საზოგადოება

კოტე მათითაშვილი: რა გზასაც ახლა გავდივარ, პირველ კლასში კი არა, ბაღში ვარ

№47

ავტორი: ქეთი მოდებაძე 17:50 23.11, 2020 წელი

პლასტიკური ქირურგი კოტე
მათითაშვილი
დაკოპირებულია

კოტე მათითაშვილის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ამბები მოხდა.

როგორც ამბობს, მის ცნობიერსა და შეგრძნებებში ბევრი რამ შეიცვალა და შეძლო, რეალობა ისეთად დაენახა, როგორიცაა.

კოტე მათითაშვილი: ყველა ადამიანს აქვს ცხოვრებაში გარდამტეხი პერიოდი, ზოგს – ადრე, ზოგს – გვიან. მე 45 წლის ასაკში მომცა ღმერთმა საშუალება, მივმხვდარიყავი, სად ვარ, რა ხდება და რატომ ვარ ამქვეყნად. ჩემი თავი ვიპოვე იქ, სადაც უნდა მეპოვა. ახალი რეალობა მას შემდეგ გამოჩნდა, რაც გარკვეული ეტაპები გავიარე.

– კონკრეტულად რა ცვლილებებზე გვაქვს საუბარი?

– ძველი ცხოვრება დავივიწყე. აქამდე მოვიხმარდი ალკოჰოლს და მეგონა, რომ ყველაფერი კარგად იყო. როცა მივხვდი, რომ ეს უნდა დამთავრებულიყო, დამთავრდა. გამოვფხიზლდი, გავიღვიძე და ახალი და ბედნიერი რეალობა დავინახე.

– გიცნობენ, როგორც თქვენს სფეროში წარმატებულ ადამიანს, წლებია, ყურადღების ცენტრში ხართ და ცოტა რთულად წარმოსადგენია, რომ ალკოჰოლთან დაკავშირებული პრობლემა გქონდათ.

– ალკოჰოლს განსაკუთრებულად დიდი დოზით არ მოვიხმარდი, არც მიჯაჭვული ვყოფილვარ მასზე. უბრალოდ, მივხვდი, რომ ადამიანმა ტოტალურად ფხიზლად უნდა იცხოვრო. თრობა და დესტრუქციული ქმედებები არც აქამდე მახასიათებდა, მაგრამ ახლა მივხვდი, რომ ნებისმიერ საშუალებაზე დამოკიდებულება მარაზმია, რეალობა ისეთი უნდა მიიღო, როგორიცაა. ორი გზა არსებობს: პირველი – არდალევა, ესაა გზა ჯოჯოხეთიდან გასაქცევად. მეორე – ფხიზელი ცხოვრება, ესაა სამოთხისკენ გზა, რომელიც მე ავირჩიე. ფილოსოფიურად ნუ მიუდგებით ამ თემას, მარტივად განვიხილოთ, ფხიზლად ცხოვრება გაცილებით ლამაზია. უბრალოდ, უნდა იგრძნო, რომ დროა, დაიწყო ცხოვრება არსებულ რეალობაში და არა მისტიკურში. ალკოჰოლის მოხმარება, მოწევა, კაიფი – ეს მისტიკაა. რეალობის დანახვა არაა მარტივი, მაგრამ ყველაზე გემრიელია. როდესაც ადამიანი გააზრებულ ცხოვრებას იწყებ, გარშემო ავტომატურად ყველაფერი დადებითისკენ იცვლება.

– პროფესიას რაც შეეხება?

– ჯერჯერობით ქირურგიული საქმიანობა შევაჩერე. ვგრძნობ, რომ ახლა სხვა რამეა საჭირო. მინდა, ჩემი თავი ბოლომდე გავაანალიზო და შევისწავლო. შეიძლება, ერთ ან ხუთ თვეში ჩემს პროფესიას დავუბრუნდე, მაგრამ ამ მომენტისთვის ვისვენებ, 25-წლიანი კარიერის შემდეგ.

– მაშინ, როცა ჩვენს ქვეყანაში, საკმაოდ რთულია წარმატების მიღწევა, ადამიანი კი, რომელიც უკვე წარმატებულია, მასზე უარს ამბობს, ბევრისთვის რთულად გასაგები იქნება.

– რთულად გასაგები ისაა, როდესაც ემსახურები იმ საქმეს, რომელიც გღლის. შენ შეიძლება, ბევრად უფრო კარგი საქმე აკეთო საკუთარი თავისთვის თუ სხვებისთვის და ასეთ საქმეს რომ ეძებ, ეს უფრო კარგია. შეიძლება, გავიდეს დრო და მე მივხვდე, რომ ჩემი პროფესია ისევ გახდა ჩემი რეალობა, მაშინ სულ სხვა ენერგიით მივუბრუნდები. რეალობა ყველამ უნდა დაინახოს, ამის გარეშე არ არსებობს კონტაქტი ღმერთთან.

– სარწმუნოებასთან დამოკიდებულება შეგეცვალათ?

– ადრე სკეპტიკურად ვუყურებდი რელიგიას, ღმერთს, მაგრამ ისეთი რაღაცები მოხდა ჩემს ცხოვრებაში, რამაც ტოტალურად შემაცვლევინა აზროვნება. მე ვიგრძენი, რომ ვარ ამ სამყაროსა და ღმერთის განუყოფელი ნაწილი. რელიგია აქ არაფერ შუაშია. აქ ადამიანის ინდივიდუალური განცდები და ემოციებია მნიშვნელოვანი, რომელსაც ცხოვრება გჩუქნის. მე ღმერთმა მაჩუქა ემოცია, რომლის განცდის შედეგადაც შინაგანი ტრანსფორმაცია მივიღე. ამიტომაც ვფიქრობ, უნდა მივყვე იმ გზას, რომელიც ღმერთს ნებავს. როგორი იქნება ეს გზა, გამოჩნდება, თუმცა, მე ასე თავს კომფორტულად ვგრძნობ.

– ამ ასაკამდე მეგონა, თვითონ ვმართავდი საკუთარ ცხოვრებას და ახლა მივხვდი, რომ მომდევნო ერთი საათის დაგეგვმაც არ შემიძლიაო, – ამბობდით.

– ძალიან რთულია ამის გაცნობიერება და გაგება. ადამიანებს გვგონია, რომ ჩვენ ვმართავთ ცხოვრებას. ამ დროს ჩვენ, უბრალოდ, შეგვიძლია, ვაკეთოთ ის, რაც ღმერთმა დაგვიწესა. ამისთვის მისი მოცემული გზა უნდა დავინახოთ. ეს პროფესიასთან, ფულთან, წარმატებასთან არანაირ კავშირში არაა. უბრალოდ, უნდა ვიგრძნოთ ის, რაც ჩვენ გვერგუნა. ვიმეორებ, რელიგია არაფერ შუაშია, ესაა რწმენა, სულიერება. როცა ადამიანი რაღაცას იგრძნობ, ეს მომენტი უნდა დაიჭირო და შენთვის დაწესებულ გზას მიჰყვე. ეს გასაგებად და მისაღებად ძალიან რთულია, მაგრამ თუ ამ მომენტს დაკარგავ, როგორიც დაიბადები, ისეთივე გარდაიცვლები და ვერ იგრძნობ, რა არის ჭეშმარიტი ცხოვრება.

– ამ მომენტში პრაქტიკული ფსიქოლოგიით, ამ აღმოჩენების სოციალურ სივრცეში სხვებისთვის გაზიარებით ხართ დაკავებული. გაქვთ კიდევ რამე გეგმა?

– დაგეგმილი არაფერი მაქვს, რასაც ვგრძნობ, იმას ვაკეთებ.

– ასე ცხოვრების სირთულე რაში მდგომარეობს პრაქტიკული თვალსაზრისით?

– პრაქტიკული არა, ეს რწმენის თვალსაზრისით უნდა განვიხილოთ. უნდა გვჯეროდეს იმის, რაც გვინდა და ყველაფერი რწმენით ვაკეთოთ. დანარჩენს ღმერთი განაგებს. დღეს თუ გავაკეთებთ საქმეს, რომელიც ღმერთსა და ჭეშმარიტებას, კეთილ საქმესა და ადამიანებს ემსახურება, უზენაესი ძალა, რომელსაც ჩვენ ღმერთს ვუწოდებთ, ვისთვის ის ბუდაა, ვისთვის – იესო, ვისთვის – მუჰამედი, მიზნის მიღწევაში დაგვეხმარება.

– როგორ აისახა ეს ცვლილება შინაგან თუ ფიზიკურ მდგომარეობაზე?

– რაც მეტი რწმენა გაქვს, მით მეტად მშვიდად ხარ. ეს არაა მარტივი თემა. იმის გათვალისწინებით, რა გზასაც გავდივარ, მე ახლა პირველ კლასში კი არა, ბაღში ვარ. მაგრამ როცა გჯერა, რომ იმას აკეთებ, რისთვისაც მოევლინე ამ სამყაროს, მაშინ ყველაფერი ლაგდება. შინაგანადაც კარგად ხარ და ფიზიკურადაც. ჩვენ მხოლოდ საკუთარ თავებს უნდა შევეჯიბროთ. არავისზე უკეთესად ყოფნა არაა საჭირო, შენ მხოლოდ შენს თავს აჯობე და გუშინდელთან შედარებით განვითარდი. ეს ჩემი სიტყვები არაა, იდეოლოგიაა და თუ ამას შეძლებ, მაშინ ღმერთი ყველაფერს დაალაგებს.

– პირობითად, ჩემს ცხოვრებაში რომ მსგავსი რამ მოხდეს, გარშემო მყოფებიდან ზოგი გვერდით დამიდგება, თუმცა იქნებიან ისეთებიც, რომლებიც ეჭვის თვალით შემომხედავენ. თქვენს შემთხვევაში როგორაა?

– ის, ვინც ცხოვრებაში შენთან ერთად უნდა იყოს, იქნება, მიუხედავად იმისა, შენ რა ნაბიჯებს გადადგამ. თუ შენი ნაბიჯები ბოროტებას არ ემსახურება, სიკეთე და სინათლე ყოველთვის შენთან ერთად იქნება. ამიტომ სხვის აზრს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს.

– ბევრისგან მსმენია, რომ გარდატეხა ტრაგედიების შემდეგ იწყება.

– გეთანხმებით. ფსკერის, ტოტალური დაცემის გარეშე აღმავლობა შეუძლებელია. მეც მქონდა ცხოვრებაში ემოციური ნგრევა, არ ვიცი, ეს რასთან დავაკავშირო, მაგრამ მოხდა რაღაც, რამაც ჩემში ასეთი ემოცია გამოიწვია. მერე იყო სიბნელე, მერე სინათლე – ახალი გზა, ახალი ძალა, რწმენა, დაჯერება. რამე განსაკუთრებულს კი არ მივაღწიე, უბრალოდ, რაღაც გზაზე დავდექი. მიყვები მას და ყველაფერი კარგად იქნება. არ მიყვები და დაბრუნდები უკან? იქნება ისე, როგორც მანამდე იყო. მანამდე არეულობა იყო. ახლა რაღაც ახალი გამოჩნდა, თავისუფალი და რეალური, მიუხედავად იმისა, რომ ეს მემილიონედი პროცენტია იმისა, რაც შეიძლება, ჩემს ცხოვრებაში მოხდეს, ფაქტია, რომ რაღაც მოხდა.

– პრაქტიკულ საქმიანობაზე რაღაც დროით უარი თქვით, თქვენც, როგორც ყველას, ბევრი ფინანსური პასუხისმგებლობა გაქვთ და ბევრმა შესაძლოა, ვერ მისცეს თავს ამის უფლება.

– მე დღეს მაქვს ძალიან დიდი ვალი, არ მაქვს სამსახური, არ მაქვს შემოსავალი, პატარა დანაზოგზე ვარ დამოკიდებული, მაგრამ ახლა ეს არ მადარდებს. დღეს ვაკეთებ იმას, რაც შემიძლია, დღეს გავაკეთო. ახლა რომ დავიწყო ფიქრი და გადაწყვეტილებების მიღება, თუ როგორ გამოვიდე ამ მდგომარეობიდან, აბსურდი იქნება. მოდი, დღეს გავაკეთებ იმას, რაც შემიძლია, ვემსახურები ადამიანებს ისე, როგორც შემიძლია და გავაკეთებ იმ საქმეს, რაც რეალურია ხვალისთვის. დანარჩენს ღმერთი მიხედავს.

– ახლა როგორია თქვენი ყოველდღიურობა?

– ძალიან კარგი, რეალური, ჭეშმარიტი, საღი, არც თუ ისე მარტივი. ემოციურ დონეზე, შეიძლება, მძიმე. თენდება, ვიღვიძებ, ფეხზე ვდგები, მაქვს ჭერი, საჭმელი… გვერდით ჩემთვის ძვირფასი ადამიანები მყავს – მე ამის მადლიერი ვარ.

– როდესაც პიროვნულ დონეზე მსგავსი ცვლილება ხდება, ეს არ ნიშნავს, რომ შეგვიძლია, თუნდაც შვილი ან ცოლი დავავალდებულოთ, რომ ამის თანაზიარები გახდნენ. ამას ძალით ხომ ვერავის გააკეთებინებ. როგორ უნდა მოიქცე, რომ გაგიგონ?

– მოდი, მატერიალურიდან სულიერ სამყაროში გადავიდეთ. ჩვენ სულიერი არსებები ვართ და თუ სულიერებას მივენდობით, ყველა თავის მისაღებს მიიღებს და ყველა თავის მოსაცემს მოგცემს. რასაც დასთეს, იმას მოიმკიო. ამიტომ იმის ანალიზი, ვინ რას იფიქრებს და როგორ მოიქცევა, ჩემი საქმე არაა. ჩემი საქმე ისაა, რომ მე ვაკეთო ის, რაც შემიძლია. არ ვიყო ანგარებით სავსე, საქმეში სარგებელზე ორიენტირებული და დანარჩენს ღმერთი მიხედავს. მე ამას არ ვაკონტროლებ, არ განვსჯი, არავის მივდევ. განვიცდი, ვნერვიულობ, მაწუხებს ადამიანების ჩემდამი დამოკიდებულება ან მათი მდგომარეობა, მაგრამ მე არაფერს ვაკეთებ იმისთვის, რომ რამე შევცვალო. მხოლოდ ჩემს საქმეს ვაკეთებ, დანარჩენი, დაე, ისე იყოს, როგორც უზენაეს ძალას უნდა.

– მეუღლემ და შვილებმა როგორ მიიღეს ეს ამბავი?

– ჩემი მეუღლე და შვილები ამას გაგებით ხვდებიან. შესაძლოა, კრიტიკულადაც, უცნაურადაც, შეიძლება, ვერც წამოგყვნენ „თავისუფალ აზროვნებაში“. ჩემთვის მთავარია, მე ვიყო მიმღებლობით განმსჭვალული. მათ ქმედებებს მე ვერ გავაკონტროლებ, არ განვსჯი. რა მნიშვნელობა აქვს, როგორ მიიღეს, ეს მათი ცხოვრებაა. მე შეიძლება, ვურჩიო, ვთხოვო, ვეხვეწო დახმარებისთვის, როცა რაღაცას განვიცდი, მაგრამ ყველაფერი მათი გადასაწყვეტია და ეს ჩემთვის მისაღებია. რასაც სამყარო აკეთებს, ჩემთვის ყველაფერი მისაღები უნდა გახდეს. ოღონდ მე უნდა ვაკეთო ყველაფერი იმისთვის, რომ გარე სამყაროსთვის ვიყო მაქსიმალურად სარგებლის მომტანი. აკეთე ის, რისი კეთებაც შეგიძლია, დანარჩენს უზენაესი ძალა გადაწყვეტს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი