იუმორი

ვირტუოზი მსახიობის ერთ ფილმში გახმოვანებული მრავალი როლი

№7

ავტორი: „თბილისელები“ 20:10

ბუბა ხოტივარი
დაკოპირებულია

რეჟისორი რამაზ ხოტივარი იხსენებს კარლო საკანდელიძეზე: ფილმ „ლაზარეში“ მღვდლის გასახმოვანებლად დიდი მსახიობი – კარლო საკანდელიძე მოვიწვიე. კარლო ამ როლის გაკეთებაზე კი დამთანხმდა (და კარგადაც შეასრულა ის), მაგრამ ანარქისტის გახმოვანებაც მოინდომა. მე გამწარებული ვეძებდი ანარქისტს და არ ვიცოდი, გვერდზე რომ მყავდა. ბოლოს გამომიტყდა, არ მინდა თავი მოგაბეზრო, მაგრამ გამსინჯე და ნახე, იქნებ, მოგეწონოო. ეს არა თავისი (მღვდლის), არამედ ანარქისტის ხმით მითხრა, თანაც ისე გამიღიმა, ანარქისტი რომ იღიმება ეკრანზე – აგრესიულ-გაკვირვებული სახით და დაამატა ანარქისტის მაღალი ჩლიფინით: „მამაო ენუქ, ვინ შექმნა ქვეყანა?“ და თვითონვე უპასუხა მღვდლის ბოხი ხმით თავის თავს: „ღმერთმა, შე ანარქისტო!“, შემდეგ კი უპასუხა ისევ ანარქისტივით: „ჭუჭყი, ჭლექი, ტალახი, ძონძი ხომ შენმა ღმერთმა შექმნა!“.

კინაღამ გავიგუდე სიცილით. მივხვდი, რომ ანარქისტის ხმა ნაპოვნია. ანარქისტის გახმოვანების დროს ვერაფრით ვახერხებდით ეპიზოდის დამთავრებას – შუა გზაში ისტერიული ხარხარი აგვიტყდებოდა ხოლმე. კარლო კი ბრაზობდა, ხელს მიშლითო. ასეც იყო. განსაკუთრებით შევუშალეთ ხელი კარლოს ამ სიტყვებზე: „მამაო ენუქ, იმ შენი ღმერთის რწმენა სასაცილოა! გეყო რელიგიური იავნანები!“ – მთელი სტუდია ხარხარებდა. კარლომ ბოლოს თვალები დაგვიბრიალა, გარეთ გაბრძანდით რეჟისორ-ასისტენტები, უთქვენოდ უკეთ ჩავწერო. ჩვენც ბავშვებივით დავემორჩილეთ და გარედან ვისმენდით, როგორ მუშაობდა ეს დიდი ვირტუოზი.

შემდეგ კარლომ სულ აიწყვიტა და ბევრი სხვა მცირე როლიც გაახმოვანა. ვერავინ ხვდება, რომ ეს ერთი და იგივე მსახიობია. მაგალითად, მთვრალი გლეხი ისაკა, უსინათლოს რომ ურტყამს სოფლის მოედანზე.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №5

2– 8 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი