კრიმინალური ისტორიები

ძველი თბილისის დამნაშავეები

№48

ავტორი: აბო იაშაღაშვილი 17:12 30.11, 2020 წელი

ძველი თბილისის
დამნაშავეები - tbiliselebi.ge
დაკოპირებულია

ბაშხამ საით ოღლი – იყო მეხტი ბეგ აღა ჰუსეინ ოღლის შვილისშვილი. ვაჭრობა რეშტსა და ნუხასთან რომ გაიმართა და ვიდრე რკინიგზას გაიყვანდნენ, არაერთ იმის აქლემს დაჰქონდა ბაქოდან წამოღებული ნავთობი საპალნეებით. მამამისს კი ოთახები ჰქონდა ხალათოვის, პარუნბეგოვის ქარვასლებში და მისივე იყო მიწა, რომელზეც მოეთავსებიათ ტფილისის საგუბერნიო საპატიმრო. მამული მათი იყო. ზედ აშენებული ციხე – მთავრობისა. ბაშხამ საით ოღლიმ კი დაიწყო ყომარი, მერე ქურდობა. ჯერ გაქურდა მეწვრილმანე ქიტესა ალხანაშვილი, დუქნის კედელი გამოანგრია და შიგ ასე შეძვრა. მერე გაქურდა საკონდიტროს პატრონი იარალოვის სახლი და მოიპარა ოქროს ნაკეთობები. მერე ღამის მოარულებს უსაფრდებოდა და დასცემდა ხანჯალს. ვერცხლის ქამარს ააჭრიდა, თან დიდად არ დარდობდა, თუ იმასთან ერთად ხორცის ნაჭერსაც აათლიდა. 1885 წელს მეიდანში შაჰ ისმაილის მეჩეთი გაქურდა. ამაზე დაიჭირეს და გუბერნიულ ციხეში ჩასვეს. ის საკანში საკუთარ მამულში იჯდა. რამადანის დაწყების პირველ დღეს სპარსელმა მუხტარ აბას-ოღლიმ უბეში შენახული ბებუთი დაჰკრა და მოკლა.
მოსე ბებლიძე – 90-იანი წლების მიწურულის თაღლითი, განძის გამყიდველი. იყო ასეთი ხელობა, როცა ვითომდა მიწაში ნაპოვნ ძველებურ მონეტებს გულუბრყვილო კაცს მიჰყიდნენ. ასე გააცურა მან სპარსეთის ქვეშევრდომი ალი ალამიში ოღლი, რომელსაც ის დამქაშთან ერთად მიადგა, აჩვენა ორი ტომსიკა და უთხრა, რომ ნავთლუღში განძი იპოვა. დასტურად ტომსიკებიდან გაჯით გასვრილი რამდენიმე ძველებური ფული ამოიღო და ყიდვა შესთავაზა. ალი ალამიშ ოღლი მოიხიბლა ამით, ევაჭრა, 620 მანეთად დაითანხმა და ეს ფული თავის ნაცნობ, მეჩეთის სასტუმრო ოთახების მფლობელ ხანლარ ჰუსეინოვისგან ისესხა. ის კი უფრო დახარბდა, თაღლითებს ნავთლუღშიც წაჰყვა ფაეტონით, დარჩენილი განძიც რომ ხელთ ეგდო. ადგილზე მისულებმა ის ფაეტონში მარტო დატოვეს და ტომსიკების მოსატანად გადავიდნენ. ჰუსეინოვი კი ელოდა მათ ნახევარი საათი და შემდეგ იგრძნო რაღაც და ეტლი უკან გაარეკინა. როცა ის ალი ალამიშ-ოღლისთან მივიდა, ამ უკანასკნელმა მოახსენა, რომ ცოტა ხნის წინ უკან ერთ-ერთი განძის მპოვნელი მასთან მივიდა და ფული იმ საბაბით გამოართვა, რომ ჰუსეინოვი მას ფაეტონში ელოდება. მას მერე ის აღარც უნახავთ.

