობის ჩამდენი, მათ შორის სიღნაღელი აჯიმამედოვისა და სამი გამოდევნებული პოლიციელის. ის ჩერქიზოვის ქუჩაზე შენიშნეს დამქაშთან ერთად, რომელიც მეთუნუქეთა სახელოსნოში შევიდა, ხოლო როცა ოსიპოვმა პოლიციის თვალთვალი შენიშნა, ხალხში გარევა სცადა, თუმცა მას ვერ დაუსხლტა და „მაუზერიდან“ აკალადჩიკს ორჯერ ესროლა. პოლიციელმაც ატეხა სროლა და ის დაჭრილი დაეცა და დასახმარებლად „სანდროს“ ყვიროდა, რის მერეც სახელოსნოებიდან სამი გასროლა გაისმა, გარადავოებს პალტო რომ გაუხვრიტა და შემდეგ მსროლელიც შეიპყრეს. ოსიპოვის დამქაში ალექსი მანველიძე გამოდგა, რომლის მამაც იქ მეთუნუქედ მუშაობდა.

მირონ ოქარაშვილი – ქურდი. ის იყო ფანჯარაში კავიანი ჯოხის შემყოფი. ამ ჯოხზე დაარჭობდნენ ანთებულ სანთელს, ფანჯრიდან შეყოფდნენ და საწოლთან მოლაგებულ საათსა და პორტსიგარზე ჩააქრობდნენ, დააქრობდნენ, დააწეპებდნენ და შემდეგ იმას გამოიტაცებდნენ. ეს დიდად გავრცელებული ხერხი იყო ფანჯრის ქურდებში. დაიჭირეს 1897 წელს.

ევდოკია პავლოვა – და მასთან ერთად ალასკერ ზეინალ ოღლი, 90-იანების მიწურულის ოღრაშები. ისინი სისტემატურად ჩამოდიოდნენ ტფილისში, ჩერდებოდნენ „სევერნი ნომრებში“ და აქედან გაჰყავდათ გოგოები. მათ შორის მატისა გოგელია წაიყვანეს, რათა საროსკიპოში მეძავად გაეყიდათ. ისინი სადგურზე დააკავეს, სადაც გოგელიამ განაცხადა, რომ ცოლ-ქმარს ის მოსამსახურედ მიჰყავდათ. პავლოვამ თავი ნუხაში მებილირებული ოთახების მფლობელად დაასახელა, ალასკერ ზეინალ ოღლიმ კი – ელისავეტპოლში თუნუქის სახელოსნოს პატრონად. მათ ეხმარებოდა „სევერნი ნომრების“ ლაქია ვლადიმერ თობაძე.

ზაქარია პავლოვი – რვაკაციანი ბანდის წევრი, რომელიც 1884 წელს ტფილისში ყაჩაღობდა. ისინი ბაღებს არჩევდნენ და შიგ ვარდებოდნენ. მასთან იყვნენ გეურქ მარტიროზოვი, ადრე ჯიბის ქურდობაზე ნასამართლევი მას გარდა, გიორგი ჭავჭანიძე და მიხაილ ჩხეტია. ისინი ვერაზე ზაქარია გაბაშვილის ბაღის არენდატორ ლუკა ფირცხალავას შეუვარდნენ დასაყაჩაღებლად და ამაზე ჩავარდნენ. პავლოვი გაიქცა და ბათუმში დააკავეს ჰამბურგში მიმავალ გემ „ბარენფელდზე“.

სამუილ პაპისმედოვი – ქურდი და მასთან ერთად მისი დამქაშები, პოლიტიკური იდეებით შეპყრობილი სვიმონ არჩვაძე, დავით ხანდამოვი, დედამისი, ქვრივი მარია ხანდამოვა და კიდევ ერთი ქვრივი დარია მგალობლიშვილი. პოლიტიკური მოტივით მძარცველები და ექსპროპრიატორები ცალკე ამბავია და მათი დაკავებისას მათ ბინაზე პროკლამაციებსაც პოულობდნენ. ისინი ხშირად ჩვეულებრივ კრიმინალებს ეკვრებოდნენ და ერთად ძარცვავდნენ, როგორც ამ შემთხვევაში. 1908 წელს მათ გაქურდეს მანთაშევის ქარვასლა და შიგ აკოპოვის, ხარაევისა და ტორომანოვის ვერცხლეულისა და აბრეშუმის მაღაზიები. წაიღეს 11 ათასის ნივთები. როგორც შემდეგ გაირკვა, მათ მოპირდაპირე სახლი იქირავეს, ვითომ კვერცხების საწყობად, მიწის ქვეშ გვირაბი გათხარეს და იქიდან ხარაევის ტყავის საწყობში აძვრნენ, შემდეგ ჭერი ამოჭრეს და აკოპოვის ვერცხლის მაღაზიაში ავიდნენ, აქედან კი, კედლის განგრევით – ტორმანოვის აბრეშუმის მაღაზიაში.

