საზოგადოება

კახა მიქიაშვილი: რაც მინდა, ის არ გავაკეთო – ესაა თავისუფლება

№48

ავტორი: ეთო ხურციძე 17:58 30.11

კახა მიქიაშვილი
დაკოპირებულია

სახელი: კახა.
გვარი: მიქიაშვილი.
პროფესია: მსახიობი.
– მოგონება ბავშვობიდან...
– რაჭველი ვარ და მთელი ბავშვობა რაჭაში მაქვს გატარებული. ჩემი პირველი როლი სოფელში ვითამაშე, მაშინ, როცა საერთოდ არ ვიცოდი, რა იყო მსახიობობა. ბავშვებმა გადაწყვიტეს, აივანზე დაედგათ სპექტაკლი, სადაც  ვიყავი ლუარსაბი, ხოლო ჩემი მეზობელი სოფო –  დარეჯანი. ერთ ეპიზოდში დარეჯანს ვკოცნიდი. პრემიერის დღეს გავიგე, სოფოს მამა იყო ჩამოსული, მომერიდა კოცნა და ჩაიშალა მთელი სპექტაკლი (იცინის).
– მშობლების როლი...
– 90-იან წლებში გავატარე ბავშვობა და თამბაქო არ მომიწევია, ნარკოტიკი არ გამისინჯავს და ასე შემდეგ. მშობლებს არ უთქვამთ, რომ ეს არ უნდა გამეკეთებინა, უბრალოდ, ყველაფერი მათი სწორი აღზრდის მეთოდებიდან მომდინარეობდა. 
– ჩემი პროფესია განაპირობა...
– ოჯახში მსახიობი არავინ მყოლია. პირველად რომ თეატრში წავედი, საკმაოდ მოზრდილი ვიყავი. ბავშვობაში მეგონა,  რომ მსახიობობა პოპულარობასთან ასოცირდებოდა, ალბათ, ამის გამო, თან ტექნიკური საგნები დიდად არ მიზიდავდა. მაგრამ როცა ჩავაბარე, მივხვდი, საერთოდ სხვაგან მოვხვდი. მომწონდა მსახიობები ტელევიზიით რომ ჩანდნენ, თუმცა თავად არ ვიყავი დიდად თამამი ბავშვი, დღემდე მორცხვი ვარ. 
– პროფესიული ჩვევა...
– ნებისმიერი სპექტაკლის წინ გარკვეულად ვღელავ, პრემიერის წინა ღამეს კი ვათენებ, არ მეძინება. თუ ჩამეძინა, მესიზმრება, რომ სცენაზე რაღაც შემეშალა. 
– ადამიანში ვაფასებ...
– სიმართლეს, პირდაპირობას, გულწრფელობასა და თავმდაბლობას. ყველაფრის წყარო და ბაზა თავმდაბლობაა, ასეთი ადამიანი არც უზრდელია, არც მატყუარა და არც თავხედი. ღირსება მოდის თავმდაბლობიდან. ძალიან არ მიყვარს თავხედობა, ბილწსიტყვაობა, უზრდელობა. ვერ ვიტან მატყუარა ხალხს, რადგან ნდობა ჩემთვის  მნიშვნელოვანია.