არონ ბაღდადაშვილი – მამამისი მორდეხაი დარაჯი იყო სინაგოგაში. არონი იქ დაკიდებული სამოსიდან ფულს იპარავდა. შემდეგ სახლიდან წავიდა და ტფილისში მყოფ ერთ ახალციხელ ებრაელთან შეაფარა თავი. იმან ასწავლა ფულის ამოცლის სხვადასხვა ოინები და ისიც მიჰყვა, კონკაზე ჯდებოდა და შეიქნა ჯიბგირი. ის დაიარებოდა ბაღებში და იქ იპარავდა, მუშტაიდში, იმის გვერდით ბაღ „ვაზაში“, საცა 1882 წელს აერონავტი ბედე ვირთან ერთად ადიოდა ცაში. მაცქერალთ თავი მაღლა ჰქონდათ, ბუშტს უყურებდნენ, ბაღდადაშვილი კი – ჯიბეებს. ბაღ „ელდორადოშიც“ დადიოდა, ჩინური ფარნებით რომ ანათებდნენ და მასკარადსაც აწყობდნენ. იმის ჯიბგირობის ადგილი იყო „სან-სუსის“ ბაღი, 1882 წელს უკვე სახელგადარქმეული. იქ ნახა არაბი გიმნასტები რომ ჩამოვიდნენ, სიდი-მაჩხუბ-ბენ-მაჰამედისტ რუპა და იმისი შვილი ხალხს გამორჩევით აოცებდა. „კაცი გველი“ – ასე ერქვა და იკლაკნებოდა. ბაღდადაშვილმა კაი ფული მოიპარა ამ წარმოდგენებზე. იმის გვერდით ბაღ „შტუტგარტშიც“ დაიარებოდა, ბარბერონის ბაღ „ევროპაშიც“, საცა საზანდარი აბდულ-ბაღი მღეროდა, საცა დრუმონდის სანათით აჩენდნენ სურათებს, ფარნები დაეკიდათ და ფეიერვერკს აყრიდნენ ცაში. ეს ფეიერვერკი იმად უყვარდა, რომ ამას თვალს აწეპებდნენ, ასეთ დროს ახსოვს განა ვინმეს ჯიბე, ცაში ასულს მიწის ამბები სად გეხსომება. ბაღდადაშვილიც სძვრებოდა ჯიბეში და აღტაცებასაც იტყოდა ისეთსაც, ასეთსაც. თვალთმაქცობა მისი საქმე იყო. კიდევ დადიოდა ბაღ „უნიონში“, კულაბეკოვის სახლში, „შვეიცარიის“ ბაღშიც, საცა ვენგრიელი მომღერლები ჰყავდათ, სანახაობას რა გამოლევდა. ამორჩევით დადიოდა, სადაც მეტი ხალხი იყო, ისიც იქით გასწევდა. ლორთქიფანიძის „ტრამვაი“ იტევდა ბევრ სტუმარს და ისიც გაერეოდა. ჭიდაობა არ უყვარდა, ერთხელ ეცემათ და მერე „იტალიის“ ბაღში ფეხი აღარ დაუდგამს. მაშინ ბაღის ქურდები იყვნენ კარაპეტ მელიქოვი, ბაგრად ფარსადანოვი, არშაკ ეირანოვი, სოლომონ კუჭუხიძე, მიხეილ ტარაშვილი. ისინი სტრიალებდნენ აქეთ ბაღებში, კიდევ სხვები. გამოღმა საქმეზე არ გამოდიოდნენ, ალექსანდრეს ბაღი სხვისი იყო, „არდაგანას“ და იმის დამქაშებს ეჭირათ. შენინგის რესტორნის მუშტარსაც შიგ ისინი უდარაჯებდნენ. მთვრალს ააძრობდნენ საათს, პორტმანეს. ბაღის ახლოს „ეგორ კასუმოვის“ სავაჭრო სახლის სარდაფის დუქანში იკრიბებოდნენ და გარშემო რაც იპარებოდა, სულ მათი ხელი ერია. ამ ერთ დროს ყაბახის ადგილს 1880-იან წლებში „არდაგანა“ და მისი დამქაშები უტრიალებდნენ.
ჩაი მირზა-ნასრულა-მირზა-ტაგი-ოღლისგან