პაშაბეკ-დაშტამირ-აღა-ოღლი – შულერი, ქურდი, 40-იანი წლებიდან მოყოლებული თამაშობდა ყომარს. მაშინ ერევნის მოედნის ყავახანები იყო თამაშის ადგილი. აქ თავს იყრიდნენ უმეტესად სამსახურიდან გამოგდებული გადამწერები, გადამდგარი იუნკერები, ქუჩაში ფუნთუშების გამყიდვლები, რაზნოჩინცების მსახურები და საზოგადოების სხვადასხვა ნალექი. თამაშობდნენ, ძირითადად, კონჩინას, რომელიც ბერძნებისგან ესწავლათ, ტფილისში რომ ჩამოდიოდნენ და კიდევ კოჭებით ყომარს, რომელსაც ასევე, ბადე-ბადეს ეძახდნენ. ოთხ კოჭს ისროდნენ, რომლის ყველა მხარეს თავისი სახელი ჰქონდა, ალჩუ, თოხანი, ჩუკი და თაბი. თუ ოთხივე ალჩუზე ჯდებოდა, მოგებულიც ის იყო. ხშირად თაღლითობასაც ჰქონდა ადგილი, როცა კოჭში ტყვიას ასხამდნენ, რათა ამით ერთი გვერდი დაემძიმებინათ და იმის სროლისას ის ყოველთვის ალჩუზე დაესვათ. გულუბრყვილო და ხამად შემოსულს იოლად ატყუებდნენ და მთლიანად უცლიდნენ ჯიბეებს. ქაღალდსაც თამაშობდნენ და არა მარტო კონჩინას.

ქაღალდის თამაში თავიდან სპარსეთიდან შემოვიდა და ერქვა „ასონასი“. ამას გარდა, მეტად ფართედ ითამაშებოდა „ცხრა“, „მუშკა“, მერე „რამსად“ რომ გადაკეთდა. თუმცა ბევრი სხვაც იყო, აზიურიც და ევროპულიც და იოანე ბატონიშვილს რამდენიმე ათეული დაუთვლია „კალმასობაში“. ტრაქტირს ხშირად ეხატა ბილიარდიც, ორი ფრაკში გამოწყობილი ბატონით. ფულზე ბილიარდსაც თამაშობდნენ, დავუშვათ, ქარსიძის ტრაქტირში, შუა ბაზარში. ყომარი ქვემო ქალაქშიც არ იყო ნაკლები, შუა ბაზარში, აბანოს კართან და რიყეზე. პაშაბეკი ამ ყველაფერში ტრიალებდა. ერთ ჯიბეში რიოში კოჭები ელაგა, მეორეში – უთაღლითო. გამოცვლიდა მათ თვალის დახამხამებაში და შეაპარებდა მოთამაშეს. ერივანსკის მოედნის ყავახანები რომ მოიშალა, ატამანის ქუჩაზე ჩანდა და შაითან ბაზარში ყოველთვის.

შერმაზან ტოპჩიბაშევი – აზნაური, ყომარბაზი. ტოპჩიბაშევი ხშირად ჩანდა მელიქ აბაზოლვის ბუნაგში, სანაპიროს ქუჩაზე, სადაც ქაღალდის თამაში რამდენიმე მაგიდაზე მსხვილად გაეჩაღებიათ. იქ იკრიბებოდნენ საეჭვო ხალხი და ფულიც ბლომად ტრიალებდა. აბაზოვი ჯერ მეორე ნაწილში იდგა და იქ იყო დაჭერილი ქაღალდის თამაშის ორგანიზებისთვის, მერე კი მე-9 ნაწილში გადავიდა. ტოპჩიბაშევი მამათმავალი იყო, ტფილისურად უშახბაზი, და ვინც მას შორდებოდა, შემდეგ იმათ დასდევდა და არ ასვენებდა. ასე საშაქარლამოს პატრონი სოლომონ ხეჩუმოვის შვილი 1891 წელს რევოლვერით დაჭრა, საკონდიტროში შეუვარდა და ესროლა, რაკი იმან ხელი აუკრა და მიატოვა.

(წიგნიდან „ძველი თბილისის დამნაშავენი“)

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №2

11-17 იანვარი

კვირის ყველაზე კითხვადი

ჯუბა

როგორ უდგას კოვიდპანდემიის დროს ქვეყანას მხარში „ა...