– წარმატებული ადამიანი არის...
– ის, ვისაც ძალიან უყვარს თავისი საქმე და პატიოსნად აკეთებს მას. თუ შენ არ გასცემ საკუთარ საქმეში სიყვარულსა და პატივისცემას, მაშინ წარმატება ვერ მოვა. წარმატება არ არის ის, რომ ტელევიზორში ხშირად ჩანხარ ან რაღაც თანამდებობა გიკავია. შეიძლება, მეწაღე იყო და წარმატებული.
– მწამს...
– ღმერთის. იმის, რომ სიყვარული მამოძრავებელი ძალაა ყველასი და ყველაფრის. ჩემი ოცნებაა, რომ ყველა ძალიან მიყვარდეს. ადამიანურ ურთიერთობას ბევრი რამის გადარჩენა შეუძლია, ერთ სიტყვასაც კი.
– ღმერთის ჩემეული აღქმა...
– არასწორი მგონია, რომ ღმერთი სადღაც არის, შენ აქ და უბრალოდ, ხატზე უყურებ მას. სწორი ღმერთის აღქმა ის კი არაა, როგორიც შენ გინდა, არამედ ისეთია, როგორიც არის: ეკლესიაში ხარ, მაღაზიაში, სცენაზე თუ სადაც, სულ ხედავ და გესმის მისი. შენ როცა გაწყობს, მაშინ არსებობს და გიყვარს – ასე არაა. ჩემი ღმერთი ასეთია: სულ ჩემთან არის და ყოველთვის მზადაა, ხელი მომკიდოს, დამეხმაროს, მესაუბროს. ღმერთი არ არის მოძალდე, ვერ kakha-mikiashvili_o_h.jpegდაგაძალებს, რომ სიკეთე აკეთო, მაგრამ თუ მოინდომებ, აუცილებლად დაგეხმარება.
– ვრისკავ...
– ხანდახან. რისკიანი თან ვარ თან – არა, არ მიყვარს ისეთი რამეების გარისკვა, რისგანაც ვიცი, რომ მეტკინება.
– მაკვირვებს...
– ისე შეიცვალა სამყარო, ხალხს უკვირს სიკეთის გაკეთება. რეალურად კი უნდა გვიკვირდეს, თუ ვინმე არ გააკეთებს სიკეთეს, მაგრამ შეცვლილ სამყაროში პირიქითაა. მაკვირვებს გალაკტიონის, ჯანსუღ კახიძის ნიჭიერება – ადამიანს ეს როგორ შეუძლია, მაგრამ იქვე ხვდები, ღმერთის ხელი რა მაგრადაა ჩარეული.
– ვერიდები...
– ყოველთვის კონფლიქტს, თუმცა, რაც უნდა პარადოქსული იყოს, ითვლება, რომ კონფლიქტური ადამიანი ვარ. ეს კონფლიქტურობა გამოწვეულია იქიდან, რომ რაღაცას ვერ ვითმენ. თუმცა, მერე ყოველთვის ვდარდობ. ეტყობა, კარგად ვერ ვმართავ ჩემს ემოციებს. ძალიან ფეთქებადი, იმპულსური ვარ და არის რაღაცები, რასაც ვერ „ვატარებ“.
– ბედისწერა...
– არ არსებობს, ეს არის ტყუილი. თუ მის არსებობას დავიჯერებთ, მაშინ ღმერთის არ გვწამს. ნებისმიერი ადამიანი საკუთარ ბედისწერას თავად ვქნით, როგორც ვცხოვრობთ, ბედისწერაც ისეთივეა: კარგს ვიზამ, კარგი მომეგება, ცუდს – ცუდი. რომ დაიბადე და შუბლზე რაღაც გაწერია, ეს ცრურწმენაა და არა ბედნისწერა.
– სიყვარული...
– არ არის ის, რაც ჩვენ გვგონია. როცა ვამბობთ, რომ გვიყვარს, რეალურად ჩვენი თავი გვიყვარს. ნამდვილი სიყვარულია ის, როცა მეორე ადამიანი გიყვარს ისე, როგორც საკუთარი თავი, რადგან შენს თავს ყველაფერს პატიობ. თუ მიხვდები, ოდესმე ვინმე ისე გიყვარს, რომ ყველაფერს აპატიებ, მაშინ შეიძლება, თქვა, გყვარებია.
– როცა პირველად შემიყვარდა...
– ბაღში დავდიოდი და ვიყავი 4 წლის, მაშინ რეალურად არც ის ვიცოდი, სიყვარული რა იყო, მაგრამ მეგონა, რომ მიყვარდა ვინმე მაია. ბაღი ჩემი სახლიდან დაახლოებით 20 მეტრში იყო. ერთ დღეს წავედი სახლში, ვიცოდი, სად ინახავდა დედა ძვირფას სამკაულებს, ყველაფერი მოვხიკე და წავუღე მაიას. საბედნიეროდ, ბაღის ბუღალტერს დაუნახავს და მან გადაარჩინა ჩემი ოჯახი გაკოტრებას (იცინის).
– დრო და სიყვარული...
– არის ურთიერთობები, სადაც ძლიერდება, სადაც ქრება და სადაც ხვდები, რომ ეს საერთოდ არ ყოფილა სიყვარული.
– ის, რაც უპატიებელია...
– სამშობლოს ღალატი. ღმერთი გვეუბნება, მტერიც უნდა გიყვარდესო. პატიება და დავიწყება უნდა განვასხვავოთ ერთმანეთისგან. მე არ მენდომება, შური ვიძიო ვინმეზე, მაგრამ არ დავივიწყებ, რაც გამიკეთა. არის რაღაცები, რაც უნდა „გაატარო“, თუ ქრისტიანობაზე და თუნდაც ვაჟკაცობაზეა საუბარი.
– ვეჭვიანობ...
– უსაფუძვლოდ – არასოდეს. თუ ეჭვი გამიჩნდა, ესე იგი, რაღაც ხდება. კარგი ინტუიცია მაქვს.
– მეშინია...
– ჯოჯოხეთის, ტკივილისა და ნემსის.
– შემშურებია...
– ალბათ, კი, მაგრამ კარგი გაგებით. ისეთი მომენტი არ მქონია, რომ ვინმეს კარგი არ გამხარებოდა. უფრო შემშურებია ისეთი რამის, რასაც ჩემთვის მოტივაცია მოუცია.
– სამაგიეროს გადახდა...
– არ მახსენდება. სიტყვითაც რომ გინდოდეს სამაგიეროს გადახდა, ისიც უნდა მოითმინო და ქმედებით – მით უმეტეს. გასამართლების უფლება ღმერთს უნდა დაუტოვოთ.
– ბოდიშის მოხდა...
– არ მიჭირს, ხანდახან ბოდიშს მაშინაც ვიხდი, როცა არაა მოსახდელი, თუმცა ხანდახან შეიძლება, ბოდიში მოვიხადო სიტყვით, მაგრამ შინაგანად მაინც ვერ გადავლახო. ჩემი აზრით, ბოდიშის მოხდა ლაჩრობა არაა, პირიქით, ღირსებაა.
– ვიტყუები...
– სცენაზე, მაგრამ ეს მაყურებელმაც იცის. ცხოვრებაში ტყუილი არ მიყვარს და ვცდილობ, არასოდეს არავინ მოვატყუო, რადგან საშინელი რეაქცია მაქვს, როცა თავად მატყუებენ.
– არასოდეს დამავიწყდება...
– პირველი პრემიერა, როცა პირველ კურსზე ვიყავი. ასევე, ჩემი შვილის გაჩენა და პატრიარქთან პირველი შეხვედრა.
– თავისუფლება არის...
– ის, როცა შეგიძლია, შენი თავი მართო. თავისუფლება არ არის, რაც მინდა ვაკეთო, არამედ მინდა და ის არ გავაკეთო – ესაა თავისუფლება. ცხოველი აკეთებს იმას, რაც უნდა, მაშინ რაშია განსხვავება ადამიანსა და ცხოველს შორის.
– ჩემზე ამბობენ...
– ვარ ფეთქებადი, ცუდი ხასიათი მაქვს და ვჯუჯღუნებ. ვიგებ, რომ ზურგს უკან ზოგი მაქებს კიდეც (იცინის).
– როცა მაქებენ...
– ვიმორცხვებ. კომპლიმენტი მსიამოვნებს, მაგრამ უხერხულობას მიქმნის, ამიტომ არასოდეს აღვნიშნავ ჩემს დაბადების დღეს და ხშირად, სოციალურ ქსელში თარიღსაც ვაუქმებ.
– რჩევა, რომელიც სულ მახსოვს...
– ჩემი პედაგოგის ნათქვამი მახსოვს: სათქმელის გარეშე სცენაზე არასდროს უნდა გახვიდე და მეორე – პატრიარქის: რომელ დღესაც სიკეთეს არ გააკეთებ, ჩათვალე, ის დღე დაკარგულია.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №3

18-24 იანვარი

კვირის ყველაზე კითხვადი

ზოდიაქოს ნიშნები

რა გავლენას ახდენს ადამიანის დაბადების თვე ინტიმურ...