სპარსელები დილით „სამტრედედან“ გამოვიდნენ და ოქრომჭედლების ქუჩით შუა ბაზრისაკენ გასწიეს. ნელა მიდიოდნენ, გაიხედავდნენ, გამოიხედავდნენ. სჩანს, რომ პირველად იყვნენ ტფილისში, თუმცა რაიმეს დაბნეულობისას ვერ შენიშნავდით.
აუჩქარებლად მოაბიჯებდნენ იმ თავისი ქოშებით და ქარვასლებსაც შეხედავდნენ, თუმცა შიგ შესვლა და რაიმეს ყიდვა არ უცდიათ.
გზად კი ვაჭრობის ხმაური იდგა.
დუქნების კართან ბიჭები გაჰკიოდნენ ხმამაღლა და შემსვლელებს ეპატიჟებოდნენ. გაზეთის დამტარებელი ბიჭიც დარბოდა.
– რობილანტის მარცხი და დეპრეტისის ისევ შემოსკუპება მთავარ მინისტრობის კოფოზე, რობილანტის მარცხი და...
სპარსელები კი მიდიოდნენ.
უკან მათ გიგო აჰკიდებოდათ და თვალს არ აშორებდა.
ასე იარეს მათ თათრის მეიდნამდე, საცა ბნელი რიგით გავიდნენ, იმის ყაყანში და ბაზაზები გამვლელებს მივარდებოდნენ და მიტკალსა და ჩით-მერდინს აძალებდნენ. მერე იქიდან ურიების უბანში ავიდნენ და იქ ერთ სახლს მიადგნენ. იქ ამბავიც იკითხეს და უკან გამობრუნდნენ. შემდეგ კი აბანოებთან საჩაიე მოძებნეს და იქ ბალიშებზე მოთავსდნენ.
ისფაჰანელ ვალი-ხუბას-ოღლის შუბლზე სულ იარები ჰქონდა, თავზე უფრო მეტიც ექნებოდა ეს „შახსეი-ვახსეის“ ნახანჯლარები. გამხდარი და მაღალი იყო. ჩაი ამან დაუკვეთა. მეორე თავრიზელი ისა-აბას-ოღლი იყო ვეებერთელა ქარვის კრიალოსნით. იმან, რომ შევიდნენ, თამბაქო მოითხოვა. მესამე კი კაზიმ-ხუდა-კარიმ-ოღლი, ასევე, ისფაჰანელი იყო და ის სჩანდა ამათში თავი.
ჩაი მათ უმალ მიართვეს, ისინიც თან სვამდნენ, თან იქაურობას თვალს ავლებდნენ. თამბაქოც გააბოლეს და ერთმანეთში ითათბირეს. შემდეგ ისევ ზევით წამოვიდნენ და თამამშევის ქარვასლაში დაიარეს დუქნები და სხვადასხვას კითხულობდნენ. შემდეგ ფეხით სასახლის ქუჩას გამოუყვნენ, ერთ ხანს იარეს, გრიბოედოვის ქუჩაზე აღმოჩნდნენ და აქ ერთ სახლთან გაჩერდნენ. კაი სახლი იყო, იერიანი.
სამნი ხომ იყვნენ და ახლა ყველამ სხვადასხვა მხრით მოუარა და სინჯეს სახლის სიმაღლე, აივნის დაშორება მიწიდან, ფანჯრების ოდენობა, სადარბაზოს სიფართოვე, იქ დამდგარი დარაჯი და ასასი თუ ჰყავდა. განა მარტო წინა მხარე, უკნიდანაც მოუარეს. გვერდითა სადარბაზოებშიც შეიხედეს. შიგ შემავალი გამომავალი ხალხის სიხშირე და ოდენობა დაიხსომეს. ქუჩაზე ეტლის რაოდენობა დაითვალეს. წინა სახლების ფანჯრები ათვალიერეს, არ დაუტოვებიათ არაფერი.

(წიგნიდან „ძველი თბილისის დამნაშავენი“)

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №19

6-12 მაისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი